საქმე № ას-170-2021 20 სექტემბერი 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი - შპს „ჰ.ჯ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - კ.ტ–ი, თ.მ–ი და ნ.მ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – საქმის წარმოების შეწყვეტა
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრეს მოსარჩელეებმა კ.ტ–მა, თ.მ–მა და ნ.მ–მა მოპასუხე შპს „ჰ.ჯ–ას“ მიმართ და მოითხოვეს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით კ.ტ–ის, თ.მ–ის და ნ.მ–ის სარჩელი მოპასუხე შპს ,,ჰ.ჯ–ას’’ მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს ,,ჰ.ჯ–ას’’ მოსარჩელე კ.ტ–ის სასარგებლოდ დაეკისრა დარიცხული სახელფასო დავალიანების 41 946 ლარის ანაზღაურება; მოპასუხე შპს ,,ჰ.ჯ–ას’’ მოსარჩელე თ.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა დარიცხული სახელფასო დავალიანების 40 910 ლარის ანაზღაურება; მოპასუხე შპს ,,ჰ.ჯ–ას’’ მოსარჩელე ნ.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა დარიცხული სახელფასო დავალიანების 4 550 ლარის ანაზღაურება; მოპასუხე შპს ,,ჰ.ჯ–ას’’ მოსარჩელე კ.ტ–ის სასარგებლოდ დაეკისრა საზოგადოების დირექტორის საქმიანობის განხორციელებიდან გამომდინარე სახელფასო დავალიანების 95 800 ლარის ანაზღაურება; მოპასუხე შპს ,,ჰ.ჯ–ას’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება შემდეგი ოდენობით: კ.ტ–ის ნაწილში დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნების ფარგლებში 300 ლარის ოდენობით; თ.მ–ის ნაწილში დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნების ფარგლებში 1227.3 ლარის ოდენობით; ნ.მ–ის ნაწილში დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნების ფარგლებში 136.5 ლარის ოდენობით.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ჰ.ჯ–ამ“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინებით შპს „ჰ.ჯ–ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ჰ.ჯ–ას“ საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
7. 2021 წლის 31 აგვისტოს კასატორმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და უარი თქვა წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კასატორის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ჰ.ჯ–ას“ საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. ასევე, 2021 წლის 31 აგვისტოს კასატორმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და უარი თქვა წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს.
11. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა გარდა იმ ცვლილებების და დამატებებისა, რაც მოცემულია სსსკ-ის XLIX თავში. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
12. სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.
13. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით კასატორმა განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან სსსკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) შეცვლისადმი განისაზღვრება მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
სსსკ-ის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, ამავე კოდექსის 378-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივრის საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 399-ე და 378-ე მუხლების საფუძველზე კასატორს განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით, მას უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 378-ე, 272-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჰ.ჯ–ას“ შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს წარმოება შპს „ჰ.ჯ–ას“ საკასაციო საჩივარზე, სამოქალაქო საქმეზე კ.ტ–ის, თ.მ–ის და ნ.მ–ის სარჩელის გამო, შპს „ჰ.ჯ–ას“ მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე;
3. განემარტოს კასატორს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მირანდა ერემაძე