10 სექტემბერი, 2021 წელი
საქმე№ა-3843-შ-104-2021 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა.ბ–ნი (შ.პ.ს. ,, G-A-E.”-ის სახელით)
მოწინააღმდეგე მხარე – ინდივიდუალური მეწარმე ჯ.ჩ–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას
მოითხოვს მხარე – უზბეკეთის რესპუბლიკის, ჯიზაკის ეკონომიკურ საქმეთა რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. უზბეკეთის რესპუბლიკის, ჯიზაკის რაიონის სამეურნეო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. ,, G-A-E.”-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ინდვიდუალურ მეწარმე ჯ.ჩ–ძეს შ.პ.ს. ,, G-A-E.”-ის სასარგებლოდ დაეკისრა, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მიწოდებული პროდუქტის ღირებულების _ 13032.45 ა.შ.შ. დოლარის და პირგასამტეხლოს _ 5734 ა.შ.შ. დოლარის გადახდა. ჯიზაკის რაიონის სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2021 წლის 16 მარტს.
2. შ.პ.ს. ,, G-A-E.”-ის დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ა.ბ–ნმა ჯიზაკის რაიონის სამეურნეო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ს.ს.ი.პ. აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2021 წლის 07 აპრილს, საიდანაც მას დაუბრუნდა დოკუმენტები და 2021 წლის 15 აპრილის წერილით განემარტა, რომ აღნიშნული დოკუმენტებით უნდა მიემართა საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის.
3. 2021 წლის 02 აგვისტოს, საფოსტო განყოფილებიდან საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა ა.ბ–ნის მიერ 2021 წლის 30 ივლისს ს.ს. ,,ს.ფ–თვის“ ჩაბარებული უზბეკეთის რესპუბლიკის, ჯიზაკის ეკონომიკურ საქმეთა რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება თანდართული დოკუმენტებით.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 05 აგვისტოს განჩინებით ა.ბ–ნის დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა, საქართველოს უზენაეს სასამართლოში განჩინების ჩაბარებიდან 20 (ოცი) დღის ვადაში წარმოედგინა: 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილი შუამდგომლობა, რომელიც უნდა შეიცავდეს: 1) სასამართლოს დასახელებას, რომლის სახელზედაც შედგენილია შუამდგომლობა; 2) იმ პირის დასახელებასა და მისამართს, რომელსაც შეაქვს შუამდგომლობა; 3) მოწინააღმდეგე მხარის გვარს, სახელს, მისამართს; 4) გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას და მითითებას ამ გადაწყვეტილების დამდგენ სასამართლოზე; 5) მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილზე ითხოვს შუამდგომლობის ავტორი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაში არის იგივე გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შუამდგომლობა სასამართლო ხარჯების ნაწილში); 6) მითითებას იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებსაც ემყარება შუამდგომლობა; 7) შუამდგომლობაზე დართულ წერილობითი მასალების ნუსხას; 8) შუამდგომლობის შემტანი პირის ხელმოწერას; და 2. შ.პ.ს. ,, G-A-E.”-ის ამონაწერი მარეგისტრირებელი ორგანოდან, დირექტორის (წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის) მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობა, ან მინდობილობის გაცემის შემთხვევაში, მინდობილი პირის მიერ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამავე განჩინებით შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, შუამდგომლობა განუხილველად დარჩებოდა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 05 აგვისტოს განჩინება, ა.ბ–ნის პირადად ჩაჰბარდა 2021 წლის 11 აგვისტოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
7. განსახილველ შემთხვევაში 2021 წლის 02 აგვისტოს, საფოსტო განყოფილებიდან საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა ა.ბ–ნის მიერ 2021 წლის 30 ივლისს ს.ს. ,,ს.ფ–თვის“ ჩაბარებული უზბეკეთის რესპუბლიკის, ჯიზაკის ეკონომიკურ საქმეთა რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება თანდართული დოკუმენტებით.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 05 აგვისტოს განჩინებით ა.ბ–ნის დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა, საქართველოს უზენაეს სასამართლოში განჩინების ჩაბარებიდან 20 (ოცი) დღის ვადაში წარმოედგინა წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტები. ამავე განჩინებით შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, შუამდგომლობა განუხილველად დარჩებოდა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 05 აგვისტოს განჩინება ა.ბ–ნის მის მიერ საფოსტო კონვერტზე მითითებულ მისამართზე პირადად ჩაჰბარდა 2021 წლის 11 აგვისტოს.
10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
11. ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ გზავნილი შუამდგომლობის ავტორს პირადად ჩაჰბარდა სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 20-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2021 წლის 12 აგვისტოს და ამოიწურა 2021 წლის 31 აგვისტოს. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
12. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
14. საკასაციო სასამართლო დამატებით განუმარტავს მხარეს, რომ სსსკ-ის 278-ე მუხლის თანახმად, შუამდგომლობის განუხილველად დატოვება მხარეს არ ართმევს უფლებას, რომ ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე შუამდგომლობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ბ–ნის (შ.პ.ს. ,, G-A-E.”-ის სახელით) შუამდგომლობა უზბეკეთის რესპუბლიკის, ჯიზაკის ეკონომიკურ საქმეთა რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი