საქმე №ას-343-2020 10 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)
მირანდა ერემაძე (მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სს ,,ს.ბ–ი’’ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – თ.ნ–ძე, სს ,,პ.ბ.ს–ო’’ (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება და პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „ს.ბ–ი“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დამსაქმებელი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. გასაჩივრებული განჩინებით, უცვლელად დატოვებული გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ბანკის სარჩელი თ.ნ–ძისა (შემდეგში პირველი მოპასუხე, დასაქმებული) და სს „პ.ბ.ს–ოს“ (შემდეგში: მეორე მოპასუხე) მიმართ.
2. კასატორის პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული. მისი მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, არასწორად მიიჩნიეს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, რომ პირველი მოპასუხე შეზღუდვის მოქმედების პერიოდში არ მუშაობდა მეორე მოპასუხესთან და მათთან მიღებულ ცოდნასა და კვალიფიკაციას არ იყენებდა კონკურენტი საფინანსო/საბანკო დაწესებულების სასარგებლოდ.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
7.1. მხარეთა სორის 2013 წლის 10 ოქტომბერს დაიდო შრომითი ხელშეკრულება.
7.2. 2018 წლის 22 აპრილის მდგომარეობით პირველი მოპასუხე დასაქმებული იყო მოსარჩელე ორგანიზაციაში SME ბანკირების ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე და მისი შრომის ანაზღაურება გათავისუფლების მომენტისათვის შეადგენდა დასაბეგრ 2 500 ლარს თვეში.
7.3. ხელშეკრულების ფარგლებში, 2017 წლის 3 იანვარს, მხარეთა შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულების დანართი №ვ - დასაქმების შეზღუდვა, რომლის პირველი პუნქტით განისაზღვრა შემდეგი: ხელშეკრულების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის, მათ შორის ვადის გასვლის შემთხვევაში, დამსაქმებელს აქვს უფლება საკუთარი გადაწყვეტილებით და დასაქმებულისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე შეუზღუდოს დასაქმებულს უფლება იმუშაოს ფინანსურ სფეროში და/ან გაუწიოს საკონსულტაციო ან მსგავსი სერვისები (უშუალოდ ან მასთან დაკავშირებული პირების მეშვეობით) კონკურენტულ ფინანსურ ინსტიტუტებს იმ ქვეყნებში, სადაც ოპერირებს დამსაქმებელი და/ან მისი შვილობილი კომპანია/ები. ამავე პუნქტის 1.1 ქვეპუნქტით, ამ შეზღუდვის მოქმედების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან, ხოლო 1.3 ქვეპუნქტი განსაზღვრავს დამსაქმებლის ვალდებულებას, გადაუხადოს კომპენსაცია დასაქმებულს, შეზღუდვის პერიოდში, ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ოდენობით რომელშიც არ შედის დამატებითი შეღავათები, ბონუსები, კომპენსაციები და ხარჯები. ამავე პუნქტის 1.5 ქვეპუნქტით ხელშეკრულების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებულმა უნდა შეატყობინოს დამსაქმებელს თავისი დასაქმების გეგმების და მათი ცვლილებების შესახებ მომდვენო 6 თვის განმავლობაში მათ შორის მესამე პირის წინაშე არსებული ნებისმიერი ვალდებულების ჩათვლით.
8. ამავე დანართის მიხედვით, დასაქმებული, დანართით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულია გადაუხადოს დამსაქმებელს პირგასამტეხლო, ხელშეკრულების შეწყვეტამდე 12 თვის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი სახის ანაზღაურების ჩათვლით. ამასთან, პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს დასაქმებულს ზემოხსენებული ვალდებულების შესრულებისგან.
9. დასაქმებულმა, 2018 წლის 10 აპრილს წერილობით მიმართა დამსაქმებელს, მოითხოვა 2018 წლის 23 აპრილიდან, საკუთარი განცხადების საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება, სავარაუდოდ მეორე მოპასუხე ბანკში დასაქმებასთან დაკავშირებით. ამასთან მოითხოვა ინფორმაცია ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასაქმების შეზღუდვის პირობის გამოყენება/არ გამოყენების შესახებ და მისი გამოყენების შემთხვევაში შეზღუდვის გამოყენების ვადის შეტყობინება.
10. დამსაქმებელი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის 2018 წლის 19 აპრილის ბრძანებით, დასაქმებული განცხადების შესაბამისად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში სშკ, 37.1 მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად.
11. მოსარჩელემ, 2018 წლის 24 აპრილს, დასაქმებულს აცნობა დასაქმების შეზღუდვის უფლების გამოყენების შესახებ 6 თვის ვადით, ხოლო 2018 წლის 13 აგვისტოს აცნობა, 2018 წლის 15 აგვისტოდან დასაქმების შეზღუდვის გაუქმების შესახებ, ამასთან, აღარ გადაუხდია კომპენსაცია.
12. დადგენილია, რომ 2017 წლის 1 მაისიდან 2018 წლის 1 მაისამდე პერიოდში პირველმა მოპასუხემ, მოსარჩელისგან ანაზღაურების სახით მიიღო 59 442.79 ლარი. ასევე, დადგენილია, რომ შრომითი შეზღუდვის პერიოდში დამსაქმებელი ყოველთვიურად უხდიდა კომპენსაციას დასაქმებულს, ხელფასის ოდენობით.
13. მეორე მოპასუხისთვის ცნობილი იყო, პირველი მოპასუხის შრომითი შეზღუდვისა და მოსარჩელისგან კომპენსაციის მიღების შესახებ, შრომითი შეზღუდვის პირობის ამოქმედებამდე.
14. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, გარკვეული ვადით შრომითი საქმიანობის შეზღუდვის ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 46.3 „შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება, დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით“ და 46.5 „ამ მუხლის მოთხოვნების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“ მუხლის (იხ. სშკ-ის მოქმედი რედაქციის მე-60 მუხლის 1 და მე-3 პუნქტები), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 394.1 „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“ და 408.1-ე „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“ მუხლები. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, რადგანაც აღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წინაპირობა შესრულებული არ იყო, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი და, აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინებით სწორად იქნა უარყოფილი სააპელაციო საჩივარი.
15. საკასაციო სასამართლო უარყოფს კასატორის მსჯელობასაც, რომ პირველი მოპასუხე მათთან მიღებულ ცოდნასა და კვალიფიკაციას იყენებდა კონკურენტი საფინანსო/საბანკო დაწესებულების სასარგებლოდ და აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პროცესუალური წესი მოცემულია სსსკ-ის 102-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მითითებული ნორმა საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლთან კავშირით იმ დასკვნის საფუძველს ქმნის, რომ მხარეს, რომელიც სასამართლოს მიმართავს კონკრეტული მოთხოვნით, აწევს როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე - მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით, მაშინ, როდესაც, პირველი მოპასუხის მიერ მათთან მიღებული ცოდნისა და კვალიფიკაციის კონკურენტ საფინანსო/საბანკო დაწესებულების სასარგებლოდ გამოყენების მტკიცების ტვირთი მის მხარეს იყო, რაც მან ვერ უზრუნველყო. ამდენად, საკასაციო სასამართლოს დასკვნით, მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ გამოიკვლია და დაადგინა სადავო პერიოდში მეორე მოპასუხე კომპანიასთან შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში პირველი მოპასუხის არყოფნისა და მათთან მიღებული ცოდნისა და კვალიფიკაციის კონკურენტი საფინანსო/საბანკო დაწესებულების სასარგებლოდ გამოუყენებლობის ფაქტი და სარჩელი მართებულად უარყო.
16. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში დადგენილ და შეფასებულ გარემოებებზე და განმარტავს, რომ უდავო იყო, მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, შრომითი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში, მეორე მოპასუხისგან პირველ მოპასუხეს გარკვეული თანხა ჩაერიცხა, 2018 წლის 10 მაისს - 9600 ლარი, ხოლო, 28 ივნისს - 196.86 ლარი, აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს, მეორე მოპასუხე კომპანიის კომერციული დირექტორის ხელმოწერილი ცნობაც (ტ.2,ს.ფ.73), თუმცა, ამავე ცნობით დასტურდება რომ ჩარიცხული თანხის დანიშნულება პირველ შემთხვევაში, მოპასუხეებს შორის სამომავლო შრომითი ურთიერთობის უზრუნველსაყოფას გათვალისწინებული ბონუსი იყო, ხოლო, მეორე შემთხვევაში, კურორტ საირმეში სასტუმროს ნომრის საფასური, რომელიც მეორე მოპასუხე ბანკის მომავალი თანამშრომლების გაცნობის ღონისძიების ფარგლებში ჩაირიცხა. ამასთნა, საქმის მასალებით, კერძოდ, დასახელებული ცნობითა და წერილით შემოსავლების სამსახურიდან, დასტურდება, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა აგვისტოში, მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის შრომითი შეზღუდვის მოხსნის შემდეგ დაიწყო.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე, წარმოდგენილი ცნობისა და დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, ვერ ამტკიცებს, რომ პირველი მოპასუხე, მის კონკურენტ ორგანიზაციაში, შრომითი შეზღუდვის პირობებში დასაქმდა, ამასთან, სწორედ ისეთ პოზიციაზე, რომელზეც, იყენებდა თავდაპირველ სამუშაოზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას.
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
20. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს ,,ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. სს ,,ს.ბ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3 472.14 ლარის (საგადახდო დავალება N30643, გადახდის თარიღი 2020 წლის 11 თებერვალი), 70% – 2 430.49 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მიქაუტაძე
მოსამართლეები: მ. ერემაძე
ვ. კაკაბაძე