საქმე №ას-299-2021 12 ივლისი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - გ.ი–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ა–ი“, შპს ,,ს.ს.კ–ი“ (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გ.ი–მა (შემდგომ – მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ამხანაგობა „ა–ი პ–ი ..“-ისა (შემდგომ - ამხანაგობა) და მისი დამფუძნებელი წევრების შპს ,,ა–ი“-სა (შემდგომ - პირველი მოპასუხე) და შპს ,,ს.ს.კ–ის“ (შემდგომ - მეორე მოპასუხე) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს - დაეკისრათ 29 793.98 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ; მოპასუხეებს დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება - 7 130. 65 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ; მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების - 16 828 აშშ დოლარის წლიური 10%-ის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოპასუხეებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად უარყოფა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და თანხის დაკისრება მოითხოვა მხოლოდ ამხანაგობის დამფუძნებელი წევრებისათვის - პირველი და მეორე მოპასუხისათვის.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ.ი–ის სარჩელი შპს ,,ა–ი“-სა და შპს ,,ს.ს.კ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ,,ა–ი“-სა და შპს ,,ს.ს.კ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 16 828 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულების დღისათვის არსებული კურსით; შპს ,,ა–ი“-სა და შპს ,,ს.ს.კ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 7130 ლარის გადახდა; სარჩელი 16 828 აშშ დოლარის 10%-ის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 860 ლარის ოდენობით.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2020 წლის 9 ნოემბერს კერძო აღმასრულებელმა განცხადებით მიმართა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა, კერძოდ, გადაწყვეტილებით ამხანაგობის წევრებზე დაკისრებული თანხის აღსასრულებლად უნდა მიექცეს თუ არა აღსრულება ამხანაგობის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, როგორც მოვალეების საკუთრებაზე.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
8. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ იყო ბუნდოვანი. შესაბამისად, არ არსებობდა გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობა. პალატამ დამატებით მიუთითა, რომ აღსრულება უნდა მიქცეულიყო არა ამხანაგობის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, არამედ როგორც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არის მითითებული ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების - პირველი და მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და განჩინების გაუქმება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
10. ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა არ არის იურიდიული პირი და, აქედან გამომდინარე, სამოქალაქო სამართალწარმოებაში ვერ იძენს საპროცესო უფლებაუნარიონობას, რის გამოც, მოცემულ საქმეში მოპასუხედ ამხანაგობის ნაცვლად მისი დამფუძნებელი წევრები არიან მითითებული. მიუხედავად იმისა რომ ამხანაგობა არ არის იურიდული პირი, საჯარო რეესტრი ამხანაგობის სახელზე დღემდე არეგისტრირებს უძრავ ქონებას. მოცემულ შემთხვევაშიც, ამხანაგობას ერიცხება უძრავი ქონება საჯარო რეესტრში და განმარტების საგანს წარმოადგენს უნდა მიექცეს თუ არა აღსრულება ამ ქონებაზე მისი დაფუძნებლების ვალდებულების ფარგლებში? თუკი მოცემულ კითხვას უარყოფითი პასუხი გაეცემა, ის წინააღმდეგობაში მოვა იდენტურ საქმეებზე მყარად დადგენილ პრაქტიკასთან და განმარტებებთან. ამასთან, ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება, მოსარჩელის ქონებრივი უფლებები კი - დაუცველი.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 აპრილის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტებაზე უარის თქმის კანონიერება.
14. სასამართლოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 262-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
15. დასახელებული საკანონმდებლო დათქმიდან გამომდინარე, ამ საპროცესო ინსტიტუტის გამოყენება ემსახურება სასამართლოს გადაწყვეტილებით/განჩინებით დადასტურებული პირის უფლების ზუსტ რეალიზაციას. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი ამკვიდრებს რა სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, იგი არა მხოლოდ საქმის სამართლიანი განხილვის, არამედ ამ განხილვის შედეგად მოპოვებული უფლების რეალიზაციასაც მოიცავს. ამასთანავე, უმთავრესი პირობა ისაა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ერთმნიშვნელოვან დასკვნას არ უნდა იძლეოდეს აღსასრულებლად მიქცეული უფლების თაობაზე (იხ. სუსგ №ას-684-638-2017, 7 ივლისი, 2017 წელი). შესაბამისად, გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი სარეზოლუციო ნაწილის ესა თუ ის დებულება ორაზროვანი, გაუგებარია და არსებული სახით გადაწყვეტილების აღსრულებას დაბრკოლება ექმნება.
16. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი (კერძო საჩივრის ავტორი) მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების განმარტებას, რომლითაც: შპს ,,ა–ი“-სა და შპს ,,ს.ს.კ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 16 828 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულების დღისათვის არსებული კურსით; შპს ,,ა–ი“-სა და შპს ,,ს.ს.კ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 7130 ლარის გადახდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 860 ლარის ოდენობით. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ განსამარტი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მკაფიოდ მიუთითებს, თუ რა შედეგი დადგა საქმეზე. მისი მეშვეობით სასამართლოს იმგვარი განკარგულება არ დაუდგენია, რაც აღსრულების პროცესში რაიმე ბუნდოვანებას წარმოშობდა.
17. პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს ბუნდოვან და/ან ორაზროვან დებულებებს, რის გამოც ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მისი განმარტების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.
18. საჩივრის ავტორის მტკიცებით, რაკი გადაწყვეტილებით ამხანაგობის წევრებს დაეკისრათ თანხის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, ამ გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მიექცეს ამხანაგობის სახელზე რიცხულ ქონებაზე. გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ ამხანაგობის ქონება არ წამოადგენს მისი მონაწილე სუბიექტების ქონებას, რაც არასწორია და ეწინააღმდეგება ერთობლივი საქმიანობის მომწესრიგებელ ნორმებსა და მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკას.
19. პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის ეს მოსაზრება და მისგან გამომდინარე გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნა ფაქტობრივად სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვის (შეცვლის) მოთხოვნას წარმოადგენს, რაც, ცხადია, სცილდება სსსკ-ის 262-ე მუხლით დადგენილ გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს. პალატა, კიდევ ერთხელ, განმარტავს, რომ მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარს.
20. სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების განმარტება არ წარმოადგენს გადაწყვეტილების მთლიანად ან რომელიმე კონკრეტული დებულების სადავოდ გახდის საპროცესო მექანიზმს. დაუშვებელია, მხარემ გადაწყვეტილების განმარტების შესახებ მოთხოვნას საფუძვლად დაუდოს ამა თუ იმ საკითხის არასწორად გადაწყვეტა, კანონის არასწორად გამოყენება, განმარტება ან ისეთი გარემოება, რომელმაც შეიძლება რაიმე სახით არსებითად შეცვალოს განსამარტი გადაწყვეტილებით დადგენილი მხარეთა სამართლებრივი მდგომარეობა. ამგვარი განცხადება უნდა დაემყაროს მხოლოდ კონკრეტული დებულების ბუნდოვანებას, ორაზროვნებას.
21. გარდა ამისა, ისიც საგულისხმოა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადების შინაარსი ფაქტობრივად სასამართლოსგან კონსულტაციის მიღების სურვილში მდგომარეობს, რაც რათქმაუნდა სცილდება სსსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების მიზანს და საკითხის გადაწყვეტა აღმასრულებლის კომპეტენციას განეკუთვნება. სწორედ აღმასრულებელია ვალდებული, შეისწავლოს საქმის მასალები, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
22. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს პასუხს კითხვაზე - უნდა მიექცეს თუ არა არა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება კონკრეტულ ქონებაზე?. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებაზე კი არ მიუთითებს, მას რეალურად იმის გაგება სურს, თუ როგორ შეძლებს თავისი იურიდიული ინტერესის მიღწევას. აქედან გამომდინარე, სასამართლო განჩინების განმარტების შესახებ განცხადება მოცემული კუთხითაც უსაფუძვლოა.
22. ამასთან, საჩივრის ავტორის არც ის პრეტენზიაა გასაზიარებელი, რომ სააპელაციო სასამართლოს უარი გადაწყვეტილების იმდაგვარად განმარტებაზე, რომ ამხანაგობის წევრების წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცეს ამხანაგობის ქონებაზე, ეწინააღმდეგება მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (შდრ. სუსგ №ას-1341-2018, 22.11.2018წ., სადაც სასამართლომ იმავე მოთხოვნაზე იმავე მოტივით უარი უთხრა განმცხადებელს გადაწყვეტილების განმარტებაზე).
23. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ი–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე