Facebook Twitter

საქმე №ას-179-2021 8 აპრილი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ ე.ს.ს–ო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - რ.ჩ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2014 წლის 17 სექტემბერს რ.ჩ–ძე (შემდგომში „მოსარჩელე“ ან „დასაქმებული“) დაინიშნა სსიპ „ე.ს.ს–ოს“ (შემდგომში „სააგენტო“, „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) ფინანსური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად.

2. 2018 წლის 1 ივნისიდან დასაქმებული გადაიყვანეს სააგენტოს საფინანსო და ადმინისტრაციული საქმიანობის მართვის სამსახურის შესყიდვებისა და ლოჯისტიკის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობიდან ადმინისტრაციული საქმიანობის მართვის სამსახურის ლოჯისტიკისა და ქონების მართვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.

3. მხარეთა შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა და დასაქმებულის შრომითი ანაზღაურება შეადგენდა ყოველთვიურად 1300 ლარს დარიცხული ხელფასის სახით.

4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 8 ივლისის N2-645 ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის N50 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ე.ს.ს–ოს დებულებაში და დებულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 20 ივლისი. შეიცვალა სააგენტოს სტრუქტურული მოწყობაც.

5. სააგენტოს 2019 წლის 23 მაისის N561/ს ბრძანების შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ე.ს.ს–ოს სისტემური და ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, განისაზღვრა სააგენტოს რეორგანიზაცია, რასაც შესაძლოა მოჰყოლოდა გარკვეული თანამდებობების ან/და შტატების შემცირება.

6. სააგენტოს უფროსის 2019 წლის 17 ივლისის N880/ს ბრძანებით დამტკიცდა სააგენტოს საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები.

7. დამსაქმებლის 2019 წლის 19 ივლისის N1326/კ ბრძანებით ამავე წლის 22 ივლისიდან მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა სააგენტოში ჩატარებული რეორგანიზაციის საფუძვლით და მას მიეცა კომპენსაცია ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.

8. სააგენტოში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, შემცირდა საშტატო ერთეულები. კერძოდ, 2019 წლის 17 ივლისის N880/ს ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის თანახმად, სააგენტოს ადმინისტრაციული საქმიანობის მართვის სამსახური ჩამოყალიბდა ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურად, ხოლო მის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ერთეული - ლოჯისტიკისა და ქონების მართვის სამსახური მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოდ და გადავიდა ფინანსური დეპარტამენტის დაქვემდებარებაში. შესაბამისად, მოპასუხის 2019 წლის 3 იანვრის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხისა და 2019 წლის 17 ივლისის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის შესაბამისად, ლოჯისტიკისა და ქონების მართვის სამმართველოს რეორგანიზაციის შედეგად, გაუქმდა 5 შტატი, რომელთა ნაცვლად მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოში შეიქმნა 2 შტატი. საბოლოოდ, 2019 წლის 17 ივლისის ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის თანახმად, ანუ რეორგანიზაციის შემდგომ, სააგენტოში შტატების რაოდენობა შემცირდა 4 ერთეულით, კერძოდ, ნაცვლად 502 საშტატო ერთეულისა, სააგენტოში არსებობდა 498 საშტატო ერთეული. გარდა ამისა, რეორგანიზაციამდე, საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურში იყო 19 საშტატო ერთეული, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ ფინანსურ დეპარტამენტში საშტატო ერთეულების ოდენობა გაიზრდა 23-მდე.

9. სააგენტოს თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის ფორმის დამტკიცების შესახებ დამსაქმებლის 2017 წლის 1 თებერვლის ბრძანების თანახმად, სააგენტოს ლოჯისტიკისა და ქონების მართვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის უფლება-მოვალეობებს წარმოადგენდა: მიმწოდებლებთან შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება; შესყიდვის ხელშეკრულებების მიმდინარეობაზე კონტროლის განხორციელება; სააგენტოს ბალანსზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებებზე გაწეული ხარჯების აღრიცხვა-ანალიზი და შესაბამის (FMG) პროგრამაში რეგისტრაცია; სატრანსპორტო საშუალებებზე გაწეული მომსახურების ყოველთვიური და კვარტალური ანგარიშგების აქტების მომზადება; სატრანსპორტო საშუალებებზე მოხსენებითი ბარათების მომზადება და საბიუჯეტო პოლიტიკისა და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოსათვის შესაბამისი დოკუმენტაციების გადაცემა-მიწოდება; შპს „მ–თან“ ყოველდღიური ურთიერთობა და კორპორატიულ ქსელში ჩართული სატელეფონო ნომრების კონტროლი; დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ხელმძღვანელის სიტყვიერი დავალების საფუძველზე სააგენტოს აპარატთან და რეგიონალურ სამსახურებთან სხვადასხვა მიმდინარე საკითხების განხილვა და მათზე მუშაობა; ხელძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

10. სააგენტოს თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის ფორმის დამტკიცების შესახებ დამსაქმებლის 2019 წლის 22 ივლისის ბრძანების თანახმად, სსიპ ,,ე.ს.ს–ოს“ მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს კოორდინატორის უფლება-მოვალეობებს წარმოადგენდა: სააგენტოსათვის გადმოცემული და სააგენტოს მიერ შეძენილი ქონების მართვა, ასევე სააგენტოს სარგებლობაში ქონების გადმოცემასთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზება; კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება და კოორდინირება; სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრასპორტო საშუალებების ტექნიკურად გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; საწვავითა და სატელეფონო მომსახურებით უზრუნველყოფა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში; სააგენტოს მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა და დასაწყობება, ასევე მოთხოვნის შესაბამისად მატერიალურ ფასეულობათა გაცემა; სააგენტოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის აღრიცხვა, შენახვა და გაცემის ორგანიზება; წინადადების მომზადება სააგენტოს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის შესახებ; კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება; კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

11. სასარჩელო მოთხოვნა:

11.1. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა სასამართლოში დამსაქმებლის მიმართ და მოითხოვა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხის ბრძანების ბათილად ცნობა, იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

12. მოპასუხის შესაგებელი:

12.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა კანონიერად, ორგანიზაციაში ჩატარებული რეორგანიზაციის გამო, რასაც მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის გაუქმება მოჰყვა. რაც შეეხება ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნას, მოპასუხის განცხადებით, აღნიშნული მოთხოვნაც უსაფუძვლოა, ვინაიდან მოსარჩელის მიერ მითითებული თანამდებობა არ არის სააგენტოს წამყვანი სპეციალისტის ტოლფასი თანამდებობა.

13. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

13.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის 2019 წლის 19 ივლისის ბრძანება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის - 10 400 ლარის (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით) გადახდა.

14. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები:

4.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

15.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

15.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები. ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შემდგომ დასაქმებულის მიერ დაკავებული პოზიციისთვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობები შეითავსეს სხვა თანამშრომლებმა. ამასთან, მოსარჩელის მიერ მითითებული თანამდებობა - სააგენტოს ფინანსური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს კოორდინატორის თანამდებობა - არ წარმოადგენდა სააგენტოს ადმინისტრაციული საქმიანობის მართვის სამსახურის ლოჯისტიკისა და ქონების მართვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობას.

15.3. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომში ტექსტში მოხსენებული, როგორც „სშკ“) სადავო პერიოდში მოქმედი 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (ამჟამად მოქმედი რედაქციის 47.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით) და აღნიშნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, შესაფასებელია ატარებდა თუ არა სააგენტოში სამუშაო ძალის შემცირება ფორმალურ ხასიათს.

15.4. სააპელაციო პალატის მითითებით, დამსაქმებელს მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება სათანადოდ არ დაუდასტურებია და სსსკ 102-ე მუხლის შესაბამისად, არ დაუმტკიცებია, თუ რა სახით განხორციელდა სააგენტოს ხარჯების შემცირება და რამდენად აუცილებლობას წარმოადგენდა თანამშრომელთა გათავისუფლება. სასამართლოს მითითებით, რეორგანიზაციის საფუძვლით თანამშრომლის გათავისუფლების დროს დამსაქმებელს ევალება დაასაბუთოს, რომ რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, ეკონომიკური თვალსაზრისით გარდაუვალი იყო. განსახილველ შემთხვევაში კი, დამსაქმებელმა ვერ დაამტკიცა ის საჭიროება/აუცილებლობა, რაც გაამართლებდა მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას. კერძოდ, მან ვერ დაასაბუთა, რამდენად გარდაუვალი იყო სააგენტოში ორგანიზაციული ცვლილებები და სამუშაო ძალის შემცირება.

15.5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა შრომის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი 38.8 მუხლით (ამჟამად მოქმედი რედაქციის 48.8 მუხლით) და დაასკვნა, რომ ვინაიდან სააგენტოში არ არსებობდა მოსარჩელის მიერ მითითებულ თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი საფუძველი, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიაკუთვნა მას კომპენსაცია.

16. კასატორის მოთხოვნა და საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

16.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

16.2. სააპელაციო სასამართლომ, მართალია, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა სადავო ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, თუმცა ვერ დაასაბუთა აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი. მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა კანონიერად, სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძვლით. რეორგანიზაციის შედეგად საშტატო ერთეულთა რიცხოვნობა მაქსიმალურად გამოყენებული იქნა სააგენტოს დარგობრივ სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ სამსახურებზე. შესაბამისად, დასაქმებული სამუშაოდან სათანადოდ დასაბუთებული საფუძვლით გათავისუფლდა.

16.3. მოპასუხისთვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობა არაგონივრულია. სამუშაოდან გათავისუფლებისას დამსაქმებელმა გასცა კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპენსაცია ერთი თვის სახელფასო ანაზღაურების სახით. ხოლო ვინაიდან მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა კანონიერად, მოპასუხეს მის სასარგებლოდ საერთოდ არ უნდა დაკისრებოდა კომპენსაციის გადახდა.

17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

17.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 1 მარტის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

19. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

20. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, განმარტავს, რომ როდესაც შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების თაობაზე, უპირველეს ყოვლისა, უნდა შემოწმდეს დამსაქმებელი კომპანიის მიერ გამოცემულ ბრძანებაში (მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში) მითითებული სამართლებრივი საფუძველი და დადგინდეს ბრძანების კანონიერება.

21. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელი კომპანიის მიერ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო სააგენტოში რეორგანიზაციის განხორციელება, რაც ემყარება სადავო პერიოდში მოქმედი სშკ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს (ამჟამად მოქმედი რედაქციის 47.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტს) (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის, სამუშაო ძალის შემცირებას).

22. უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული, რომ ორგანიზაციული ცვლილებები (რეორგანიზაცია) მხოლოდ მაშინ წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ არსებობს სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა (იხ. სუსგ საქმე№ას-1444-1364-2017, 9 მარტი, 2018 წელი). ამასთან, სშკ 47.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი სშკ 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის) საფუძველზე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს, დამსაქმებლის ვალდებულებაა, დაასაბუთოს რამდენიმე გარემოება, კერძოდ: ა) ის საწარმოო აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა, ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა თუ შტატების შემცირებისათვის; ბ) რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების ფაქტობრივი განხორციელებისა და მისი კანონთან შესაბამისობის საკითხი – ის ლეგიტიმური მიზანი, რომლის გამოც დამსაქმებელმა ცვლილებები წამოიწყო, მიღწეულ უნდა იქნეს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ამ პროცესში თვალთმაქცურად არ უნდა ჩატარდეს რეორგანიზაცია არასასურველი დაქირავებულების თავიდან მოშორების მიზნით (იხ. სუსგ საქმე№ას-1329-2018, 22 თებერვალი, 2019 წელი).

23. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოჰყვეს შტატების შემცირება, მაგრამ რეორგანიზაცია, ჯერ ერთი, არ უნდა იყოს ფორმალური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები საწარმო/ორგანიზაციაში რეალურად უნდა განხორციელდეს შესაბამისი ფაქტობრივი და კანონიერი საფუძვლით და, მეორე, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას. საწარმოში რეორგანიზაციის რეალურად (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) განხორციელების შემთხვევაში საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია, ასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა, რათა შტატები ფორმალურად არ შემცირდეს და არ იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (იხ. სუსგ საქმე №ას-224-224-2018, 18 მაისი, 2018 წელი).

24. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, რომელიც წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენების აღკვეთის საკანონმდებლო იმპერატივს და რომლის მიხედვითაც, აკრძალულია უფლების ბოროტად გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. აღნიშნული ნორმა სშკ-ის შესაბამის ნორმებთან ერთად ქმნის საკანონმდებლო რეგულირების იმ ბადეს, რომელიც, ერთი მხრივ, იცავს დასაქმებულს - გაუმართლებლად არ მოხდეს მისი გათავისუფლება და, მეორე მხრივ - დამსაქმებელს - შრომითი ურთიერთობის დარღვევისათვის დაითხოვოს თანამშრომელი. ასე, რომ აღნიშნული ნორმები ქმნიან მოქმედების იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია გამართლებული იყოს როგორც პირის სამსახურიდან დათხოვნა, ისე სამსახურში აღდგენა, თუმცა აღნიშნული შედეგების რეალიზებისთვის აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს მტკიცების ტვირთზე, რადგან სამოქალაქო სამართლებრივი მტკიცების კლასიკური ტვირთი შრომის დავებში სპეციფიკურადაა წარმოჩენილი და, ხშირ შემთხვევაში, მიმართულია ერთგვარად „სუსტი მხარის“, ანუ დასაქმებულის პროცესუალური თანადგომისაკენ, თუმცა, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად, რადგან ასეთი ტიპის დავებში სწორედ რომ უთანასწორო დამოკიდებულებაში მყოფი სუბიექტების ერთგვარი პროცესუალური გათანაბრება ხდება მის ოპონენტთან. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის ფარგლებში, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი სშკ 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი) ფაქტობრივი გარემოების არსებობის მტკიცების ტვირთი გადადის არა დასაქმებულზე, არამედ დამსაქმებელზე, რომელმაც უნდა შეძლოს რეორგანიზაციაში არსებული ცვლილებებისა და მოსარჩელის სამსახურიდან გაშვებას შორის არსებული მიზეზობრივი კავშირის დადგენა და საკუთარი გადაწყვეტილების (ხელშეკრულების შეწყვეტის) ლეგიტიმურობის დასაბუთება (იხ. სუსგ საქმე Nას-414-391-2014, 29 ივნისი, 2015 წელი), რომლის მიხედვით, იმისათვის, რომ დასაქმებულის გათავისუფლება ლეგიტიმურად ჩაითვალოს, სშკ-ის 47(1) „ა“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი სშკ 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის) შემთხვევის დასადგომად, დამსაქმებელმა აუცილებლად უნდა დაიცვას კუმულაციურად ორი მოთხოვნა მაინც: 1) უნდა არსებობდეს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები და 2) აღნიშნულის შედეგად აუცილებელი უნდა იყოს სამუშაო ძალის შემცირება. ამასთან, პირველი ელემენტი შესაძლოა დამოუკიდებლად არსებობდეს, თუმცა იმისთვის, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდეს, აუცილებელია მეორე ელემენტის არსებობა) (იხ. სუსგ საქმე №ას-1513-2019, 16 დეკემბერი, 2019 წელი).

25. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობასა და დასკვნებს იმის თაობაზე, რომ დამსაქმებელი ვერ ადასტურებს მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანების მართლზომიერებას.

26. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და არც კასატორი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის გაუქმების შემდგომ, გათავისუფლებული დასაქმებულის უფლება-მოვალეობები სააგენტოს სხვა თანამდებობის პირებზე გადანაწილდა. საკასაციო სასამართლო დასაბუთებულ საკასაციო შედავებად ვერ მიიჩნევს დამსაქმებლის განმარტებას იმის შესახებ, რომ რეორგანიზაციის შედეგად საშტატო ერთეულთა რიცხოვნობა მაქსიმალურად გამოყენებული იქნა სააგენტოს დარგობრივ სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ სამსახურებზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ მითითებული განმარტებით არ დასტურდება დამსაქმებლის მიერ სშკ-ის 47.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი სშკ 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის) მართლზომიერად გამოყენება. კერძოდ, არ დგინდება, რეორგანიზაციის შედეგად შემცირდა თუ არა სააგენტოს ხარჯები და რამდენად ქმნიდა იგი თანამშრომელთა (მათ შორის, მოსარჩელის) გათავისუფლების აუცილებლობას. კასატორი ვერც იმ გარემოებას ადასტურებს, რომ სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, ეკონომიკური თვალსაზრისით, გარდაუვალი იყო.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

28. რაც შეეხება მოსარჩელისთვის კომპენსაციის მიკუთვნების საკითხს, აღნიშნულთან დაკავშირებით, ასევე, არსებობს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკა, სადაც განმარტებულია შემდეგი: დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, სშკ 48.8 მუხლში (სადავო პერიოდში მოქმედი სშკ 38.8 მუხლში) (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ. სუსგ საქმე №ას-951-901-2015, 29 იანვარი, 2016 წელი; საქმე №ას-931-881-2015, 29 იანვარი, 2015 წელი). ამავე ნორმის მიხედვით, სშკ-ის 48.8 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი სშკ 38.8 მუხლის) მიზნებისთვის, ტოლფასი სამუშაო ნიშნავს, როგორც ფუნქციური დატვირთვით, ისე შრომის ანაზღაურების მხრივ მსგავს თანამდებობას.

29. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სააგენტოში აღარ არსებობს თანამდებობა, რომელსაც მოსარჩელე გათავისუფლებამდე იკავებდა, ამასთან, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მოპასუხე ორგანიზაციაში სხვა ისეთი თანამდებობის არსებობა, რომელიც ფუნქციურად გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებული თანამდებობის იდენტური იქნებოდა, გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის პირობებში, არსებული საკანონმდებლო რეგულაციის გათვალისწინებით, სასამართლოს დასაქმებულისთვის მხოლოდ კომპენსაციის მიცემის შესაძლებლობას უტოვებდა, რაც მართებულად გამოიყენეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-637-637-2018, 2018 წლის 29 აგვისტო).

30. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

31. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

33. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 520 ლარის, 70% - 364 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ე.ს.ს–ოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. სსიპ ე.ს.ს–ოს (.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 520 (საგადახდო დავალება N01239, გადახდის თარიღი 2021 წლის 10 თებერვალი), ლარის 70% - 364 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე