Facebook Twitter

საქმე № ა-1532-შ-33-2021 6 სექტემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ქ.შ–ნა

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ს–ნი

განკარგულება/გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს - რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის პრესნის რაიონული სასამართლოს 18.11.2020წ. დროებითი განკარგულება და ამავე სასამართლოს 21.01.2021წ. გადაწყვეტილება

დავის საგანი - არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა ქ.შ–ნას (შემდეგში "შუამდგომლობის ავტორი") წარმომადგენელმა რ.პ–ძემ და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის პრესნის რაიონული სასამართლოს 18.11.2020წ. დროებითი განკარგულების და ამავე სასამართლოს 21.01.2021წ. გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.04.2021წ. განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინა:

1) რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის პრესნის რაიონული სასამართლოს 21.01.2021წ. გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი;

2) ცნობა რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის პრესნის რაიონული სასამართლოს 21.01.2021წ. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის და იმის შესახებ, რომ იგი არ აღსრულებულა;

3) ცნობა მასზე, რომ მოპასუხე მხარე სათანადოდ იყო ინფორმირებული სასამართლო განხილვის შესახებ; მასვე უნდა დაეზუსტებინა მოპასუხის - ს.ს–ნის საცხოვრებელი მისამართი.

გათვალისწინებით იმისა, რომ შუამდგომლობის ავტორი ერთდროულად ითხოვდა დროებითი განკარგულების და შემაჯამებელი გადაწყვეტილების (ასეთად მითითებული იყო 21.01.2021წ. გადაწყვეტილება) ცნობას და აღსრულებას, სასამართლომ განმარტა: იმის გასარკვევად, ამ ეტაპზე რამდენად არსებობს დროებითი განკარგულების ცნობის და აღსასრულებლად მიქცევის საფუძველი, უნდა დადგინდეს, მიღებულია თუ არა საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება და შესულია თუ არა იგი კანონიერ ძალაში (ს.ფ.34-38).

3. 18.05.2021წ. ფოსტის მეშვეობით წარმოდგენილ იქნა განცხადება (განცხადება ფოსტას ჩაბარდა 14.05.2021წ.). შუამდგომლობის ავტორმა დაწესებული ხარვეზი ნაწილობრივ შეივსო (წარმოადგინა მონაცემები მასზე, რომ მოპასუხე სათანადოდ იყო ინფორმირებული სასამართლო განხილვის შესახებ; სასამართლოს ეცნობა მოპასუხის საცხოვრებელი მისამართი), იშუამდგომლა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე (ს.ფ.48-72).

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.05.2021წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად ვადა გაგრძელდა 20 დღით (ს.ფ.73-76).

5. 05.07.2021წ. შუამდგომლობის ავტორმა ფოსტის მეშვეობით წარმოადგინა განცხადება (განცხადება ფოსტას ჩაბარდა 02.07.2021წ.), რომელსაც თან ერთვის: ა) სასამართლო აღმასრულებლის 08.06.2021წ. წერილი და მისი დამოწმებული თარგმანი; 2) რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის პრესნის რაიონული სასამართლოს 18.11.2020წ. დროებითი განკარგულების დამოწმებული ასლი და მისი დამოწმებული თარგმანი; 3) რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის საერთო იურისდიქციის მეორე საკასაციო სასამართლოს 11.06.2021წ. განჩინება და მისი დამოწმებული თარგმანი (ს.ფ.79-99).

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.07.2021წ. განჩინებით შუამდგომლობის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით და დაევალა წარმოედგინა: 1) რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის პრესნის რაიონული სასამართლოს 21.01.2021წ. გადაწყვეტილების დედანი ან მისი დამოწმებული ასლი; 2) ასევე ცნობა რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის პრესნის რაიონული სასამართლოს 21.01.2021წ. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისა (შესაბამისად, თუ ეს გადაწყვეტილება არ არის კანონიერ ძალაში შესული, შესაბამისი ინფორმაცია) და იმის შესახებ, რომ იგი არ აღსრულებულა (ს.ფ.100-103).

7. 11.08.2021წ. ფოსტის მეშვეობით წარმოდგენილ იქნა განცხადება (განცხადება ფოსტას ჩაბარდა 10.08.2021წ.), რომლითაც შუამდგომლობის ავტორმა განმარტა, რომ რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის პრესნის რაიონული სასამართლოს 21.01.2021წ. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ არის შესული და შესაბამისად, არ აღსრულებულა (ს.ფ.107-129).

8. მოსამართლე თ. ზამბახიძე 02.08.2021 წლიდან იმყოფებოდა შვებულებაში. შესაბამისად, წინამდებარე განჩინება მიღებულია შვებულების პერიოდის ამოწურვის შემდეგ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

10. სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ 1993 წლის მინსკის კონვენციით (შემდეგში "კონვენცია"). კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს.

11. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორი ითხოვს საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსრულდეს რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის პრესნის რაიონული სასამართლოს 18.11.2020წ. განჩინება/დროებითი განკარგულება, რომლითაც არასრულწლოვნის, ვ.ს. ასულ ს-შ–ას (დაბადებული 27.03.2015წ. ქ. მოსკოვში) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი, სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდში.

12. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილ იქნა რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის საერთო იურისდიქციის მეორე საკასაციო სასამართლოს 11.06.2021წ. განჩინების დამოწმებული ასლი, რომლითაც ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის პრესნის რაიონული სასამართლოს 18.11.2020წ. განჩინება/დროებითი განკარგულება დარჩა უცვლელად (ს.ფ.91-98).

13. 11.08.2021წ. წარმოდგენილი განცხადებით შუამდგომლობის ავტორი აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის პრესნის რაიონული სასამართლოს 21.01.2021წ. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ არის შესული და შესაბამისად, არ აღსრულებულა. საქმეზე, რომელზეც გამოტანილია დროებითი განკარგულება, ამ ეტაპისათვის წარმოება დასრულებული არ არის - არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

14. ამდენად, არსებობს რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის პრესნის რაიონული სასამართლოს 18.11.2020წ. დროებითი განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განსახილველად მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

15. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის პრესნის რაიონული სასამართლოს 21.01.2021წ. გადაწყვეტილების ცნობის და აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნას, რადგან იგი კანინიერ ძალაში შესული არ არის, შუამდგომლობა ამ ნაწილში განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული. კონვენციის 53-ე მუხლის საფუძველზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის ფაქტის დადასტურება მისი წარმოებაში მიღების სავალდებულო წინაპირობაა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა კონვენციის 51-55-ე მუხლებით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე მუხლით, სსსკ-ის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ.შ–ნას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის პრესნის რაიონული სასამართლოს 18.11.2020წ. დროებითი განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნეს განსახილველად.

2. შუამდგომლობა და თანდართული მასალები გაეგზავნოს მოწინააღმდეგე მხარეს.

3. მასვე განემარტოს, რომ: მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში აქვს აზრის გამოთქმის უფლება; ზეპირი განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ამას მოითხოვს.

4. მხარეებს განემარტოთ, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში აცნობონ საქართველოს უზენაეს სასამართლოს ამის თაობაზე, რადგან დროებითი განკარგულება მოქმედებს შემაჯამებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

5. ქ.შ–ნას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის პრესნის რაიონული სასამართლოს 21.01.2021წ. გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების ნაწილში დარჩეს განუხილველად.

6. შემაჯამებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორს უფლება აქვს კვლავ მომართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს მისი ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნით.

7. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე