№ას-1866-2018 17 მარტი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ.ტ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მ.ტ–მა (შემდგომში „დასაქმებული“, „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავადაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის (შემდგომში „ჰოსპიტალი“, „დამსაქმებელი“ ან „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხის ბრძანების ბათილად ცნობა, იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
2. მოპასუხის შესაგებელი:
2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა კანონიერად, ორგანიზაციაში ჩატარებული რეორგანიზაცია/ოპტიმიზაციის გამო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები:
4.1. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხესთან და გათავისუფლებამდე (2016 წლის 27 დეკემბერი) ეკავა ჰოსპიტალის მატერიალური უზრუნველყოფისა და აღრიცხვის სამსახურის მძღოლის პოზიცია.
5.3. 2016 წლის 27 დეკემბრის #2074 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან ორგანიზაციაში განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძვლით.
5.4. სასამართლომ საქმეში წარდგენილი მასალების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია მოპასუხე ორგანიზაციაში რეორგანიზაციის განხორციელებისა და საშტატო ერთეულის რეალურად შემცირების ფაქტი და დაასკვნა, რომ რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა რა მატერიალური უზრუნველყოფისა და აღრიცხვის სამსახურის მძღოლის ორი საშტატო ერთეული, ახალი საშტატო ნუსხით მატერიალური უზრუნველყოფისა და აღრიცხვის სამსახურში შემცირდა მძღოლის საშტატო ერთეული და ნაცვლად ხუთისა, განისაზღვრა სამი საშტატო ერთეულით.
5.5. სასამართლომ შეაფასა მძღოლის საშტატო ერთეულის შემცირების გამომწვევი მიზეზებიც და მიუთითა, რომ აღნიშნული გამოწვეული იყო მოპასუხის სარგებლობაში მყოფი ექსპლუატაციაში არსებული გამართული ავტომანქანების რაოდენობის შემცირებით (2 ავტომანქანით სარგებლობა შეუძლებელი იყო, მათ შორის ერთ-ერთი ავტომანქანა, რომელიც მოსარჩელეზე იყო მიმაგრებული, 2015 წლის ნოემბრიდან ექსპლუატაციაში არ იმყოფებოდა).
5.6. რაც შეეხება მძღოლის დარჩენილ სამ საშტატო ერთეულზე მოსარჩელის დასაქმების საკითხს, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემული მსჯელობა, რომ აღნიშნულ საშტატო ერთეულზე დამსაქმებელმა კადრები შეარჩია დასაქმებულ პირთა წელთა ნამსახურობისა და მათი კვალიფიკაციის გათვალისწინებით, რის გამოც, შტატების შემცირების შემდგომ, მან არჩევანი გააკეთა უფრო მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე მძღოლებზე.
6. კასატორის მოთხოვნა და საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში მიღებული იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
10. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული მხოლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში, რომელიც სამუშაოდან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილობასა და სამსახურში აღდგენას ეხება, გასაჩივრებული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში.
11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედ 32.1 მუხლზე (ამჟამად მოქმედი 42.1 მუხლი), რომლის მიხედვით, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. ჩვეულებრივ, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეულ იძულებით მოცდენად განიხილება იმგვარი ვითარება, როდესაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გარეშე დამსაქმებელი დასაქმებულს შრომითი მოვალეობების შესრულების საშუალებას არ აძლევს, არ უზრუნველყოფს შესაბამისი სამუშაოთი, სამუშაო ადგილით და ა. შ. გარდა ამისა, მოცდენად უნდა ჩაითვალოს ისეთი ვითარებაც, როცა შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის შედეგად დასაქმებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა ესპობა, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ასევე არსებობს დასაქმებულის ნება, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება, რომელიც დამსაქმებლის მხრიდან არამართლზომიერი ქმედების შედეგად საპასუხო შესრულების გარეშე რჩება. ამ პირობებში შრომის ხელშეკრულების მოშლის მომენტიდან დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენამდე დრო დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული მოცდენაა (იხ. სუსგ საქმე №ას-1429-1444-2011, 1 მარტი, 2012 წელი).
12. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლებულ დასაქმებულს გარანტირებული აქვს უფლება მოითხოვოს ის ანაზღაურება, რომელსაც იგი მიიღებდა, რომ არა დამსაქმებლის არამართლზომიერი ქმედება.
13. განსახილველ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის ბრძანების ბათილად ცნობისა და სამსახურში აღდგენის ნაწილში და ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, ანუ სახეზე არაა დამსაქმებლის არამართლზომიერი ქმედება, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გაუმართლებელია იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან მიმართებით კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობა, ვინაიდან როგორც უკვე აღინიშნა, შრომითი ურთიერთობა მხარეთა შორის კანონიერად შეწყდა, რაც ყველა თანმდევი შედეგის (მათ შორის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის) დაკმაყოფილებას გამორიცხავს.
14. ამასთან, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (საქმე №ას-1123-2018, 12 ნოემბერი, 2018 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
16. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან შრომით სამართლებრივ დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ტ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე