საქმე №ა-4078-შ-114-2021 14 სექტემბერი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალტის
მოსამართლე
ლევან მიქაბერიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ი.ხ–ის შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხი რ.გ–ეს მიმართ, განქორწინების თაობაზე გერმანიის, მიუნხენის საოლქო სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების (საქმე №513 F 5098/19) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
გერმანიის, მიუნხენის საოლქო სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმე №513 F 5098/19) ი.ხ–სა და რ.გ–ეს შორის 2014 წლის მაისს, დანიაში, სამოქალაქო რეესტრის ოფის აერო კომუნეში გაფორმებული ქორწინება შეწყდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში რეგისტრირებულია ი.ხ–ის განცხადება, რომელსაც თან ერთვის სათანადო წესით დამოწმებული მიუნხენის საოლქო სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება (საქმე №513 F 5098/19).
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საპროცესო საკითხები განიხილება სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.
ამავე კოდექსის 178-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სარჩელი (განცხადება) ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელის მიერ, ხოლო იმავე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, სარჩელში/შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს მოსარჩელის მოთხოვნა, კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს.
მოცემულ შემთხვევაში, ი.ხ–ის სახელით უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, მხოლოდ პირის სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონის ნომრი, რის გამოც ის არ აკმაყოფილების კანონის მოთხოვნებს, კერძოდ, არაა აღნიშნული განმცხადებლის მოთხოვნა და ამ მოთხოვნის საფუძვლები, ასევე განცხადება არაა ხელმოწერილი არც ი.ხ–ის და არც მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე შუამდგომლობის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს რა კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, მის ავტორს უარი უნდა ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევას, კერძოდ, წარმოადგენს სსსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილ შუამდგომლობას დასაბუთებული მოთხოვნით და უფლებამამოსილი პირის მიერ ხელმოწერილს, მას უფლება აქვს, საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.ხ–ს უარი ეთქვას განცხადების (შუამდგომლობის) განსახილველად მიღებაზე.
2. განმცხადებელს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დედანი დოკუმენტები.
3. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ლევან მიქაბერიძე