Facebook Twitter

საქმე №ას-591-2020 01 ივნისი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ე.მ–ვა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.12.2019წ. განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ე.მ–ვამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „დასაქმებული“ ან „სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი“) სარჩელი აღძრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (ამჟამად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“, „დამსაქმებელი“ ან „სამინისტრო“)) წინააღმდეგ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. მოსარჩელის მითითებით, 27.04.2007 წლიდან, მას შემდეგ, რაც ყოფილი დირექტორი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ასრულებდა სკოლის დირექტორის მოვალეობას, 26.04.2010წ. ბრძანებით დაინიშნა სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის სკოლის (შემდეგში „სკოლა“) დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად.

2.2. მოპასუხის 03.07.2018წ. №76/კ ბრძანებით მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა. გათავისუფლებას საფუძვლად დაედო შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 28.06.2018წ. მოხსენებითი ბარათი.

2.3. მოსარჩელე არ ეთანხმება მოხსენებით ბარათში მითითებულ დარღვევებს და განმარტავს, რომ დირექტორის მოვალეობის შესრულების მთელი პროცესის მანძილზე სკოლაში არცერთი დარღვევა არ გამოვლენილა. იგი კანონისა და დირექტორის ეთიკის წესების ზედმიწევნით დაცვით მართავდა სკოლას.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი.

3.2. მოპასუხის შიდა აუდიტის დეპარტამენტის №2806181200 დასკვნაში (შემდეგში „შიდა აუდიტის დასკვნა“) და მის საფუძველზე შედგენილ შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 28.06.2018წ. მოხსენებით ბარათში (შემდეგში „მოხსენებითი ბარათი“) ასახული და დასაბუთებულია მოსარჩელის მიერ სკოლის დირექტორის მოვალეობის შესრულების პროცესში აღმოჩენილი დარღვევები, რომლებიც დირექტორის კონტროლის სფეროს განეკუთვნება და მისი პასუხისმგებლობის საფუძველია.

3.3. აღნიშნული უნდა შეფასდეს დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეშ დარღვევად, რაც საკმარისია მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

4.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 18.10.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ბრძანება და მოსარჩელე აღდგენილ იქნა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე; 03.07.2018 წლიდან სამსახურში აღდგენამდე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის - ყოველთვიურად 720 ლარის ანაზღაურება.

4.2. სკოლაში ინსპექტირება ჩატარდა 14.02.2018წ. ბრძანების საფუძველზე და შემოწმების პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის იანვრიდან 23.02.2018 წლამდე. სკოლაში დასაქმებულია მრავალი პირი, სწავლობს ასეულობით მოსწავლე და ლოგიკურია, რომ დარღვევები, შესაძლოა, იყო განმეორებადი და არაერთი. მნიშვნელოვანია, დადგინდეს, იყო თუ არა თითოეული დარღვევა უხეში. ამის დადასტურება ვერ შეძლო მოპასუხემ, რაც მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა. ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი სიხშირის, სიმძიმისა და, რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით.

5. სააპელაციო საჩივრით დამსაქმებელმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 20.12.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5.2. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ისეთი ქმედების ჩადენა, რაც ობიექტურად გაამართლებდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას და დარღვევა პროპორციული იქნებოდა მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, შესაბამისად, დამსაქმებელს არ ჰქონდა უფლებამოსილება, დასაქმებულთან შეეწყვიტა შრომითი ურთიერთობა.

6. გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:

6.1. აუდიტის დასკვნით დასტურდება, რომ მოსარჩელე ვერ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, რის გამოც გათავისუფლდა თანამდებობიდან. აშკარაა ქცევის სტანდარტის ისეთი დარღვევა, რაც დასაქმებულის მიმართ დამსაქმებლის ნდობას აქარწყლებს, ამასთან, ვლინდება სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევა, რომელიც მისთვის უფრო მსუბუქი სახის სანქციის შეფარდებას გამორიცხავდა და სამსახურიდან გათავისუფლება დარღვევის ადეკვატური ღონისძიებაა.

6.2. სასამართლომ მსჯელობის მიღმა დატოვა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით და მოსარჩელის ახსნა-განმარტებით გამოვლენილი ფაქტი, რომ მოსარჩელემ 17.09.2007 წლიდან სკოლაში მასწავლებლად დაასაქმა შვილი და 15.09.2009 წლამდე მასთან შრომითი ხელშეკრულება წერილობით არ გაფორმებულა, ეს საკითხი სამეურვეო საბჭოსთანაც არ შეთანხმებულა, რაც საჭირო იყო ინტერესთა კონფლიქტის გამოსარიცხად.

6.3. სააპელაციო სასამართლოს სათანადოდ არ გამოუკვლევია ატესტატების საკითხი, კერძოდ, გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან 06.08.2008 წელს №34 გასავლის ზედდებულით მიღებული და შეუვსებელი ატესტატის გარდა სკოლაში ინახებოდა საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების შევსებული ატესტატიც.

6.4. სასამართლოს არ უმსჯელია შიდა აუდიტის დასკვნაში ასახულ ინსპექტირებისას გამოვლენილ კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ დარღვევებზე. ინსპექტირების ჯგუფმა 15.02.2018 წელს და 22.02.2018 წელს მოსარჩელესთან ერთად დაათვალიერა სკოლის შენობა და ტერიტორია, რაზეც 16 და 22 თებერვალს შედგა შესაბამისი ოქმები, რომელთა სისწორე მოსარჩელემ ხელმოწერით დაადასტურა. დათვალიერებისას გაირკვა, რომ არ კონტროლდებოდა უცხო პირთა შესვლა სკოლის ტერიტორიაზე; შესვენების დროს, საკვების შეძენის მიზნით, ბავშვები გავიდნენ სკოლის ეზოს გარეთ; სკოლის ფასადი დაზიანებულია, სამშენებლო მასალები ჩამოშლილია; ეზოში მდებარეობს უფუნქციო ღია აუზი, ნაწილობრივ ამოვსებულია მიწით, შიგნით ყრია ქაღალდები და შუშის ნამსხვრევები (აუზის ტერიტორია არ არის შემოსაზღვრული); ეზოში მდგარ მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორის ოთახს არ აქვს კარი და არ არის დაცული შეღწევისაგან; სტადიონთან განთავსებულია შემოუსაზღვრელი საქვაბის შენობის ნანგრევები და საკვამური მილი; ავარიულ სპორტული დარბაზის შენობებს მოხსნილი აქვთ ფანჯრები და არ არის დაცული მოსწავლეების შეღწევისაგან; სკოლის პირველი სართულის ფანჯრების ქვემოთ განთავსებულია საჰაეროები, რომლებიც არ არის დაცული შეღწევისაგან; სკოლის შენობაში არ არის გათბობის სისტემა, სკოლა შეშის ღუმლით თბება; სამსართულიან ნაგებობაში ტუალეტები არ არის და შენობიდან 100 მეტრში მდებარეობს, აქვს ორი შესასვლელი კარი (ქალთა და მამაკაცთა), რომლებითაც სარგებლობენ როგორც მასწავლებლები და სკოლის პერსონალი, ისე მოსწავლეები; შემოწმებისას არ მოდიოდა წყალი, იდგა მძაფრი, არასასიამოვნო სუნი; ტუალეტებში არ არის შეყვანილი ელექტროენერგია, შუქი შედის მხოლოდ სარკმლიდან; კარს არ აქვს საკეტი და სახელური; სკოლის ეზოში არის ჭა, საიდანაც წყალი უნდა მიეწოდებოდეს ტუალეტებს, მაგრამ არ მიეწოდება; შენობის შესასვლელის მარჯვენა მხარეს დერეფანში აწყვია ლურსმნიანი ფიცრები, რომლებიც მოსწავლეთა შეხებისგან დაუცველია; მეორე სართულის მარცხენა ფლიგელში, პირველ კლასთან და მესამე სართულის მარცხენა ფლიგელში, მეშვიდე და მეთორმეტე კლასებს შორის და მესამე სართულის დერეფნის ბოლოს, მეექვსე კლასთან, ერთმანეთზე ალაგია მოჭრილი ძველი რადიატორები მოსწავლეთა შეხებისგან დაუცველად; არ არის მოწყობილი სპორტული მოედანი, ეზოში მხოლოდ კალათბურთის ძველი, ბადის გარეშე ფარები და ფეხბურთის ორი კარია; დამონტაჟებულია ძველი სავარჯიშო ლითონის ძელები.

6.5. სკოლას ჰქონდა ხარვეზის აღმოსაფხვრელად აუცილებელი ღონისძიებებისათვის საჭირო ფინანსური რესურსი, რათა უზრუნველეყო მოსწავლეთა უსაფრთხოება. აღნიშნული მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა, რაც არ განხორციელებულა. მოსარჩელის განმარტება მასზე, რომ მოსწავლეები გააფრთხილეს, არ გაჰკარებოდნენ ნანგრევებს, არ შესულიყვნენ ავარიულ შენობაში, არ მისულიყვნენ აუზთან, ვერ მიიჩნევა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვის კუთხით საკმარისი ზომების მიღებად და მიუთითებს სამსახურებრივი მოვალეობებისადმი ზედაპირულ, გულგრილ დამოკიდებულებაზე. მხოლოდ ინსპექტირების შემდგომ, ისიც ნაწილობრივ აღმოიფხვრა ხარვეზი (ამოივსო საჰაეროები, დასუფთავდა აუზის ტერიტორია, შემოიღობა ავარიული შენობა, შეკეთდა ტუალეტების კარებებზე დაზიანებული საკეტები).

6.6. სასამართლოს მსჯელობის მიღმა დარჩა ის ფაქტი, რომ სკოლაში დარღვეული იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 06.01.2012წ. 05/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის“ მესამე და მეოთხე პუნქტები.

6.7. 2017-2018 სასწავლო წელს, I და VII კლასებში მოსწავლეთა რაოდენობამ შეადგინა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტი, ისე, რომ კლასებში მოსწავლეთა მაქსიმალურ ოდენობასთან დაკავშირებით გამონაკლისი არ იყო წერილობით შეთანხმებული მოპასუხესთან.

6.8. დარღვევები აღმოჩნდა სხვადასხვა საქონლის, სამუშაოსა და მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულებებში, არ არის მითითებული გამარტივებული შესყიდვის საფუძველი, ვადა და ა.შ.

6.9. არასათანადოდ წარმოებდა ინვენტარიზაციაც. აღწერისას ინვენტარის სრული დასახელება, დანიშნულება და ძირითადი ტექნიკური ან საექსპლუატაციო მაჩვენებლები არ ეთითებოდა, აქტივები ცალ-ცალკე არ აღირიცხებოდა, ზოგ ინვენტარზე არ აღინიშნებოდა შესაბამისი ნომერი და ა.შ.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.05.2021წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს.

9. სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

9.1. მოსარჩელე 27.04.2007 წლიდან, მას შემდეგ, რაც ყოფილი დირექტორი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ასრულებდა მის მოვალეობას, 26.04.2010წ. ბრძანებით კი დაინიშნა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად და მისი საშტატო თანამდებობრივი ანაზღაურება შეადგენდა 720 ლარს (ტ.1, ს.ფ.30, 31).

9.2. 14.02.2018წ. №134 ბრძანებით, მოქალაქე ჯ. მ–ვის განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლის მიზნით დადგინდა სკოლის ინსპექტირება, რომელიც დაევალათ შიდა აუდიტის დეპარტამენტის სპეციალისტებს (ტ.2, ს.ფ.43,44).

9.3. მომზადდა აუდიტის დასკვნა, რომელშიც აისახა აღმოჩენილი დარღვევები და მიეთითა შესაბამისი საფუძველი (ტ.1, ს.ფ.211-225; ტ.2, ს.ფ.2-39);

9.4. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა 28.06.2018წ. მოხსენებითი ბარათით მიმართა მინისტრს, სადაც დეტალურად აღწერა კონკრეტული დარღვევები და გასცა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების რეკომენდაცია (ტ.1, ს.ფ.198-210).

9.5. 03.07.2018წ. №76/კ ბრძანებით მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა. აღნიშნულის საფუძვლად დამსაქმებელმა მიუთითა შემდეგი:

9.5.1. სამართლებრივი საფუძველი - საქართველოს შრომის კოდექსის ((შემდეგში სშკ) (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დასაქმებულის გათავისუფლების მომენტში მოქმედი რედაქციით) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა) და ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში „სპეციალური კანონი“ (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სპეციალური კანონის ნორმები დასაქმებულის გათავისუფლების მომენტში მოქმედი რედაქციით)) 49-ე მუხლის მე-9 პუნქტი (ამ მუხლის მე-6, 61 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესებით, აგრეთვე, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისას სკოლის სამეურვეო საბჭოს/საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დირექტორისათვის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში უფლებამოსილებაშეწყვეტილ პირს 3 წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, დაიკავოს საჯარო სკოლის დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დირექტორის მოადგილის თანამდებობა, ასევე, ნებისმიერი სხვა თანამდებობა საჯარო სკოლის დირექციაში).

9.5.2. ფაქტობრივი საფუძველი - მოხსენებითი ბარათი, ანუ მოხსენებით ბარათში აღწერილი დარღვევები (ტ.1, ს.ფ.48,49).

10. საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება, კერძოდ, გამოვლენილი გადაცდომა/გადაცდომები იძლეოდა თუ არა იმის საფუძველს, რომ დამსაქმებელს მოეშალა ხელშეკრულება და უარყოფით შემთხვევაში, არსებობს თუ არა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის წინაპირობა.

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის მიერ უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა: მნიშვნელოვანია, რომ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით დადგინდეს დასაქმებულის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (სუსგ Nას-861-861-2018, 25.09.2018წ.; სუსგ Nას-416-399-2016, 29.06.2016). სასამართლო ზედამხედველობის ფარგლებში ყოველთვის უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, რომლებზე დაყრდნობითაც განისაზღვრება დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების მოშლის შესახებ გამოვლენილი ცალმხრივი ნების კანონიერების, თანაზომიერების საკითხი (სუსგ №ას-887-854-2016, 08.02.2019წ.).

12. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც ამახვილებს ყურადღებას, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, მოპასუხეა ვალდებული, სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს მოსარჩელის მიერ მასზე ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევის ფაქტები, რაც მითითებული სამართლებრივი საფუძვლით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ წინაპირობად იქნება მიჩნეული (სუსგ. Nას-1483-2019, 19.12.2019წ.).

13. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (სუსგ №ას-941-891-2015, 29.01.2016წ.). ამასთან, დასაქმებულისათვის სასარგებლო წესთა უპირატესობა არ გულისხმობს დამსაქმებლის მიერ დასაბუთებული გათავისუფლების საფუძვლების და შესაბამისი მტკიცებულებების კვლევის გარეშე უარყოფას.

14. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი სასამართლო შემოიფარგლა ზოგადი დასკვნებით და ისე მიიჩნია სარჩელი საფუძვლიანად, რომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია, სათანადოდ არ შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები (სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი) არ დაადგინა საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება.

15. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზე, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, რაც მას განსაკუთრებული ყურადღებით, გულისხმიერებით, კანონისა და დირექტორის ეთიკის წესების ზედმიწევნით დაცვით ავალდებულებდა სკოლის მართვას (სუსგ №ას-514-2019, 04.10.2019წ., 26; №ას-641-2020, 18.09.2020წ., 24). ხსენებული პოზიცია ასევე მოიცავს დირექტორის მენეჯერული უნარების ქონას, რომელიც მის დაქვემდებარებაში მყოფი პირების საქმიანობის კონტროლსა და ზედამხედველობასაც გულისხმობს (საქმე №ას-1219-2018, 22.11.2019წ., 1.4).

16. მოხსენებით ბარათში აღწერილი დარღვევები შინაარსობრივად შეიძლება დაიყოს და შეფასდეს გარკვეულ კატეგორიებად, კერძოდ:

16.1. სკოლაში აღმოჩენილ იქნა 06.08.2008წ. სკოლის მიერ რესურსცენტრიდან მიღებული შეუვსებელი სრული ზოგადი განათლების ერთი ატესტატი, რომლის შენახვისა და გაცემის უფლებამოსილებაც მომდევნო წლებში სკოლას აღარ გააჩნდა, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი კი შესაბამის სახელმწიფო ორგანოს არ დაჰბრუნებია (ტ.1, ს.ფ.199,200). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებთან დაკავშირებით მოსარჩელის მხრიდან სხვა დარღვევა არ დასტურდება (სხვა კონკრეტულ გარემოებაზე მითითებას არ შეიცავს მოხსენებითი ბარათი), ასევე, არ არის საუბარი ასეთი დოკუმენტის კანონდარღვევით გამოყენებაზე, 10 წლის მანძილზე გამოუყენებელი დოკუმენტის სკოლაში შენახვა და ამ ფაქტის ინსპექტირებისას ღიად გაცხადება, თავისთავად არ წარმოადგენს იმგვარ დარღვევას, რაც მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის საკმარის საფუძვლად შეიძლება განიხილებოდეს.

16.2. სკოლის ტერიტორიაზე გადაადგილება დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან არ კონტროლდებოდა, უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზნით საჭირო ზომები არ მიღებულა (ა) დაზიანებულია სკოლის ღობე; ბ) ფინანსური რესურსის არსებობის მიუხედავად, ორის ნაცვლად დასაქმებულია ერთი დარაჯი (ე.წ. ღამის დარაჯი); 3) დაფიქსირებულია დღის მანძილზე მოსწავლეების მიერ სკოლის ტერიტორიის დატოვება) (ტ.1, ს.ფ.200,201).

16.3. სკოლის ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პრობლემა, რაც მოსწავლეთათვის საფრთხის შემცველია (ა) სკოლის ეზოში განთავსებულია დანგრეული, ნაწილობრივ მიწით ამოვსებული აუზი, რომელშიც ყრია ქაღალდები და შუშის ნამსხვრევები. აუზი არ არის შემოსაზღვრული; ბ) სკოლის ტერიტორიაზე მდებარეობს აგურით ნაშენი შენობა, რომელშიც განთავსებულია მაღალი ძაბვის ძველი ტრანსფორმატორი, არ აქვს კარი და არ არის დაცული მოსწავლეთა შეღწევისაგან; გ) ეზოში ასევე განთავსებულია საქვაბის შენობის ნანგრევები და საკვამური, რომელიც არ არის შემოსაზღვრული და არც დაცულია მოსწავლეთა შეხებისაგან; დ) სკოლის პირველი სართულის ფანჯრების ქვემოთ მდებარე შენობის საჰაეროები (4 სარკმელი) არ არის რაიმე სახით შევსებული ან დაცული მოსწავლეთა შეღწევისაგან; ე) სკოლის შენობის პირველ სართულზე დერეფანში აწყვია ლურსმნიანი ფიცრები, რომლებსაც სკოლა იყენებს შეშად. ადგილი არ არის შემოსაზღვრული და დაცული მოსწავლეების მიერ ფიცრებთან შეხებისაგან; ვ) სკოლაში სხვადასხვა ადგილას აწყვია მოჭრილი ძველი რადიატორები ისე, რომ არ არის შემოსაზღვრული და დაცული მოსწავლეების შეხებისაგან; ზ) ტუალეტი განთავსებულია სკოლის ეზოში, სადაც არ არის მიყვანილი ელექტროენერგია, ჩამრეცხებს და ონკანებს წყალი არ მიეწოდება...2016,2017,2018 წლებში სკოლა ფლობდა თანხებს (ტ.1, ს.ფ.203), რომლებითაც შესაძლებელი იყო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საჭირო აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება) (ტ.1, ს.ფ.201-203)).

16.4. სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევები და მრავალჯერადი ხარვეზები შესყიდვის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში (ა) არაერთ შემთხვევაში, სკოლის მიერ სხვადასხვა საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების ვადა სულ მცირე 30 დღით არ აღემატება საქონლის მიწოდების ვადას; ბ) ზოგჯერ ხელშეკრულებებში არ არის მითითებული გამარტივებული შესყიდვის საფუძველი, ხელშეკრულების ვადა, შესყიდვის ობიექტის CPV კოდი, მხარეთა რეკვიზიტები; გ) 2016 და 2017 წლების შესყიდვის წლიურ გეგმებში შეტანილია ცვლილებები 2018 წელს, რაც მოწმობს გეგმის ფორმალურად შედგენას; დ) 10.11.2016 წლამდე შესყიდვების წლიური გეგმის წესი და ფორმა არ არის დამტკიცებული/შემუშავებული სკოლის დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ა.შ ).

16.5. „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ და „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ” ინსტრუქციის (ინსპექტირების პერიოდში იყო მოქმედი) დარღვევის ფაქტები (ა) აქტივების აღრიცხვის ორგანიზებისა და მოვლა-შენახვის პროცესზე კონტროლის სათანადოდ განუხორციელებლობა; ბ) ინვენტარიზაციის დადგენილი ვადების მიხედვით და მართებულად ჩატარების უზრუნველსაყოფად ქმედითი ღონისძიებების განუხორციელებლობა) (დარღვევების დეტალური ჩამონათვალი იხ. ტ.1, ს.ფ.205,206)).

16.6. სხვადასხვა სახის დარღვევა (უსაფუძვლოდ ცნობების გაცემა; ბრძანებებში გასაჩივრების წესის (ორგანოს) მიუთითებლობა; მოსწავლეთა მაქსიმალურ ოდენობასთან დაკავშირებით გამონაკლისების მოპასუხესთან შეუთანხმებლობა და ა.შ. ).

17. პალატა ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე: როგორც თავად გათავისუფლების ბრძანებაშია აღნიშნული, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტობრივი საფუძველი მოხსენებითი ბარათია, ანუ მასში მითითებული დარღვევები, შესაბამისად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს მხოლოდ მოხსენებით ბარათში აღწერილ დარღვევებზე და არა მოპასუხის მიერ მითითებულ (მაგალითად, კასატორი პრეტენზიას აცხადებს სკოლაში მოსარჩელის შვილის სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმების გარეშე დასაქმებაზე, ასევე - საბაზისო განათლების ატესტატის შენახვაზე) სხვა დარღვევებზე.

18. საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საქმის მასალები, მათ შორის, შიდა აუდიტის დასკვნა, მოხსენებით ბარათში მითითებული დარღვევების აღწერის ნაწილში.

19. სპეციალური კანონის მე-9 მუხლის მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტებით განმტკიცებულია მოსწავლის უფლება, დაცული იყოს არასათანადო მოპყრობისა და უყურადღებობისაგან; სკოლა ვალდებულია, შექმნას ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემო სასკოლო დროს, აგრეთვე, სკოლის ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე; სკოლა ვალდებულია, მიიღოს ყველა გონივრული ზომა სასკოლო დროს, აგრეთვე, სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ჯეროვანი დაცვის, დარღვევის თავიდან აცილების ან აღკვეთის მიზნით. ამავე კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით კი, უნდა უზრუნველყოს სასკოლო დროს სკოლის ტერიტორიაზე მყოფი მოსწავლის უსაფრთხოება.

20. სპეციალური კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებაზე, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესსა და ფინანსების მიზნობრივ ხარჯვაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია დაწესებულების დირექტორი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და სტრუქტურული ერთეულის წევრი. ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 30.08.2010წ. N 80/ნ ბრძანებით დამტკიცებული სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სწორედ სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს უსაფრთხო, ეფექტური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნას სკოლაში, ასევე, ზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე სასწავლო პროცესის დროს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 15.09.2005წ. N448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, სკოლის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს: სკოლის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფინანსების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობასა და რაციონალურად გამოყენებაზე; სკოლაში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

21. ამდენად, სწორედ დირექტორია პასუხისმგებელი სკოლაში უსაფრთხოებასა და სასწავლო პროცესის გამართულად წარმართვაზე, სკოლის აქტივების დაცვაზე. ერთ-ერთ საქმეზე, სადაც საკასაციო პალატამ დაუშვებლად ცნო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივარი, სასამართლომ განმარტა შემდეგი: დირექტორი, რომლის მოვალეობასაც საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობა წარმოადგენს, თვითონ უნდა იყოს არსებული წესებისა და მოთხოვნების დამცველი და შემსრულებელი (შდრ. სუსგ №ას-514-2019, 04.10.2019წ., 9.5). ამავე საქმეზე უხეში დარღვევის კვალიფიკაციისას, სასამართლომ იმსჯელა ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა: ვალდებულების არაერთგზის არაჯეროვნად შესრულება, დარღვევის ხარისხი, მის მიმართ დირექტორის დამოკიდებულება (შდრ. სუსგ №ას-514-2019, 04.10.2019წ., 9.13). უხეში დარღვევის კვალიფიკაციისას სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს შრომის უფლების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპზე, რომლის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის... თვალსაზრისით (სუსგ №ას-416-399-2016. 29.06.2016წ., 19; №ას-1981-2018, 17.05.2019წ., 23). დირექტორის ვალდებულებებზე საუბრისას გასათვალისწინებელია, რომ სპეციალური კანონის 43-ე მუხლით განსაზღვრული ფუნქციების ერთ-ერთი მიზანი უსაფრთხო და დაცული სკოლის სტანდარტის უზრუნველყოფაა (შდრ სუსგ №ას-1581-2019, 21.02.2020წ.).

22. სპეციალური კანონის 49-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, მოპასუხე სკოლაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა. სახელმწიფო კონტროლი კი გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებაზე ზედამხედველობას. შესაბამისად, მოპასუხე, როგორც სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ვალდებულია, რეაგირებდეს კანონით დაცული წესითა და ფარგლებში (შდრ. სუსგ №ას-1190-1132-2014, 06.02.2015წ.).

23. სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ საფუძვლად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიჩნეულ იქნა ის ფაქტორი, რომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ქმედებებს რაიმე ნეგატიური შედეგი არ მოჰყოლია. ამ მხრივ საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე: ერთ ერთ-საქმეზე „სკოლების ხელმისაწვდომობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში სამინისტროს მიერ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებაზე დირექტორების მიერ კონტროლის განუხორციელებლობა (ვალდებულების დარღვევა) სასამართლომ არ შეაფასა ვალდებულების უხეშ დარღვევად იმ საფუძვლით, რომ დასაქმებულთა გადაცდომას ნეგატიური შედეგი - ფაქტობრივი ქონებრივი დანაკლისი - არ მოჰყოლია, ასევე, არ დადგინდა დარღვევის მიმართ დასაქმებულთა განზრახვა (შდრ. სუსგ №ას-887-854-2016, 08.02.2019, 40). ამდენად, შედეგების შეფასება რელევანტურია, როდესაც საუბარია, მაგალითად, ქონებრივი ხასიათის დანაკლისის არსებობასა თუ არარსებობაზე.

24. ეს კრიტერიუმი არ უნდა იქნეს გამოყენებული ისეთ შემთხვევებში, როდესაც კვლევის საგანია სკოლის დირექტორის/მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან ისეთი ვალდებულების დარღვევა, როგორიცაა - მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. ბავშვის უფლებათა კონვენციის მესამე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. შესაბამისად, ასეთ დროს რაიმე ნეგატიური შედეგის დადგომა არ არის საჭირო დასაქმებულის არასათანადო პროფესიული ქცევის მაღალი ხარისხით შეფასებისა და დარღვევის უხეშად მიჩნევისათვის, რეალური რისკი, საფრთხისშემცველი გარემოს არსებობა საკმარისია. ამასთან, თითოეული ასეთი დარღვევის შეფასებისას გამოკვლეულ უნდა იქნეს: როდიდან არსებობს (რა პერიოდი არსებობდა) ასეთი საფრთხე; რამდენად აცნობიერებდა დირექტორი მას; რა ღონისძიებები გაატარა საფრთხისშემცველი ფაქტორების აღმოსაფხვრელად; რა უშლიდა ხელს მათ დროულ ლიკვიდაციას; ამისათვის საჭირო რა რესურსებს ფლობდა სკოლა. ასეთი დეტალებით გამოიკვეთება დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის კეთილსინდისიერება ან პროფესიულ ვალდებულებათა მიმართ მისი გულგრილი დამოკიდებულება, მათი დარღვევა და დარღვევის ხარისხი.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.

26. ამდენად, საკასაციო პალატა ნაწილობრივ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს და აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას, თუმცა, ვინაიდან საჭიროა მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევა, საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს, რომელმაც უნდა შეაფასოს საქმის მასალები, სრულყოფილად დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შემდგომ გადაწყვიტოს უფლების საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.12.2019წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ზურაბ ძლიერიშვილი