Facebook Twitter

საქმე №ა-2864-შ-71-2020 16 ივლისი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვით

შუამდგომლობის ავტორი – ს.კ.ბ. „ტ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.კ–ვა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის, ქ.მოსკოვის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინება (საქმე №33-35352)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რუსეთის ფედერაციის, ქ.მოსკოვის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინებით (საქმე №33-35352) ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ მოსკოვის გაგარინის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება; სააქციო კომერციულ ბანკ „ტ–სა“ და ლ.კ–ვას შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით:

- დავალიანების თანხა, რომლის სააქციო კომერციულ ბანკ „ტ–ისათვის“ გადახდასაც ლ.კ–ვა კისრულობს მორიგების შესახებ წინამდებარე შეთანხმების პირობებით, შეადგენს 920 000 (ცხრაას ოცი ათას) რუბლსა და 00 კაპიკს;

- მხარეები შეთანხმდნენ, რომ წინამდებარე მორიგების შეთანხმებაში მითითებულ დავალიანებას ლ.კ–ვა დაფარავს შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით;

- თუ ლ.კ–ვას მიერ სააქციო კომერციულ ბანკ „ტ–ის“ სასარგებლოდ ძირითადი ვალის დასაფარად განსახორციელებელი მორიგი გადახდის თარიღი არასამუშაო დღეს დაემთხვა, ლ.კ–ვა ვალდებული იქნება, გადახდა აწარმოოს მორიგების შესახებ წინამდებარე შეთანხმებით ამ გადახდისათვის დადგენილი თარიღის მომდევნო პირველივე სამუშაო დღეს;

- რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელის ან/და მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯები მეორე მხარისთვის ანაზღაურებას არ ექვემდებარება;

- შეწყდეს წარმოება ს.კ.ბ. „ტ–ის“ (სს) სარჩელზე ლ.კ–ვასათვის დავალიანების გადახდის დაკისრების შესახებ.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა სააქციო კომერციულმა ბანკმა „ტ–მა“ და მოითხოვა ზემოხსენებული განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 10 აგვისტოს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული იყო სასამართლო განხილვის შესახებ და მისი წარმომადგენელი სასამართლო სხდომას ესწრებოდა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის, ქ.მოსკოვის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინების (საქმე №33-35352) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

5. ხსენებული განჩინება, საქმის მასალებთან ერთად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაჰბარდა მოწინააღმდეგე მხარეს და განემარტა საკუთარი საპროცესო უფლებები.

6. შუამდგომლობის წინააღმდეგ წერილობითი პასუხის წარდგენისათვის დადგენილი ვადის დაცვით, მოწინააღმდეგე მხარემ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინა მოსაზრება და იშუამდგომლა მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ რუსეთის ფედერაციის, ქ.მოსკოვის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინების (საქმე №33-35352) ცნობა-აღსრულების საკითხი განიხილა ზეპირი მოსმენით 2021 წლის 28 ივნისს გამართულ სხდომაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის, ქ.მოსკოვის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინების (საქმე №33-35352) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდგომ - მინსკის კონვენცია) 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ - სპეციალური კანონი) 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო, ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

11. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს მინსკის კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთან, არ არსებობს ამავე კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები (გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი: ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს). შუამდგომლობა აკმაყოფილებს სპეციალური კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებსაც და არც ამავე კანონის 68-ე მუხლის მე-2 (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს) პუნქტით უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

12. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, სასამართლოს ბეჭდით დამოწმებული განჩინებისა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მასალების შესწავლით ირკვევა, რომ:

- მოპასუხემ ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე, მან მონაწილეობა მიიღო სასამართლო პროცესში, სადაც დამტკიცდა მორიგება მხარეთა შორის;

- გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში 2018 წლის 10 აგვისტოს;

- გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

13. მოწინააღმდეგე მხარე არ ეთანხმება მის წინააღმდეგ წარდგენილ მოთხოვნას და საკუთარ პოზიციას აფუძნებს შემდეგ გარემოებებს: შუამდგომლობას არ ერთვის სპეციალური კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ; დოკუმეტი, რომელიც დაადასტურებდა შუამდგომლობის წარმოდგენის მომენტისათვის რომ გადაწყვეტილება არ არის აღსასრულებელი; მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტის შესაბამისად კი, არ ერთვის დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის თაობაზე. შესაბამისად, არ ირკვევა ჰქონდა თუ არა რუსეთის ფედერაციის სასამართლოს საქმის განხილვის კომპეტენცია; შუამდგომლობის ავტორს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას დაადასტურებდა. მოწინააღმდეგე მხარეს ყირიმის რესპუბლიკაში, იალტაში უძრავი ქონება აქვს და, შესაბამისად, არსებობს გადაწყვეტილების ორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე აღსრულების რისკი.

14. პალატა არ იზიარებს განჩინების ცნობასა და აღსრულებაზე უარის საფუძვლად მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებულ გარემოებებს, კერძოდ, შუამდგომლობას ერთვის სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შესახებ და სასამართლო აღმასრულებელთა ფედერალური სამსახურის მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ განჩინება რუსეთის ფედერაციაში ვერ აღსრულდა.

15. დაუსაბუთებელია ასევე მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება იმის შესახებ, რომ არ არსებობს სპეციალური კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აღსრულების აუცილებლობა, რამდენადაც მოვალეს რუსეთის ფედერაციაში გააჩნია საკმარისი აქტივი გადაწყვეტილების აღსასრულებლად. აღნიშნული მტკიცება უსაფუძვლოა, რამდენადაც შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საწინააღმდეგოს ადასტურებს, კერძოდ, სასამართლო აღმასრულებელთა ფედერალური სამსახურის 28.05.2021 წლის ცნობით, დასტურდება, რომ სასამართლო აღმასრულებელმა მიიღო სააღსრულებო წრმოების დასრულების თაობაზე დადგენილება, რამდენადაც მოვალეს აღარ გააჩნდა ქონება, რომელზეც აღსრულება მიექცეოდა და მოვალის ქონების მოძიებისათვის კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა აღმოჩნდა უშედეგო.

16. მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა ს.კ.ბ.ს „ტ–ის“ 18.03.2021 წლის განცხადება, რომლითაც ამ უკანასკნელმა მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს მოვალის - ლ.კ–ვას გადახდისუუნაროდ (გაკოტრებულად) გამოცხადება მოსთხოვა. მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით, განცხადება გადაწყვეტილების ორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე აღსრულების რისკს ადასტურებს. პალატა არ იზიარებს ამ პოზიციას და, პირველ რიგში, მიუთითებს, რომ მოვალის გადახდისუუნაროდ (გაკოტრებულად) გამოცხადების შესახებ წარმოება არ აბრკოლებს წარმოდგენილი განჩინების ცნობისა და აღსრულების შესახებ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას. რაც შეეხება ორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე აღსრულების რისკს, პრეტენზია არ არის გასაზიარებელი, რამდენადაც ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემთხვევაში, გამოირიცხება იმავე ვალდებულების განმეორებითი შესრულება.

17. მოწინააღმდეგე მხარე რუსეთის ფედერაციის სასამართლოს კოპეტენციას სადავოდ ხდის და მიუთითებს, რომ არ ირკვევა, ჰქონდა თუ არა მას საქმის განხილვის უფლებამოსილება. სპეციალური კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება. ნორმის არსი ისაა, რომ სასამართლომ შეამოწმოს, იქნებოდა თუ არა უცხო ქვეყნის სასამართლო ქართული სამართლის ჰიპოთეტური გამოყენებისას უფლებამოსილი კონკრეტული გადაწყვეტილება გამოეტანა, ხოლო ნორმის მიზანია არ იქნას დაშვებული არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის იურიდიული ძალის მინიჭება და, ამავროულად, ხელი შეეწყოს ეროვნული სასამართლოების მიერ მათი განსაკუთრებული კომპეტენციის განხორციელებას (ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ. 52). მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სასამართლოების განსაკუთრებული კომპეტენცია არ დგინდება. ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად სწორედ რუსეთის ფედერაციის სასამართლო ითვლება, მით უფრო, რომ მოპასუხე სასამართლოს კომპეტენტურობაზე პროტესტის გარეშე დათანხმდა პროცესში მონაწილეობას და მხარეთა შორის მორიგებაც შედგა. ამდენად, მისი შედავება სასამართლოს კომპეტეციასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.

18. მოწინააღმდეგე მხარე იმაზეც აპელირებს, რომ შუამდგომლობას არ ერთვის დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის საქმეებზე და სწორედ ამიტომ ხდის სადავოდ რუსეთის ფედერაციის სასამართლოს კომპეტენციას. საერთოდ, სახელშეკრულებო განსჯადობის ქვეშ საერთაშორისო კერძო სამართლის პროცესში იგულისხმება მხარეთა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ კონკრეტული საქმე განიხილოს უცხო სახელმწიფოს სასამართლომ, თუმცა lex fori (იმ სახელმწიფოს კანონი, სადაც მდებარეობს სასამართლო) ამ დავას ადგილობრივი სასამართლოს იურისდიქციას უქვემდებარებს, და პირიქით. ამგვარად, მხარეები, ეყრდნობიან რა მხარეთა ავტონომიისა და სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპებს, თავად ადგენენ უფლებამოსილ სასამართლოს, თუ ამას ხელს არ უშლის კონკრეტული ქვეყნის სასამართლოთა განსაკუთრებული კომპეტენციის შესახებ იმპერატიული ნორმა. მხარეთა შეთანხმებებს, რომლებიც ადგენენ განსჯადობას, ეწოდება პროროგაციული შეთანხმებები... შეიძლება, მხარეებს საერთოდაც არ დაედოთ ამგვარი პროროგაციული ხელშეკრულება. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო სამართლის კოლიზიური ნორმების გამოყენებით, ყველა შემთხვევაში, მაინც რომელიმე სახელმწიფოს სასამართლო აღმოჩნდება ამ საქმის განხილვაზე უფლებამოსილი. ამგვარად, სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ საბუთის არარსებობა არ უნდა იყოს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევისთვის დამაბრკოლებელი გარემოება. მისი დართვა შუამდგომლობაზე უნდა განვიხილოთ, როგორც ფაკულტატური პირობა (ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.65-66).

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციისა და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. ამასთან, არ არსებობს ამავე კონვენციითა და კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად, შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის, ქ.მოსკოვის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინება (საქმე №33-35352), რომლითაც სააქციო კომერციულ ბანკ „ტ–სა“ და ლ.კ–ვას შორის დამტკიცდა მორიგება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერობის შესახებ“ კონვენციის 51-ე, 53-ე, 55-ე მუხლებით, ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.კ.ბ. „ტ–ის“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის, ქ.მოსკოვის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინების (საქმე №33-35352) ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის, ქ.მოსკოვის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინება (საქმე №33-35352), რომლითაც სააქციო კომერციულ ბანკ „ტ–სა“ და ლ.კ–ვას შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით:

- დავალიანების თანხა, რომლის სააქციო კომერციულ ბანკ „ტ–ისათვის“ გადახდასაც ლ.კ–ვა კისრულობს მორიგების შესახებ წინამდებარე შეთანხმების პირობებით, შეადგენს 920 000 (ცხრაას ოცი ათას) რუბლსა და 00 კაპიკს;

- მხარეები შეთანხმდნენ, რომ წინამდებარე მორიგების შეთანხმებაში მითითებულ დავალიანებას ლ.კ–ვა დაფარავს შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით;

- თუ ლ.კ–ვას მიერ სააქციო კომერციულ ბანკ „ტ–ის“ სასარგებლოდ ძირითადი ვალის დასაფარად განსახორციელებელი მორიგი გადახდის თარიღი არასამუშაო დღეს დაემთხვა, ლ.კ–ვა ვალდებული იქნება, გადახდა აწარმოოს მორიგების შესახებ წინამდებარე შეთანხმებით ამ გადახდისათვის დადგენილი თარიღის მომდევნო პირველივე სამუშაო დღეს;

- რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელის ან/და მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯები მეორე მხარისთვის ანაზღაურებას არ ექვემდებარება;

- შეწყდეს წარმოება ს.კ.ბ. „ტ–ის“ (სს) სარჩელზე ლ.კ–ვასათვის დავალიანების გადახდის დაკისრების შესახებ.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე