საქმე №ას-1022-2020 11 დეკემბერი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ნ.თ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.მ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ.თ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი ა.მ–ძის (შემდეგში: მოპასუხე) წინააღმდეგ, თანხის - 8 500 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 361-ე, 623-ე, 624-ე, 930-ე, 932-ე, 938-ე, 940-ე მუხლებით იხელმძღვანელა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივლისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. მოსარჩელემ, 2011 წელს მოპასუხეს 12 000 აშშ დოლარი გაუგზავნა, ნაწილი - საბანკო გადარიცხვით, ნაწილი - ლ.ჭ–ძის მეშვეობით. სარიტუალო ბიუროს გახსნის მიზნით, 11 000 აშშ დოლარით მოპასუხემ შესაბამისი ინვენტარი შეიძინა და ავტომანქანა, რომელიც ე.წ. „კატაფალკად“ გადააკეთეს.
4.2. სარიტუალო (დამკრძალავმა) ბიურომ დაიწყო საქმიანობა, მას ხელმძღვანელობდა და ძირითად საქმიანობასაც მოპასუხე ახორციელებდა, როგორც პათანატომი. მასთან ერთად, ასევე მუშაობდნენ მისი ოჯახის წევრები. მოპასუხემ მოსარჩელეს, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფებოდა, მხოლოდ ერთხელ გაუგზავნა მიღებული შემოსავლიდან-1750 ლარი.
4.3. მოსარჩელემ, 2013 წლის ნოემბერში, „სკაიპის“ საშუალებით მოსთხოვა მოპასუხეს და მის მეუღლეს დაებრუნებინათ 12000 აშშ დოლარი, ხოლო როდესაც თანხა ვერ მიიღო, მეგობრის, ლ.ჭ–ძის მეშვეობით წაიღო სარიტუალო დანიშნულების ნივთები, ავტომაქანა „ოპელი“. მოპასუხემ, მოსარჩელეს გამოუყენებელი თანხა- 950 აშშ დოლარი უკან დაუბრუნა.
4.4. მოსარჩელის განმარტებით, მან სარიტუალო ნივთები თბილისში 2500 აშშ დოლარად გაყიდა, ხოლო ავტომანქანა ვერ გაასხვისა, რადგან დაზიანებული იყო, თუმცა მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა.
4.5. მხარეთა შორის სადავოა თანხის გადაცემის საფუძველი. მოსარჩელემ განმარტა, რომ ეს იყო სესხი, რაც ავალდებულებდა მსესხებელს (მოპასუხეს) სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსავლის მიღების შემდეგ, პირველ რიგში, დაებრუნებინა თანხა, ხოლო შემდეგ მოხდებოდა მათ შორის წილების განაწილება. მოპასუხემ მიუთითა, რომ ფულის გადაცემა ერთობლივი საქმიანობის დაწყების მიზნით მოხდა.
4.6. ხელშეკრულება წერილობით გაფორმებული არ ყოფილა. სესხის ზეპირი ხელშეკრულების დადების დროს კი, მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამასთან, სესხის ხელშეკრულება იწყება მსესხებლისათვის თანხის გადაცემით და წყდება ვალის უკან დაბრუნებით.
4.7. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ელოდებოდა, არა მარტო გადაცემული თანხის უკან დაბრუნებას, არამედ ამ თანხით დაწყებული სამეწარმეო საქმიანობიდან მოგების მიღებას, რაც გადაეცა კიდეც ერთხელ, 1750 ლარის ოდენობით.
4.8. თავად მოსარჩელის განმარტებითაც დადასტურებული იყო, რომ მან მოპასუხესთან საქმიანი ურთიერთობა მისი პროფესიის გამო დაამყარა, კერძოდ, მოპასუხეს, როგორც პათანატომს, უნდა ემუშავა დამკრძალავ ბიუროში, რაც იქნებოდა მისი შენატანი ერთობლივ საქმიანობაში.
4.9. ყოველივე აღნიშნული ადასტურებდა, რომ სახეზე იყო არა სესხის ხელშეკრულება, არამედ ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა), ამ საქმიანობის ფარგლებში შეიქმნა სარიტუალო (დამკრძალავი) ბიურო, სადაც მოსარჩელის შენატანს შეადგენდა ინვენტარი, რომელიც შეიძინეს მის მიერვე გადმოგზავნილი თანხით, ხოლო მოპასუხის შენატანი იყო მისი პროფესიული საქმიანობა.
4.10. დადგენილია, რომ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება შეწყვიტა მოსარჩელემ, რომლის უფლებაც სსკ-ის 940-ე მუხლის საფუძველზე ჰქონდა. ასევე, უფლება ჰქონდა, მოეთხოვა დარჩენილი ქონების (რომელშიც მოიაზრება საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალიც, ასეთის არსებობის შემთხვევაში) განაწილება, თუმცა მხარეეებს საინვენტარიზაციო ნუსხა არ შეუდგენიათ, შემოსავალი არ დაუთვლიათ და ამას არც მოსარჩელე ითხოვდა. შესაბამისად, გასაყოფი დარჩა მხოლოდ ის ქონება (ნივთები), რაც ერთობლივი საქმიანობის მიზნით იყო შეძენილი.
4.11. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ მოსარჩელემ მოპასუხისაგან გადაგზავნილი თანხის 12000 აშშ დოლარის გამოუყენებელი ნაწილი-950 აშშ დოლარი მიიღო, ასევე - ყველა ინვენტარი (მაცივრები, შანდლები და ა.შ), რომელიც მისი განმარტებით 2500 აშშ დოლარად გაასხვისა და ავტომანქანა „ოპელი“, რომელიც გადაკეთებული იყო „კატაფაკლად“. შესაბამისად, მხარეთა შორის გასანაწილებელი ქონება აღარ დარჩა.
4.12. მოსარჩელე ითხოვდა იმ თანხის მოპასუხეზე დაკისრებას, რაც ვერ აუნაზღაურდა ნივთების გაყიდვის შედეგად. კერძოდ, 11000 აშშ დოლარს გამოაკლო 2500 აშშ დოლარი და მოითხოვა 8500 აშშ დოლარის ანაზღაურება.
4.13. მოწმის სახით დაკითხულმა ლ.ჭ–ძემ განმარტა:
4.13.1. მისმა ნათესავმა - მოპასუხემ, 2011 წელს აცნობა, რომ სურდა სარიტუალო დარბაზის მოწყობა, რისთვისაც ესაჭიროებოდა თანხა. ამის თაობაზე მოწმემ თავის მეგობარს - მოსარჩელეს უთხრა, რომელსაც ჰქონდა შესაბამისი თანხა და გამოთქვა სურვილი თანხის გადაცემის თაობაზე;
4.13.2. აღნიშნულ საქმეში მოწმემ შუამავლის როლი შეასრულა;
4.13.3. მოპასუხემ და მოსარჩელემ მოილაპარაკეს, რომ თუ მუშაობა კარგად არ წავიდოდა, მოპასუხისათვის გადაცემული მთლიანი თანხა - 12 000 აშშ დოლარი მას მოსარჩელისათვის უნდა დაებრუნებინა.
4.13.4. მხარეებმა ასევე მოილაპარაკეს, რომ თავდაპირველად მათ მოგების 80% ბანკში უნდა შეეტანათ და დაეგროვებინათ მოსარჩელისათვის დასაბრუნებელი 12 000 აშშ დოლარი, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაენაწილებინათ სარიტუალო დარბაზის მუშაობიდან მიღებული მოგება.
4.13.5. მოსარჩელემ მოპასუხეს 5 000 აშშ დოლარი საბერძნეთიდან გადაურიცხა, ხოლო დარჩენილი 7 000 აშშ დოლარი, საბერძნეთიდან დაბრუნებულმა, საქართველოში გადასცა რითაც მოპასუხეს მიეხმარა ნივთების შეძენაში.
4.13.6. მოპასუხემ აღნიშნული თანხებით შეიძინა ყველა საჭირო ნივთი და სარიტუალო დარბაზმა დაიწყო მუშაობა. ასევე, სარიტუალო დარბაზისათვის მოპასუხისაგან შეიძინეს ავტომანქანა.
4.13.7. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, ორ კვირაში 900 ლარი ჰქონდათ მოგება, რაც მოსარჩელემ მოპასუხეს არ გამოართვა და უთხრა, რომ აღნიშნული თანხა ისევ საქმეში ჩაედო.
4.13.8. ამის შემდეგ, მოპასუხე საერთოდ აღარ ეკონტაქტებოდა მოსარჩელეს. აშკარა გახდა, რომ იგი შემოსავალს მალავდა.
4.13.9. მოსარჩელემ შეატყო, რომ მოპასუხე თანხის დამბრუნებელი არ იყო, რის შემდეგაც მისთვის გადაცემული თანხის ამოღების მიზნით, პირადად წამოიღო სარიტუალო დარბაზისათვის შეძენილი ნივთები და ავტომანქანა.
4.13.10. ვინაიდან, ნივთები ძალიან დაზიანებული იყო, ისინი მხოლოდ 2500 აშშ დოლარად გაიყიდა,, ხოლო ავტომანქანა დღემდე ვერ გაიყიდა (იხ. 13.11.2018 წ. სასამართლო სხდომის ოქმი, 15:21-16:05 სთ.).
4.14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული 20.01.2020წ. სასაქონლო ექსპერტიზის N000129620 დასკვნის მიხედვით დგინდება:
4.14.1. სარიტუალო მომსახურების მეორადი საყინულე ექსპერტიზაზე ვერ იქნა წარმოდგენილი და მისი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, ვერ დადგინდა ფიზიკური მდგომარეობა და ტექნიკური მახასიათებლები. აქედან გამომდინარე, მისი საბაზრო ღირებულება ვერ განისაზღვრა;
4.14.2. ექსპერტიზაზე შესაფასებლად წარმოდგენილი ავტომანქანა ,,ოპელ სინტრა“-ს საბაზრო ღირებულება, 2013 წლის მდგომარეობით, ვერ დადგინდა აღნიშნული პერიოდისათვის შესადარი ანალოგების სტატისტიკური ინფორმაციის არარსებობის გამო;
4.14.3. ექსპერტიზაზე შესაფასებლად წარმოდგენილი ავტომანქანის საბაზრო ღირებულება, 2019 წლის მდგომარეობით, საორიენტაციოდ 2400 ლარს შეადგენს.
5. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, მოთხოვნა შეიძლება გამომდინარეობდეს სსკ-ის 623-ე მუხლიდან ან 932.3-ე, 939.1-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან, 940.1-ე მუხლებიდან.
6. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა სესხის ხელშეკრულებიდან, ვინაიდან, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისათვის თანხის დაბრუნების თაობაზე.
7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა მისივე ნებით, სარიტუალო ოფისიდან წამოიღო ზემოაღნიშნული ნივთები, რაც შემდეგში ნაწილობრივ გაასხვისა, რაც ადასტურებს, რომ ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების-სესხის თანხის ნაცვლად, მიიღო სხვა შესრულება, რის გამოც მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდა. შესაბამისად, აღარ არსებობს გადაცემული თანხის მოთხოვნის წინაპირობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
8. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ მოპასუხისგან წამოღებული ნივთები, რომელთა შეძენისთვისაც 11000 აშშ დოლარი დაიხარჯა, იმდენად დაზიანებული, რომ ისინი მხოლოდ 2500 აშშ დოლარად გაიყიდა. მოსარჩელეს ამ გარემოების დასადასტურებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლის შესაბამისად, სარწმუნო და სათანადო მტკიცებულებები არ წარუდგენია.
9. გარდა ამისა, საქმეში ასევე არ მოიპოვება სათანადო მტკიცებულება, თუ რა ღირებულების და რა მდგომარეობაში იყო ავტომანქანა იმ დროისათვის, როდესაც იგი მოსარჩელემ წამოიყვანა მოპასუხისაგან. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის ის მითითება, რომ ავტომანქანა ძალიან დაზიანებული იყო და, რომ მისი ფასის სიმცირის გამო, ვალის (11 000 აშშ დოლარის) სრული კომპენსირება ვერ მოხერხდა.
10. სააპელაციო სასამარტლოს შეფასებით, თუკი 12 000 აშშ დოლარი მოსარჩელის შენატანი იქნებოდა ერთობლივ საქმიანობაში, ამ ურთიერთობის დასრულებისას მის მიერ, მთელი საერთო ქონების მიღება, გამორიცხავდა მოპასუხისათვის დამატებით რაიმე თანხის დაკისრებას.
11. სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის სასარჩელო მოთხოვნა ერთობლივი საქმიანობის სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებშიც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
12. მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
13. კასატორის განმარტებით, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის უკან დაბრუნებული 950 აშშ დოლარი, 1750 ლარი და ამორტიზებული 2500 აშშ დოლარად ღირებული ქონება მოსარჩელემ გამოაკლო მის მიერ გასესხებულ 12 000 აშშ დოლარს და მოპასუხისაგან მხოლოდ 8500 აშშ დოლარი მოითხოვა, რაც თავის გადაწყვეტილებაში მოსამართლემ არ გააანალიზა.
14. კასატორის განმარტებით, შეთანხმების თანახმად, მოპასუხეს პირველ რიგში სესხი - 12000 აშშ დოლარი უნდა გაესტუმრებინა, ამის შემდეგ უნდა განეხორციელებიათ ერთობლივი სამეწარმეო საქმიანობა და განესაზღვრათ პარტნიორთა შორის წილობრივი მაჩვენებლები. აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ სადავო თანხა ნამდვილად სესხი იყო. მხოლოდ ამ თანხის გასტუმრების შემდეგ შეიქმნებოდა ამხანაგობა და არა მანამდე.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
19. სააპელაციო სასამართლომ სავსებით დასაბუთებულად გაამახვილა ყურადღება მხარეთა მტკიცების ტვირთზე, რადგან საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირისაკენ მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა, საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება.
21. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.
22. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
23. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
24. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
25. ზემოთ მოხმობილი სამართლებრივი მოწესრიგება და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (იხ.ამ განჩინების 6-9 პუნქტები) იძლევა იმ სამართლებრივ შედეგს, რასაც კასატორი არ ეთანხმება, თუმცა არაკვალიფიცურად ედავება სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს. კასატორი აღნიშნავს, რომ მასსა და მოპასუხეს შორის სესხის ხელშეკრულება არსებობდა, შესაბამისად მოპასუხე ვალდებული იყო, მისთვის სესხად გადაცემული თანხა დაებრუნებინა. ამავე მსჯელობას ავითარებს სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში, თუმცა, მტკიცების ტვირთის დაუძლევლობის გამო სარჩელს უარყოფს, რადგან მოსარჩელემ, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე ექსპერტიზა დანიშნა, ვერ წარადგინა იმგვარი მტკიცებულებები, რომელთა შეფასების შედეგად მოპასუხისაგან წამოღებული ნივთების ღირებულება დადგინდებოდა.
26. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, იმავეს იმეორებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, რომ ფაქტობრივ გარემოებათა თანმიმდევრულობას მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასარჩელო მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 623-ე მუხლში მოეძებნება. მიუხედავად აღნიშნულისა, სარჩელი წარუმატებელია, რადგან მოთხოვნის დამფუძნებელ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითება არასაკმარისია, ყოველი გარემოება, რასაც მხარე უთითებს თუ უარყოფს, სათანადოდ უნდა იქნეს დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კასატორის საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
28. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.თ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ნ.თ–ძეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ვ.კ–ის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1403 ლარის (საგადახდო დავალება N9744651559, გადახდის თარიღი 2020 წლის 24 აგვისტო), 70% – 982,1 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე