საქმე №ას-1187-2020 16 ივნისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,საქ. ჰ. მ–ი’’ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2017 წლის 24 მაისს შპს „საქ.ჰ მ–სა“ (შემდგომში „მოსარჩელე“, „შემკვეთი“ ან „მიმწოდებელი“) და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს (შემდგომში „მოპასუხე“, „დამკვეთი“, „შემსყიდველი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N192 (შემდგომში „ხელშეკრულება“), რომლის საგანს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... სამეცნიერო-კვლევითი და საცდელი (აბრეშუმის ჭიის სახლი) ობიექტის მშენებლობა წარმოადგენდა. ხელშეკრულების მიხედვით, შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება 198 555,74 ლარს შეადგენდა. თანხის ანაზღაურება მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებისა და ფორმა N2-ების საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო, ასევე სამუშაოების თითოეული ეტაპის დასრულების შემდეგ, მიმწოდებელს ფორმა N2-ების ექსპერტიზა აკრედიტებული ექსპერტის მიერ უნდა განეხორციელებინა.
2. ხელშეკრულების მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეესრულებინა მისთვის გადაცემული სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმების დღიდან არაუგვიანეს 150 კალენდარული დღისა.
3. 2017 წლის 20 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება, და ცვლილება შევიდა 2017 წლის 24 მაისის ხელშეკრულებაში (კერძოდ, აღნიშნული ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში), რომლის მიხედვით, შესასრულებლი სამუშაოები უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმების დღიდან არაუგვიანეს 180 კალენდარული დღის ვადაში. ცვლილება პროექტის შეცვლით იყო განპირობებული.
4. შემსყიდველმა ავანსის სახით გასცა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%-მდე თანხა და, ამასთანავე, მიმწოდებელს მოსთხოვა საბანკო გარანტიის წარდგენა. აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად მიმწოდებელმა წარადგინა სს „ბ.ქ–უს“ საბანკო გარანტია, 59 566 ლარი. მან 2017 წლის 23 მაისს ასევე წარადგინა სს „თ.ბ–ის“ საბანკო გარანტია 9 929,55 ლარი.
5. 2018 წლის 5 იანვარს შემსყიდველმა წერილით მიმართა სს „ბ.ქ–უს“ და აცნობა, რომ მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად არ შეუსრულებია, რის გამოც 2017 წლის 20 ივნისის N5651-06/17 საბანკო გარანტიის ფარგლებში მითითებული თანხიდან შესასრულებელი (დარჩენილი) სამშენებლო სამუშაოების ღირებულების - 41 126,76 ლარის 5 დღის ვადაში დაბრუნება მოითხოვა. ამავე წლის 11 იანვარს მან სს „თ.ბ–ის“ საბანკო გარანტიაც გამოითხოვა.
6. შპს „თ.ა.ა–ის“ 2018 წლის 11 იანვრის ინსპექტირების ანგარიშის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული მეხუთე ეტაპის შესრულებული სამუშაოების ღირებულება დღგ-ს ჩათვლით და სხვა ნორმატიული დარიცხვების გათვალისწინებით 30 609.81 ლარია.
7. სასარჩელო მოთხოვნა:
7.1. მიმწოდებელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შემსყიდველის მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულებული სამუშაოების ღირებულების, 30 609,81, ლარის მოპასუხისთვის დაკისრება.
8. მოპასუხის შესაგებელი:
8.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ შესასრულებელი სამუშაო იყოფოდა ეტაპებად და თითოეული მათგანის შესაბამისი წესით ჩაბარების შემთხვევაში და მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე ხდებოდა სამუშაოების ჩაბარება და მისი ანგარიშსწორება. მოსარჩელის მხრიდან განხორციელდა 4 ეტაპის სამუშაოს შესრულება-ანგარიშსწორება, მე-5 ეტაპის სამუშაოები კი შემსყიდველს სათანადო წესით არ ჩაბარებია - ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ დასრულებულა შენობის მშენებლობა და არ წარდგენილა შესაბამისი წესით გაცემული ფორმა N2.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
9.1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
10. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები:
10.1. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 30 609.81 ლარის გადახდა.
11.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.
11.3. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ შესასრულებელ სამუშაოთა ოთხი ეტაპი შემსრულებელმა შეასრულა და მიმწოდებელმა მიიღო სრულად შესაბამისი საექსპერტო დასკვნების გათვალისწინებით, ხოლო მე-5 ეტაპის სამუშაოთა ძირითადი ნაწილი დასრულდა, სამუშაოთა ნაწილი კი კვლავაც შესასრულებელია, რის გამოც ვერ ხერხდება შენობის ექსპლუატაციაში მიღება.
11.4. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტიც, რომ მე-5 ეტაპის სამუშაოების შეუსრულებლობა ძირითადად მეტეოროლოგიურმა პირობებმა განაპირობა, ხოლო მიმწოდებელს შემსრულებლისთვის ჩატარებულ სამუშაოებთან მიმართებით პრეტენზია არ განუცხადებია - წუნდების აქტი ან/და შემკვეთის მიერ ნაკეთობის ნაკლის გამოსწორების თაობაზე შეტყობინების გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარდგენილი არ არის. ამრიგად, შემკვეთმა მიიღო შესრულებული სამუშაო და მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული მე-5 ეტაპის შეუსრულებელი სამუშაო არც საკუთარი ხარჯით დაუსრულებია. სასამართლომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით ისიც დაადგინა, რომ მიმწოდებელმა საბანკო გარანტიების სახით ჯამში 51 056,31 ლარი მიიღო და შემსრულებლისთვის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება არ აუნაზღაურებია.
11.5. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 642-ე, 643-ე, 644-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ვინაიდან სადავო ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებული და აუნაზღაურებელი სამუშაოების მოცულობა 30 609,81 ლარს შეადგენს, ხოლო საპირისპირო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარუდგენია, არსებობს წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისთვის აღნიშნული თანხის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.
12. კასატორის მოთხოვნა და საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
12.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
12.2. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ ვინაიდან საქმის მასალებში არ მოიპოვება წუნდების აქტი ან/და მიმწოდებლის მიერ ნაკეთობის ნაკლის გამოსწორების თაობაზე შემსრულებლისთვის შეტყობინების გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულება, არსებობდა მოპასუხისთვის თანხის დაკისრების საფუძველი. ნაკეთობის ნაკლის თაობაზე შეტყობინების გაგზავნის ვალდებულება მოპასუხეს არ ჰქონდა. ხელშეკრულების არსებითი პირობა იყო ხუთ ეტაპად დაყოფილი სამუშაოების შედეგად საბოლოო პროდუქტის, დასრულებული შენობა-ნაგებობის მიღება, რაც უნდა დადასტურებულიყო შესაბამისი აქტებით, მოცემულ შემთხვევაში კი მხარეს ეს ვალდებულება არ შეუსრულებია - მას მოპასუხისთვის არ წარუდგენია დასრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტები. უფრო მეტიც, სამუშაოები დღესაც არ არის დასრულებული, რის გამოც მოპასუხე ვერ უშვებს მას ექსპლუატაციაში.
12.3. სააპელაციო სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ისიც, რომ მხარეებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულონ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ წარდგენილი საექსპერტო დასკვნა კი სასამართლოს მხედველობაში აღარ უნდა მიეღო.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
13.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
16. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე წამოშობილი დავის საგანია მიმწოდებლისთვის შემსრულებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების დაკისრების მართებულობა.
17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიუთითებს და დაამტკიცებს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა. ამავე კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა, მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ. სსკ 649-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა, მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია, გადაიხადოს საზღაური. აღნიშნული ნორმა საზღაურის გადახდის ვალდებულებას უკავშირებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით სრულად შესრულებული სამუშაოს შემკვეთის მიერ მიღების ფაქტს (იხ. სუსგ საქმე №ას-1580-1579-2011, 3 მაისი, 2012 წელი).
18. სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლით კანონმდებელი შემკვეთისათვის ხელშეკრულების მოშლის წანამძღვრებს კი არ აწესებს, არამედ, ამ ნორმის გამოყენების შემთხვევაში, გამაწონასწორებელი სამართლებრივი დაცვითი მექანიზმის სახით ადგენს შემკვეთის ვალდებულებას, ანუ განსაზღვრავს, თუ რა უნდა აუნაზღაურდეს მენარდეს (იხ. სუსგ №ას-697-663-2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი).
19. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და არც კასატორი უარყოფს იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოთხი ეტაპის სამუშაოები მიმწოდებელმა მიიღო სრულად და განახორციელა შესაბამისი ანგარიშსწორება. რაც შეეხება მე-5 ეტაპის სამუშაოებს, მათი ნაწილი მენარდემ შეასრულა (რასაც არც დამკვეთი უარყოფს), თუმცა სამუშაოთა შესაბამისი ღირებულება დამკვეთს მისთვის არ აუნაზღაურებია. უფრო მეტიც, დამკვეთს არც მენარდის მიერ შესრულებულ სამუშაოთა ხარისხზე განუცხადებია პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 16 ივლისის სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა კიდეც ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მიერ ჩატარებულ სამუშაოთა ხარისხთან მიმართებით მას შემსრულებლისთვის არანაირი პრეტენზია არ წაუყენებია (იხ. ტ. 2. ს.ფ 76-87, CD დისკი, 15:36:39-15:36:58 სთ).
20. საქმეზე წარდგენილი შპს „თ.ე.ჯ.ა–ის“ ინსპექტირების აქტით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებული და აუნაზღაურებელი სამუშაოების მოცულობა 30 609,81 ლარია (იხ. ტ. 1. ს.ფ 28-34). მითითებულ აქტში ასახული მონაცემები კი მოპასუხეს სარწმუნო და რელევანტური მტკიცებულებების წარდგენის გზით არ გაუბათილებია. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა მოსარჩელის მიერ სამუშაოს შეასრულების ფაქტი და მართებულად დააკისრა მოპასუხეს შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება.
21. საკასაციო სასამართლო დასაბუთებულ საკასაციო შედავებად ვერ მიიჩნევს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან შემსრულებლის მიერ მეხუთე ეტაპის სამუშაოთა შესრულება დადასტურებული არ არის შესაბამისი წესით მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების ფორმა N2-ებით, არ არსებობს მოპასუხისთვის თანხის დაკისრების საფუძველი.
22. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკაზე, რომლითაც განსაზღვრულია, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები) არცერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი (იხ. სუსგ საქმე №ას-746-714-2016, 8 მაისი, 2017 წელი; №ას-770-737-2014, 16 ივნისი, 2015 წელი; საქმე №ას-323-307-2011, 1 დეკემბერი, 2011 წელი).
23. უსაფუძვლოა, ასევე, კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ მოპასუხეს არ ევალებოდა შესრულებულ სამუშაოთა შესახებ წუნდების აქტის გამოცემა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტზე, რომლის მიხედვით, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხე აპელირებს მოსარჩელის მიერ სამუშაოთა არაჯეროვნად შესრულებაზე (და ამ საფუძვლით უარყოფს მოსარჩელის მოთხოვნას სამუშაოთა ღირებულების ანაზღაურების შესახებ), სწორედ მას ეკისრებოდა აღნიშნულ სამუშაოთა ჩაუბარებლობის ან/და მათი მიღებისას სამუშაოს ხარისხთან მიმართებით პრეტენზიის გაცხადების დამტკიცების მოვალეობა, რაც მან სათანადოდ ვერ გასწია. კასატორს არცერთი ინსტანციის სასამართლოსთვის არ წარუდგენია ზემოაღნიშნული გარემოებების (შესრულებულ სამუშაოთა მიღებაზე უარის თქმის ან მიღებული სამუშაოების უხარისხობის შესახებ პრეტენზიის გაცხადების) დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
24. საკასაციო სასამართლო კასატორის ვერ იმ მოსაზრებას გაიზიარებს, რომ სასამართლოს მხედველობაში არ უნდა მიეღო საექსპერტო დასკვნა, ვინაიდან იგი მოსარჩელემ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ წარადგინა. იმ ფაქტობრივ მოცემულობაში, როდესაც დადგენილია (და არც კასატორი ხდის სადავოდ), რომ მიმწოდებელი სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნის პერიოდში შესრულებას იღებდა და შემსრულებლის მიმართ პრეტენზია არ ჰქონია, მოსარჩელის მიერ წარდგენილ მოთხოვნაზე (ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ღირებულების ანაზღაურება) ზემოაღნიშნული არგუმენტით შედავება გაუმართლებელი და უსაფუძლოა.
25. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
26. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
27. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილეა არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1 530.49 ლარის 70% - 1 071.34 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს (205309655) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1 530.49 (საგადახდო დავალება N13945, გადახდის თარიღი 2020 წლის 27 აგვისტო), ლარის 70% - 1 071.34 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე