Facebook Twitter

№ ას-305-2021 30 ივნისი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.ა–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ბ–ძე, ე.ბ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანი ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით, მ.ა–ძის სარჩელი დ.ბ–ძის და ე.ბ–ძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ა–ძემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 03 ნოემბრის განჩინებით, მ.ა–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება.

4. მოწინააღმდეგე მხარეთა წამომადგენელმა ლ.ჭ–ძემ განცხადებით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა აღნიშნულ განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება. წარმომადგენლის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2020 წლის 03 ნოემბერს გამართულ სხომაზე გამოცხადდა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, რომლითაც აპელანტის, მ.ა–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ასევე აპელანტს მოწინააღმდეგე მხარეთა - დ.ბ–ძის და ე.ბ–ძის; სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 2000 ლარის ოდენობით ანაზღაურება, დასაბუთებულ განჩინებაში, რომელიც ჩაბარდა მხარეს, გაპარულია უზუსტობა და გამორჩენილია 2000 ლარის აპელანტისთვის დაკისრების საკითხი ანუ დაშვებულია მექანიკური უზუსტობა. წამომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით 1. მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენელის - ლ.ჭ–ძის განცხადება განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე დაკმაყოფილდა. 2. გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 03 ნოემბრის განჩინებაში და ამავე თარიღის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა, დაემატა მეხუთე პუნტი და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ა. აპელანტ მ.ა–ძეს დ.ბ–ძის და ე.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი - 2 000 ლარის ოდენობით გადახდა;

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებს კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ.ა–ძის წარმომადგენელმა. საქმე კერძო საჩივართან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს,

6.1. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარემ პროცესის მსვლელობის დროს ზეპირად იშუამდგომლა აპელანტი მხარისათვის ადვოკატის ხარჯების დაკისრების თაობაზე, მაშინ როცა მატერიალური სახით არ ყოფილა წარდგენილი მხარის შუამდგომლობა. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით დადგენილ დანაწესზე და განმარტავს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. ასევე, სსსკ-ს 380-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ არ უნდა მიიღოს ახალი ფაქტები და მტკიცებულებები, რაც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში და არ წარადგინა, ხოლო აღნიშნული წარუდგენლობა სასამართლოს მიერ არ ყოფილა მიჩნეული და შეფასებული, როგორც საპატიო მიზეზად. ამდენად, მოწინააღმდეგე მხარეს არ დაუყენებია პირველი ინსტანციის სასამართლოში შუამდგომლობა სასამართლოს გარე ხარჯების მოთხოვნის შესახებ და არც რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია იმის შესახებ, რომ ნამდვილად ის ოდენობა შეადგენს ადვოკატის ხარჯებს რასაც მოპასუხე მხარე აფიქსირებს ზეპირსიტყვიერად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ წინამდებარე განჩინება გამოტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების დარღვევით.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 მაისის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს უსწორობის გასწორების შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გაჩინება დაუსაბუთებელია.

9. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 260-ე მუხლი, რომლის თანახმადაც სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. სასამართლოს უფლება აქვს ეს საკითხი გადაწყვიტოს მხარეთა შეუტყობინებლად.

10. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 03 ნოემბრის სხდომის ოქმზე და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სასამართლომ იმსჯელა მხარეთა შორის საპროცესო ხარჯების განაწილებაზე, თუმცა არ ასახა განჩინების სარეზოლუციო ნაწილში.

11. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 03 ნოემბრის განჩინებაში დაშვებულ იქნა უსწორობა, რომელიც მართებულად იქნა გასწორებული სააპელაციო სასამართლოს მიერ.

12. კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტაციასთან მიმართებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უსწორობის გასწორების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის განჩინებაზე წარმოდგენილი კერძო საჩივრის განხილვის ფარგლებში, პალატის შეფასების საგანს არ წარმოადგენს აპელანტისთვის საადვოკატო მომსახურების ხარჯის დაკისრების კანონიერება და დასაბუთებულობა.

13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ა–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე