Facebook Twitter

საქმე №ას-893-2020 8 აპრილი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ ,,ს.მ.პ.მ.ს–ო“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ბ.ბ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ა(ა)იპ „ს.მ.პ.მ.ს–ოსა“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, სააგენტო ან კასატორი) და სს „ბ.ბ–ს“ (შემდეგში: მოპასუხე ან ბანკი) შორის 2017 წლის 15 თებერვალს დაიდო ხელშეკრულება შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისათვის (შემდეგში ხელშეკრულება) (ტ.1,ს.ფ.17-35).

1.1. ხელშეკრულების მე-2 მუხლით (ხელშეკრულების საგანი), კომერციული ბანკი გასცემდა ბენეფიციარზე შეღავათიან აგროკრედტს საკუთარი შეხედულებისამებრ ხელშეკრულებითა და პროექტით განსაზღვრული პირობებით. კომერციული ბანკის მიერ შეღავათიანი აგროკრედიტის გაცემის შემთხვევაში, სააგენტო განახორციელებდა გაცემულ შეღავათიან აგროკრედიტზე განსაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთის მიზნობრივ თანადაფინანსებას და მეორად უზრუნველყოფას ხელშეკრულებისა და პროექტის პირობების შესაბამისად (ტ.1,ს.ფ.23).

1.2. ხელშეკრულების 6.8 პუნქტის თანახმად, დასაშვებია კომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის რეფინანსირება, თუ: სესხი გაცემულია 2017 წლის 15 თებერვლამდე და გაიცა დანართ N1-ში მითითებული მიზნობრიობებით: სესხი გაიცა 2017 წლის 15 თებერვლის შემდგომ და სესხის რეფინანსირების თარიღისთვის ახალი სესხის თანხა არ აღემატება თავდაპირველი სესხის ნარჩენ ძირითად თანხას. ამასთან, ასეთი სესხის რეფინანსირება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეფინანსირების შედეგად არ იზრდება თავდაპირველი სესხისთვის განკუთვნილი თანადაფინანსების დარჩენილი ვადა და სააგენტოს დარჩენილი გადასახდელი თანადაფინანსების ჯამური მოცულობა (ტ.1,ს.ფ.25).

1.3. ხელშეკრულების 6.10 პუნქტის თანახმად, დასაშვებია პარალელური სესხების გაცემა თუ პარალელური სესხების ჯამი არ აღემატება შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებებისათვის კომპონენტში ერთ ბენეფიციარზე განსაზღვრული სესხის მაქსიმალურ ლიმიტს და თითოეული პარალელური სესხის თანხა არ არის მინიმალურ სალიმიტო თანხაზე ნაკლები (ტ.1,ს.ფ.25).

1.4. ხელშეკრულების 6.11 პუნქტის თანახმად, შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა ძირითადი საშუალებებისათვის განისაზღვრება 20 000 ლარიდან 1 500 000 ლარის ჩათვლით. სესხის ვადის განსაზღვრა ხდება ბენეფიციარისა და კრედიტის გამცემი საფინანსო ინსტიტუტის შეთანხმების საფუძველზე (ტ.1,ს.ფ.25).

1.5. ხელშეკრულების 8.3 პუნქტის თანახმად, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს ბენეფიციარის მონიტორინგი ბანკთან წინასწარი შეთანხმების გარეშე. სააგენტოს მიერ სესხის მიზნობრიობის, შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ან/და პროექტის სხვა პირობების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია ბენეფიციარს შეუწყვიტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრივი თანადაფინანსება და მეორადი უზრუნველყოფა, რაზეც წერილობით აცნობებს კომერციულ ბანკს (ტ.1,ს.ფ.28).

1.6. ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, თუ სააგენტო დაადგენს, რომ კომერციულმა ბანკმა უაქცეპტოდ მოახდინა სააგენტოს ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა იმ სესხის თანადაფინანსებისთვის, რომელზეც თანხის ჩამოჭრის მომენტისთვის, ნებისმიერი მიზეზით, სააგენტოს არ ჰქონდა მიღებული ინფორმაცია ხელშეკრულების დანართი #2 შესაბამისად. კომერციულ ბანკს ეკისრება პირგასამტეხლო 250 ლარის ოდენობით (ტ.1,ს.ფ.28).

1.7. ხელშეკრულების 8.5 მუხლის თანახმად, თუ სააგენტო მონიტირინგის შედეგად დაადგენს, რომ კომერციული ბანკის მიერ ა) მე-5 მუხლითა და მისი დანართის მოთხოვნების დარღვევით განხორციელდა შეღავათიანი აგროკრედიტის გაცემა (ან აღნიშნული მოთხოვნები კომერციულმა ბანკმა შეცვალა სესხის გაცემის შემდეგ), რის საფუძველზეც ბენეფიციარმა მიიღო მიზნობრივი თანადაფინანსება, სააგენტო უფლებამოსილია შეუწყვიტოს ბენეფიციარს მიზნობრივი თანადაფინანსება და მეორადი უზრუნველყოფა. ამასთან, კომერციულ ბანკს სააგენტოს სასარგებლოდ ეკისრება პირგასამტეხლო, რომლის ოდენობა შეადგენს სააგენტოს პროექტების მონიტორინგის შედეგების განხილვის კომისიის მიერ დარღვევის დაფიქსირების მომენტში სააგენტოს მხრიდან ბენეფიციარისთვის გადახდილი თანადაფინანსების ჯამური თანხის ორმაგ ოდენობას (თუ სააგენტოს მიერ გადახდილი თანადაფინანსების თანხა ნაკლებია 125 ლარზე პირგასამტეხლო შეადგენს 250 ლარს, ხოლო თუ სააგენტოს მიერ გადახდილი თანადაფინანსების თანხა აღემატება 2500 ლარს, პირგასამტეხლოს ოდენობა დაითვლება შემდეგნაირად: თანადაფინანსების თანხას დამატებული 2500 ლარი). იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს მიერ თანადაფინანსების თანხა არ არის გადახდილი სააგენტოს პროექტების მონიტორინგის შედეგების განხილვის კომისიის მიერ დარღვევის დაფიქსირების მომენტში, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 250 ლარს (ტ.1,ს.ფ.28).

2. ბანკსა და ი.მ. „ი.ო–ს“ შორის 2017 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკის მიერ კრედიტი გაიცა ორ ეტაპად, ორი სხვადასხვა მიზნობრიობით, კერძოდ: 1. სს „პ.ბ–ის“ მიერ 2017 წლის 30 მარტს გაცემული სესხის რეფინანსირებისთვის და 2. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ძირითადი საშუალებების შესაძენად (კერძოდ, 2 ჰა საფერავის გაშენებისა და 2 ჰა საფერავზე ბოძების, მავთულებისა და სარების შეტანის მიზნით).

3. რეფინანსირების მიზნობრიობასთან დაკავშირებით, სააგენტო ინფორმირებული იყო საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებამდეც, რაც დასტურდება მოსარჩელეს, ბანკსა და ი.მ. „ი.ო–ს“ შორის „მიზნობრივი თანადაფინანსების შესახებ“ 2018 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული შესაბამისი შეთანხმებით (ტ. 1; ს.ფ. 67-68; 17.10.2017 წლის შეთანხმება);

4. სააგენტოს 2018 წლის 19 ივლისის წერილის მიხედვით ირკვევა, რომ სააგენტომ განახორციელა ბანკის მიერ პროექტის ფარგლებში გაცემულ სესხზე მონიტორინგი. შედეგად აღმოჩნდა, რომ ი/მ ი.ო–ის სესხზე (ს/კ .... სესხის ID 85182) ბანკმა დაარღვია პროექტის პირობები. კერძოდ, მონიტორინგისას გაირკვა, რომ ბანკმა სესხი გასცა სააგენტოსა და ბანკს შორის 2017 წლის თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევით, კერძოდ სესხი გაიცა არა მხოლოდ სს „პ.ბ–ის“ მიერ 2017 წლის 3 მარტს გაცემული სესხის (ID75.3572) რეფინანსირების მიზნით, არამედ დამატებით, სხვა მიზნობრიობისათვის (2 ჰა საფერავის გაშენება, 2 ჰა საფერავზე ბოძების, მავთულების და სარების შეტანა) და გაიზარდა სესხის თანხა, ვადა და სააგენტოს თანადაფინანსების თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს პროექტების/პროგარმების მონიტორინგის შედეგების განხილვის კომისიის 2018 წლის 6 ივნისის სხდომის გადაწყვეტილებით: ბენეფიციარ ი/მ ი.ო–ს შეუწყდა სააგენტოს მხრიდან სესხზე ბანკის მიერ დადგენილი სარგებლის თანადაფინანსება და მეორადი უზრუნველყოფა 2018 წლის 6 ივნისიდან, ხოლო ბანკი დაჯარიმდა 5 010.14 ლარით, სააგენტოსა და ბანკს შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად (ტ.1,ს.ფ.69).

5. ბანკმა 2018 წლის 10 აგვისტოს წერილის მიხედვით, უარი განაცხადა სააგენტოს მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდაზე და განმარტა, რომ ბანკმა კრედიტი გასცა ორი სხვადასხვა მიზნობრიობით, კერძოდ: (1) სს „პ.ბ–ის“ მიერ 2017 წლის 13 მარტს გაცემული სესხის რეფინანსირებისა და (2) შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ძირითადი საშუალებების შესაძენად, რის შესახებაც სააგენტო ინფორმირებული იყო საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, რაც დასტურდება სააგენტოს, ბანკსა და მსესხებელს - ი.მ. „ი.ო–ს“ შორის „მიზნობრივი თანადაფინანსების შესახებ“ გაფორმებული შესაბამისი შეთანხმებით (ტ. 1, ს.ფ. 70-71;).

6. ბანკის 2018 წლის 29 ოქტომბრის წერილის თანახმად, სააგენტოს მიერ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ი/მ ი.ო–ის სახელზე ბანკში არსებულ სესხზე სააგენტოს მიერ გადახდილი თანადაფინანსების თანხის ოდენობა შეადგენდა 2 510.14 ლარს, ხოლო 2018 წლის 31 ოქტომბრის წერილის თანახმად, მსესხებელ ი.ო–ის რეფინანსირებული თანხის ოდენობა შეადგენდა 77 776.03 ლარს, საიდანაც 75 000 ლარი იყო სესხის ძირი, 1 276.03 ლარი დარიცხული პროცენტი და 1 500 ლარი წინასწარი დაფარვის საკომისიო. სააგენტოს გადახდილი სუბსიდირებული პროცენტი აღნიშნულ სესხზე შეადგენდა 4 678.77 ლარს (ტ. 1, ს.ფ. 72-73;).

7. სარჩელის მოთხოვნა

7.1. სააგენტომ, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხისთვის 5 010.14 ლარის (2 510.14 სესხზე ჩამოჭრილი თანხა, ხოლო 2 500 ლარი ჯარიმა) დაკისრება მოითხოვა.

8. მოპასუხის პოზიცია

8.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

10. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

10.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩნება და დასკვნები

11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

11.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (სსსკ-ის 390.3.-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი).

11.3. სასარჩელო განცხადებით, სააგენტო მოითხოვა ბანკისათვის მის სასარგებლოდ 5 010.14 ლარის დაკისრებას, საიდანაც 2 510.14 ლარი წარმოადგენდა სესხზე ჩამოჭრილ თანხას, ხოლო, 2 500 ლარი ჯარიმას. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ ბანკის მხრიდან ადგილი ჰქონდა 2017 წლის 15 თებერვლის ხელშეკრულების დარღვევას (მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტის (ID - 85182) მონიტორინგის საფუძველზე დადგინდა, რომ მოპასუხემ სესხი გასცა მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის 2017 წლის 15 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევით, კერძოდ სესხი გაიცა სს „პ.ბ–ის“ მიერ 2017 წლის 30 მარტს გაცემული სესხის (ID 75.3572) რეფინანსირების მიზნით და დამატებით სხვა მიზნობრიობებითაც (2 ჰა საფერავის გაშენება, 2 ჰა საფერავზე ბოძების მავთულების და სარების შეტანა), აღნიშნულიდან გამომდინარე გაიზარდა სესხის თანხა, სესხის ვადა და მოსარჩელის თანადაფინანსების თანხა, კერძოდ: სს „პ.ბ–ის“ მიერ 2017 წლის 30 მარტს გაცემული სესხის (ID-75.3572) ოდენობა შეადგენდა 75 000 ლარს და სააგენტოს თანადაფინანსების მაქსიმალური თანხა შეადგენდა 21 767.49 ლარს, ხოლო მოპასუხის მიერ გაცემული სესხის ოდენობა შეადგენდა 135 000 ლარს, სააგენტოს თანადაფინანსების მაქსიმალური თანხა შეადგენდა 47 059.01 ლარს).

11.4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბანკს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, არ დაურღვევია მოსარჩელესთან გაფორმებული 15.02.2017 წლის ხელშეკრულების პირობები.

11.5. განსახილველ შემთხვევაში აპელანტმა ვერ დაადასტურა გარემოება, რომ ბანკმა შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებებისთვის ხელშეკრულების პირობები დაარღვია.

11.6. სააპელაციო პალატის განმარტებით, ბანკსა და ბენეფიციარს შორის 2017 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკის მიერ კრედიტის პირველი ტრანში გაიცა სს „პ.ბ–ის“ მიერ 2017 წლის 30 მარტს გაცემული სესხის რეფინანსირების მიზნობრიობით და აღნიშნული მიზნობრიობის შესრულების (კრედიტის გადაფარვის) შემდეგ განხორციელდა დარჩენილი თანხის გაცემა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის შესაბამისი კომპონენტის ფარგლებში, ბენეფიციარის (მსესხებლის) მიერ ძირითადი საშუალებების შესაძენად, რაც ასევე ექცეოდა სახელმწიფო პროექტით გათვალისწინებული თანადაფინანსების ფარგლებში. ამასთან, გასათვალისწინებელი იყო, რომ სესხის რეფინანსირების შედეგად არ გაზრდილა სააგენტოს მიერ, სს „პ.ბ–ში“ არსებული სესხისთვის, დარჩენილი გადასახდელი თანადაფინანსების ჯამური მოცულობა, ვინაიდან ბანკის სასარგებლოდ სააგენტოს მაქსიმუმ 16 108.05 ლარის გადახდა უწევდა, ნაცვლად 21 767.49 ლარისა. აღნიშნულს ადასტურებდა თითოეული ტრანშის ფარგლებში გაცემული კრედიტებისთვის მომზადებული გრაფიკები.

11.7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ბანკის მიერ კრედიტის გაცემის მიზნობრიობა, კერძოდ ის, რომ 75 000 ლარი გათვალისწინებული იყო ბენეფიციარის სხვა ბანკიდან მიღებული რეფინანსირებისთვის, ხოლო 60 000 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ძირითადი საშუალებების შესაძენად ცნობილი იყო სააგენტოსთვის, რაც შესაბამისი შეთანხმებით დასტურდებოდა.

11.8. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით დასახელებული მიზნობრიობით კრედიტების გაცემა ერთი საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში წარმოადგენდა მხოლოდ ტექნიკურ საკითხს, კრედიტის დაფარვის ადმინისტრირების მიზნებისთვის, მსესხებლის მიერ გადასახდელი თანხების ერთ გრაფიკში გასაერთიანებლად. აღნიშნულით კი, არ დარღვეულა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების არსი და მიზანი, ვინაიდან, ბანკს არ მიუყენებია ზიანი არც სახელმწიფო ბიუჯეტისა და არც პროექტში ჩართული მხარეებისთვის.

12. სააგენტოს საკასაციო საჩივარი

12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სააგენტომ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

12.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ შეცდომით დაადგინა, რომ გაცემული იყო ორი სესხი, მაშინ როდესაც გაცემული იყო ერთი აგროკრედიტი სხვადასხვა მიზნობრიობით. აღნიშნულით კი დაირღვა პროექტით გათვალისწინებული ხელშეკრულების პირობები.

13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

13.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

16. საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

19. წარმოდგენილ საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზიით დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც არ დგინდება სადავო საკითხის სათანადო გამოკვლევა.

21. საკასაციო სასამართლო, კასატორის პრეტენზიის პასუხად, საქმეზე დადგენილ გარემოებებზე მიუთითებს და იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ ამავე ფაქტების შეფასებას.

22. საკასაციო სასამართლო, პროექტის ფარგლებში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების, ტერმინთა განმარტების შესაბამისად მიუთითებს, რომ სესხის რეფინანსირება განიმარტება, როგორც ერთი პირის მიერ საკუთარი მიმდინარე სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა იმავე ან სხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებული ახალი სესხით. ძირითადი საშუალება წარმოადგენს მატერიალურ აქტივს, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისთვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია. პარალელური სესხი - ერთი ბენეფიციარის მიერ ორი ან მეტი დაუფარავი სესხი კომპონენტის ან ქვეკომპონენტის ფარგლებში.

23. განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა, რომ ბენეფიციარზე გაიცა ჯამში 135 000 ლარი სესხის სახით, ორ ტრანშად და ორი სახის მიზნობრიობით - 1. სხვა ბანკში არსებული სესხის რეფინანსირების მიზნით 75 000 ლარი; 2. პროექტის მიზნიდან გამომდინარე, ძირითადი საშუალებების შესაძენად; (დამატ. იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი).

24. დასახელებული გარემოების შესახებ, მოსარჩელის ინფორმირებას, მათ შორის სესხის ოდენობის, თანადაფინანსებისა და მიზნობრიობის შესახებ, საქმეში არსებული მტკიცებულება ადასტურებს (იხ. ტ.1,ს.ფ. 67-68, აგრეთვე წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი).

25. პირველი ტრანში - 75 000 ლარი, ბენეფიციარის, სხვა ბანკში არსებული სესხის გადაფარვას (რეფინანსირებას) მოხმარდა, ხოლო, მეორე ტრანში იყო - 60 000 ლარი, რომელიც ძირითადი საშუალებების შეძენის მიზნით გაიცა. კასატორის პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნული, ორ ტრანშად და სხვადასხვა მიზნობრიობით გაცემული სესხი, რეალურად ერთი სესხი იყო და მისი ჯამური ოდენობა აღემატებოდა რეფინანსირებულ სესხს, რაც უკვე წარმოადგენდა პროექტის ფარგლებში, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების პირობებს, მეტიც, იზრდებოდა თანადაფინანსების ხარჯი სააგენტოსთვის, რის გამოც ბანკი სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანს აყენებდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად, სააგენტოს კონკრეტული ხარჯთაღრიცხვა არ წარუდგენია სასამართლოსთვის.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირველი ტრანში 75 000 ლარი, რომელიც რეფინანსირების მიზნით გაიცა ბენეფიციარზე, სხვა ბანკში არსებული მისი დავალიანების გადასაფარად, გაცემულია 2017 წლის 15 თებერვლის შემდეგ აღებულ კრედიტზე (რეფინანსირებული სესხი გაცემულია 2017 წლის 30 მარტს), და ახალი სესხი, გაცემის დროისთვის არ აღემატებოდა რეფინანსირების თარიღისთვის თავდაპირველ სესხის ნარჩენ ძირითად თანხას (იხ. ტ.1,ს.ფ. 73). შესაბამისად, აღნიშნული არ ეწინააღმდეგება, პროექტის ფარგლებში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობებსა და მიზნებს (დამატებით იხ. წინამდებარე განჩინების 1.2 ქვეპუნქტი, ხელშეკრულების 6.8 ქვეპუნქტი).

27. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სესხის მეორე ტრანში - 60 000 ლარი, რეალურად წარმოადგენს პარალელურ სესხს, რომელიც ძირითადი საშუალებების შესაძენად განკუთვნილი თანხა იყო, ამასთან, მიღებული აგროკრედიტის მოცულობა არ აღემატებოდა, მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დასაშვებ ოდენობას (დამატებით იხ. წინამდებარე განჩინების 1.3-1.4 ქვეპუნქტები, ხელშეკრულების 6.10-6.11 ქვეპუნქტები).

28. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოებების მიხედვით მოპასუხის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, რის გამოც არ არსებობს მის მიერ მითითებული თანხის მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლები.

29. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.

30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე „თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი“.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა(ა)იპ ,,ს.მ.პ.მ.ს–ოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. ა(ა)იპ ,,ს.მ.პ.მ.ს–ოს“ (......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2020 წლის 16 ნოემბერი), ლარის 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე