საქმე №ას-1031-2020 23 ივლისი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს "რ.N. ს-დ.ც–ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი/მ ჯ.ზ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი/მ ჯ.ზ–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან გამყიდველი) სარჩელი და, მის სასარგებლოდ, სს "რ.#. ს-დ.ც–ს" (შემდეგში: მოპასუხე, საწარმო, მყიდველი, აპელანტი ან კასატორი) 5553,30 ლარის გადახდა დაეკისრა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, უცვლელად დარჩა თბილისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 დეკემბრის განჩინებით.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მხარეთა შორის უფლება-მოვალეობები წარმოიშვა 01.01.2016 წელს დადებული N 1 ხელშეკრულების, 31.05.2012 წელს დადებული N 140 ხელშეკრულების და საქმეში წარმოდგენილი ზედნადებებისა და მიღება - ჩაბარების აქტების საფუძველზე, რომლებიც აკმაყოფილებდნენ გარიგების დადების ზოგად პირობებს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ, 477-ე მუხლი). სსკ-ის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
3.2. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს 2016 წლის 1 იანვარს დადებული N 1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისთვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების და სასაქონლო ელექტრონული ზედნადებით გაწერილი თანხის, საერთო ჯამში 5553,30 ლარის დაკისრება. სასამართლოს საკვლევი საკითხია, შესრულდა თუ არა მხარეების მიერ ვალდებულებები, კერძოდ, მოსარჩელის მიერ - პროდუქციის მიწოდება, ხოლო მოპასუხე საწარმოს მიერ - შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდა.
4. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხე საწარმომ 2018 წლის 1 სექტემბრიდან - 2018 წლის 20 სექტემბრამდე 18 სასაქონლო ზედნადებით გაწერილი საქონელი მიიღო, რაც აპელანტმა მხარემაც დაადასტურა მის მიერ წარმოდგენილი შესაგებლითა და სააპელაციო საჩივრით. შესაბამისად, მხარე სადავოდ არ ხდის პროდუქციის მიღებას გ.ჩ–ის მიერ, მაგრამ მიიჩნევს, რომ გ.ჩ–მა საწარმოს სახელით საკუთარი მიზნებისთვის შეიძინა მითითებული პროდუქცია, რის თაობაზეც საწარმომ საგამოძიებო ორგანოს მიმართა და დაწყებულია გამოძიება.
5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, თუ სხვა მტკიცებულებებით დასტურდება ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიღების ფაქტი, მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის არარსებობა ხსენებული ფაქტის უარსაყოფად ვერ გამოდგება. აღნიშნული ფაქტი დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ანგარიშფაქტურებით და მოწმეთა ჩვენებებით და უდავო გარემოებაა, რომ გ.ჩ–მა გამყიდველისაგან პროდუქცია მიიღო. ის გარემოება, რომ მოპასუხე საწარმომ საგამოძიებო ორგანოს მიმართა, კიდევ ერთხელ ადასტურებს სწორედ იმას, რომ ურთიერთპრეტენზიები შეიძლება ჰქონდეთ მოპასუხესა (აპელნტს) და გ.ჩ–ის, როგორც რწმუნებულსა და მარწმუნებელს და მათ შორის დავა არ შეიძლება გასცდეს დავალების ხელშეკრულების ფარგლებს.
6. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ გ.ჩ–ი ზეპირი დავალების საფუძველზე წარმოადგენდა მოპასუხე საწარმოს უფლებამოსილ პირს, რათა შეესყიდა ი/მ ჯ.ზ–ისაგან (მოსარჩელისაგან) პროდუქცია (სსკ-ის 709-722-ე მუხლები). ამასთან, როგორც საქმის მასალებიდან დასტურდება, ეს ურთიერთობები გრძელდებოდა 2012-2018 წლებში, მრავალჯერადად. გამყიდველი მრვალწლიანი საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში ენდობოდა გ.ჩ–ს მყიდველის მითითების საფუძველზე. ამდენად, საააპეელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ გ.ჩ–ის მიერ შესყიდული პროდუქცია არ მიიჩნევა მყიდველი საწარმოს სახელით შესყიდულ პროდუქციად, რის საფუძველზეც აპელანტს, როგორც მყიდველს, პროდუქციის ღირებულების გადახდის ვალდებულება არ გააჩნია. სსკ-ის 396-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს. ამდენად, მყიდველი საწარმო (აპელანტი) ვალდებულია, გადაიხადოს მისი წარმომადგენლის გ.ჩ–ის მიერ შესყიდული პროდუქციის ღირებულება.
7. მოწმის სახით დაიკითხული გ.ჩ–ი ადასტურებს 2018 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდში გაწერილი სასაქონლო ზედნადებების შესაბამისად პროდუქციის შესყიდვას. მან განმარტა, რომ იგი წლების განმავლობაში ასრულებდა სასაქონლო ოპერაციებს მოპასუხე საწარმოს უფლებამოსილი პირების დავალებით და შესყიდული პროდუქციაც დანიშნულების ადგილზე მიიტანა. მან მოსარჩელე ზ.გ–საგან (საწარმნოს ფინანსური მენეჯერი) გაიცნო და მისივე დავალებით, მასთან ერთად და მარტოც იძენდა პროდუქციას, შემდგომში ზ.გ–თან ერთადაც მისულა. მიღება- ჩაბარების აქტებიც მას მიჰქონდა მაღაზიაში ხელმოსაწერად.
8. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხემ ისეთი გარემოებები შექმნა, რომ მოსარჩელეს ჰქონდა საფუძველი კეთილსინდისიერად ევარაუდა, გ.ჩ–ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არსებობის შესახებ. ამასთან, ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ვარაუდის საფუძველი, არამედ ზეპირი ფორმით დადებული დავალების ხელშეკრულება არსებობდა. რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ გ.ჩ–ის მიერ პროდუქციის გამოყენება პირადი მიზნებისათვის მოხდა, სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული გარემოება ვერ მოახდენს გავლენას არსებული დავის გადწყვეტის კუთხით და შემხებლობაში არ არის მყიდველი საწარმოს მიერ მოსარჩელის წინაშე შესასრულებელ ვალდებულებასთან. სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ მის მიერ ნაკისრი ვადებულება შეასრულა, კერძოდ, მოპასუხეს მიაწოდა შეთანხმებული პრუდუქცია, ხოლო მოპასუხე საწარმოს მიერ თანმხვედრი ვალდებულება - შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდა, არ განხორციელებულა. ამდენად, დასაბუთებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
9.1. საწარმომ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
12. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.
13. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში;
14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). მოსარჩელის სტადიის შემდეგ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოპასუხის სტადია, რაც მოსაჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პასუხად შესაგებელში შედავებული გარემოებების კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N ას-664-635-2016; პუნქტი 201) მითითებულია: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვითთ, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით სავსებით დასაბუთებული და კანონიერი განჩინება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრების გზით მოპასუხემ ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები და ვერ გააქარწყლა დასაბუთებული საკასაციო შედავებით.
15. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის გრძელვადიანი ურთიერთობა არსებობდა, რაც მოიცავდა საწარმოს მხრიდან მოსარჩელისაგან გარკვეული პროდუქციის შეძენას, რასაც ზეპირი დავალების საფუძველზე აწარმოებდნენ საწარმოს მიერ უფლებამოსილი პირები, მათ შორის გ.ჩ–იც. ამდენად, კასატორის პრეტენზია, რომ გ.ჩ–მა მოპასუხის მინდობილობის გარეშე შეიძინა პროდუქცია, რაც არა საწარმოს, არამედ პირადი მიზნებისათვის გამოიყენა, დაუსაბუთებელია, რადგან დავალების ხელშეკრულება არ საჭიროებს წერილობით ფორმას, იგი შესაძლოა ზეპირი ხელშეკრულებითაც დაიდოს (სსკ-ის 709-ე და შემდგომი მუხლები), ამასთან, იმ დაშვებითაც, რომ გ.ჩ–მა პირადი მიზნებისათვის წაიღო გარკვეული პროდუქცია, ეს მოპასუხეს არ ათავისუფლებს მოსარჩელის წინაშე ვალდებულების შესრულებისაგან (სსკ-ის 396-ე მუხლი), ხოლო დასაბუთებული პრეტენზია კასატორს შესაძლოა მხოლოდ საკუთარი წარმომადგენლისადმი (გ.ჩ–ისადმი ჰქონდეს), როგორც ეს მართებულად განმარტა სააპელაციო სასამართლომ, რადგან მოსარჩელე სავსებით კეთილსინდისიერად მოქმედებდა პროდუქციის იმ პირისათვის გადაცემის დროს, რომელიც რამდენიმე წელია საწარმოს წარმოადგენდა გამყიდველთან ურთიერთობაში.
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მოპასუხის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას არსებითად განსახილველად დაშვებაზე.
17. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "რ.N2 ს-დ.ც–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს "რ.N2 ს-დ.ც–ს" (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 278 ლარის (საგადახდო დავალება N156, გადახდის თარიღი 2020 წლის 12 თებერვალი), 70% – 194,6 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: მ. ერემაძე
ნ. ბაქაქური