საქმე №ას-425-2020 21 აპრილი, 2021 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2011 წლის 23 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე, მ.მ–ძემ (შემდგომში „მეანაბრე“ ან „მოსარჩელე“) სს „პ–ის“ (შემდგომში „ბანკი“) ზესტაფონის ფილიალში შეიტანა ანაბარი 6000 აშშ დოლარი. ანაბრის ვადა განისაზღვრა 12 თვით, 2012 წლის 23 ივნისამდე; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 10,50%; პროცენტის დარიცხვის პერიოდი - 12 თვე.
2. 2011 წლის 21 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე, მეანაბრემ ბანკის იმავე ფილიალში შეიტანა ანაბარი 4000 აშშ დოლარი. ანაბრის ვადა განისაზღვრა 12 თვით, 2012 წლის 21 ოქტომბრამდე; საპროცენტო განაკვეთი - წლიური 10,50%, პროცენტის დარიცხვის პერიოდი 12 თვე.
3. ხელშეკრულებების დადებისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების მოქმედება წყდება კლიენტისთვის ანაბრისა და პროცენტის თანხის სრულად დაბრუნების შემდეგ.
4. 2012 წლის 30 ივნისს ანაბარზე შეტანილი თანხის ბანკიდან გატანის მიზნით, მეანაბრე მივიდა ბანკში, რა დროსაც შეიტყო, რომ თანხა უკვე გატანილი იყო ბანკის ფილიალის მმართველის ზ.ა–ძის (შემდგომში „ბანკის ფილიალის მმართველი“ ან „ფილიალის მმართველი“) მიერ.
5. ფილიალის მმართველმა მეანაბრეს დაუდასტურა ბანკიდან საანაბრე თანხის გატანის ფაქტი და დაპირდა, რომ სრულად გადაუხდიდა როგორც საანაბრე თანხას, ისე იმ საპროცენტო განაკვეთს, რაც ბანკის მიერ უნდა დარიცხვოდა.
6. 2012 წლის 30 ივნისს გაფორმებული ხელწერილის საფუძველზე, ფილიალის მმართველმა იკისრა ვალდებულება ყოველი თვის 1-2 რიცხვში მეანაბრისთვის გადაეხადა 500 აშშ დოლარი და 3-4 თვეში სრულად დაეფარა სესხის სახით მეანაბრისგან მიღებული 14 000 აშშ დოლარი.
7. აღნიშნული ხელწერილი 2012 წლის 3 ივლისს ნოტარიულად დადასტურდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების სახით.
8. ბანკს მეანაბრისთვის თანხა არ დაუბრუნებია.
9. 2013 წლის 22 ივლისს მეანაბრემ განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ პროკურატურას კუთვნილი საანაბრე თანხის ბანკის ფილიალის მმართველის მიერ კანონსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების თაობაზე.
10. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში 2014 წლის 30 მაისის დადგენილების საფუძველზე ჩატარებული ხელწერის ექსპერტიზის 2014 წლის 1 აგვისტოს დასკვნით დადასტურდა, რომ 2012 წლის 25 თებერვლისა და 2011 წლის 22 აგვისტოს ქვითრებზე „კლიენტის ხელმოწერა“ შესრულებულია არა მეანაბრის, არამედ ბანკის ფილიალის მმართველის მიერ.
11. 2015 წლის 25 თებერვლის განცხადებაზე ხელმოწერა შესრულებულია არა მეანაბრის და ალექსანდრე შეყრილაძის, არამედ ბანკის ფილიალის მმართველის მიერ.
12. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში, 2014 წლის 21 აგვისტოს დადგენილების საფუძველზე ჩატარებული ხელწერის საკომისიო ექსპერტიზის 2014 წლის 25 სექტემბრის კატეგორიული დასკვნის თანახმად, 2012 წლის 25 თებერვლისა და 2011 წლის 22 აგვისტოს ქვითრებზე „კლიენტის ხელმოწერა“ შესრულებულია არა მეანაბრის, არამედ ბანკის მმართველოს მიერ.
13. საანაბრე ანგარიშიდან მეანაბრეს კუთვნილი თანხა არ გაუტანია.
14. მეანაბრის კუთვნილი თანხა მისი ნებართვის გარეშე გაიტანა ბანკის ფილიალის მმართველმა 2011 წლის 22 აგვისტოს და 2012 წლის 25 თებერვალს.
15. ბანკის ფილიალის მმართველი გარდაიცვალა 2016 წლის 21 სექტემბერს.
16. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის 2017 წლის 8 თებერვლის დადგენილებით, ბრალდებულის გარდაცვალების გამო, ბანკის ფილიალის მმართველის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება.
17. 2015 წლის 11 მაისს სს „პ–ი“ შეერწყა სს ,,ს.ბ–ს“ (შემდგომში „მოპასუხე“, „მოპასუხე ბანკი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“).
18. მოპასუხე ბანკს მეანაბრისთვის ანაბრის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ანაბარი, ასევე საპროცენტო სარგებელი, დღემდე არ გადაუხდია.
19. სასარჩელო მოთხოვნა:
22.1. მეანაბრემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა კუთვნილი საანაბრე თანხის - 10 000 აშშ დოლარისა და საპროცენტო სარგებლის - 6 836 აშშ დოლარის მოპასუხისთვის დაკისრება.
23. მოპასუხის შესაგებელი:
23.1. მოპასუხე ბანკმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს ზიანი მიადგა ფიზიკური პირის, ბანკის ფილიალის მმართველის, ქმედების გამო. ამასთან, ფილიალის მმართველის ბრალეულობა დადასტურებული არ არის სათანადო მტკიცებულებებით.
24. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
24.1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საანაბრე თანხის - 10 000 აშშ დოლარისა და საპროცენტო განაკვეთის - 6170.90 აშშ დოლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში (665.10 აშშ დოლარის მოპასუხისთვის დაკისრება) მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
25. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები:
4.1. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
26. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
26.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
27. მოპასუხის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
27.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
28. უზენაესი სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
28.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 აპრილის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განასხილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
29. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
29.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.
29.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-21 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.
29.3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის პრეტენზიის ფარგლებში გამოსარკვევი იყო შემდეგი საკითხები: 1) ვინ გაიტანა ბანკიდან მეანაბრის კუთვნილი თანხა, 10 000 აშშ დოლარი; 2) 2012 წლის 30 ივნისის და 2013 წლის 15 იანვრის ხელწერილებით, ასევე 2012 წლის 3 ივლისს ფილიალის მმართველთან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებით ხომ არ მოხდა ვალის გადაკისრება (სსკ-ის 203-ე მუხლი); 3) არაუფლებამოსილი პირის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით ხომ არ ნახა სარგებელი მოსარჩელემ, რაც შესაძლოა იყოს სამოქალაქო კოდექსის 373.2 მუხლის თანახმად, 2011 წლის 23 ივნისს და 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ანაბრის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულების შეწყვეტის საფუძველი.
29.4. სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საანაბრე ანგარიშიდან ანაბრის თანხის მოსარჩელის მიერ გატანის მტკიცების ტვირთი ეკისრება საბანკო დაწესებულებას - მოპასუხეს.
29.5. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2013 წლის 11 ოქტომბრის გრაფიკული ექსპერტიზის #695/გ და 2014 წლის 7 თებერვლის #63/გრ დასკვნებსა და მოწმეთა ჩვენებებზე და, აღნიშნულის საწინააღდეგოდ, მიუთითა მოსარჩელის მიერ საქმეზე წარდგენილ მტკიცებულებებზე - 2014 წლის 1 აგვისტოსა და 25 სექტემბრის ხელწერის კომისიური ექსპერტიზების დასკვნებზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი დასკვნები არ არის კატეგორიული და იგი შეიცავს სავარაუდო პასუხებს სადავო საკითხებთან მიმართებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დასკვნები კი კატეგორიულია და ადასტურებს მოსარჩელის ანგარიშიდან საანაბრე თანხის არა მეანაბრის, არამედ ბანკის ფილიალის მმართველის მიერ გატანის ფაქტს, შესაბამისად, სხვა მტკიცებულებებთან შედარებით, მათ უნდა მიენიჭოს უპირატესობა.
29.6. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის მითითება, რომ საანაბრე თანხის მოსარჩელის მიერ გატანა დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 429.1-ე 430-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ვინაიდან არ არსებობს წერილობითი დოკუმენტი საანაბრე თანხის მოსარჩელისთვის დაბრუნების შესახებ, ამ ფაქტის მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით დადასტურება არ არის სარწმუნო და გაზიარებული ვერ იქნება.
29.7. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 203.1-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მესამე პირსა (ბანკის ფილიალის მმართველს) და კრედიტორს (მეანაბრეს) შორის ურთიერთობის ვალის გადაკისრებად კვალიფიკაციის მიზნებისთვის აუცილებელია ცალსახად და არაორაზროვნად დადგინდეს ხელშეკრულებასა და ხელწერილებში გამოვლენილი კრედიტორის იმგვარი ნება, რომ მესამე პირმა მოვალის ადგილი დაიკავოს. კრედიტორის საამისოდ მიმართული ნება მაშინ მიიღება მხედველობაში, თუკი იგი სრულიად მკაფიოა ან არსებობს ისეთი წინაპირობები, რომლებიც ყველა ასპექტში ამგვარი მყარი დასკვნის საშუალებას იძლევა.
29.8. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ წარდგენილი მტკიცებულებების როგორც სიტყვასიტყვითი, ასევე ლოგიკური და შინაარსობრივი განმარტებით, არ ვლინდება კრედიტორის (მეანაბრის) ცალსახა და არაორაზროვანი ნება, რომ იგი ბანკის მიმართ მოთხოვნაზე ამბობს უარს და თანახმაა მესამე პირმა (ბანკის ფილიალის მმართველმა) დაიკავოს მოვალის - საბანკო დაწესებულების, ადგილი. აღნიშნული კი, გამორიცხავს ანაბრის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალის გადაკისრების ფაქტს.
29.9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია საანაბრე დოკუმენტებზე ბანკის ფილიალის მმართველის ხელმოწერის ფაქტი, ხელწერილებსა და სესხის ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნება უნდა შეფასდეს დელიქტური ურთიერთობის ფარგლებში ვალის არსებობის აღიარებად (სსკ-ის 341-ე მუხლი).
29.10. სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოპასუხე ბანკს უშუალოდ მეანაბრის მიმართ ვალდებულება არ შეუსრულებია და არც ბანკის ფილიალის მმართველი იყო უფლებამოსილი ეს შესრულება მიეღო, ამასთან, ფილიალის მმართველის მიერ ანაბრიდან თანხის გატანით მოსარჩელეს სარგებელი არ მიუღია და ვერც მიიღებს, ივარაუდება, რომ არსებობს მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ. ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე ბანკს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას მართებულად იხელმძღვანელა სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის დადგენილი სამართლის ნორებით (სსკ 128.2-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 319-ე, 342-ე, 874-ე მუხლებით), მართებულად განსაზღვრა მოპასუხეთა წრე, რაც გამორიცხავდა საბანკო დაწესებულების, როგორც არასათანადო მოპასუხედ მიჩნევის შესაძლებლობას და დელიქტის მარეგულირებელი ნორმების გამოყენებას.
30. კასატორის მოთხოვნა და საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
30.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
30.2. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელის კუთვნილი საანაბრე თანხა ბანკიდან ფილიალის მმართველმა გაიტანა. სასამართლოებმა ასევე ყურადღების მიღმა დატოვეს მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ცალსახად ადასტურებდა მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა და არ გამოიკვლია უზენაესი სასამართლოს არცერთი მითითება და შეფასების გარეშე დატოვა შემდეგი საკითხები: 1) ხომ არ იყო წინამდებარე შემთხვევა სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლით ან ამავე კოდექსის 203-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა; 2) იყო თუ არა ბანკი სათანადო მოპასუხე; 3) სასამართლოს უნდა შეეფასებინა საქმეში არსებული მტკიცებულებები (მოწმეთა ჩვენებებთან ერთად) და მხოლოდ მოსარჩელის განცხადების საფუძველზე არ უნდა მიეღო გადაწყვეტილება; 4) სასამართლოს უნდა გამოერიცხა მოსარჩელის ორმაგად დაკმაყოფილების შესაძლებლობა; 5) სათანადოდ უნდა შეეფასებინა ბანკის პოზიცია; 6) მხოლოდ ზემოაღნიშნული საკითხების სრულყოფილად გამოკვლევის შემდგომ უნდა განემარტა ხანდაზმულობის საკითხი.
30.3. სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა სადავო საკითხი და დაასკვნა, რომ მოსარჩელეს ბანკის ფილიალის მმართველის მიმართ ჰქონდა დელიქტური, ხოლო ბანკის მიმართ სახელშეკრულებო სახის მოთხოვნა. კასატორის განცხადებით, თუკი კლიენტი არ კარგავს საანაბრე თანხის მოთხოვნის უფლებას, ბანკის თანამშრომლის ქმედების დელიქტად მიჩნევა დაუშვებელია, ვინაიდან დაზარალებულის ქონებრივ მასას დანაკლისი არ განუცდია. შესაბამისად, არ არსებობს ზიანი, რომელიც ამ შემთხვევაში, თანხის გამტანმა პირმა უნდა აანაზღაუროს.
30.4. საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მიუხედავად დასახელებებისა, ბანკის ფილიალის მმართველის ხელწერილები და სესხის ხელშეკრულება (რომელიც გაფორმდა ფილიალის მმართველსა და მოსარჩელეს შორის) უნდა განიმარტოს სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 982-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით. გარდა აღნიშნულისა, ხელშეკრულებები სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის შესაბამისად, ასევე შეიძლება შეფასდეს ვალის გადაკისრებადაც.
30.5. სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლი და მოთხოვნა არასწორად არ მიიჩნია ხანდაზმულად.
31. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
31.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
33. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
34. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ. უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის)არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას“ (შდრ. იხ სუსგ საქმე №ას-1768-2017,29.05.2020წ; იხ. სუსგ საქმე №ას-1773-2019, 13.03.2020წ).
35. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მოპასუხე ბანკთან გააფორმა ანაბრის ხელშეკრულებები და საანაბრე ანგარიშზე განათავსა თანხა - 2011 წლის 23 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე - 6000 აშშ დოლარი (ანაბრის ვადა განისაზღვრა 12 თვით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 10,50%; პროცენტის დარიცხვის პერიოდი - 12 თვე), ხოლო 2011 წლის 21 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე - 4000 აშშ დოლარი (ანაბრის ვადა განისაზღვრა 12 თვით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 10,50%, პროცენტის დარიცხვის პერიოდი 12 თვე) (სკ-ის 874-ე მუხლი).
36. სადავო არ არის ის ფაქტიც, რომ მეანაბრეს კუთვნილი თანხა ბანკისგან დღემდე არ მიუღია. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნაც ანაბრის თანხის მოპასუხისთვის (ბანკისთვის) დაკისრებას შეეხება.
37. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს ანაბრის ხელშეკრულების ცნება და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საბანკო დაწესებულების ვალდებულების წარმოშობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
38. სამოქალაქო კოდექსის 874-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფულადი თანხის შეტანით (ანაბარი) საკრედიტო დაწესებულება მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას და ვალდებულია, ვადის დადგომისას იმავე ვალუტაში დააბრუნოს მიღებული თანხა, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ ფულადი თანხა შეიძლება ნებისმიერ დროს იქნეს უკან გამოთხოვილი.
39. ამრიგად, ანაბრის (დეპოზიტის) ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური ან იურიდიული პირი გადასცემს საკრედიტო დაწესებულებას ფულად თანხას განსაზღვრული ვადით ან მისი მითითების გარეშე, საკრედიტო დაწესებულება კი მოიპოვებს თანხაზე საკუთრების უფლებას და კისრულობს ვალდებულებას, მეანაბრის მოთხოვნისთანავე ან შეთანხმებული ვადის დადგომისას, გადაუხადოს პროცენტთან ერთად. ანაბრის ხელშეკრულების დადების მიზანი საკრედიტო დაწესებულებისათვის არის მეანაბრის ფულადი სახსრების მოზიდვა კომერციული ოპერაციების წარმოებისთვის, მეანაბრისთვის კი - თავის კაპიტალიდან პროცენტის მიღება (იხ. www.gccc.ge ).
40. ამასთან, მეანაბრეს არ წარმოეშობა რაიმე სახის ვალდებულება საკრედიტო დაწესებულების მიმართ. თავის მხრივ, საკრედიტო დაწესებულებას არ გააჩნია მეანაბრის მიმართ მოთხოვნა. ანაბრის ხელშეკრულება წარმოშობს ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას, რომლის ძალითაც კრედიტორს შეუძლია მოსთხოვოს მოვალეს შეთანხმებული მოქმედების შესრულება, ვინაიდან მეანაბრეს მხოლოდ უფლება გააჩნია და ბანკს კი ვალდებულებები (იხ. სუსგ საქმე #ას-1094-1333-05, 21 მარტი, 2006 წელი). მეანაბრე უფლებამოსილია, საკრედიტო დაწესებულებას მოსთხოვოს, როგორც ანაბარზე განთავსებული ფულადი თანხის, ისე მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნება. ბანკის ვალდებულებაა, დაუბრუნოს მეანაბრეს ანაბარზე განთავსებული თანხა მასზე დარიცხული პროცენტით ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით იმავე ვალუტაში.
41. ამავე დროს, იმ შემთხვევებშიც კი, როცა ანაბარი ვადიანია და მხარეები წინასწარ არიან შეთანხმებული კონკრეტულ ვადაზე, ან ანაბარი დადებულია რაიმე პირობით და ბანკი ვალდებულია ვალდებულება შეასრულოს ამ პირობის დადგომისთანავე, შეთანხმებული ვადის გასვლა ან პირობის დადგომა თავისთავად (მეანაბრის მოთხოვნის გარეშე) არ ნიშნავს, რომ კრედიტორის მოთხოვნის არარსებობის პირობებში ბანკი უფლებამოსილია განსაზღვრული ვადით თანხის დეპონირებით შეწყვიტოს ვალდებულება და თანხა დაიტოვის თავად. საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია გასცეს ანაბრის თანხა მოთხოვნისამებრ, მიუხედავად შენატანის ხანდაზმულობისა, თუ არ დაამტკიცებს საანაბრო ურთიერთობის შეწყვეტას და მეანაბრისათვის თანხის დაბრუნებას (იხ. www.gccc.ge ).
42. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ N ას-696-696-2018, 06.07.2018წ; N ას-1747-2019, 28.05.2020წ; N ას-1768-2019, 29.05.2020; N ას-66-2020, 21.07.2020წ; N ას-358-2020, 29.09.2020წ.). სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არღვევს ვალდებულებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე. დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს დარღვეული უფლების დაცვა (იხ. მ. თოდუა/ჰ.ვილემსი, ვალდებულებითი სამართალი, თბილისი, 2006, 37.).
43. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნის საფუძველია სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას, ანუ სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ჰ. ბოელინგი/ლ.ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, 2004, 39.). ხელშეკრულება არ წარმოადგენს მოთხოვნის საფუძველს. მოთხოვნის საფუძველი მხოლოდ კანონშია მოცემული, ხელშეკრულება კი მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობაა.
44. ამასთან, ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი, როგორც საპროცესო, ისე - მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, მოვალის ვალდებულებას წარმოადგენს (სსსკ-ის 102-ე მუხლი, ასევე, სკ-ის 429-ე მუხლი) (მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დადასტურების თაობაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, კერძოდ: ,,სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობის დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს“ (იხ. საქმე №ას-517-490-2014, 2014 წლის 15 სექტემბრის განჩინება)).
45. მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელესა და ბანკს შორის არსებობდა საანაბრე სახელშეკრულებო ურთიერთობა (სსკ 874-ე მუხლი), ხოლო სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, კასატორმა ვერ დაასაბუთა მეანაბრის მიმართ ვალდებულების შესრულებისა და მისთვის ანაბრის თანხის დაბრუნების ფაქტი, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად იხელმძღვანელეს სამოქალაქო კოდექსის 874-ე მუხლით და კანონიერად დააკისრეს მოპასუხეს საანაბრე ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხის მოსარჩელისთვის ანაზღაურება.
46. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა მოსარჩელის კუთვნილი საანაბრე თანხის ბანკის მმართველის მიერ ანგარიშიდან გატანის ფაქტი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დასკვნა გამყარებულია საქმეში არსებული კატეგორიული სახის საექსპერტო დასკვნებით, რომლებიც თანხის გატანაზე ხელმომწერ პირად ბანკის ფილიალის მმართველზე მიუთითებენ (იხ. ტ. 1. ს.ფ 234-238, 251-258). ამ გარემოების გაბათილება კი მოპასუხემ ვერ შეძლო სარწმუნო და რელევანტური მტკიცებულებების წარდგენის გზით, რაც საფუძველს აცლის მის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას.
47. ასევე უსაფუძლოა საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომლის თანახმად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო მოსარჩელესა და ბანკის ფილიალის მმართველს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების არსებობა და უნდა ემსჯელა აღნიშნული ხელშეკრულების დანიშნულებაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი სარჩელის ფარგლებში შესაფასებელია მოსარჩელესა და ბანკს შორის არსებული ანაბრის სახელშეკრულებო ურთიერთობა, ხოლო ამ ურთიერთობის ნამდვილობაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ბანკის ფილიალის მმართველს, როგორც ფიზიკურ პირსა და მოსარჩელეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი.
48. რაც შეეხება კასატორის მითითებას მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, საკასაციო სასამართლო ვერც აღნიშნულს გაიზიარებს და მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 128.2-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომელიც მეანაბრის ინტერესების დაცვას ემსახურება და პირდაპირ ადგენს, რომ ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება მეანაბრეთა მოთხოვნაზე ბანკსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში შეტანილი ანაბრების გამო.
49. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
50. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
51. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
52. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
53. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2 481.36 ლარის 70% - 1 736.95 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი.
2. ს.ბ–ს (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი 2 481.36 ლარის (საგადახდო დავალება N30655, გადახდის თარიღი 2020 წლის 21 ივლისი), 70% - 1 736.95 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე