საქმე №ას-756-2021 14 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს „ს.ბ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „პ-ვ 1“, გ.ჟ–ი, გ.ჩ–ი, შპს „მ.უ. ს.მ.გ.“, ი.ჟ–ი, ა.მ–ი, ე.გ–ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტა, ვალდებულებისშესრულება. იპოთეკითა და გირავნობით დატვირთული ქონების რეალიზაცია (თავდაპირველი სარჩელით), იპოთეკის შეწყვეტის რეგისტრაცია, იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა (შეგებებული სარჩელით), საკრედიტო ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება (შეგებებული სარჩელით)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს: შპს „ პ-ვ 1-ს“ და გ.ჟ–ს, 20/06/2013წ. NGCL000014063 გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების შემადგენელი 07/08/2014წ. N2127033 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების სახით მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 250631,39 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი დავალიანებაა 208131,69 აშშ დოლარი, დარიცხული პცენტი – 31785,76 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო – 10714,70 აშშ25 დოლარი. დავალიანების დაფარვის მიზნით, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა: მოპასუხეების – ი.ჟ–ის, გ.ჩ–ის, ე.გ–ას, ა.მ–ისა და შპს „მ.უ. ს.მ.გ-ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ასევე, დავალიანების დაფარვის მიზნით, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა მოპასუხე „პ-ვ 1-ის“ კუთვნილი გირავნობით დატვირთული მოძრავი ქონება: ფეროშენადნობთა სადნობი ღუმელი; საღუმელე ტრანსფორმატორი; კოჭურა ამწე სამტონიანი; კოჭურა ამწე ორტონიანი ჯალამბარით; ხვიმირა 5 კბ.მ კოჭურა ამწე 500 კგ; ელექტროდის ამწევ-დამწევი მოწყობილობა; ლითონის წყლის 2 ერთმანეთთან დაკავშირებული ავზი; ლითონის კარადა; ლითონის ავზი; ელექტრო კარადა (ძაბვის ტრანსფორმატორი); ელექტრო კარადა (ზეთიანი ამომრთველი). განიმარტა, რომ თუკი ზემოაღნიშნული ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს შპს „პ-ვ 1-ისა“ და გ.ჟ–ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე. მოსარჩელე, სს „ს.ბ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა 1728 ლარი, მის მიერ სარჩელზე 2016 წლის 24 ოქტომბერს №1527 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 ლარიდან. მოპასუხეებს – შპს „პ-ვ 1-ს“, გ.ჟ–ს, გ.ჩ–ს, ე.გ–ას, ა.მ–ს, შპს „მ.უ. ს.მ.გ-ს“, ი.ჟ–ს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 ლარიდან 3272 ლარის ანაზღაურება. გ.ჩ–ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შპს ,,პ-ვ 1-ის“, გ.ჟ–ის, ა.მ–ისა და ი.ჟ–ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სს „ს.ბ–ს“ აეკრძალა გ.ჩ–ის კუთვნილი უძრავი ქონების (ს.კ......) რეალიზაცია ნებისმიერ ფორმით, მათ შორის, კერძო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სს „ს.ბ–ს“ აეკრძალა ა.მ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ქ.თბილისი, ...... №16; ს.კ......... და ი.ჟ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ქ.თბილისი, ......, კორპ. 3, ბინა №20; ს.კ......., რეალიზაცია ნებისმიერ ფორმით, მათ შორის კერძო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. გ.ჩ–ის მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი, დარჩა გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში. შპს „პ-ვ 1“-ის, გ.ჟ–ის, ა.მ–ისა და ი.ჟ–ის მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარი, დარჩა გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.
2. აღნიშნული გადაწყვტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული გ.ჩ–ის, შპს „პ-ვ 1-ის“, გ.ჟ–ისა და ე.გ–ას მიერ.
განმცხადებლის მოთხოვნა:
3. 2020 წლის 12 ოქტომბერს საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა სს „ს.ბ–მა“ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების, სსსკ-ის 268-ე მუხლის შესაბამისად, დაუყოვნებლივ აღსასრულებოლად მიქცევის თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა და დაუყონებლივ აღსასრულებლად მიექცა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2-მე-5 პუნქტები მოპასუხეთა – შპს „პ-ვ 1-ის“, შპს „მ.უ. ს.მ.გ-ს“, ი.ჟ–ის, გ.ჟ–ის, ა.მ–ის, გ.ჩ–ისა და ე.გ–ას მიმართ, თანხის დაკისრების, იპოთეკა/გირავნობით დატვირთული ქონების იძულებით რეალიზაციის თაობაზე.
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინება, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, შპს „პვ 1-მა“, გ.ჩ–მა და გ.ჟ–მა გაასაჩივრეს კერძო საჩივრით და მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინების საფუძველზე დაწყებული 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებისა და 2020 წლის 28 დეკემბრის აღსრულების ქვემდებარე აქტის (სააღსრულებო ფურცელი) საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებაზე წარმოდგენილი კერძო საჩივრების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 მარტის განჩინებით, შპს "პვ 1"-ისა და გ.ჩ–ის კერძო საჩივრები მიღებულ იქნა განსახილველად.
7. კერძო საჩივრის ავტორებმა განმარტეს, რომ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას მოსარჩელეს არ უსარგებლია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მოთხოვნით. გ.ჩ–ის განმარტებით, მოთხოვნა დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე ეფუძნება ბათილ სახელშეკრულებო დათქმას, რა ნაწილშიც ნორმა სადავოა და მოცემული დროისათის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს, ხოლო 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებაზე წარმოდგენილ კერძო საჩივრებზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინების საფუძველზე დაწყებული 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების და 2020 წლის 28 დეკემბრის აღსრულების ქვემდებარე აქტის (სააღსრულებო ფურცლის) საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება უნდა შეჩერდეს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ე.გ–ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხოლო გ.ჩ–ის, შპს ,,პ-ვ 1-ის“ და გ.ჟ–ის სააპელაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინებით გ.ჩ–ისა და შპს „პვ 1-ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, №2/32558-16 სამოქალაქო საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინების საფუძველზე დაწყებული 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების და 2020 წლის 28 დეკემბრის აღსრულების ქვემდებარე აქტის (სააღსრულებო ფურცელი) საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება შეჩერდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებაზე წარმოდგენილი კერძო საჩივრების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 372-ე მუხლისა და 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კანონის ზემოაღნიშნული ნორმის ჩანაწერი გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც დაუყოვნებლივ აღსრულების შესაძლებლობა პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებაში და იგი არ წარმოადგენს დავის საგანს.
11. საქმის მასალებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, სს „ს.ბ–ის“ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა: შეწყდეს სს „ს.ბ–სა“ და შპს „პ-ვ 1-ს“ შორის 2013 წლის 20 ივნისს დადებული გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება და შპს „პ-ვ 1-სა“ და გ.ჟ–ს, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების სახით, სოლიდარულად დაეკისროთ 347064,04 აშშ დოლარის გადახდა; გადაწყვეტილების აღსრულება მოხდეს ი.ჟ–ის, გ.ჩ–ის, ე.გ–ას, ა.მ–ისა და შპს „მ.უ. ს.მ.გ-ს“ კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით.
12. გადაწყვეტილების აღსრულება მოხდეს შპს „პ-ვ 1-ის“ კუთვნილი, გირავნობით დატვირთული მოძრავი ქონების რეალიზაციის გზით. სასარჩელო განცხადებით მიეთითა, რომ თუკი ზემოაღნიშნული ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეოდა შპს ,,პ-ვ 1-ისა“ და გ.ჟ–ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.
13. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გ.ჩ–ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს: დაევალოს სს „ს.ბ–ს“, განახორციელოს გ.ჩ–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - ქ. თბილისი, .....გამზ. №14, ბინა №56 ს.კ........... იპოთეკის შეწყვეტის რეგისტრაცია; ბათილად იქნას ცნობილი სს ,,ს.ბ–სა” და გ.ჩ–ს შორის 21/06/2013წ. დადებული იპოთეკის ხელშეკრულების 8.2.2. პუნქტი და მე-9 მუხლი; ბათილად იქნას ცნობილი სს ,,ს.ბ–სა” და გ.ჩ–ს შორის 21/06/2013წ. დადებული იპოთეკის ხელშეკრულების 15.2 პუნქტის ის შინაარსი, რომლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
14. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების მერვე პუნქტით არ დაკმაყოფილდა გ.ჩ–ის შეგებებული სარჩელი, რომლითაც იგი ითხოვდა 21/06/2013წ. დადებული იპოთეკის ხელშეკრულების 15.2 პუნქტის იმ შინაარსის ბათილად ცნობას, რომლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
15. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება, გასაჩივრებულ იქნა გ.ჩ–ის, შპს „პვ I“-ისა და გ.ჟ–ის მიერ, ნიშანდობლივია, რომ გ.ჩ–ის სააპელაციო საჩივრით მიეთითა, რომ იგი ასაჩივრებს გადაწყვეტილებას 3.2; 8; 10 და 12 პუნქტებთან მიმართებით, ამასთან, ზემოაღნიშნული სააპელაციო საჩივრები პალატის მიერ წარმოებაში მიღებულ იქნა განსახილველად, მოცემული დროისათვის კი მხარეთა შორის მორიგების ფარგლებში არსებული მოლაპარაკებების გამო, საქმეზე არსებითი განხილვა არ დაწყებულა.
16. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყვნებლივ აღსასრულებლად მიექცა საქართველოს სამოქალაქო საპცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად.
17. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევისას სასამართლო დაეყრდნო სს „ს.ბ–სა“ და შპს „პ-ვ 1-ს“ შორის გაფორმებული 2013 წლის 20 ივნისის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ NGCL000014063 ხელშეკრულებას (5.2 პუნქტი), სს „ს.ბ–სა“ და გ.ჟ–ს შორის 2013 წლის 21 ივნისს გაფორმებული NGAS000014395 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებას (11.2 პუნქტი), სს „ს.ბ–სა“ და შპს „პ-ვ 1-ს“ შორის გაფორმებული 2014 წლის 11 აგვისტოს იპოთკეის NCAH000063774 ხელშეკრულებას (15.2 პუნქტი), სს „ს.ბ–სა“ და შპს „პ-ვ 1-ს“ შორის გაფორმებული 2014 წლის 11 აგვისტოს იპოთკეის NCAH000063773 ხელშეკრულებას (15.2 პუნქტი), სს „ს.ბ–სა“ და შპს „პ-ვ 1-ს“ შორის გაფორმებული 2014 წლის 11 აგვისტოს იპოთკეის NCAH000063776 ხელშეკრულებას (15.2 პუნქტი), სს “ს.ბ–სა“ და ი.ჟ–ს შორის გაფორმებული 2013 წლის 21 ივნისის იპოთკეის NCAH000014187 ხელშეკრულებას (15.2 პუნქტი), სს „ს.ბ–სა“ და ა.მ–ს შორის გაფორმებული 2013 წლის 20 ივნისის იპოთკეის NCAH000014080 ხელშეკრულებას (15.2 პუნქტი), სს „ს.ბ–სა“ და დ.ა–ძეს შორის გაფორმებული 2013 წლის 21 ივნისის იპოთკეის NCAH000014075 ხელშეკრულებას (15.2 პუნქტი), სს „ს.ბ–სა“ და გ.ჩ–ს შორის გაფორმებული 2013 წლის 21 ივნისის იპოთეკის NCAH000014338 ხელშეკრულებასა (15.2 პუნქტი) და სს „ს.ბ–სა“ და შპს „პ-ვ 1“-ს შორის გაფორმებული 2014 წლის 7 აგვისტოს გირავნობის NCAP000063483 ხელშეკრულებაში (15.2 პუნქტი) გამოვლენილ ნებას.
18. საქართველოს სამოქალაქო საპცესო კოდექსის 375-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. განჩინება ამის თაობაზე შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია აღსრულების შეჩერება, აღსრულების ღონისძიებების გაუქმება, აგრეთვე აღსრულების გაგრძელება უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიების გამოყენებით.
19. აღნიშნული ჩანაწერით, კანონმდებელი სააპელაციო სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, დროებით შეაჩეროს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილების აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებისას სასამართლომ ორივე მხარის კანონიერ ინტერესთა ურთიერთშეჯერებისა და ინტერესებს შორის ბალანსის უზრუნველყოფის საფუძველზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
20. სააპელაციო პალატამ, პირველ რიგში, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 მაისს მიღებული გადაწყვეტილება გ.ჩ–ის, შპს „პ-ვ 1-ს“, გ.ჟ–ის მიერ გასაჩივრებულია სააპელაციო წესით, ამასთან მიშვნელოვანია, რომ სააპელაციო სასამართლოში მხარეთა თხოვნის გათვალისწინებით არ დაწყებულა საქმეზე არსებითი განხილვა მორიგებით დავის დასრულების მიზნებიდან გამომდინარე.
21. ნიშანდობლივია, რომ გ.ჩ–ის სააპელაციო საჩივრით, გასაჩივრებულია გადაწყვეტილება 3.2; 8; 10 და 12 პუნქტების ნაწილში, ამასთან გადაწყვეტილების მე-8 პუნქტი ეხება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, რომლითაც შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ ეჭვქვეშაა დაყენებული დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით ჩანაწერის კანონიერება, ამასთან, მოსარჩელის მიერ სასარჩელო განცხადებით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით, მოთხოვნა არ დაყენებულა.
22. გ.ჩ–ის წარმომადგენლის მიერ ასევე განიმარტა, რომ ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სახელშეკრულებო დათქმის ბათილობის მოთხონა, მოცემული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა და ზემოდგომი ინსტანციების მიერ დათქმის ბათილობის საკითხი ჯერ კიდევ განსახილველია, ასეთ პირობებში კი, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსსკ-ის 268-ე მუხლის 11 ნაწილის წინაპირობა – „პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით“ არ შეიქმნა, ვინაიდან სადავოა თავად ხელშეკრულებაში ამ დათქმის არსებობა, ამასთან, მითითებული ნორმა, რომელიც ადგენს ბანკის სასარგებლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, რაშიც მოცემულ შემთხვევაში იგულისხმება იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია, არ შეიძლება ჩაითვალოს მესაკუთრის სამართლებრივი მდგომარეობის არათანაზომიერ გაუარესებად, რამდენადაც ხელშეკრულების ეს დათქმა გათვალისწინებულია საპცესო სამართლებრივი ნორმით და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გადაცემის საკითხი წყდება კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოს მიერ, სსსკ-ის 269-ე მუხლის შესაბამისად.
23. სსსკ-ის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მას, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განსაკუთრებულ შემთხვევაში უფლება აქვს, შეაჩეროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში განსაკუთრებულ გარემოებად უნდა ჩაითვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხეთათვის დაკისრებული თანხის ოდენობა (250631,39 აშშ დოლარი). სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მხარეთა შორის შესაძლებელია შედგეს მორიგება, ამის შესახებ მზაობას აპელანტები თავიანთ სააპელაციო საჩივარში გამოხატავენ, ასევე აღნიშნულზე მზაობა გამოიხატა სასამართლო სხდომაზე უშუალოდ სს „ს.ბ–ის“ მხრიდანაც. გარდა ზემოაღნიშნულისა, ნიშანდობლივია, რომ დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით ხელშეკრულების ჩანაწერი გ.ჩ–ის მიერ შედავებულა მატერიალურად და აღნიშნულზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ არის ნამსჯელი, ყოველივე ზემოაღნიშნულისა და მხარეთათვის სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის ხელშეწყობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შუამდგომლობის ავტორებმა სარწმუნოდ დაასაბუთეს ის ობიექტური გარემოებები, რაც მხარეთა საპცესო უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ურთიერთშეჯერების საფუძველზე აღსრულების შეჩერების წინაპირობას წარმოადგენს.
24. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ განმცხადებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, დაუყოვნებლივ აღსრულებამ შესაძლოა მხარეთა უფლებების ხელყოფა გამოიწვიოს, რის გამოც მიზანშეწონილია, შეჩერდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინების საფუძველზე 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება და 2020 წლის 28 დკემბრის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებაზე წარმოდგენილი კერძო საჩივრების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
25. ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ არ არსებობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აღსრულების შეჩერების დაუშვებლობის საფუძველი.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
26. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სს „ს.ბ–მა“ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
27. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მსესხებელმა – შპს „პ-ვ 1-მა“ და თავდებმა – გ.ჟ–მა ბანკის სარჩელი ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში ცნო. სადავოდ დარჩა პირგასამტეხლო, თუმცა, აღიარების მიუხედავად, მოპასუხეებს არსებული დავალიანების ოდენობა არ შეუმცირებიათ. ამასთან, იპოთეკის საგნის მესააკუთრეებს, ე.გ–ასა და გ.ჩ–ის გარდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ. ე.გ–ას სააპელაციო საჩივარი კი დარჩა განუხილველად. ამდენად, გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევა ლეგიტიმურია.
28. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა პირგასამტეხლოს 0.5%-დან 0.05%-მდე შემცირება. ბანკი ითხოვდა 107 147,05 აშშ დოლარის დაკირებას, რაც სასამართლომ, მხარის მოთხოვნისამებრ, 10 714,70 აშშ დოლარამდე შეამცირა. ამდენად, მოპასუხეთათვის დაკისრებული თანხის ოდენობა აღსრულების შეჩერების საფუძველი არ უნდა გახდეს.
29. მხარეთა შორის მორიგებაზე საუბარი მიმდინარეობდა 2016 წლიდან. 5 წლის განმავლობაში არსებული მოლაპარაკებების მიუხედავად, შეთანხმება ვერ მოხერხდა. საქმესთან დაკავშირებული ყველა სხდომა გადაიდო მორიგების მიღწევის მიზნით, თუმცა მხარეთა შეხვედრები უშედეგოდ მთავრდებოდა. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ მოცემულ ეტაპზე მხარეთა შორის მორიგება ვერ მოხდება, რის გამოც ბანკმა მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
30. კერძო საჩივრის ავტორი არ დაეთანხმა წინამდებარე განჩინების პუნქტ 22-ში ასახულ სააპელაციო პალატის მსჯელობას და მიიჩნია, რომ მსგვასი მიდგომა გამოიწვევს სამომავლოდ მხარეთა მიერ ხელშეკრულების იმ ნაწილის ბათილად ცნობას, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას ითვალისწინებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
31. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
32. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შეჩერების კანონიერება.
33. სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების წინაპირობებს შეეხება სსსკ-ის 268-ე მუხლი, რომლის 11 ნაწილის თანახმად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
34. სსსკ-ის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. განჩინება ამის თაობაზე შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია აღსრულების შეჩერება, აღსრულების ღონისძიებების გაუქმება, აგრეთვე აღსრულების გაგრძელება უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიების გამოყენებით.
35. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას სამოქალაქო საპცესო კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. განჩინება ამის თაობაზე შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია აღსრულების შეჩერება, აღსრულების ღონისძიებების გაუქმება, აგრეთვე აღსრულების გაგრძელება უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიების გამოყენებით. გარდა ამისა, ამავე კოდექსის 270-ე მუხლი წაგებულ მხარეს აღჭურავს უფლებით გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე წარადგინოს კერძო საჩივარი და ამ გზით შეეცადოს სადავო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას. საკასაციო პალატის განსჯით, სსსკ-ის 268-ე მუხლის 11 პუნქტის (ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც) საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობა კანონმდებელმა დამოუკიდებელი ნორმით მოაწესრიგა და იგი სსსკ-ის 375-ე მუხლის რეგულირების სფეროს დაუქვემდებარა (შდრ: სუსგ № ას-393-2021, 24 მაისი, 2021 წ.).
36. ამდენად, ზემოთ მითითებული ნორმის ძალით, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია: 1. გარკვეული ვადით შეაჩეროს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული და სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულება; 2. გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები; 3. გააგრძელოს აღსრულება უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიების გამოყენებით.
37. აღნიშნული ნორმის მიზანია, სსსკ-ის მე-5 მუხლით დაცული მხარეთა თანასწორობის პრინციპის რეალიზების მეშვეობით, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინოს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი.
38. განსახილველ საქმეზე სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერების ერთ-ერთ წინაპირობად მიუთითა, რომ არ დაწყებულა საქმეზე არსებითი განხილვა, რადგან ადგილი აქვს მხარეთა მზაობას, მორიგებით დაასრულონ დავა (იხ. წინამდებარე განჩინების პ.20).
39. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნულ მსჯელობას და როგორც გასაჩივრებული განჩინებიდან, საქმის მასალებიდან და წარმოდგენილი კერძო საჩივრიდან ირკვევა, მხარეებს შორის მუდმივად მიმდინარეობდა საუბარი შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით, რის გამოც გადაიდო არაერთი სასამართლო სხდომა, რასაც კერძო საჩივრის ავტორიც ადასტურებს (იხ. წინამდებარე განჩინების პ.29).
40. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. სსსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და უნდა მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ.
41. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მორიგების შედეგად უფრო მკვეთრად არის შესაძლებელი „სამართლიანობის“ აღდგენა, ვიდრე სადავო გადაწყვეტილების გამოტანისას, როდესაც ეს უკანასკნელი ხშირად ფორმალურ კრიტერიუმებზეა ორიენტირებული. მორიგებით შესაძლებელია იმ შედეგის მიღება, რომელსაც გადაწყვეტილების მიღებით ვერ მივიღებდით. მორიგებით დავის გადაწყვეტა ხელს უწყობს მხარეთა შორის ახალი ურთიერთობის დამყარებას და მშვიდობის აღდგენას.
42. მორიგება მოდავე მხარეთა შორის ხორციელდება და ორმხრივ ურთიერთდათმობას ემყარება. მორიგებისას აუცილებელია მხარეთა კონცენტრირება საერთო სასარგებლო და ორივე მხარისთვის მისაღებ შედეგზე. ორმხრივი ინტერესი ის უმთავრესი წინაპირობაა, რომელიც უმოკლეს დროში იძლევა მორიგების სამართლებრივ შედეგს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მორიგებისას „დამარცხებულის პოზიცია“ არ არსებობს და მორიგებაში მხარეთა სტატუსია „მორიგებულები“. მხარეებს შეუძლიათ გააკონტროლონ შედეგი, რომელიც მიიღწევა მოლაპარაკებით. ნებისმიერი მორიგების პცესის „ხიბლი“ სწორედ შედეგშია (The beauty of any negotiated settlement – finality – იხ: Stephen G. Crane., Judge Settlements Versus Mediated Settlements, Dispute Resolution Magazine, 2011, 22.).
43. მოსამართლის როლი და ფუნქცია უდიდესია მორიგების მიღწევის გზების სწორად შერჩევაში, მორიგების პროცესის წარმართვაში, პროცესის რეგულირებასა და მორიგების პირობების დამტკიცებაში. სამოქალაქო საქმის განმხილველი მოსამართლე მუდმივად უნდა ეცადოს საქმე მორიგებით დაასრულოს. მორიგების აქტი მხარეების სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების განკარგვის შესახებ წერილობითი დოკუმენტია (ხელშეკრულება). ის მოდავე მხარეთა მიერ გაფორმებულ სამართლებრივ შეთანხმებას წარმოადგენს. მორიგების აქტში აღინიშნება მხარეთა ნება, რომელიც თავისი შინაარსით ითვალისწინებს ორმხრივ დათმობებს საერთო, სასარგებლო მიზნის მისაღწევად.
44. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ მოცემულ ეტაპზე მხარეთა შორის მორიგება ვერ მოხდა ( იხ. წინამდებარე განჩინების პ. 29), სააპელაციო პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება. აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს სააპელაციო სასამართლო 2020 წლის 28 დეკემბრის განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივრების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
45. კერძო საჩივრის დაკმაყოფილებას ვერ გამოიწვევს მხარის ვერც ის არგუმენტი, რომ სააპელაციო პალატის წინამდებარე განჩინების პ. 22-ში ასახული მსჯელობა, გამოიწვევს სამომავლოდ მხარეთა შეთანხმებაში სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებად მიქცევის თაობაზე დათქმის კანონიერებაზე დავას და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებად მიქცევა შეუძლებელი გახდება.
46. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის განხილვისას სასამართლო მხედველობაში მიიღებს ყოველი კონკრეტული საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს, აფასებს მათ სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით და არსებული ფაქტების ერთობლიობაში გაანალიზების შემდეგ იღებს ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილებას. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინება დააფუძნა რამდენიმე გარემოების ერთობლივად შეფასებას, კერძოდ: პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხეთათვის დაკისრებული თანხის ოდენობა; მხარეთა შორის მორიგების შესაძლებლობა; დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით ხელშეკრულების ჩანაწერის გ.ჩ–ის მიერ მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით შედავების ფაქტი, რაზეც ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია. ( იხ. წინამდებარე განჩინების პ:22-23).
47. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 მაისის გადაწყვეტილების დაუონებლივ აღსრულების შეჩერების მართლზომიერებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნულის საწინააღმდეგო არგუმენტზე, კერძო საჩივრის ავტორმა დასაბუთებულად ვერ მიუთითა.
48. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
49. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს.ბ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე