საქმე №ას-118-2021 8 აპრილი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - პ.ო–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩუთის სარეგისტრაციო სამსახური, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, შპს ,,ა.მ. და გ.კ–ა“, გ.კ–ა (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ბრძანების, გადაწყვეტილებისა და იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. 2017 წლის 6 თებერვალს, პ.ო–მა (შემდგომ – მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის (შემდგომ - პირველი მოპასუხე, კომისია) მიმართ და კომისიის გადაწყვეტილების (ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებისა და მოსარჩელის განცხადების საფუძველზე დაწყებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი ვადის გაშვების გამო) ბათილად ცნობა, კომისიისათვის მოსარჩელის საკუთრებაში მიწის ნაკვეთის გადაცემა და ამ მიზნით საკუთრების უფლების მოწმობის გადაცემის დავალება მოითხოვა.
2. 2017 წლის 25 აპრილს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მარეგისტრირებელი ორგანო), სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - მესამე მოპასუხე, სააგენტო), შპს ,,ა.მ. და გ.კ–ისა“ (შემდგომ - მეოთხე მოპასუხე, კომპანია) და გ.კ–ას (შემდგომ – მეხუთე მოპასუხე, ფიზიკური პირი) მიმართაც და მოითხოვა: სააგენტოს №1/1-5141 ბრძანებისა და მის საფუძველზე გამოცემული სადავო ქონების სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირების თაობაზე მარეგისტრირებელი ორგანოს 2015 წლის 15 დეკემბრის №882015698034-05 გადაწყვეტილების, ს.მ.ბ–ოს კაპიტალში ცვლილებების შეტანის შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, კურორტ ბ–ოს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილში სააგენტოს 2016 წლის 28 ივნისის №1/1-2099 ბრძანების, მარეგისტრირებელი ორგანოს 2016 წლის 30 ივნისის №882016409758-03 გადაწყვეტილების (შპს ს.მ. ბიუროზე კუთვნილების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე ს/კ ....), ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, კურორტ ბ–ოს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილში ს.მ.ბ–ოს 2016 წლის 6 ივლისის №1/37 ბრძანების, მარეგისტრირებელი ორგანოს 2016 წლის 7 ივლისის №882016425685-03 გადაწყვეტილებისა და კომპანიის საკუთრების უფლების რეგისტრაციის (უძრავ ნივთზე ს/კ ....), ასევე, ფიზიკურ პირსა და კომპანიას შორის 2016 წლის 3 აგვისტოს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოში ზემოაღნიშნული საქმეები ერთ წარმოებად გაერთიანდა.
სარჩელის საფუძვლები:
4. მოსარჩელის განმარტებით, 1995 წლიდან დაუფლებულია 48.6 კვ.მ მიწის ნაკვეთს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბ–ოში. ნაკვეთზე მდებარე ნაგებობას საცხოვრებლად იყენებდა.
5. მოსარჩელემ, განცხადებით მიმართა კომისიას და ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. კომისიამ 2015 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც მოსარჩელემ სასამართლოში გაასაჩივრა.
6. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კომისიას მოსარჩელის განცხადების სრულყოფილად შესწავლა, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და მათი შეფასების შემდეგ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
7. მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მიუხედავად, კომისიამ არ შეასრულა დაკისრებული ვალდებულება და შესაბამისი აქტი არ გამოსცა, რაც სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვის საფუძველი გახდა.
8. მოსარჩელეს მითითებით, სადავო უძრავი ქონებაზე 2015 წლის 15 დეკემბერს სახელმწიფოს საკუთრების უფლება დარეგისტრირდა, შემდეგ კი, სააგენტოს 2016 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით, ქონება შეტანილ იქნა სახელმწიფოს 100%-იანი წილის მქონე შპს „ს.მ.ბ–ოს“ საწესდებო კაპიტალში, რომელიც სხვა კომპანიებთან შერწყმის შედეგად შპს „ა.მ. და გ.კ–ად“ ჩამოყალიბდა. ამ უკანასკნელმა მოპასუხე ფიზიკურ პირთან სადავო ქონებაზე იჯარის ხელშეკრულება გააფორმა.
მოპასუხეთა პოზიცია:
9. მოპასუხეებმა მათ წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
10. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი: სააგენტოს 2015 წლის 8 დეკემბრის №1/1-5141 ბრძანება, მარეგისტრირებელი ორგანოს 2015 წლის 15 დეკემბრის №882015698034-05 გადაწყვეტილება და სახელმწიფოს საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე; ს.მ.ბ–ოს კაპიტალში ცვლილებების შეტანის შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, კურორტ ბ–ოს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილში სააგენტოს 2016 წლის 28 ივნისის №1/1-2099 ბრძანება და მარეგისტრირებელი ორგანოს 2016 წლის 30 ივნისის №882016409758-03 გადაწყვეტილება (შპს ს.მ. ბიუროზე კუთვნილების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე ს/კ ..); ბათილად იქნა ცნობილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბ–ოს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილში ს.მ.ბ–ოს 2016 წლის 6 ივლისის №1/37 ბრძანებაც, მარეგისტრირებელი ორგანოს 2016 წლის 7 ივლისის №882016425685-03 გადაწყვეტილებაც და კომპანიის საკუთრების უფლების რეგისტრაციაც (უძრავ ნივთზე ს/კ .....); ასევე - მოპასუხე ფიზიკურ პირსა და კომპანიას შორის, 2016 წლის 3 აგვისტოს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება; რაც შეეხება კომისიის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნას, აღნიშნული ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; კომისიას ოზურგეთის რაონული სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება დაევალა. სხვა ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა კომისიის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
11. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება წინამდებარე განჩინების მეორე პუნქტში მითითებულმა სააგენტომ, კომპანიამ და მოპასუხე ფიზიკურმა პირმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საქმიდან გამოიყო მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები: 1. სააგენტოს 2016 წლის 28 ივნისის №1/1-2099 ბრძანების; 2. მარეგისტრირებელი ორგანოს 2016 წლის 30 ივნისის №882016409758-03 გადაწყვეტილების (შპს ს.მ. ბიუროზე კუთვნილების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე ს/კ .....); 3. ს.მ.ბ–ოს 2016 წლის 6 ივლისის №1/37 ბრძანების; 4. მარეგისტრირებელი ორგანოს 2016 წლის 7 ივლისის №882016425685-03 გადაწყვეტილებისა და კომპანიის საკუთრების უფლების რეგისტრაციის (უძრავ ნივთზე ს/კ .....) შესახებ ბათილად ცნობის ნაწილში; 5. ასევე - მოპასუხე ფიზიკურ პირსა და კომპანიას შორის, 2016 წლის 3 აგვისტოს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა.
13. ზემოაღნიშნული სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში სააპელაციო საჩივრები განსჯადობით განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას გადაეცა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 2016 წლის 28 ივნისის №1/1-2099 ბრძანება, მარეგისტრირებელი ორგანოს 2016 წლის 30 ივნისის №882016409758-03 გადაწყვეტილება, ს.მ.ბ–ოს 2016 წლის 6 ივლისის №1/37 ბრძანება, კომპანიის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე ს/კ ......, მოპასუხე ფიზიკურ პირსა და კომპანიას შორის, 2016 წლის 3 აგვისტოს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
15. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საქმეთა პალატა იხილავს იჯარის ხელშეკრულებისა და იმ აქტების კანონიერების საკითხს, რამდენად სწორად გადასცა სახელმწიფომ თავის საკუთრებაში არსებული ქონება სხვადასხვა პირებზე და შემდგომ ჰქონდა თუ არა მესაკუთრეს იჯარის ხელშეკრულების დადების უფლება.
16. სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უდავოდ დგინდება, რომ სახელმწიფოს საკუთრებად სადავო მიწის დარეგისტრირება კანონიერია, აშკარაა, რომ მესაკუთრეს სადავო ქონების სხვა პირებზე გადაცემის უფლება ჰქონდა. მესაკუთრეს კანონმდებლობით აქვს უფლება, თავისი შეხედულებისამებრ მოექცეს ნივთს, გაასხვისოს, გააჩუქოს, იჯარით გასცეს და ა.შ;
17. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საკუთრების უფლების არსზე და განმარტა, რომ ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უდავოდ დადგენილია, რომ სადავო ქონების სახელწიფოს საკუთრებად რეგისტრაცია კანონერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, შესაბამისად, კანონიერია სახელმწიფოს მიერ ქონების გასხვისების შემდგომი მოქმედებები.
18. სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფომ კანონის საფუძველზე (მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 1 მუხლის და 47-ე მუხლების თანახმად), როგორც 100% წილის მფლობელმა პარტნიორმა, სადავო ქონება შპს ,,ს.მ. ბიუროს“ კაპიტალში შეიტანა, ამის შემდგომ, ამ უკანასკნელის ბრძანების საფუძველზე ქონება წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული კომპანიის კაპიტალში შევიდა, რომელიც შპს ,,ს.მ. ბიუროს“ 100% წილით დაფუძნებული შვილობილი კომპანიაა, რის შემდგომაც კომპანიამ, კანონის თანახმად, მოპასუხე ფიზიკურ პირზე სადავო ქონება იჯარით გასცა, შესაბამისად, ყოველი გადაცემა/გასხვისება/კაპიტალში შეტანა მოხდა ნივთის მესაკუთრის მიერ, ე.ი. გადაცემა კანონიერია და არ არსებობს სადავო აქტების (გადაცემა/გასხვისება/კაპიტალში შეტანის თაობაზე მესაკუთრების მიერ გამოცემული აქტების) ბათილად ცნობის საფუძველი.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
19. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
20. კასატორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნათა ნაწილი სამოქალაქო წესით განსახილველად მიიჩნია, როდესაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დავა სამოქალაქო წესით არ განხილულა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საქმე განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში უნდა დაებრუნებინა ან სარჩელი განუხილველად დაეტოვებინა, რაც მოსარჩელეს სარჩელის დაზუსტებისა და მოთხოვნის კერძო სამართლებრივი საფუძვლების მითითების საშუალებას მისცემდა.
21. კასატორის მტკიცებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 394-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტით განთვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი არსებობს.
22. კასატორის მითითებით, საშუალება არ მიეცა, სამართლიანი სასამართლოს უფლებით ესარგებლა. ამასთან, ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაა, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებაა. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კანონი მიუთითებს, რომ საკუთრების უფლება აღიარებულია მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
23. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
24. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
26. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
27. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
28. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები სააგენტოს 2016 წლის 28 ივნისის №1/1-2099 ბრძანების, მარეგისტრირებელი ორგანოს 2016 წლის 30 ივნისის №882016409758-03 გადაწყვეტილების, ს.მ.ბ–ოს 2016 წლის 6 ივლისის №1/37 ბრძანების, კომპანიის საკუთრების უფლების რეგისტრაციისა (უძრავ ნივთზე ს/კ №.....) და 2016 წლის 3 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში განსჯადობით განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას გადაეცა.
29. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრების განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის (საქმე№3ბ-73-18) გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდა.
30. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; სააგენტოს 2015 წლის 8 დეკემბრის №1/1-5141 ბრძანების, მარეგისტრირებელი ორგანოს 2015 წლის 15 დეკემბრის №882015698034-05 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და უძრავ ნივთზე (ს/კ .....) სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების ნაწილში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდა: გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილშიც, რომლითაც კომისიას ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება დაევალა; მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
31. კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ მართებულად მიიღო სადავო უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება.
32. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სამოქალაქო წესით განხილული მოთხოვნები უარყოფილია უსაფუძვლობის გამო, რასაც კასატორი არ ეთანხმება და წარდგენილი საკასაციო საჩივრით მიიჩნევს, რომ ვინაიდან დავა პირველი ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო წესით არ განხილულა, სააპელაციო სასამართლოს საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში უნდა დაებრუნებინა ან სარჩელი განუხილველად დაეტოვებინა.
33. საკასაციო პალატა, ყურადღებას გაამახვილებს სასარჩელო მოთხოვნებზე, რომელიც სააგენტოს 2016 წლის 28 ივნისის №1/1-2099 ბრძანების, მარეგისტრირებელი ორგანოს 2016 წლის 30 ივნისის №882016409758-03 გადაწყვეტილების (შპს ს.მ. ბიუროზე კუთვნილების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე ს/კ .....), ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, კურორტ ბ–ოს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილში ს.მ.ბ–ოს 2016 წლის 6 ივლისის №1/37 ბრძანების, მარეგისტრირებელი ორგანოს 2016 წლის 7 ივლისის №882016425685-03 გადაწყვეტილების, კომპანიის საკუთრების უფლების რეგისტრაციისა (უძრავ ნივთზე ს/კ №......) და 2016 წლის 3 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობას ეხება და განმარტავს, რომ მოთხოვნის წარმატებულობა სსსკ-ის 180-ე მუხლის ფარგლებში უნდა შეფასდეს და უპირველესად დადგინდეს იურიდიული ინტერესის არსებობის საკითხი.
34. პალატა მიუთითებს, რომ მოთხოვნის წარმომშობი სამართლებრივი საფუძვლების მოძიების მიზნით, სასამართლო ვალდებულია, დაადგინოს, რა სახის სარჩელია წარმოდგენილი - მიკუთვნებითი, გარდაქმნითი თუ აღიარებითი. საკასაციო სასამართლომ არაერთხელა განმარტა, რომ სარჩელის სახეებად დაყოფა პრაქტიკული მნიშვნელობისაა და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნისა და სარჩელში მითითებული ფაქტების/გარემოებების გათვალისწინებით, წარმოდგენილია აღიარებითი სარჩელი.
35. პროცესუალურსამართლებრივი თვალსაზრით, აღიარებითი სარჩელი სასარჩელო წარმოების შედარებით იშვიათი, საგამონაკლისო შემთხვევაა და სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, მის მიმართ მოსარჩელეს უნდა გააჩნდეს იურიდიული ინტერესი (შდრ. სუსგ-ებს: №ას-838-802-2014, 2015 წლის 19 მარტის განჩინება; №ას-1230-1150-2017, 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინება).
36. პალატა განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელი მისი დასაშვებობის მიზნებისათვის უნდა პასუხობდეს სსსკ-ის 180-ე მუხლის მოთხოვნებს (სარჩელი შეიძლება, აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს). კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ამდენად, დასახელებული ნორმით, აღიარებითი სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე შეზღუდულია იურიდიული ინტერესის არსებობით.
37. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება, სამართლის საკითხია და, აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა. საკასაციო სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა: „...გარიგებების ბათილობა ფაქტობრივ წინაპირობად უნდა იქნეს მიჩნეული და არა დამოუკიდებელ მოთხოვნად. შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სწორედ აღსრულებითი სარჩელის განხილვის შედეგი და არა კონკრეტულ გარიგებათა ბათილად ცნობა მიეთითება, რადგან თავისთავად გარიგების ბათილად ცნობა არ იწვევს რაიმე იურიდიულ შედეგს, თუკი წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით აღიარებითი სარჩელი არ იხილება“ (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების /საქმე №ას-664-635-2016/ დასკვნები 231-233-ე პუნქტებში და დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის /საქმე №ას-121-117-2016/ განჩინების დასკვნები 55-56-ე პუნქტებში).
38. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურსამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურსამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
39. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება წარმოადგენს. ამასთან მიმართებით, მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული სამართალწარმოების შედეგი, რომლის თანახმად, ბრძანება, რომლის საფუძველზეც მარეგისტრირებელმა ორგანომ სადავო ქონების სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო კანონიერია და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სააგენტოს ბრაძანებისა და მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული.
40. საკასაციო პალატა სსსკ-ის 266-ე მუხლის ფარგლებში (გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი) უდავო ძალის მქონედ მიიჩნევს ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებულ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის თანახმად, სააგენტოს 2015 წლის 8 დეკემბრის №1/1-5141 ბრძანება, ასევე მარეგისტრირებელი ორგანოს 2015 წლის 15 დეკემბრის №882015698034-05 გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის წინაპირობები და მიუთითებს, რომ მოსარჩელის სამოქალაქო წესით განსახილველი მოთხოვნებით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტი) ვერ მიიღწევა ის სამართლებრივი შედეგი, რაც მოსარჩელეს სურს.
41. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წესით განხილული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უდავოა, რომ სახელმწიფომ სადავო უძრავი ქონება კანონიერად დაირეგისტრირა, შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხვის შემდგომ სადავო უძრავ ქონებისათვის შესრულებული მოქმედებების ბათილად ცნობის მოთხოვნა არ აკმაყოფილებს მართლზომიერი იურიდიული ინტერესის ნორმატიულ პირობას. შესაბამისად, იმ მოქმედებების ბათილად ცნობით, რომელიც სადავო უძრავ ქონებას ეხება, მოსარჩელემ ვერ შეძლო, დაესაბუთებინა აღიარებითი მოთხოვნის მიმართ მისი ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა.
42. პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის სამართლებრივი შედეგის მიღწევა შესაბამისი წინაპირობების არსებობისას შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოსარჩელისათვის სასურველი შედეგი დადგებოდა, რაც წინამდებარე განჩინების 30-ე პუნქტიდან გამომდინარე არ ვლინდება.
43. რაც შეეხება კასატორის წინამდებარე განჩინების მე-20 პუნქტში მითითებულ პრეტენზიას, პალატა მიუთითებს, რომ სარჩელი წარუმატებელია მისი ფაქტობრივი უსაფუძვლობის - იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო, ამიტომ არ არსებობს კასატორის მიერ მითითებული პრეტენზიის გაზიარების საფუძველი, ვინაიდან ადმინისტრაციული საქმისწარმოების დროს დადგენილი შედეგიდან გამომდინარე, ვერც ახალი სამოქალაქო სარჩელითა და ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის დაბრუნებით ვერ მიიღწევა ის რეალური შედეგი - რაც მოსარჩელეს სურს, შესაბამისად, აღიარებითი მოთხოვნის წარმატებულობა მოსარჩელის ინტერესის დაკმაყოფილებისათვის არასაკმარისია, რომლის წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ შედავებას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ რაციონალური, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების პრინციპის დაცვით განკარგა პროცესუალურსამართლებრივი შესაძლებლობა.
44. საკასაციო სასამართლო, განსახილველი საკითხის სიცხადის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით აღიარებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა არ მოჰყვება შედეგად (საქმეზე: Apostol v. Georgia; §37; ასევე, Hornsby v.Greece, §40 ევროსასამართლომ განმარტა, რომ საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე, იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად, შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. (იხ. ასევე: IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40).
45. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
46. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
47. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
48. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-908-2019, 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინება; № ას-1092-2018, 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინება, Nას-62-2019, 2019 წლის 17 ივლისის განჩინება, №ას-523-523-2018, 2019 წლის 12 აპრილის განჩინება, № ას-955-2018, 2018 წლის 16 ნოემბრის განჩინებ).
49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
50. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პ.ო–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. პ.ო–ს (პ/ნ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (გადახდის დავალება №4937169778-1, გადახდის თარიღი 11.01.2021), 70% - 210 ლარი.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე