საქმე №ას-974-2020 16 ივნისი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ო.ა–ვი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (შემდეგში: მოსარჩელე, სააგენტო ან კასატორი) და ო.ა–ვმა (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან მოიჯარე) 2015 წლის 7 ოქტომბერს დადეს იჯარის ხელშეკრულება მარნეულის რაიონში, სოფ. ....... მდებარე 10 569 კვ.მ. სასოფლო–სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ: ......).
2. ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, მოიჯარის მიერ ქონებით სარგებლობისთვის გადასახდელი ყოველწლიური საიჯარო ქირა შეადგენდა 734 ლარს, რაც მას უნდა გადაეხადა ყოველი წლის 31 დეკემბრამდე. ხელშეკრულების 6.2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების 2.1 მუხლით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით.
3. მოიჯარემ, დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, არ გადაიხადა საიჯარო ქირა. სააგენტოს 2017 წლის 30 ოქტომბრის #1/6-575 ბრძანებით, საიჯარო ხელშეკრულება შეწყდა.
4. ხელშეკრულების 3.1.1. მუხლი ითვალისწინება მოიჯარის ვალდებულებას უზრუნველეყო ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა ხელშეკრულების დანართი #2-ის შესაბამისად, ხოლო ამავე ხელშეკრულების 6.3. მუხლით, აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა 500 ლარს.
5. მოიჯარის მიერ გადაუხდელი საიჯარო ქირის დავალიანება შეადგენდა 1 516.3 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო - 714.95 ლარს.
6. სარჩელის მოთხოვნა
6.1. სააგენტომ სარჩელით მიმართა მარნეულის მაგისტრატ სასამართლოს, მოპასუხისთვის საიჯარო ქირის 1 516.3 ლარის, პირგასამტეხლოს 714.95 ლარისა და 1 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.
7. მოპასუხის შესაგებელი
7.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულების პირობების გაცნობის შემდეგ, უარი განაცხადა ხელშეკრულებაზე, რამდენჯერმე გამოცხადდა მოსარჩელესთან და მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა, თუმცა უშედეგოდ.
7.2. საქმის არსებითი განხილვისას, მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელის ხანდაზმულობაზე მიუთითა, ამასთან, განმარტა, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო, რის გამოც უნდა შემცირებულიყო 1 წლის ოდენობამდე.
8. მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილება
8.1. მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის - 1 516.3 ლარის, პირგასამტეხლოს 357.47 ლარისა და 1 000 ლარის გადახდა.
9. მოიჯარის სააპელაციო საჩივარი
9.1. მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გაუქმდა და მოიჯარეს, სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო - 757.47 ლარი.
10.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო არ არის დარღვეული ვალდებულების თანაზომიერი და გონივრული, რაც მოსარჩელის მხრიდან სამოქალაქო უფლების არამართლზომიერად გამოყენების მცდელობაზე მიუთითებს. ვინაიდან, სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა (ძირითადი ვალი) შეადგენდა 1 516.3 ლარს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეს პირგასამტეხლო დააკისრა - 1 357.47 ლარის ოდენობით. მითითებული ოდენობით მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება მას გადააქცევს მოვალის დასჯის ერთ-ერთ მექანიზმად, რის შედეგადაც პირგასამტეხლო - როგორც ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის მეთოდი, კარგავს მის დანიშნულებას რაც დაუშვებელია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 მაისის Nას-442-418-2013 გადაწყვეტილება).
10.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, ასევე, პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულების მხედველობაში მიღებით, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტს პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს 757.47 ლარის ოდენობით, ერთობლივად საიჯარო ქირის გადაუხდელობისა და ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების დარღვევის გამო.
10.4. აპელანტის მითითება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და განმარტა, რომ აღნიშნული მითითება შესაბამის საპროცესო სტადიაზე არ მომხდარა, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, მოთხოვნა ხანდაზმული არ იყო.
11. სააგენტოს საკასაციო საჩივარი
11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
11.2. კასატორის განმარტბით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაუსაბუთებლად შემცირდა მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო. ამასთან, მხარეს საერთოდ არ მიუთითებია პირგასამტეხლოს შემცირებაზე.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული და დამატებით განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირების მართლზომიერება წარმოადგენს.
16. საკასაციო სასამართლო უპირველესად, კასატორის მოთხოვნაზე მიუთითებს, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას ითხოვს და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები არა სრულად, არამედ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რაც მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო, შესაბამისი საფუძვლების არსებობის პირობებშიც კი მოკლებულია შესაძლებლობას სრულად დააკმაყოფილოს სარჩელი.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება - პირგასამტეხლო, აქცესორული ხასიათისაა, რომლის განხორციელებაც ძირითადი ვალდებულების არსებობა-არარსებობაზეა დამოკიდებული.
18. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება შეწყდა მოიჯარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ამდენად, უდავოა, რომ ძირითად ვალდებულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც მხარეებმა პირგასამტეხლო შეათანხმეს დარღვეულია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი, სწორედ პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერების შეფასებაა.
19. იჯარის ხელშეკრულების მიხედვით ირკვევა, რომ მხარეებმა, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის წერილობით შეათანხმეს პირგასამტეხლო რამდენიმე საფუძვლით, კერძოდ, საიჯარო ქირის გადაუხდელობისთვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების დარღვევისთვის, ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის წარდგენისთვის და სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის.
20. დასახელებული საფუძვლებიდან, სადავოა საიჯარო ქირის გადაუხდელობისთვის და სამინისტროსთვის ინფორმაციის წარუდგენლობის საფუძვლით დაკისრებული პირგასამტეხლო.
21. საკასაციო სასამართლო, დადგენილი მყარი პრაქტის გათვალისწინებით განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება.
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს ხელშეკრულება წარმოადგენს. საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილი და დაცულია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, კერძოდ, სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება კანონს“. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების თავისუფლება მოიცავს ისეთ ორ ძირითად პრინციპს, როგორიცაა ხელშეკრულების დადების თავისუფლება და ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებისა და კონსტიტუციური მნიშვნელობის პრინციპების დაცვის მიზნით, არსებობს ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობაც. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს იმპერატიული ხასიათის ნორმებით. იმპერატიული ნორმები, როგორც წესი, ზოგადი ხასიათისაა და თანაბრად მოქმედებს, განურჩევლად იმისა, საქმე ეხება ნასყიდობის, ნარდობის, ქირავნობისა თუ იჯარის ხელშეკრულებიდან წარმოშობილ ურთიერთობებს. იმპერატიული ხასიათის ნორმები ორ ძირითად მიზანს ემსახურება: ა) მხარეთა მიერ განსაზღვრული პირობები შეიძლება ჩაითვალოს ბათილად, თუ მათი შინაარსი ეწინააღმდეგება სამართლებრივ მართლწესრიგს: ბ) იმპერატიული ნორმები აწესებენ გარკვეულ შეზღუდვებს და უზრუნველყოფენ, რომ ხელშეკრულების დადება კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდეს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგჯერ თავად ნორმის მიზნიდან გამომდინარე დგინდება მისი იმპერატიული ხასიათი. ნორმისათვის გვერდის ავლას, სწორედ ამ ნორმის მიზანი შეიძლება კრძალავდეს. მაგალითის სახით გამოდგება სსკ-ის 420-ე მუხლი, რომლის თანახმად, „სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო“. აღნიშნული ნორმა იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ აუცილებელია მხარეები გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ (იხ. სუსგ. ას-862-826-2016).
23. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად მხარეთა თავისუფლებისა დადონ შეთანხმება პირგასამტეხლოს თაობაზე, სასამართლოს შეუძლია გონივრულ ოდენობამდე შეამციროს შეთანხმებული პირგასამტეხლო, ვალდებულების დარღვევისას, დარღვევის ხასიათის, კრედიტორის მოლოდინის, არსებული შესაძლო ზიანისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რაც განსახილველ შემთხვევაში მართლზომიერად მოახდინა სააპელაციო სასამართლომ, თუმცა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ შეთანხმებული, ორი საფუძვლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო იყო მოიჯარისთვის დაკისრებული, რომელიც, თითოეული ცალ-ცალკე უნდა შემცირდეს, ჯამში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებულ ოდენობამდე.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რამდენადაც სასამართლო უფლებამოსილია, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეამციროს გონივრულ ოდენობამდე, ამდენადვე, შეზღუდულია, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს საფუძვლებზე, როგორც ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლებში გათვალისწინებულზე, იმსჯელოს და რომელიმე საფუძვლით საერთოდ გამორიცხოს, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დაკისრება. ამდენად, ყოველი შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობაზე მსჯელობა და შესაძლებლობა, უნდა გაიმიჯნოს, მხარეთა ნების ფარგლებში შეთანხმებული საფუძვლების შესაძლო შეზღუდვაზე/გამორიცხვაზე სასამართლოს მხრიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე