საქმე №ას-899-2020 16 ივნისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ S.R.G.” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გაჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „ს.რ–ას“ (შემდეგში: მოპასუხე, შემსყიდველი, მეორე აპელანტი ან კასატორი) და შპს „ S.R.G.“-ს (შემდეგში: მოსარჩელე, გამყიდველი, პირველი აპელანტი) შორის 2015 წლის 30 ოქტომბერს გაფორმდა №შს/15-425 ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტს წარმოადგენდა - ორი სახეობის რკინა-ბეტონის შპალები მოზამბარე ტიპის სამაგრებით, ჯამში - 15 041 ერთეული. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ დღგ-ს გარეშე შეადგინა 1 141 902,64 აშშ დოლარი, ხოლო დღგ-ს ჩათვლით - 1 347 445,11 აშშ დოლარი (ტ.1,ს.ფ. 15-19; 24; 28).
2. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო 2360 ერთეული რკინა-ბეტონის შპალი მიეწოდებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. ღირებულება ჯამში შეადგენდა 424 511.55 ლარს, ხოლო დარჩენილი 12 681 ერთეულის მიწოდება უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. დაიშვებოდა ეტაპობრივი მიწოდება (ტ.1,ს.ფ. 20-23; 28; 31).
3. პირველი - 2360 ერთეული რკინა-ბეტონის შპალის, მიწოდება განხორციელდა 2015 წლის 4 დეკემბერს, ხელშეკრულებით დადგენილი 5 დღიანი ვადაგადაცილებით. დარჩენილი 12 681 ერთეულის მიწოდება განხორციელდა 90 დღიანი ვადის დაცვით, კერძოდ ბოლო მიწოდება მოხდა 2016 წლის 20 იანვარს (ტ.1,ს.ფ.31; 35-38).
4. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 8.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების დარღვევისას, ყოველი დაგვიანებული დღისთვის, გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების (დღგ-ს გარეშე) 0,1%-ის ოდენობით, რომელიც გაანგარიშებული იქნებოდა აშშ დოლარში და მოთხოვნილი (გაქვითული) იქნებოდა ქართულ ლარში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღისთვის (ტ.1,ს.ფ.20-23).
5. პირველი მიწოდების 5 დღიანი ვადაგადაცილების გამო მიმწოდებელს დაერიცხა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების სრული ღირებულების 1 141 902.64 აშშ დოლარის 0,1%-ის ოდენობით თითოეული დღისთვის, რამაც ჯამში შეადგინა 5 709.51 აშშ დოლარი - 13 672.56 ლარი. პირგასამტეხლოს დაკისრებისა და ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის თაობაზე მიმწოდებელს ეცნობა 2016 წლის 21 იანვარს (ტ.1,ს.ფ. 34).
6. სარჩელის მოთხოვნა
6.1. მოსარჩელემ, 2018 წლის 25 ივლისს, მოპასუხის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელით, ამ უკანასკნელისთვის 11 550 ლარის დაკისრება მოითხოვა.
7. მოპასუხის პოზიცია
7.1. მოპასუხემ, წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს 7 963.06 ლარის გადახდა დაეკისრა.
9. მხარეთა სააპელაციო საჩივრები
9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 11 550 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
10.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის სადავო, ხუთდღიანი ვადაგადაცილებისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა იყო, რომელიც, ნასყიდობის საფასურის ურთიერთგაქვითვის საფუძველი გახდა.
10.3. განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში 2360 ცალი რკინა-ბეტონის შპალის ხუთდღიანი დაგვიანებით მიწოდება წარმოადგენდა.
10.4. პალატამ ხაზი გაუსვა იმ უმნიშვნელოვანეს გარემოებას, რომ საქმის მასალებით არ დადასტურდა ასევე მოპასუხის წარმომადგენელმა ვერ დაასახელა, მოსარჩელის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ზემოხსენებული ვალდებულების დარღვევით, (რომელიც თავის მხრივ ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში 2360 ცალი რკინა-ბეტონის შპალის მიწოდებას გულისხმობდა) რაიმე სახის ზარალის დადგომის ფაქტი. უფრო მეტიც, უდავო გარემოებას წარმოადგენდა, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანარჩენი ვალდებულება 12681 რკინა-ბეტონის შპალის მიწოდების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 90 დღიანი ვადაში კეთილსინდისიერად შეასრულა, მყიდველისთვის მისაღები ხარისხით.
10.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გასათვალისწინებელი იყო, რომ პირგასამტეხლო არა დაგვიანებით შესრულებული ვალდებულების მოცულობის შესაბამისად, არამედ, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების გათვალისწინებით დაირიცხა. აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ მთლიანი ვალდებულება წარმატებით შესრულდა.
10.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვადის ეპიზოდური დარღვევის მიუხედავად, საბოლოოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში და მისაღები ხარისხით შესრულდა ვალდებულება, მხარისთვის ზიანის მიყენების გარეშე, ამასთან, ვალდებულების დარღვევის შესახებ, შემსყიდველმა, მოსარჩელეს, ერთ თვეზე მეტი ვადისა და ხელშეკრულების სრულად შესრულების შემდეგ შეატყობინა, რის გამოც ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება დაუსაბუთებელი და არაგონივრულია.
10.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ პირგასამტეხლო ვადადარღვეული ვალდებულების ღირებულებიდან გამომდინარე უნდა დაანგარიშებულიყო, რაც შეადგენდა 2 122.55 ლარს (424 511.55x0.1%x5).
11. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
11.2. კასატორის განმარტებით, უდავო იყო, რომ ვალდებულება არაჯეროვნად შესრულდა, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი გახდა. თავისმხრივ, მხარეთა შეთანხმებული იყო პირგასამტეხლოს საფუძველი და გამოანგარიშების მეთოდი, რის გამოც სასამართლო არ არის უფლებამოსილი მხარეთა ნებაზე დამატებით იმსჯელოს.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული და დამატებით განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს პირგასამტეხლოს ოდენობა და გამოანგარიშების მეთოდი წარმოადგენს.
16. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, მიმწოდებელს, მყიდველისთვის ორი სახეობის რკინა-ბეტონის შპალები უნდა მიეწოდებინა.
17. უდავოა, რომ პირველი მიწოდება შეთანხმებული ვადის 4 დღიანი დარღვევით განხორციელდა (აღნიშნული საკითხი, სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელეს), ხოლო, ვალებულების დარჩენილი ნაწილი შეთანხმებულ ვადაში და ხარისხით შესრულდა.
18. საკასაციო სასამართლო უპირველესად სამოქალაქო კანონმდებლობაში დამკვიდრებულ კეთილსინდისიერების ნორმა/პრინციპის მოხმობით განმარტავს, რომ დასახელებული პრინციპის გამოყენება აქტუალური ხდება მაშინ, როცა პირის მოთხოვნა ან ქმედება ფორმალურად შეესაბამება მოქმედ მატერიალურ კანონმდებლობას, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევაში უსამართლოა. შესაბამისად, მისი ფუნქცია აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს.
19. კეთილსინდისიერებისა და ნდობის პრინციპები ნაცნობია როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1980 წლის ვენის კონვენციისთვის საქონლის საერთაშორისო ნასყიდობის ხელშეკრულებათა შესახებ (CISG), ასევე საერთაშორისო კომერციულ ხელშეკრულებათა პრინციპებისათვის (UNIDROIT) და ისინი მოიაზრება როგორც გენერალური საფუძვლები ამ აქტებისათვის (მუხლი 7(1) CISG; მუხლი 1.2. PICC). მისი შინაარსი საკმაოდ ზოგადი ხასიათისაა და კონკრეტიზაციას ცალკეულ მოთხოვნებში, კერძოდ ურთიერთგამომრიცხველი მოქმედებების აკრძალვაში, ასევე ორმხრივ ინფორმირებულების ვალდებულებაში ჰპოვებს (იხ. სუსგ. №862-828-2016, 24.02.2017).
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შეფასების დროს მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების მოცულობა, შესასრულებელი სამუშაოს კომპლექსურობა, შემსრულებლის მიერ ვალდებულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესრულება და რა თქმა უნდა შესრულების ნაკლის სიმძიმე. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მისაწოდებელი საქონელი, ორ ეტაპად გადაეცა მყიდველს. პირველი ეტაპი 30 დღის შემდეგ 5 დღის დაგვიანებით, თუმცა საბოლოოდ ვალდებულება სრულად და შეთანხმებული ხარისხით შესრულდა.
21. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახეზე არ არის ვალდებულების არსებითი დარღვევა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ დარღვევის პროპორციულად, დასაკისრებელ პირგასამტეხლოს აღიარებს და ეთანხმება მოსარჩელე.
22. საკასაციო სასამართლო, პირგასამტეხლოს გამოთვლის მეთოდის შესახებ კასატორის პრეტენზიების პასუხად განმარტავს, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულება 1 141 902.64 ლარს შეადგენდა, საიდანაც, პირველ ეტაპზე მისაწოდებელი საქონლის ღირებულება, რომელიც რამდენიმე დღიანი დაგვიანებით, თუმცა, სრულად მიეწოდა მყიდველს - 424 511.55 ლარს შეადგენდა. მოპასუხემ, კი ნასყიდობის საფასურიდან, ხელშეკრულების სრული ღირებულებიდან გამოთვლილი პირგასამტეხლო გამოქვითა. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 417-418 მუხლებით დადგენილი პირგასამტეხლოს ფუნქციისა და მიზნიდან გამომდინარე, განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი გადაწყვეტილება/განჩინება არსებობს პირგასამტეხლოს ოდენობის თაობაზე, „ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის საფუძვლების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმება სასამართლოს კომპეტენციაა“ (იხ. სუსგ # ას- 654-620-2015, 17.12.2015წ.). განსახილველ საქმეზე და ანალოგიურ სხვა შემთხვევებში, პირგასამტეხლოს, როგორც მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის, ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. საკასაციო სასამართლო მხარს უჭერს მიდგომას, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ-ები. ას-581-2019, 31.07.2019; ას-164-160-2016, 28.07.2016).
23. საკასაციო სასამართლო კვლავ მიუბრუნდება პირგასამტეხლოს ფუნქციის შესახებ სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის განმარტებას, რომლის მიხედვითაც, ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...“, „პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები # ას 848-814-2016, 28.12.2016; #ას-816-767-2015, 19.11.2015; #ას-953-918-2016, 22.11.2016; ას-1451-1371-2017, 13.11.2018).
24. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების/განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინება კანონიერია, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
26. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე „თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. სს „ს.რ–ას“ (......), სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 575 (საგადახდო დავალება N20067, გადახდის თარიღი 2020 წლის 15 ივნისი), ლარის 70% - 402.5 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე