Facebook Twitter

№ას-721-2019 17 მარტი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ა.მ–ვი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ო.ბ–ვი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ო.ბ–ვი (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, აპელანტი) დაკავებული იყო მეორადი ავტომობილების შეძენა-გასხვისებით. მეორადი ავტომობილების შეკეთებაში მას დახმარებას უწევდა ა.მ–ვი (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, კასატორი).

2. მოპასუხემ 2014 წელს, მოსარჩელეს შეუკვეთა „ბე ემ ვე X5“-ის მარკის ავტომანქანის ჩამოყვანა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ავტომანქანის შესაძენად გადასცა 6800 აშშ დოლარი.

3. მოსარჩელემ, 2014 წლის 3 აგვისტოს, ელექტრონული აუქციონის მეშვეობით ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძინა 2013 წელს გამოშვებული ავტომანქანა მარკით ,,ინფინიტი გ 37“, საიდენტიფიკაციო ნომრით: ....... მოსარჩელემ ავტომანქანა საქართველოში მიიღო 19 ნოემბერს, რომელიც ევაკუატორის საშუალებით გადაიყვანა მოპასუხის სახელოსნოში.

4. სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ შეძენილი ავტომანქანა მარკით ,,ინფინიტი გ 37“, საიდენტიფიკაციო ნომრით: ........, იყო ნივთობრივი ნაკლის მქონე, არასაექსპლუატაციო მდგომარეობაში. დავის განხილვის დროისთვის, ავტომანქანა განთავსებული იყო მოპასუხესთან და იმყოფებოდა მის მფლობელობაში.

5. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2016 წლის 7 ივნისის წერილის თანახმად, ავტომანქანის, მარკით „ინფინიტი გ 37“, საიდენტიფიკაციო ნომრით: ...... (სადავო ავტომობილი), ზოგადი დეკლარირება განხორციელდა 2014 წლის 19 ნოემბერს და საბაჟო ორგანოში წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2015 წლის 3 იანვარი. აღნიშნულ საქონელზე არ განხორციელებულა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის პროცედურები კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

6. საბაჟო დეპარტამენტმა, 2016 წლის 7 ივლისს შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით NEL048559, მოსარჩელეს, დეკლარირების ვადის დარღვევის გამო შეუფარდა ჯარიმა 1 000 ლარი.

7. საბაჟო დეპარტამენტის, 2016 წლის 7 ივლისის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის NEL048560, თანახმად მოსარჩელეს, საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის წარუდგენლობის, სასაქონლო ოპერაციების განუხორციელებლობის გამო შეეფარდა ჯარიმა 4 662 ლარი და გაიცა საგადასახადო მოთხოვნა 4 727,13 ლარზე.

8. საქართველოს შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს კაჩაგანის განყოფილების 2016 წლის 12 იანვრის და 2016 წლის 5 ივნისის წერილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა გამოძიების დაწყებაზე.

9. მოსარჩელემ, 2015 წლის 8 აპრილს გაფორმებული სანოტარო აქტით მოპასუხეს მიანიჭა მთელი თავისი ქონების მართვისა და განკარგვის უფლებამოსილება ერთი წლის ვადით. აღნიშნული მინდობილობა გაუქმდა 2015 წლის 29 აგვისტოს.

10. სარჩელის მოთხოვნა

10.1. მოსარჩელემ, წარდგენილი სარჩელით, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო ავტომობილის გამოთხოვა და მისთვის, ზიანის ანაზღაურების სახით 10 389 ლარის დაკისრება მოითხოვა.

11. მოპასუხის პოზიცია

11.1. მოპასუხემ, წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

12. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

12.1. შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ, მოსარჩელისთვის 6 800 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

13. შეგებებული სარჩელის მოპასუხის მოთხოვნა

13.1. მოსარჩელე, მის წინააღმდეგ წარდგენილ შეგებებულ სარჩელს არ დაეთანხმა.

14. ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

14.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

14.1.1. მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო ავტომობილი;

14.1.2. სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა;

14.2. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

15. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

15.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

16.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, მოსარჩელისთვის ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:

16.1.1. მოსარჩელის სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაეკისრა 5 662 ლარის გადახდა.

16.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები, ხოლო, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, კერძოდ, უკანონო მფლობელობიდან სადავო ავტომობილის გამოთხოვის შესახებ, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იყო შესული.

16.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე 10 389 ლარის გადახდის მოთხოვნას იმ გარემოებაზე აფუძნებდა, რომ მინდობილობის გაუქმების შემდეგ მოპასუხემ სადავო ავტომანქანა უკან არ დაუბრუნა, რის გამოც ვერ შეძლო ავტომანქანის განსაბაჟებლად წარდგენა და 2016 წლის 7 ივლისს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები, მოსარჩელე, ჯარიმის სახით დაეკისრა 1000 ლარი, შემდეგ 4662 ლარი, საბოლოოდ კი ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს დაეკისრა 10 389 ლარის გადახდა.

16.4. სააპელაციო სასამართლომ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებზე მიუთითა და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ ზიანის ანაზღაურების სახით მოთხოვნილი თანხიდან - 10 389 ლარიდან, 4 727.13 ლარი დარიცხულია საგადასახადო მოთხოვნით, აქციზისა და იმპორტის გადასახადებიდან გამომდინარე, რაც არ არის გამოწვეული მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებით.

16.5. რაც შეეხება სადავო ავტომანქანის დეკლარირების და განბაჟების ვადის დარღვევას, რისთვისაც მოსარჩელეს დაერიცხა ჯარიმები, სულ 5 662 ლარი, სააპელაციო პალატის მოსაზრებით წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძველს, რადგან დადგენილი იყო, რომ სადავო ავტომანქანის განბაჟების ბოლო ვადა 2015 წლის 3 იანვარი იყო, ამ პერიოდში ის იმყოფებოდა მოპასუხის მფლობელობაში, რომელიც არ უბრუნებდა ავტომობილს მოსარჩელეს, შესაბამისად ამ უკანასკნელმა ვერ ვერ უზრუნველყო სადავო ავტომანქანის წარდგენა - განბაჟება საბაჟო ორგანოში და დაერიცხა ჯარიმები.

17. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

17.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ მე-4 და მე-5 პუნქტების გაუქმება მოითხოვა, რომლის მიხედვითაც კასატორს 5 662 ლარი დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად.

17.2. კასატორის განმარტებით, დასახელებული თანხის გადახდა არამართლზომიერად დაეკისრა, ვინაიდან, სადავო ავტომობილი მასთან მხოლოდ შეკეთების მიზნით იმყოფებოდა, ხოლო საბაჟო ორგანოში წარდგენა მოსარჩელის ვალდებულება იყო, რაც თავად არ შეუსრულებია, ხოლო, კასატორს ხელი არ შეუშლია ასეთი მოქმედების განხორციელებისთვის. რაც შეეხება მინდობილობას, გაცემულია 2015 წლის 8 აპრილს და გაუქმდა 2015 წლის 29 აგვისტოს, ხოლო, ავტომობილის შესაბამის ორგანოში წარდგენის ბოლო ვადა 2015 წლის 3 იანვარი იყო.

18. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

18.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 27 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

21. საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

23. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებაზე, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამომდინარე სადავო ავტომობილის გამოთხოვა და ზიანის ანაზღაურების მიზნით თანხის დაკისრება, ხოლო, კასატორის (შეგებებული სარჩელით მოსარჩელის) მოთხოვნას, მოსარჩელისთვის გადაცემული თანხის უკან დაბრუნება წარმოადგენდა.

24. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უკანონო მფლობელობიდან სადავო ავტომობილის გამოთავისუფლება და მოსარჩელისთვის დაბრუნება დაევალა, ხოლო, შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღსანიშნავია, რომ დასახელებული გადაწყვეტილება, მხოლოდ მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, სადავოდ გახადა, მოპასუხისთვის თანხის დაკისრება, რომელიც, სადავო ავტომობილის დროულად დაუბრუნებლობით იყო დაგროვილი, საგადასახადო მოთხოვნების საფუძველზე. შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს, არც შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და არც მისი უკანონო მფლობელობიდან სადავო ავტომობილის გამოთხოვის ნაწილში გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ამავე ნაწილში კანონიერ ძალაში შესვლას გულისხმობს.

25. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითაა დადგენილი, რომ მოპასუხე, სადავო ავტომობილს უკანონოდ ფლობდა, აგრეთვე, მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა.

26. დადგენილია, რომ სადავო ავტომობილი ნამდვილად მოპასუხესთან იმყოფება. წარდგენილი შესაგებლით მოპასუხე განმარტავდა, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, თუმცა, მის მიერ, მოსარჩელისთვის გადაცემული თანხის სანაცვლოდ ის მზად იყო უკან დაებრუნებინა სადავო ავტომობილი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, ავტომობილის მასთან ყოფნის ფაქტს.

27. მოსარჩელეს, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით 10 389 ლარის გადახდა დაეკისრა, საიდანაც, 4 727.13 ლარი იმპორტისა და აქციზის გადასახად, ხოლო დარჩენილი - 5662 ლარი, საბაჟო ორგანოსთვის ავტომობილის წარუდგენლობით შეფარდებულ ჯარიმას წარმოადგენდა.

28. გასათვალისწინებელია, რომ აქციზისა და იმპორტის გადასახადის გადაუხდელობა, მოპასუხის მიერ, მოსარჩელის ავტომობილის უკანონო ფლობის ფაქტის, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგს არ წარმოადგენდა, რის გამოც აღნიშნული საფუძვლით დარიცხული ფინანსური სანქციის გადახდა მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა, ხოლო, შესაბამის ორგანოში ავტომობილის დროულად წარუდგენლობით გამოწვეული სახდელი, სწორედ მოპასუხის ქმედების პირდაპირ შედეგს წარმოადგენს.

29. შესაბამისად, ვინაიდან, მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდა ავტომობილს, ხოლო მისი დაუბრუნებლობით, მოსარჩელეს ფინანსური სანქციები დაერიცხა, სწორედ, მოსაპასუხის არამართლზომიერი ქმედების შედეგად, ეს უკანასკნელია ვალდებულია აანაზღაუროს საგადასახდო ორგანოს მიერ მოსარჩელისთვის დაკისრებული სახდელი (იხ. სსკ-ის 992-ე მუხლი).

30. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

31. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.მ–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. ა.მ–ვს (....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ.გ–ის (.....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2019 წლის 7 მაისის), 70% – 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე