Facebook Twitter

საქმე №ას-707-2020 16 ივნისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.ი–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2017 წლის 2 მაისს სსიპ შემოსავლების სამსახურსა (შემდგომში „შემსყიდველი“, „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და შპს „ს.ი–ს“ (შემდგომში „მიმწოდებელი“ ან „მოსარჩელე“,) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №1/219 (შემდგომში „ხელშეკრულება“), რომლის მიხედვით, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ქოლცენტრის ოთახისათვის მიეწოდებინა სავენტილაციო დანადგარი (მწარმოებელი „MIDEA”, მოდელი MOUA-60HN1-R/MHG-60HWNI-R), თანმდევი მომსახურებით - მონტაჟით, 13 459.00 ლარად.

2. ხელშეკრულების 4.1 მუხლით, მიმწოდებელს უნდა უზრუნველეყო საქონლის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

3. ხელშეკრულების 5.1-5.2 მუხლების შესაბამისად, შესყიდული საქონლის მიღება-ჩაბარება უნდა განხორციელებულიყო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად მიწოდებული საქონლისა და გაწეული მომსახურების შესაბამისად; იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული საქონელი შეესაბამებოდა ხელშეკრულების დანართი N1-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე განახორციელებდა მიწოდებული საქონლის მიღებას, ხოლო, თუ საქონლის მიწოდების პროცესში გამოვლინდებოდა, რომ საქონელი არ აკმაყოფილებდა ხელშეკრულების დანართი N1-ით (სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1) გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემსყიდველს უფლება ჰქონდა არ მიეღო ნაკლიანი საქონელი და დაებრუნებინა იგი მიმწოდებლისთვის მიმწოდებლის ხარჯით.

4. ხელშეკრულების 5.3 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ამავე ხელშეკრულების 5.2 პუნქტის საფუძველზე შემსყიდველი არ მიიღებდა საქონელს, მიმწოდებელი ვალდებული იყო 3 (სამი) დღის ვადაში უზრუნველეყო ნაკლიანი საქონლის შეცვლა სათანადო ხარისხის საქონლით, ხოლო, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების 13.1 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

5. მიმწოდებელმა შემსყიდველს მიაწოდა სავენტილაციო დანადგარი და გაუწია თანმდევი სამონტაჟო მომსახურება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.

6. 2017 წლის 31 მაისს მიმწოდებელმა წერილობით მიმართა შემსყიდველს და მოითხოვა სამუშაოების დასრულების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება.

7. აღნიშნული წერილის პასუხად, მიმწოდებელს ეცნობა, რომ მიწოდებული საქონელი არ პასუხობდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს, კერძოდ, კონდინციონერის ტექნიკური მონაცემები არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების №1 დანართით გათვალისწინებულ ტექნიკურ მახასიათებლებს. ამავე წერილით შემსყიდველმა მიმწოდებელს განუსაზღვრა 3 დღის ვადა კონდიციონერის შეცვლისათვის სათანადო ხარისხის საქონლით. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დაკისრებაზე მიუთითა.

8. 2017 წლის 13 ივნისს მიმწოდებელმა კვლავ წერილით მიმართა შემსყიდველს და მოითხოვა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება. ამასთან, განმარტა, რომ მას არსებითად შესრულებული ჰქონდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები, რასაც ის გარემოებაც ადასტურებდა, რომ შემსყიდველი მოიხმარდა მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ და დამონტაჟებულ დანადგარს. ამასთან, შემსყიდველი არ აზუსტებდა რა ნაწილში არ შეესაბამებოდა მოწყობილობის პარამეტრები ხელშეკრულების დანართში ასახულ მონაცემებს, ამიტომ, მიმწოდებელმა ამ საკითხის დაზუსტებაც მოითხოვა. ამავე წერილით მიმწოდებელმა შემსყიდველს აცნობა, რომ ამ უკანასკნელის მოთხოვნა მიწოდებული კონდენციონერის შეცვლისა და ამ გზით ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ, არ წარმოადგენდა შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს, რადგან თუ მიმწოდებელი ჩაანაცვლებდა მიწოდებულ პროდუქციას სხვა დასახელების საქონლით, მაშინ არსებითი წინააღმდეგობა წარმოიშობოდა თავდაპირველ განაცხადსა და ფაქტობრივად მიწოდებულ საქონლის მონაცემთა შორის (მათ შორის დასახელება), ხოლო თუ ანალოგიური დასახელების საქონლით ჩაანაცვლებდა, ამ შემთხვევაში, პროდუქტს უკვე მიწოდებულის იდენტური მონაცემები ექნებოდა, რასაც შემსყიდველი ხარვეზიანად აფასებდა. ამასთან, შეთანხმებულ პარამეტრებთან მიწოდებული დანადგარის პარამეტრების ცდომილების არსებობის შემთხვევაშიც კი, მიმწოდებლის აზრით, იგი იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ არ არსებობდა შესრულების მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან ეს გავლენას არ ახდენდა მოწყობილობის ფუნქციონირებაზე და მიწოდებული საგანი არა მხოლოდ აკმაყოფილებდა შემსყიდველის საჭიროებებს, არამედ ეს უკანასკნელი გამოიყენებდა კიდეც მას. ამდენად, შემსყიდველს განესაზღვრა დამატებითი 5 დღე, რა დროშიც უნდა დაედასტურებინა მიღება-ჩაბარების აქტი.

9. 2017 წლის 19 ივლისის შეატყობინებით შემსყიდველმა მიმწოდებელს აცნობა, რომ როგორც ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N5003872317 დასკვნით დგინდებოდა, მიმწოდებლის მიერ დამონტაჟებული სავენტილაციო შიდა და გარე დანადგარის ტექნიკური მახასიათებლები არ აკმაყოფილებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ასევე, KJR-12B/DP(T)-E მოდელის მართვის პულტის ნაცვლად, ფაქტობრივად, შენობაში დამონტაჟებული იყო KJR-10B/DP(T)-5B, მოდელის მართვის პულტი, რისი გათვალისწინებითაც, შემსყიდველმა მოუწოდა მიმწოდებელს უმოკლეს ვადებში შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

10. 2017 წლის 9 აგვისტოს მიმწოდებელმა წერილობით მიმართა შემსყიდველს და მიუთითა, რომ ექსპერტიზის დასკვნა ბუნდოვანი და არასრულყოფილი იყო. დასკვნა არ შეიცავდა პასუხს მთავარ კითხვებზე: 1) თუ რა ნაწილში არ იყო თანხვედრაში ხელშეკრულების დანართში არსებულ მონაცემებთან შედარებით ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო და 2) აღნიშნული უზუსტობა წარმოადგენდა თუ არა არსებით ხარვეზს სისტემის გამართული მუშაობისათვის, რითაც შეუძლებელი იქნებოდა შემსყიდველის მოთხოვნების დაკმაყოფილება. მიმწოდებელმა განმეორებით მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ მის მიერ ხელშეკრულების შესაბამისად განსაზღვრული საქონლის ჩანაცვლების შემთხვევაში, ხარვეზი, რაზეც შემსყიდველი მიუთითებდა, ვერ აღმოიფხვრებოდა, ვინაიდან, თუკი მახასიათებლების მცირე უზუსტობა არსებობდა, იგივე უზუსტობა დაფიქსირდებოდა ალტერნატიული, იმავე დასახელების საქონლით ჩანაცვლების შემთხვევაში.

11. აღნიშნულ წერილს შემსყიდველის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

12. მოსარჩელის მოთხოვნა

12.1. მიმწოდებელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შემსყიდველის მიმართ და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის - 13 459 ლარის, მოპასუხისთვის დაკისრება.

13. მოპასუხის პოზიცია

13.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მისი განცხადებით, წარდგენილი საექსპერტო დასკვნით დგინდებოდა, რომ ფაქტობრივად მიწოდებული საქონელი ვერ აკმაყოფილებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

14.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 13 459 ლარის გადახდა.

15. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

15.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

16.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

16.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები. ასევე, დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ შემსყიდველი დამონტაჟებულ დანადგარს იყენებს დანიშნულებისამებრ.

16.3. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 340-ე, 477-ე, 629-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა შერეული ხელშეკრულება (ნასყიდობა და ნარდობა).

16.4. სააპელაციო სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა სსსკ 102-ე-105-ე მუხლებით და შეაფასა როგორც მოპასუხის მიერ საქმეზე წარდგენილი საექსპერტო დასკვნა, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტის განმარტებები, რომლის მიხედვით, დანადგარის ფუნქციონირებასთან მიმართებით სიმძლავრეების (Cooling Capacity 56 000; Heating Capacity 62 000) შეუსაბამობა არსებით ნაკლად ვერ ჩაითვლებოდა, რადგანაც დანადგარის მუშაობას ეს მონაცემი ვერ შეაფერხებდა და კონდიციონერი ფუნქციონირებდა კიდეც დანიშნულებისამებრ (2019 წლის 15 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:24:11-14:24:55), ისევე როგორც, პულტის მონაცემების სხვაობა არ ახდენდა ფუნქციონირებაზე გავლენას (2019 წლის 15 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:25:51).

16.5. ამასთან, ექსპერტის განცხადებით, ვინაიდან არ დაუკვეთავთ, შესაბამისად, მას არ ჩაუტარებია კვლევა იმის შესახებ, რამდენად საკმარისი იყო სავენტილაციო დანადგარი შესაბამისი პარამეტრებით იმ ფართის გათვალისწინებით, სადაც ეს დანადგარი იყო დამონტაჟებული ფუნქციის შესასრულებლად, (2019 წლის 15 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი,14:21:36). ასევე, არ ჩატარებულა დამონტაჟებული განსახვავებული პარამეტრების მქონე დანადგარის ღირებულების სხვაობის დამადასტურებელი კვლევა (2019 წლის 15 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:37:40).

16.6. სასამართლომ ყურადღება იმ გარემოებასაც მიაპყრო, რომ შემსყიდველს არ გამოუყენებია სამოქალაქო კოდექსის 352-ე, 405-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლება - მოეშალა ხელშეკრულება ან მიეცა მიმწოდებლისთვის დამატებითი ვადა ნაკლის გამოსასწორებლად და არ დალოდებოდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მოთხოვნას. მას არც სამოქალაქო კოდექსის 491-ე-492-ე მუხლები გამოუყენებია - მიწოდებული დანადგარი მიიღო (მიმწოდებელმა უზრუნველყო დანადგარის დამონტაჟებაც), გამოიყენა და მხარეთა შორის დავის დროსაც იყენებს მას დანიშნულებისამებრ. შემსყიდველმა მხოლოდ მიმწოდებლის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მოთხოვნის შემდეგ განაცხადა უარი თანხის ანაზღაურებაზე.

16.7. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მის მიერ მიღებული დანადგარის იმგვარი არსებითი ნაკლის დადასტურება, რაც გამორიცხავდა მიწოდებული პროდუქტის შესაბამისი ღირებულების ანაზღაურებას.

17. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

17.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

17.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, რაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა. მოპასუხე მიუთითებდა, რომ რეალურად შესრულებული სამუშაოები არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და ამის დასადასტურებლად მიუთითებდა საექსპერტო დასკვნაზე. სასამართლომ კი არასწორად შეაფასა ეს დასკვნა, უხეშად ჩაერია ხელშეკრულების პირობების განსაზღვრაში და არასწორად დაასკვნა, რომ რადგან დამონტაჟებული დანადგარები ფუნქციონირებს შეფერხების გარეშე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიმწოდებლის ვალდებულება შესრულებულია. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, ვიდრე რეალურად შესრულდა. შესაბამისად, სასამართლოს არ აქვს უფლება თავად განსაზღვროს არის თუ არა სახეზე ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულება. რაც შეეხება დანადგარების მოპასუხის მიერ გამოყენებას, ვინაიდან ფიზიკურად შეუძლებელია სავენტილაციო დანადგარის გარეშე თანამშრომელთათვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა, აუცილებლობიდან გამომდინარე ხდება მისი გამოყენება.

18. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

18.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

21. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, განსახილველი დავა შეიცავს როგორც ნასყიდობის, ასევე, ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობების ელემენტებს.

22. კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ემყარება იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და არასწორად არ გაითვალისწინა მოპასუხის მიერ წარდგენილ საექსპერტო დასკვნაში ასახული გარემოებები მიწოდებული ნივთის ნაკლის შესახებ.

23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა თანასწორობის საწყისზე დამყარებული მართლმსაჯულების განხორციელებისას (სსსკ-ის მე-5 მუხლი) სასამართლოს, მოთხოვნის საფუძვლიანობასთან მიმართებით არ გააჩნია წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი, არამედ, მხარეთა მონაწილეობით დგინდება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები სასამართლო სხდომაზე. ბუნებრივია, სასამართლოსათვის რაიმე მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია, არამედ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით მტკიცებულების ყოველმხრივი შესწავლა-გამოკვლევის საფუძველზე ადგენს სასამართლო მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს და ამ გზით ყალიბდება მოსამართლის შინაგანი რწმენა სადავო ფაქტის არსებობა-არარსებობის თაობაზე. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები კი უნდა იყოს დასაბუთებული და, იმავდროულად, უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი].

24. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

25. ამავე დროს, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რომელთა ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

26. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი (მოპასუხე) სადავოდ ხდის რა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევას, მიუთითებს ნასყიდობისა და ნარდობის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში ნივთობრივად ნაკლიანი პროდუქციის მიწოდება/შესრულებაზე. ამ გარემოების დადასტურების მიზნით კი, აპელირებს საექსპერტო დასკვნაზე, რომელშიც მითითებულია, რომ მოპასუხის დაკვეთით მოსარჩელის მიერ დამონტაჟებული სავენტილაციო შიდა დანადგარისა და გათბობა-გაგრილების გარე დანადგარის ტექნიკური მახასიათებლები არ აკმაყოფილებს 2017 წლის 2 მაისს გაფორმებული №219 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ექსპერტის დასკვნა წარმოადგენს დასაშვები მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს და სასამართლო თავისი მოტივირებული გადაწყვეტილებით ასაბუთებს აღნიშნული მტკიცებულების გაზიარების ან მისი უარყოფის მართლზომიერებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება იმავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით.

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასების წესი. კერძოდ, მოცემული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს.

29. ამასთან, ექსპერტის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის, გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში. მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ №ას-406-383-2014; 2015 წლის 17 აპრილი). საბოლოოდ, როგორც სხვა მტკიცებულებების, ასევე, ექსპერტის დასკვნის იურიდიული ძალას აფასებს სასამართლო.

30. მოსამართლე არ არის დამოკიდებული ექსპერტის აზრზე. მან კრიტიკული განხილვის შედეგად უნდა ჩამოაყალიბოს თავისი აზრი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე. უფრო მეტიც, თუ ექსპერტის დასკვნა უპირისპირდება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, საკითხი უნდა გაირკვეს სწორედ ექსპერტის ზეპირი განმარტებების მიღების, საკუთრივ დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ურთიერთშეჯრებისა და დეტალური შესწავლის საფუძველზე. ექსპერტის დასკვნისათვის, როგორც მტკიცებულების წყაროსათვის, მნიშვნელოვანია, რომ ის წარმოადგენდეს საპროცესო კოდექსით ნორმატიულად დადგენილ წესებს დაქვემდებარებულ დოკუმენტს, ყურადღება უნდა მიექცეს კვლევის მეთოდებს, საკვლევი მასალას და სხვადასხვა სპეციფიკურ დეტლებს, გამომდინარე ჩატარებული ექსპერტიზის სახეობიდან. შესაბამისად, ექსპერტის დასკვნის შეფასება ხდება ზოგადად მტკიცებულებების შეფასებისათვის დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით. (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი).

31. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ შეაფასა როგორც საქმეზე წარდგენილი საექსპერტო დასკვნის კვლევითი და დასკვნითი ნაწილების შინაარსი, ასევე სასამართლო სხდომაზე მოწვეული ექსპერტის (რომელიც თავად მონაწილეობდა აღნიშნულ კვლევაში) ზეპირი სახის განმარტებები.

32. საექსპერტო დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი: მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის დამონტაჟებული MIDEA-ს ფირმის MHG-60HWNI-R მოდელის სავენტილაციო შიდა დანადგარის და MIDEA-ს ფირმის MOUA-60HNI-R მოდელის გათბობა-გაგრილების გარე დანადგარის ტექნიკური მახასიათებლები არ აკმაყოფილებს 2017 წლის 2 მაისს გაფორმებული #219 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ხოლო TT PRO მოდელის გამწოვი ვენტილატორი აკმაყოფლებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (იხ. ლ. სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 11 ივლისის საექსპერტო დასკვნა, ტ. 1. ს.ფ 106-115).

33. რაც შეეხება თავად ექსპერტის განმარტებას, მისი მითითებით, დანადგარი დამონტაჟებული იყო ადგილზე და ფუნქციონირებდა, დანადგარის პარამეტრები შეედარა ხელშეკრულებაში მითითებულ მონაცემებს და დადგინდა გარკვეული შეუსაბამობა, თუმცა დანადგარის ფუნქციონირებასთან მიმართებით სიმძლავრეების (Cooling capacity 56 000; Heating capacity 62 000) შეუსაბამობა არსებით ნაკლად ვერ ჩაითვლებოდა, რადგან დანადგარის მუშაობას ეს მონაცემები ვერ შეაფერხებდა და კონდინციონერი ფუნქციონირებდა კიდეც დანიშნულებისამებრ. ამასთან, დამონტაჟებული განსხვავებული პარამეტრების მქონე დანადგარის ღირებულების სხვაობის დამადასტურებელი კვლევა არ ჩატარებულა (იხ. საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის სხდომის ოქმი, CD დისკი, 14:24:11-14:24:55სთ; 14:37:40სთ).

34. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, მოპასუხის მიერ წარდგენილ საექსპერტო დასკვნაში საუბარია შემსყიდველისთვის დამონტაჟებული სავენტილაციო შიდა დანადგარისა და გათბობა-გაგრილების გარე დანადგარის ტექნიკური მახასიათებლების ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობაზე, თუმცა ვინაიდან თავად საექსპერტო კვლევაში ჩართული პირის, ექსპერტის ზეპირი განმარტებით დაზუსტდა, თუ რას გულისხმობს აღნიშნული შეუსაბამობა და დადასტურდა შეძენილი დანადგარების დანიშნულებისამებრ ფუნქციონირების ფაქტი, ამასთან, მოპასუხეც არ ხდის სადავოდ, რომ იგი დღემდე მოიხმარს შეძენილ პროდუქციას, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ, მხოლოდ საექსპერტო დასკვნაში მითითებული გარემოებები (ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან საქონლის მონაცემების შეუსაბამობის შესახებ) არ ქმნიან საკმარის საფუძველს მიწოდებული დანადგარის იმგვარი ნაკლის დადგენისთვის, რაც გამორიცხავს მიწოდებული პროდუქტის შესაბამისი ღირებულების ანაზღაურებას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა როგორც წარდგენილი დასკვნა, ასევე აღნიშნული დასკვნის შემდგენელი პირის, ექსპერტის განმარტებები შეაფასა მტკიცებულებების შეფასებისათვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით. კასატორს (მოპასუხეს) კი არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

35. საკასაციო პალატა ვერც კასატორის იმ მოსაზრებას გაიზიარებს, რომ სასამართლოს არ აქვს უფლება განსაზღვროს, არის თუ არა სახეზე ხელშეკრულების პირობების ჯეროვანი შესრულება. მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ დავა ეხება ხელშეკრულების შესრულებიდან გამომდინარე მოპასუხისთვის თანხის დაკისრების კანონიერებას, ხოლო მოპასუხე თანხის ანაზღაურებაზე უარს აცხადებს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების (ნაკლიანი ნივთის მიწოდების) მოტივით, სწორედ სასამართლოა ვალდებული მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, შეაფასოს სადავო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების ჯეროვნად შესრულების ფაქტი.

36. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

37. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-222-2021, 4 ივნისი, 2021 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე