საქმე №ას-199-2021 28 მაისი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს "ს.კ.უ–ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ს–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა თ.ს–ის სარჩელი (შემდეგში: მოსარჩელე ან დაზღვეული).
1.1. სს "ს.კ.უ–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, მზღვეველი, სადაზღვევო კომპანია, აპელანტი ან კასატორი), მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული სამედიცინო ხარჯის - 2130 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ნოემბრის განჩინებით.
3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე:
3.1. მოპასუხესა და შპს ,,წ.მ. მ.ს. მ.კ.ს–ოს“ (დამზღვევი) შორის 2018 წლის 2 ნოემბერს გაფორმდა სამედიცინო (ჯანმრთელობის) და უნებური შემთხვევისაგან კორპორატიული დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება NMED-2/031118, სადაც მოსარჩელე დაზღვეული იყო A Class-ის პაკეტით და მოიცავდა გეგმიური ჰოსპიტალიზაციის, 100%-იანი ანაზღაურებას, 25 000 ლარის ლიმიტის ფარგლებში.
3.2. მოსარჩელეს, 2019 წლის 11 იანვარს დაუდგინდა პროსტატის ჰიპერპლაზია N40, ხოლო 2019 წლის 22 იანვარს ალ. წ. ს.უ. ეროვნულ ცენტრში სამკურნალოდ მოთავსდა. იმავე წლის 23 იანვარს გაუკეთდა ოპერაცია-პროსტატის ლაზერული ვაპორიზაცია პერიდორული ანესთეზიით KESD22, ZXXC10.
3.3. ჩატარებული ოპერაციის ღირებულებამ 4520 ლარი შეადგინა, საიდანაც სადაზღვევო კომპანიამ 2390 ლარი აანაზღაურა, ხოლო ღირებულების დარჩენილი თანხა - 2130 ლარი მოსარჩელემ გადაიხადა.
3.4. მზღვეველმა სამედიცინო ჩვენების გარეშე პროსტატის ლაზერული ვაპორიზაციის ჩატარების გამო, 2019 წლის 7 მარტს სამედიცინო ხარჯების სრულად ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.
4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, იმ გარემოების დასადგენად, წარმოეშვა თუ არა მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის სრულად ანაზღაურების ვალდებულება, გამოსარკვევი იყო, საჭიროებდა თუ არა მოსარჩელე სამედიცინო ჩარევას - პროსტატის ლაზერულ ვიპორიზაციას პერიოდული ანესთეზიით (მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ პაციენტი დასმული დიაგნოზის შესაბამისად, საჭიროებდა მკურნალობას - ოპერაციულ ჩარევას). სწორედ ამ კითხვაზე დადებითი პასუხი წარმოშობდა მოსარჩელის სასარგებლოდ უფლებას, მოეთხოვა მზღვეველისგან სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის სრულად ანაზღაურება.
5. სასამართლომ მიუთითა, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
6. დაზღვევის ხელშეკრულების (განმარტებანი) 1.4 პუნქტის თანახმად, გეგმიური სტაციონარული სამედიცინო მომსახურება გულისხმობს შესაბამისი სამედიცინო ჩვენებისას პირადი ექიმის/მზღვეველის მიერ დადასტურებული ჰოსპიტალური (1 საწოლზე მეტი) მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას ბარათით გათვალისწინებული თანაგადახდის და ლიმიტის შესაბამისად. 1.15 პუნქტის მიხედვით, სამედიცინო ჩვენებაში მოიაზრება: ,,ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში და მსოფლიოში დამკვიდრებულ სამედიცინო პრაქტიკაზე, შესაბამის გაიდლაინებსა და პროტოკოლზე დაყრდნობით ლიცენზირებული ექიმის დანიშნულებით საჭიროებს სამედიცინო ჩარევას (მკურნალობას ან კველვას)“.
7. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ პროსტატის ადენომის დროს საერთაშრისო სამედიცინო გაიდლაინების მიხედვით, ლაზერული ოპერაციის გაკეთების აუცილებლობა არ არსებობდა და ოპერაცია შესაძლოა შედარებით დაბალი ღირებულების მქონე სტანდარტული მეთოდით ჩატარებულიყო. სასამართლოს შეფასებით, მოპასუხემ ვერ მიუთითა სამედიცინო პრაქტიკასა თუ გაიდლაინზე, ასევე, ხელშეკრულების პუნქტზე, რომელიც პაციენტს ავალდებულებდა ესარგებლა მკურნალობის „ნაკლები ღირებულების“ სტანდარტული მეთოდით.
8. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ წარდგენილ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 15.10.2008 წლის N230 ბრძანებით დამტკიცებული სამედიცინო-დოკუმენტაცია ფორმა N100/ა - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაზე (შემდეგში: ფორმა N100/ა), რომლის თანახმად, „პაციენტს ესაჭიროებოდა ოპერაცია - პროსტატის ლაზერული ვაპორიზაცია, პერიოდული ანესთეზიით.“
9. ამდენად, ხელშეკრულების (დანართ 1.15 პუნქტი) შესაბამისად, მოსარჩელეს ლიცენზირებული ექიმის კონსულტაციის შედეგად ლაზერული მეთოდით პროსტატის ადენომის ოპერაცია დაენიშნა და დასმული დიაგნოზის საფუძველზე ექიმის მიერ გაცემული იქნა სამკურნალო რეკომენდაციები.
10. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნა, რომ მოსარჩელე ლიცენზირებული ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭიროებდა სამედიცინო ჩარევას - პროსტატის ლაზერულ ვიპორიზაციას პერიოდული ანესთეზიით, რაც დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, ექვემდებარებოდა სრულ ანაზღაურებას სადაზღვევო კომპანიის მიერ.
11. სააპელაციო სასამართლომ მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1 მოპასუხემ (სადაზღვევო კომპანიამ) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
12.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 5 მარტის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის (სადაზღვევო კომპანიის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
16. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 8431 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი ვალდებულია აანაზღაუროს დაზღვეული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან ან ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებული მკურნალობის და ამ ხელშეკრულებით შეთანხმებული სხვა სამედიცინო მომსახურების ხარჯები ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით“.
18. ამრიგად, სსკ-ის 8431-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია მზღვეველს მოსთხოვოს პაციენტის მკურნალობის ხარჯები, ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, ვალდებულია დაზღვევის ხელშეკრულების პირობებისა და მის მიერ წინასწარ გაცემული თანხმობის შესაბამისად, აანაზღაუროს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯები.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სსკ-ის 799-ე მუხლის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით (იხ. სუსგ Nას-594-2020, 12.02.2021წ)
20. საკასაციო სასამართლო განუმარტავს კასატორს, რომ ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სსკ-ის 327-ე მუხლი) და კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური ნორმები აზუსტებენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სსკ-ის 799-ე მუხლი (იხ. სუსგ N ას-92-88-2016, 11.03.2016წ).
21. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების საკითხი, რომელიც რეგულირებულია სსკ-ის 799-ე და 8431 მუხლებით. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ პაციენტი დასმული დიაგნოზის შესაბამისად, საჭიროებდა მკურნალობას - ოპერაციულ ჩარევას. თუმცა სადავოა მკურნალობის, სამედიცინო მანიპულაციის მეთოდი.
22. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად გამოიკვლიეს საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები და არასწორად მიიჩნიეს პროსტატის ლაზერული ვიპორიზაციის აუცილებლობა, მაშინ, როდესაც სამედიცინო ცნობის მოკლე ანამნეზში ცალსახადაა მითითებული, რომ პაციენტს აღნიშნული მეთოდით ოპერაციული ჩარევა შეეთავაზა და მისი უპირობოდ გამოყენება არ დგინდებოდა. კასატორის განმარტებით, სადაზღვევო თანხის ანაზღაურება გონივრულობის ფარგლებში უნდა განხორციელდეს და არა პაციენტის შეხედულების შესაბამისად. მოსარჩელე მხარემ უნდა ამტკიცოს სამედიცინო ჩარევის აუცილებლობა.
23. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს, წინამდებარე განჩინების 3.1-3.5, 4-11 ქვეპუნქტებში ასახულ, ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს და დამატებით განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციის ბუნებასთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტები და მათი შეფასება გამომდინარეობს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებისა და კანონის მოთხოვნებიდან.
24. საკასაციო სასამართლო ხელშეკრულების 1.15 პუნქტზე (დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში) დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ლიცენზირებული ექიმის მიერ დასმული დიაგნოზის შესაბამისად საჭიროებდა სამედიცინო ჩარევას - პროსტატის ლაზერული ვაპორიზაცია, პერიოდული ანესთეზიით. ოპერაციული ჩარევის მეთოდი შერჩეული იქნა ექიმის მიერ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და საეთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, რაც სრულად მიესადაგება ხელშეკრულების 1.15 პუნქტის მოთხოვნებს.
25. იმ პირობებში, როდესაც, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მოსარჩელისთვის ჩატარებული ოპერაცია სრულად შეესაბამებოდა ხელშეკრულების პირობებს, კასატორის მტკიცება, რომ პაციენტს უპირობოდ, უფრო დაბალი ღირებულების, სტანდარტული მკურნალობის მეთოდი უნდა აერჩია საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით არ დადასტურდა.
26. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაცია, განსაკუთრებით კი ქირურგიული ჩარევა უმეტესწილად დაკავშირებულია ემოციურ სტრესსა და ფიზიკურ ტკივილთან. შესაბამისად, თანამედროვე ეპოქაში მედიცინის სფეროს იმგვარი განვითარება, რაც პოსტოპერაციული გართულებების თავიდან არიდებაში დაეხმარება პაციენტსა და სამედიცინო დაწესებულებას ყოველმხრივ მისაღები და გამართლებულია. ამ ფონზე კი, კასატორის პრეტენზია, რომ მოსარჩელეს სამედიცინო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პირის (ექიმის) მიერ გაწეული რეკომენდაციის შედეგად არჩევანის საშუალება მიეცა თანამედროვე და უმტკივნეულო მეთოდის გამოსაყენებლად, მაშინ როდესაც იგივე შედეგის მიღწევა სტანდარტული სამედიცინო ჩარევითაც შესაძლებელი იყო, სრულიად დაუსაბუთებელია. პაციენტის უფლებების კანონი მიზნად ისახავს მოქალაქის უფლებების დაცვას ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, აგრეთვე მისი პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფას (მუხლი 1), ხოლო ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქალაქის უფლებებსა და კეთილდღეობას მედიცინისა და სამედიცინო მეცნიერების ინტერესებთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა აქვს (მუხლი 2). მოცემულ შემთხვევაში კი, სამედიცინო მანიპულაციის არჩევანის უფლება სწორედ მოსარჩელის ასარჩევია, რაც სადაზღვევო კომპანიის შესაფასებელი ვერ გახდება.
27. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიების პასუხად განმარტავს, რომ კანონმდებელი სადაზღვევო ურთიერთობაში მზღვეველს, როგორც დაზღვევის ხელშეკრულების ძლიერ მხარეს ანიჭებს აქტიურ როლს, რაც მისთვის გარკვეული უფლებების განსაზღვრაში გამოიხატება. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიამ კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებები კეთილსინდისიერად უნდა გამოიყენოს და სადაზღვევო ურთიერთობის ფარგლებში არ უნდა შექმნას დამზღვევისათვის უარესი პირობები. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს, რომ იმოქმედონ კეთილსინდისიერების ფარგლებში(იხ. სუსგ Nას-594-2019, 12.02.2021წ). სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მზღვეველს, მართლზომიერად გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება და გაამართლოს დაზღვეულის, ამ შემთხვევაში მოსარჩელის, გონივრული და სამართლიანი მოლოდინი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მისი ანაზღაურების თაობაზე. სადაზღვევო პრემიის გადახდა არის წინაპირობა იმისა, რომ დაზღვეული მიიღებს მისთვის კომპეტენტური სამედიცინო დანიშნულების ღირებულების ანაზღაურებას.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
29. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "ს.კ.უ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს "ს.კ.უ–ს" (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N445186125, გადახდის თარიღი 2020 წლის 28 დეკემბერი), 70% – 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე