Facebook Twitter

საქმე №ას-658-2021 14 სექტემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე.ს–ვი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.დ–ვის უფლებამონაცვლე ზ.დ–ვა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ე.ს–ვმა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.დ–ვის (შემდგომ – მოპასუხე) (ამჟამად უფლებამონაცვლე ზ.დვა) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ი.დ–ვის უფლებამონაცვლის - ზ.დვას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტები და სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

განმცხადებლის მოთხოვნა და საფუძვლები:

3. 2021 წლის 21 იანვარს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

4. საქმის წარმოების განახლების საფუძვლად განმცხადებელმა მიუთითა 2013 წლის 8 აგვისტოს დადგენილებაზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ: „2003 წლის სექტემბერს დამზადებულ იქნა ყალბი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომელსაც იყენებდა ი.დ–ვი, რომელიც გარდაიცვალა 2010 წლის 28 აპრილს, ხოლო აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავე პირი პასუხისგებაში მიცემული არ ყოფილა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებიდან დღემდე გასულია 6 წელზე მეტი. შესაბამისად, გასულია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა“.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აპრილის განჩინებით მოსარჩელის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო პალატამ, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) მე-10 მუხლი არა მარტო, სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულობის, არამედ ე.წ სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპსაც ადგენს.

7. ამ პრინციპის თანახმადაც - „სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ“ (შდრ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო - Tchitchinadze v Georgia, no.18156/05, § 53, 27 May 2010; ასევე - Brumărescu v. Romania [GC], no.28342/95, § 61, 28 October 1999).

8. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების შესაბამისად, „არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს ნიღბიან აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით... საკუთრების ინტერესის არსებობა, რომელიც დადასტურებულია სავალდებულო და საბოლოო განჩინებით, წარმოადგენს განჩინების ბენეფიციარის „საკუთრებას“ №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დადგენილი მნიშვნელობით. ასეთი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა უტოლდება საკუთრებით სარგებლობაში ჩარევას“ (Tchitchinadze v Georgia - § 53);

9. „საბოლოო გადაწყვეტილების გაბათილების უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, ისე რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იქნას დაცული სამართლიანი ბალანსი სხვადასხვა ინტერესებს შორის“ – (იქვე - § 58. ამასთან დაკავშირებით, აგრეთვე Mitrea v. Romania, no. 26105/03, § 25, 29 July 2008; Nikitin v. Russia, no. 50178/99, § 57, ECHR 2004-VIII).

10. ამ განმარტების მიხედვით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება, მხოლოდ, გამონაკლის, განსაკუთრებულ, უჩვეულო და კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაშია დასაშვები.

11. სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, კი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოება განახლდება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.

12. სააპელაციო პალატის აზრით, კანონის აღნიშნული დანაწესი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარეობს.

13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება დანაშაულია და იმისათვის, რომ ეს დანაშაული ჩადენილად ჩაითვალოს, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენის არსებობაა აუცილებელი.

14. აღნიშნული თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილული ერთ-ერთი საქმე - „მინელი შვეიცარიის წინააღმდეგ“, რომლიდანაც დგინდება, რომ 1976 წლის 12 მაისს ციურიხის კანტონის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პალატამ არ განიხილა ბ-ნი მინელის წინააღმდეგ წარდგენილი სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის ოთხწლიანი „აბსოლუტური“ ვადის გასვლის გამო, თუმცა, ამის მიუხედავად, მას დააკისრა სასამართლო ხარჯების ანაზღაურება, რადგან „ხანდაზმულობის გამო წაგებული გამოდიოდნენ კერძო ბრალმდებლები, რადგანაც მათ ვერ მიაღწიეს განმცხადებლის მსჯავრდებას... ხარჯების გადანაწილების დროს მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა ზომით დაეკისრებოდა გადახდა ბრალდებულს იმ შემთხვევაში, თუკი დაეკისრებოდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ან თუ გამართლებული იქნებოდა. სასამართლოს აზრით, იგივე გამოიყენებოდა, როდესაც გამოძიება შეწყდებოდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო; „ღირებულებისა და გაღებული ხარჯების გადახდის ვალდებულება“ ასეთ შემთხვევებში „დამოკიდებული უნდა იყოს განაჩენზე, რომელიც გამოტანილი იქნებოდა ხანდაზმულობის ვადის არარსებობის შემთხვევაში“. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული მსჯელობითა და გადაწყვეტილებით ეროვნულმა სასამართლომ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია.

15. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განმცხადებელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის სიყალბე იქნებოდა დადგენილი, არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილების გაუქმება დაუშვებელია.

16. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების გაუქმება შეიძლება გამოიწვიოს არა თავისთავად დადგენილებამ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ, არამედ მასში ასახულმა დასკვნამ დოკუმენტის სიყალბის თაობაზე. აღნიშნული ფაქტის დადგენა კი, როგორც აღინიშნა, მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული განაჩენითაა შესაძლებელი.

17. ამდენად, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით საქმის წარმოების განახლების საფუძვლების შემოწმების აუცილებლობა არ არსებობს.

18. ასეც რომ არ იყოს, სსსკ-ის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემოხსენებული ნორმის საფუძველზე, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, მაშინ, როცა სასამართლო დაადგენს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებასა თუ მტკიცებულებაზე მითითება საქმის განხილვის დროს მხარეს ობიექტურად, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით არ შეეძლო.

19. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

20. სააპელაციო პალატის განმარტებით, ამ ნორმის საფუძველზე, განმცხადებელს უნდა დაესაბუთებინა, რომ საქმის არსებითად განხილვის დროს მის მიერ ახლად აღმოჩენილად მიჩნეული მტკიცებულების წარუდგენლობა და შესაბამის გარემოებაზე მიუთითებლობა სწორედ ზემოხსენებული მიზეზებით იყო გამოწვეული. დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ მიღებულია 2013 წლის 8 აგვისტოს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოიტანა 2017 წლის 14 მარტს, ე.ი. თითქმის ოთხი წლის შემდეგ. განმცხადებელმა ვერ დაამტკიცა, რომ ამ დროის განმავლობაში მას ზემოხსენებული დადგენილების მოპოვება და სასამართლოსათვის წარდგენა არ შეეძლო. ამის გამო, განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და საფუძვლები:

21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:

22. კერძო საჩივრის ავტორმა არ გაიზიარა გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა, რომ საქმის წარმოების განახლების საფუძველი ვერ გახდება სადავო დოკუმენტის სიყალბე, რადგან იგი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით არ დადასტურებულა და მხარემ წარადგინა მხოლოდ დადგენილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მოპასუხის გარდაცვალების გამო. მნიშნელოვანია ის გარემოება, რომ წარმოება შეწყდა არა იმიტომ, რომ მოპასუხის ბრალი ვერ დადგინდა, არამედ მისი გარდაცვალების გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

23. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

24. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მხარის მოთხოვნაზე უარის თქმის მართლზომიერება.

25. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობის კვლევისათვის, პირველ რიგში, ყურადღებაა გასამახვილებელი კანონის იმ დანაწესზე, რომელიც საქმის წარმოების განახლების საპროცესო სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს, ხოლო შემდგომ დასადგენია ამ საპროცესო მოქმედების განხორციელებისათვის კანონით გათვალისწინებული წანამძღვრების არსებობა.

26. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

27. სსსკ-ის 423-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს. თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.

28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებები იურიდიული ფაქტებია, რომლებიც არსებობდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მომენტში და დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საქმის სწორად გადასაწყვეტად, მაგრამ ეს გარემოებები არ იყო ცნობილი განმცხადებლისათვის. ამ გარემოებებზე (ფაქტებზე) დამოკიდებულია მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. ასეთი გარემოება უნდა შეეხებოდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დამთავრებულ საქმეზე განხილულ მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობას და ზეგავლენის მოხდენა უნდა შეეძლოს საქმეზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

29. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საკითხის გადასაწყვეტად კანონი არ მოითხოვს სასამართლოს მიერ კანონის გამოყენების სისწორის, ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების, მტკიცებულებათა შეფასების სისწორის შემოწმებას. „სასამართლოს მთავარი ამოცანაა გამოარკვიოს, არსებობს თუ არა სახეზე ახლად აღმოჩენილი გარემოებები მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში და დაადგინოს, მოახდინეს თუ არა მათ გავლენა გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების სისწორეზე“. (იხ. დამატებით: შ.ქ–ძე, ნ.ხ–ი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბილისი, 2015 წელი, 732.).

30. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი განცხადება ვერ მიიჩნევა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად, რადგან კანონმდებელი ასეთად მიიჩნევს მხარის მიერ ახალი გარემოებისა და მტკიცებულების, ანუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი ფაქტის (ფაქტობრივი ვითარების) და ისეთი მტკიცებულების შეტყობას, რომელიც საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე არსებობდა, ობიექტურად იყო უცნობი და საშუალო წინდახედულობის ფარგლებში მათი შეტყობა მხარისათვის შეუძლებელი იქნებოდა და ეს ფაქტი (ფაქტები) ცნობილი თუ იქნებოდა სასამართლოსათვის გადაწყვეტილების გამოტანის დროს, მაშინ სასამართლო გამოიტანდა საპირისპირო გადაწყვეტილებას (მთლიანად ან ნაწილობრივ). კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებს, რადგან საქმის წარმოების განახლება, როგორც საპროცესო მოქმედება, არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს და, ამდენად, გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების დამატებით საპროცესო მექანიზმს. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და ისიც კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (იხ. სუსგ 18.03.2021წ. საქმე №ას-7-2021).

31. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განმცხადებელს სწორად უთხრა უარი საქმის წარმოების განახლებაზე, ამასთანავე, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ფუნქციური დატვირთვით ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტია, რომლის უმთავრესი ამოცანა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის რეალურად არსებობაა. სასამართლო გადაწყვეტილება, ობიექტური და სუბიექტური ფარგლების გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, სავალდებულოა როგორც მოდავე მხარეთათვის, ისე ნებისმიერი სხვა პირისათვის, რომელთაც ერთმევათ უფლება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სამართლებრივი შედეგი კვლავ გახადონ სადავო (სსსკ მე-10 მუხლი, XXVIII თავი). ერთადერთი საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც დასრულებული საქმის წარმოება შესაძლოა განახლდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების გზით, როგორც უკვე ითქვა, გათვალისწინებულია ამავე კოდექსის მე-14 კარით და აღნიშნული, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ მართლმსაჯულების სხვა აქტის შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას, არამედ მიმართულია მხარის უფლებაზე, კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევების არსებობისას, როდესაც საქმის წარმოების განახლების საფუძველი განმცხადებლისათვის ობიექტურად იყო უცნობი საქმის წარმოების დასრულებამდე, არ აღმოჩნდეს არათანაბარ მდგომარეობაში. ამასთანავე, ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ ასეთი გარემოების არსებობა საკმარისი არაა და კანონმდებელი სავალდებულოდ მიიჩნევს, ერთი მხრივ, ამ გარემოების საფუძვლიანობის უტყუარად დადასტურებას და, მეორე მხრივ, საპროცესო ვადების დაცვას, რათა არ შეილახოს მართლმსაჯულების სტაბილური როლი (სსსკ 426-ე მუხლი) (იხ. 15.07.2015წ. საქმე №ას-582-553-2015).

32. განსახილველ საქმეზე მოპასუხის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეფუძნება 2013 წლის 8 აგვისტოს დადგენილებას სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ, რომლის მიხედვითაც „2003 წლის სექტემბერს დამზადებულ იქნა ყალბი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, რომელსაც იყენებდა ი.დ–ვი, რომელიც გარდაიცვალა 2010 წლის 28 აპრილს, ხოლო აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავე პირი პასუხისგებაში მიცემული არ ყოფილა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებიდან დღემდე გასულია 6 წელზე მეტი. შესაბამისად, გასულია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა.

33. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას წინამდებარე განცხადების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით ორი მიზეზით: საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი სამოქალაქო დავაზე წარმოების განახლების საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი დადგენა მოხდა სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული განაჩენით (იხ. სუსგ 30.01.2015წ. საქმე №ას-1240-1180-2014).

34. წარმოდგენილი განცხადების ფარგლებში მხარეს უნდა დაედასტურებინა, რომ მითითებული მტკიცებულება - დადგენილება მან საქმის განხილვის პროცესში ვერ მოიპოვა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, რაც განმცხადებელმა ვერ განახორციელა. როგორც სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ მიღებულია 2013 წლის 8 აგვისტოს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი თარიღდება 2017 წლის 14 მარტით. მოსარჩელემ ვერ დაასახელა სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული იმგვარი საპატიო მიზეზი, რამაც აღნიშნული დადგენილების საქმის არსებითად განხილვის პერიოდში მოპოვებასა და სასამართლოსათვის წარდგენაში ხელი შეუშალა.

35. მოცემულ შემთხვევაში კი ასეთი სასამართლო აქტი განცხადებელმა ვერ წარადგინა.

36. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.ს–ვის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე