Facebook Twitter

საქმე №ა-5670-შ-171-2019 12 მარტი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შ.ძ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ს–ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – შვედეთის, იონშოპინგის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე №T339-13)

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შვედეთის, იონშოპინგის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შ.ძ–ი და ს.ს–ა განქორწინდნენ. ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ მხარეებს მიუთითა, რომ ისინი ჯერ კიდევ ერთობლივ მეურვეობას ახორციელებენ თავიანთი შვილის ე.ს - ძ–ის (დაბ. 25.08.2010წ, სამოქალაქო სარეგ. №100825-1983) მიმართ.

2. შ.ძ–ის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა შვედეთის, იონშოპინგის რაიონული სასამართლოს, 2013 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე №T339-13) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შვედეთის, იონშოპინგის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესულია 2013 წლის 25 ნოემბრიდან.

4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, შ.ს–ამ რაიონულ სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით მიმართა, რასაც დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარეც.

5. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 თებერვლის განჩინებით, შვედეთის, იონშოპინგის რაიონული სასამართლოს, 2013 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე №T339-13) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შ.ძ–ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შვედეთის, იონშოპინგის რაიონული სასამართლოს, 2013 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შ.ძ–ი და ს.ს–ა განქორწინდნენ. ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ მიუთითა მხარეებს, რომ ისინი ჯერ კიდევ ერთობლივ მეურვეობას ახორციელებენ თავიანთი შვილის - ე.ს-ძ–ის (დაბ. 25.08.2010წ, სამოქალაქო სარეგ. №100825-1983) მიმართ. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესულია 2013 წლის 25 ნოემბრიდან. მოწინააღმდეგე მხარე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

10. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, შვედეთის, იონშოპინგის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე №T339-13), რომლითაც მხარეებს განემარტათ, რომ ისინი ჯერ კიდევ ერთობლივ მეურვეობას ახორციელებენ თავიანთი შვილის, ე.ს ძ–ის (დაბ. 25.08.2010წ., სამოქალაქო სარეგ. №100825-1983) მიმართ, ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

11. მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარე თავის წერილობით პასუხში უთითებს, რომ შვედეთის, იონშოპინგის რაიონული სასამართლოს ბავშვის მიმართ მშობლების ერთობლივ მეურვეობის საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია, მოწინააღმდეგე მხარე ამის შესახებ არ ყოფილა ინფორმირებული და ერთობლივი მეურვეობის საკითხის განხილვაშიც მონაწილეობა არ მიუღია.

12. პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე, განსახილველი შუამდგომლობის დასაბუთების კველვის დროს მნიშველოვანია, აღინიშნოს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოში მხარეთა განქორწინების დროს, ერთპიროვნული მეურვეობის უფლების რომელიმე მშობლისათვის გადაცემა დავის საგანი არ ყოფილა, სწორედ ამიტომ, უცხო ქვეყნის სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მხარეები ჯერ კიდევ ერთობლივ მეურვეობას ახორციელებდნენ თავიანთი შვილის ე.ს-ძ–ის (დაბ. 25.08.2010წ., სამოქალაქო სარეგ. №100825-1983) მიმართ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სასამართლოს მხარეთა განქორწინების საკითხის გადაწყვეტისას, ვინაიდან, რომელიმე მშობელს საერთო მეურვეობის უფლების შეცვლა არ მოუთხოვია, ბავშვის მიმართ არსებული საერთო მეურვეობა, უცვლელად დატოვა.

13. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ შვედეთის, იონშოპინგის სასამართლომ მეურვეობის საკითხის შესახებ ახსნა-განმარტება გასცა და მიუთითა, რომ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ე. ძ–ის (სამოქალაქო სარეგ. №100825-1983) მეურვედ დარჩა/არის ორივე მხარე ერთობლივად.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შვედეთის, იონშოპინგის სასამართლოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მხარეები განქორწინდნენ, ამასთან, ვინაიდან არცერთ მშობელს საერთო მეურვეობის უფლების შეცვლა არ მოუთხოვია, სასამართლომ განქორწინების შესახებ დავის გადაწყვეტასთან ერთად, მხარეებს, საკუთარი შვილის მიმართ საერთო მეურვეობის შესახებ მიუთითა.

15. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებას, პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე გავლენა ვერ ექნება, ამასთან, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, მეურვეობის საკითხი ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მომავალში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შეიცვალოს.

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იურიდიული ძალის სხვა ქვეყანაში გავრცელებისათვის უნდა არსებობდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივ საფუძველში იგულისხმება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების გავრცელება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა ცნოს ეს გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივ საფუძველში მოიაზრება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები, რომლითაც ცნობა/აღსრულება მოწმდება/განიხილება. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებით ახდენს ამ გადაწყვეტილებით დაცული მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ცნობას, რომლის რეალიზაციის იურიდიული შედეგი უნდა გავრცელდეს საქართველოში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შვედეთის, იონშოპინგის რაიონული სასამართლოს, 2013 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე №T339-13) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე შ.ძ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, შვედეთის, იონშოპინგის რაიონული სასამართლოს, 2013 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე №T339-13), რომლითაც მხარეებს განქორწინების თანხმობის მიცემის გარდა, განემარტათ, რომ ისინი ჯერ კიდევ ერთობლივ მეურვეობას ახორციელებენ მათი შვილის ე.ს - ძ–ის (დაბ. 25.08.2010წ, სამოქალაქო სარეგ. №100825-1983) მიმართ;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე