საქმე №ას-549-2020 10 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს ,,ნ–ა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,გ–ა L. G.” (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ვალდებულების შესრულება, უძრავი ნივთის სარგებლობაში გადაცემა
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ნ–ა“ (შემდეგში: მოსარჩელე, მესაკუთრე, კასატორი) რეგისტრირებულია მეწარმეთა რეესტრში 1995 წლის 8 სექტემბრიდან, ს/კ 204 379 555. საწარმოს საწესდებო კაპიტალის 100% წილის მფლობელია ა.ა–ი. საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია ნ.ტ–ი.
2. მოსარჩელესა და გ.კ–ძეს (შემდეგში: სადავო ქონების თავდაპირველი მესაკუთრე, მეაღნაგე) შორის, 2000 წლის 14 მარტს, ნოტარიული წესით გაფორმდა აღნაგობის ხელშეკრულება, მოსარჩელის მიერ გ.კ–ძისთვის, ქ. თბილისში, .....მდებარე მიწის ნაკვეთის, სასტუმროს მიშენების მიზნით.
2.1. აღნაგობის უფლების ვადად განისაზღვრა 59 წელი, ხოლო, აღნაგობის უფლების სანაცვლოდ, მესაკუთრე, უვადო სარგებლობაში მიიღებდა აშენებული შენობის ქვეშ, აბანოს თავზე წარმოშობილ 98 კვ.მ. ფართს. ხელშეკრულების 4.4. პუნქტით დადგინდა, რომ მესაკუთრის მიერ თავისი ქონების გასხვისების შემთხვევაში, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები უცვლელი რჩებოდა და სავალდებულო იქნებოდა ახალი მესაკუთრისათვის. ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში 2000 წლის 22 მარტს და რეგისტრირებულია დავის განხილვის დროისთვისაც, მიუხედავად მესაკუთრის ცვლილებისა (ტ.1, ს.ფ. 22-26, 63-64, 73-76).
3. შპს „გ–ა L. G.“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი) რეგისტრირებულია მეწარმეთა რეესტრში 2010 წლის 16 თებერვლიდან, ს/კ ..... საწარმოს საწესდებო კაპიტალის წილის მფლობელები არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები ჯ.ა–ვა (24,62%), მ.ა–ვა (24,62%) და ზ.გ–ვა (50,76%). საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია აზერბაიჯანის მოქალაქე ფ.ა–ვი (ტ.1,ს.ფ. 17-18).
4. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ მოპასუხის საკუთრებად აღრიცხულია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (ს/კ .....), 1728 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 1198.06 კვ.მ. დამხმარე ფართით, მოსარჩელისგან აღნაგობის უფლებით გცემულ 71 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობის ნაწილთან ერთად (ტ.1,ს.ფ.73-76).
5. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ შპს „ნ–ას“ საკუთრებად აღრიცხულია არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების, ნომერი ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, 1020 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ამავე ამონაწერის თანახმად, შპს „ნ–ა“ გადასცემს გ.კ–ძეს აღნაგობის უფლებით ...... მდებარე მიწის ნაკვეთს 59 წლის ვადით, სასტუმროს მიშენების მიზნით. გ.კ–ძე აღნაგობის უფლების სანაცვლოდ შპს „ნ–ას“ უვადო სარგებლობაში გადასცემს აშენებული შენობის ქვეშ, აბანოს თავზე წარმოშობილ 98 კვ.მ. ფართს (ს.ფ. 71-72).
6. დადგენილია, რომ მხარეთა საკუთრებაში არსებული, ნომერი ..... და ..... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები ერთმანეთის მომიჯნავეა. ასევე დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან გარემოებას, რომ 2000 წლის 14 მარტის აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით ...... აშენებულია კონსოლი, რომელიც წარმოადგენს მოპასუხის მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით ..... აშენებული, 1000 კვ.მ.-ზე მეტი ფართის სასტუმროს საყრდენს (მხარეთა ახსნა-განმარტებები, ტ.1, ს.ფ. 122, შენობა-ნაგებობა ცისფერი ფასადითა და აივნებით).
7. სარჩელის მოთხოვნა
7.1. მოსარჩელემ, სარჩელით მიმართა სასამართლოს, მოპასუხისთვის აღნაგობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად, ქ. თბილისში, ...... აშენებული სასტუმროს ქვეშ, აბანოს თავზე წარმოშობილი 98 კვ.მ. ფართის მისთვის უვადო სარგებლობაში გადაცემა მოითხოვა. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე, როგორც სადავო უძრავი ნივთის რეგისტრირებული მესაკუთრე, ვალდებულია შეასრულოს 2000 წლის 14 მარტის აღნაგობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება სადავო ფართის უვადო სარგებლობაში მოსარჩელისათვის გადაცემის შესახებ, რასაც არ ასრულებს.
8. მოპასუხის პოზიცია
8.1. მოპასუხემ, წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
9. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
10. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
10.1. მოპასუხემ, სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შეიცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
11.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებისთვის, კვლევის საგანს წარმოადგენდა, გარკვეულიყო, უძრავი ნივთის რომელი კონკრეტული ნაწილის გადაცემა იყო შეთანხმებული მხარეთა შორის.
11.3. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საკვლევი ობიექტი თბილისის ისტორიულ უბანში (აბანოთუბანში) ...... მდებარეობს. შენობა, რომელშიც განთავსებულია სადავო 98 კვ.მ ფართი ორი ნაწილისაგან შედგება. შენობის ერთი ნაწილი მდებარეობს მიწის ზემოთ აბანოს გუმბათის თავზე, ხოლო მეორე ნაწილი დაშენებულია ზემოთ სივრცეში (იხ: ტ.1. ს.ფ. 132, მოპასუხის მიერ წარდგენილ ფოტოზე აღბეჭდილი, მწვანე ფასადის მქონე ნაგებობა ორი ფანჯრით). აღნიშნული ფართები (როგორ „შენობის ქვედა ნაწილი“ ისე „შენობის ზედა ნაწილი“) წარმოშობილია აღნაგობის ხელშეკრულების ფარგლებში აბანოს თავზე მოპასუხის მიერ განხორციელებული მშენებლობით.
11.4. აღნაგობის ხელშეკრულებით, მხარეები, შეთანხმდნენ, რომ აღნაგობის უფლების სანაცვლოდ, მესაკუთრეს უვადო სარგებლობაში გადაეცემოდა, აშენებული შენობის ქვეშ, აბანოს თავზე წარმოშობილი 98 კვ.მ ფართი.
11.5. მოცემულ შემთხვევაში მხარეების მიერ ხელშეკრულებაში განსაზღვრული გამონათქვამი „აშენებული შენობის ქვეშ, აბანოს თავზე წარმოშობილი 98 კვ.მ. ფართი“ განსხვავებულად არის გაგებული (მოსარჩელის მტკიცებით ეს არის „შენობის ზედა ნაწილი“, მოპასუხის მტკიცებით კი - „შენობის ქვედა ნაწილი“). სწორედ ამიტომაც, კანონით გადამწყვეტია „ნების გონივრული განსჯა“, რაც ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა.
11.6. სააპელაციო სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების დეტალურად გამოკვლევის, ადგილზე დათვალიერების შედეგად მიიჩნია, რომ ხელშეკრულებაში განსაზღვრული გამონათქვამი „აშენებული შენობის ქვეშ, აბანოს თავზე წარმოშობილი 98 კვ.მ. ფართი“ წარმოადგენს შენობის იმ ნაწილს, რომელიც მდებარეობს მიწის ზემოთ, აბანოს გუმბათის თავზე და არა იმ ნაწილს, რომელიც დაშენებულია ამავე ნაწილის ზემოთ სივრცეში.
11.7. საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე დადგენილია, რომ სადავო ობიექტის ქვეშ არსებული უძრავი ქონების ქვეშ განთავსებული უძრავი ნივთის (№5 აბანო) მესაკუთრეა მოსარჩელე. ამასთან, მოსარჩელე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ იგი იმავდროულად ფაქტობრივად ფლობს და სარგებლობს აღნიშნული უძრავი ქონებით, მათ შორის მიწის ზემოთ, აბანოს გუმბათის თავზე განთავსებულ ნაკვეთს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეს რეალურად მიღებული ჰქონდა სარგებლობაში 2000 წლის 14 მარტის აღნაგობის ხელშეკრულების მე-3 მუხლით განსაზღვრული ფართი.
12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სარჩელი ხანდაზმული იყო.
12.1. საქმეში წარდგენილი თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის №245 დადგენილებით ირკვევა, რომ აბანოთუბანში ....... აშენებული სასტუმროს შენობა ექსპლუატაციაში მიღებულია 2003 წლის 26 სექტემბერს. შესაბამისად, აღნაგობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება წარმოიშვა არაუგვიანეს 2003 წლის 26 სექტემბრისა. სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2017 წელს. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 128-ე და 129-ე მუხლების თანახმად წარდგენილი სარჩელი ხანდაზმულია, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარისი საფუძველია.
13. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
13.2. კასატორის განმარტებით, აღნაგობის ხელშეკრულება და ხელშეკრულების საგანი, 2004 წლის 28 იანვრის გეგმით დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში მოპასუხის სახელზე, მის კუთვნილ უძრავ ქონებასთან ერთად.
13.3. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ სადავო ფართი მოსარჩელეზე იყო გადაცემული.
13.4. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აბანოს თავზე, ზუსტად ის ფართია წარმოშობილი, საიდანაც, მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული ქონებიდან ტექნიკურად 98 კვ.მ.-ის გამოყოფაა შესაძლებელი.
13.5. კასატორმა, მოთხოვნის ხანდაზმულობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის პასუხად განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის გათვალისწინებით, მოთხოვნის წარმოშობის მომენტი კრედიტორის ნებაზე - მოსთხოვოს მოვალეს გადახდა არის დამოკიდებული.
13.6. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 22 თებერვალს, მოპასუხემ მიიღო წერილობითი მიმართვა, სწორედ აღნიშნული თარიღი წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის მომენტს.
14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელესა და მომიჯნავე ქონების თავდაპირველ მესაკუთრეს შორის, სასტუმროს აშენების მიზნით, იმ ფართზე, რომელიც ახლად აშენებული შენობის ქვეშ, აბანოს თავზე წარმოიშობოდა, გაფორმდა აღნაგობის ხელშეკრულება.
19. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის მიერ, სადავო ფართის იდენტიფიცირების მიზნით დადგენილ გარემოებას, რომ სადავო ფართი, წარმოადგენს, აშენებული სასტუმროს ქვეშ, აბანოს გუმბათის თავზე წარმოშობილ, მწვანე ფერით შეღებილ ოთახს, ორი ფანჯრით (იხ. ტ.1,ს.ფ.132), რაც უდავოა, რომ მოსარჩელის მფლობელობაშია აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე.
20. ამდენად, დავის საგანთან მიმართებით, მხარეთა მიერ წარდგენილი მოთხოვნების, მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოებებისა და მტკიცებულებების სათანადოდ გაანალიზების შედეგად უდავოდ დგინდება, რომ სადავო ფართს მოსარჩელე ფლობს, რის გამოც არ არსებობს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურსამართლებრივი საფუძვლები.
21. დადგენილია, რომ სარჩელს მოპასუხემ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი დაუპირისპირა და მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე (სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც, პირველი ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ და ამ საფუძლით სარჩელი არ დააკმაყოფილა.
22. სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია, საკუთარი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (სუსგ №ას-1191-2019 , 04.12.2019წ.).
23. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყოვნებლივ აღდგენის სტიმულირებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; სუსგ Nას-986-2019, 16.10.2019წ. ).
24. მოსარჩელესა და მომიჯნავე ნაკვეთის თავდაპირველ მესაკუთრეს შორის ურთიერთობა აღნაგობის ურთიერთობიდან გამომდინარე უძრავი ნივთის გადაცემის ვალდებულებას ეხებოდა. აღნიშნული ხელშეკრულების პირობებით, აღნაგობის უფლებით გათვალისწინებული ბოჭვა მომავალ მესაკუთრესაც (საქმის განხილვისას - მოპასუხეს) შეეხებოდა.
25. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დრო დიდ როლს თამაშობს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საკითხში. მხარეთა შორის გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობები შეიძლება იმდენად დიდი ხნის წინ წარმოიშვას, რომ გავლენა მოახდინოს მხარეთა უფლება-მოვალეობებზე. მართლწესრიგი ითვალისწინებს ხანდაზმულობის ინსტიტუტს, რომლის ერთ-ერთ სახესაც წარმოადგენს სასარჩელო ხანდაზმულობა. მისი არსებობა განპირობებულია ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და მათი ინტერესების თანაბარი დაცვის საჭიროებიდან გამომდინარე. გონივრული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადების არსებობა უფლების რეალიზაციის აუცილებელი წინაპირობაა. განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ სამართლებრივი სტაბილურობის მოთხოვნა უფრო მეტად დაცვის ღირსია.
26. თბილისის, მთაწმინდა-კრწანისის გამგეობის 2003 წლის 245 დადგენილების მიხედვით, მოპასუხის საკუთრებაში არსებული ფართი, ასევე, ამავე ფართის ის ნაწილი, რომელიც აღნაგობის უფლებითაა გადაცემული (ტ.1,ს.ფ. 26, იხ. უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტების ჩამონათვალი), ექსპლუატაციაში მიიღო შესაბამისმა სამსახურმა.
27. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ, მისი უფლების დარღვევის შემთხვევაში, არაუგვიანეს 2003 წელს შეიტყო, მაშინ, როდესაც, მომიჯნავედ აშენებული სასტუმრო, შესაბამისმა სამსახურმა ექსპლუატაციაში მიიღო (ტ.1,ს.ფ.98), სწორედ დასახელებული თარიღიდან წარმოეშვა, შეთანხმებული უძრავი ქონების გადაცემის (ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება) მოთხოვნა, ქონების შესაბამისი მესაკუთრის მიმართ.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
29. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,,ნ–ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. შპს ,,ნ–ას“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2020 წლის 11 თებერვალი), 70% – 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე