საქმე№ას-359-2019 24 თებერვალი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „კ.ჯ–ა“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „რ.ა–ბა“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „კ.ჯ–ა“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება, შპს „რ.ა–ბის“ (შემდეგში: მოსარჩელე) სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, მოპასუხისათვის თანხის დაკისრების თაობაზე, კერძოდ, მხარეთა შორის 2014 წლის 1 ივნისის #17/2014 ხელშეკრულებიდან არსებული დავალიანების - 671.77 ლარის და პირგასამტეხლოს 64.2 ლარისა და 2014 წლის 1 მაისის #008 ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების 2 009.68 ლარისა და პირგასამტეხლოს - 192.06 ლარის დაკისრების შესახებ.
2. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, მოსარჩელეს, მოპასუხისთვის მომსახურების გაწევის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები არ წარუდგენია სასამართლოსთვის.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
7.1. მხარეთა შორის, 2014 წლის 1 ივნისს და 2014 წლის 1 მაისს გაფორმდა სარეკლამო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებები. 2014 წლის 1 ივნისს №17/2014 ხელშეკრულების მომსახურების ფასად განისაზღვრა 119 ლარი დღგ-ს ჩათვლით და ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 6 თვე, ხოლო 2014 წლის 1 მაისს №008 ხელშეკრულების მომსახურების ფასი - 356 ლარი დღგ-ს ჩათვლით, მოქმედების ვადა - 1 წელი.
7.2. 2014 წლის 01 მაისს №008 გაფორმებული ხელშეკრულება გაგრძელდა 2015 წლის 1 აპრილის ჩათვლით (2014 წლის 1 ნოემბრის დამატებითი შეთანხმებით №1), ხოლო 2014 წლის 01 ივნისის N17/2014 ხელშეკრულება გაგრძელდა 2016 წლის 1 ივნისამდე (2015 წლის 1 ივნისის დამატებითი შეთანხმება №1).
7.3. N008 ხელშეკრულება შეწყდა 2016 წლის 21 ოქტომბრიდან, ხოლო N17/2014 ხელშეკრულება შეწყდა 2016 წლის 21 ოქტომბრიდან.
7.4. მოპასუხის დავალიანება 2017 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით შეადგენდა 7 806.55 ლარს, საიდანაც, 2014 წლის 1 ივნისს #17/2014 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენდა 1 955.74 ლარს (ძირითადი დავალიანება 671.77ლარი, ხოლო, პირგასამტეხლო 1 283.97 ლარი), 2014 წლის 1 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენდა 5 850 ლარს (ძირითადი თანხა 2 009.68 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოს 3 841.13 ლარი).
8. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, გარკვეული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, შესაბამისი ანაზღაურების მიღება, და ამ ანაზღაურების, მოპასუხის მიერ დროულად გადაუხდელობის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629.1-ე „ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური“, და სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლები.
9. დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ გასწია გარკვეული მომსახურება, ხოლო, მის მიერვე წარმოდგენილი ცნობით დასტურდება, რომ მომსახურების სანაცვლოდ სრული ანაზღაურება არ მიუღია. საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლით, მოპასუხე აღიარებს (იხ. სსსკ-ის 131-ე მუხლი), რომ სარჩელი საფუძვლიანია, თუმცა, ითხოვდა პირგასამტეხლოს შემცირებას (აღსანიშნავია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისას, პირგასამტეხლოს შესახებ პრეტენზიებს სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს), რაც დაკმაყოფილდა კიდეც საქალაქო სასამართლოს მიერ, ხოლო, მოპასუხის საკასაციო პრეტენზია, საქმეში, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულების არარსებობის თაობაზე თავის დროზე არ ყოფილა მითითებული, ამასთან, სარჩელის მოთხოვნისა და ფაქტობრივი გარემოებების აღიარების პირობებში, აღნიშნული პრეტენზია ვერ მიიჩნევა არსებით შედავებად, ვერც მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით (აღნიშნული არ ყოფილა შედავებული და გაქარწყლებული სათანადო მტკიცებულებებით, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულება დავალიანების არსებობაზე ადასტურებს მომსახურების გაწევას), და ვერც პროცესუალურსამართლებრივი თვალსაზრისით (მოპასუხე, სარჩელში მითითებულ გარემოებებს დაეთანხმა შესაგებლის წარდგენით).
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
11. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „კ.ჯ–ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. შპს „კ.ჯ–ას“ (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2019 წლის 14 მარტი), 70% – 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე