Facebook Twitter

¹ ბს-2028-17-ა-04 1 მარტი, 2005 წ.,

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 აპრილის გადაწყვეტილებით შპს “ჯ.” სარჩელი დაკმაყოფილდა, - ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების მართვის გურჯაანის სამმართველოს მიერ 2001წ. 2 აგვისტოს ჩატარებული აუქციონი შპს .,ჯ.” საწესდებო კაპიტალში ჩადებული ცენტრალური საწყობის და “ა.” მდებარე მეცხვარეობის ფერმის გაყიდვის ნაწილში.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. გ-მა და გურჯაანის რ-ნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 თებერვლის განჩინებით გურჯაანის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და დ. გ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გურჯაანის რ-ნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ და დ. გ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004წ. 19 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 თებერვლის განჩინება.

დ. გ-მა და გურჯაანის რ-ნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველომ განცხადებით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 აპრილის გადაწყვეტილების, თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 23 თებერვლის განჩინების და უზენაესი სასამართლოს 2004წ. 19 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და საქმის წარმოების განახლება.

განმცხადებელი დ. გ-ი მიუთითებს, რომ გურჯაანის რ-ნის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ 2001წ. 2 აგვისტოს აუქციონზე გაყიდა მუნიციპალური საკუთრება სოფ. ჯიმითის საწყობი, აშენებული 1976 წელს და “ა.” მდებარე ფერმა, რომლებიც მუნიციპალურ საკუთრებაში საპრივატიზაციოდ გადაცემამდე წარმოადგენდა ლიკვიდირებული სოფ. ჯიმითის სახაზინო საწარმოს საკუთრებას, ეს ქონება საპრივატიზაციო ნუსხაში გადაცემული იყო შესაბამისად _ 2000წ. 24 აგვისტოს და 2001წ. 14 მარტის გურჯაანის რ-ნის გამგეობის 70-ე და 78-ე დადგენილებით. სასამართლოს მიერ სააღსრულებო ფურცელი შპს “ჯ.” ვალის 18586 ლარის ოდენობით სს “კ. პ.” გამოიწერა 14.09.2000 წელს, ხოლო შპს “ჯიმითის” უძრავ-მოძრავი ქონება დაყადაღდა 2001წ. 26 ივნისს, როცა არც საწყობი და არც ფერმა არ წარმოადგენდა არც შპს “ჯ.” საკუთრებას და არც მის საწესდებო კაპიტალში არ იყო შესული. ეს ქონება წარმოადგენდა მუნიციპალურ საკუთრებას.

გამომდინარე აქედან, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ არც შპს “ჯ.” ქონებაზე ყადაღის დადებას და არც შპს “ჯ.” პრეტენზიებს, თუ რატომ იქნა უკანონოდ ყადაღადადებული მუნიციპალური ქონება გაყიდული გურჯაანის რ-ნის ქონების მართვის სამმართველოს მიერ 2001წ. 2 აგვისტოს აუქციონზე, არავითარი საფუძველი არ გააჩნია.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ გურჯაანის რ-ნის ქონების მართვის სამმართველომ 2001წ. 2 აგვისტოს აუქციონზე გაყიდა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შეტანილი სახელმწიფო მუნიციპალური საკუთრების ქონება, რომელიც მან შეიძინა აუქციონის პირობით გათვალისწინებულ 30 დღიან ვადაში და გადაიხადა მთლიანი ღირებულება. 2002წ. 27 სექტემბერს კი, მიუხედავად იმისა, რომ მეცხვარეობის ფერმა მას გადასცა გურჯაანის რ-ნის ქონების მართვის სამმართველომ, ამ ფერმას კვლავ განკარგავს შპს “ჯ..” დირექტორი თ. შ-ი, რითაც ჩადის სისხლის სამართლის დანაშულს.

განმცხადებელი ასევე მიუთითებს, რომ, ვინაიდან იგი არის 2001წ. 2 აგვისტოს აუქციონზე გაყიდული სახელმწიფო ქონების კეთილსინდისიერი მყიდველი და შეძენილი ქონების, 1976 წელს აშენებული ცენტრალური საწყობის და მეცხვარეობის ფერმის საკუთრების სამართალმემკვიდრე, კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, არავის აქვს მისი გაუქმების უფლება, ხოლო შპს “ჯ.” დირექტორის და ქონების მართვის სამმართველოს უფროს ივ. ქ-ის მიერ გაყალბებულია მთელი რიგი მტკიცებულებები, რომლებიც თავიანთი უკანონო მიზნების განსახორციელებლად წარადგინეს სასამართლო ინსტანციებში.

განმცხადებელი გურჯაანის რ-ნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს ინტერესების დამცველი ლ. ჯ-ი განმარტავს, რომ 2004წ. 6 დეკემბერს მას განცხადებით მიმართა დ. გ-მა სადავო საქმეში არსებული დოკუმენტების დედნების გაცნობის მოთხოვნით, ასევე წარუდგინა მის მიერ მოპოვებული დოკუმენტები, რომელთა გაცნობის შედეგად აღნიშნავს, რომ 2000წ. 16 მარტს ¹5 წერილით გურჯაანის რ-ნის ქონების მართვის სამმართველოს უფროს ი. ქ-ს მიმართა ჯიმითის სახაზინო საწარმოს დირექტორმა თ. შ-მა, რომლითაც ითხოვდა შეეტანათ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში ჯიმითის სახაზინო საწარმოს ცენტრალური საწყობის ტიპური შენობა, აშენებული 1976 წელს, ღირებულება 1992 წლამდე 41.2 ათასი მანეთი, ღირებულება ლარებში 4465 ლარი.

ამ მომართვის საფუძველზე გურჯაანის რ-ნის გამგეობამ 2000წ. 24 აგვისტოს ¹70 დადგენილებით შეიტანა ეს საწყობი საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში.

11.09.2000წ. ¹226 წერილით გურჯაანის რ-ნის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფროსმა ი. ქ-მა მიმართა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გურჯაანის რ-ნის ¹70 დადგენილების საპრივატიზაციო ნუსხის დამტკიცების შესახებ, თანხმობის თაობაზე.

სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მოადგილე მ. გაბუნია 25.10.2000წ. ¹02-2350/4-0 წერილით დაეთანხმა ამ საწყობის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანას და არსებული კანონმდებლობის მიხედვით მის პრივატიზებას.

რაც შეეხება მეცხვარეობის ფერმას “ა.”, ჯიმითის სახაზინო საწარმოს დირექტორმა, ამ სახაზინო საწარმოს ლიკვიდაციის დროს, 1999 წელს არ მიაწოდა მონაცემები გურჯაანის რ-ნის ქონების მართვის სამმართველოს ინვენტარიზაციის შესახებ, რის გამოც ჯიმითის სახაზინო საწარმოს ლიკვიდაციის შემდეგ, ქონების მართვის სამმართველოს მიერ დაფუძნებულ შპს “ჯ.” საწესდებო კაპიტალში ეს ფერმა არ ყოფილა შესული.

2001წ. 14 მარტს გურჯაანის რ-ნის გამგეობის ¹78 დადგენილებით ეს ფერმა შევიდა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში, რის თაობაზეც ეცნობა შპს “ჯ.” დირექტორს და ქონების მართვის სამმართველოს.

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 04.06.2001წ. ¹02-1178/4-1 წერილით თანხმობა მისცა გურჯაანის რ-ნის ქონების მართვის სამმართველოს მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ობიექტის შპს “ჯ.” ბალანსზე რიცხული საწესდებო კაპიტალში არსებული “ა.” მეცხვარეობის ფერმის პრივატიზების შესახებ.

შპს “ჯ.” დირექტორმა გურჯაანის რ-ნის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 7.06.01წ. ¹27 წერილის პასუხად აცნობა, რომ “ა.” მდებარე ცხვრის ფერმის საბალანსო ღირებულება 1992 წლამდე შეადგენდა 1000 მანეთს და ექსპლუატაციაში შევიდა 1986 წელს.

განმცხადებელი მიუთითებს, რომ “ჯ.” სახაზინო საწარმო ლიკვიდირებულ იქნა 1999 წელს, იგი დაფუძნდა გურჯაანის რ-ნის ქონების მართვის სამმართველოს 2000წ. 14 აპრილის ¹8 ბრძანებით და გურჯაანის რ-ნის სასამართლოს ¹27/4-188 დადგენილებით გატარდა რეგისტრაციაში 2000წ. 29 ნოემბერს.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ 2001წ. 2 აგვისტოს აუქციონზე გაიყიდა მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტები და არა შპს “ჯ.” საწესდებო კაპიტალში შესული ქონება. სასამართლოს მიერ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 631-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების გამოყენება შპს “ჯ.” დაყადაღებული ქონების გურჯაანის რ-ნის სახელმწიფო ქონების 2001წ. 2 აგვისტოს აუქციონზე გაყიდულ საწყობსა და ფერმის ნაწილში უკანონოა, რადგანაც ეს ქონება იმ დროისათვის არ წარმოადგენდა შპს “ჯ.” საწესებო კაპიტალში შესულ ქონებას. საწყობიც და ფერმაც წარმოადგენდა სახაზინო საწარმოს მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემულ ქონებას, რომელიც გაიყიდა პრივატიზაციით.

განმცხადებელი მიუთითებს, რომ იმ პრეტენზიებზე, რომლებსაც დ. გ-ი აყენებს, პერსონალურად პასუხისმგებლები არიან შპს “ჯ.” დირექტორი თ. შ-ი და მისი დამფუძნებლები, ასევე გურჯაანის რ-ნის ქონების მართვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ი. ქ-ი და არა რეორგანიზებული ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გურჯაანის რ-ნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველო და მისი ახალი ხელმძღვანელობა.

სამოტივაციო ნაწილი:

სსკ-ის 421-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

სსკ-ის 422-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი თუ:

ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად, უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში;

ბ) ერთ-ერთი მხარე ან თუ მას კანონიერი წარმომადგენ. სჭირდება, ასეთი წარმომადგენ. არ იყო მიწვეული საქმის განხილვაში. განმცხადებლები დ. გ-ი და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გურჯაანის რ-ნის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო თავიანთ განცხადებებში არ მიუთითებენ სსკ-ის 422-ე მუხლით გათვალისწინებულ არც ერთ საფუძველზე, რის გამოც განცხადებები გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებელია. რაც შეეხება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნას, განცხადებები ამ ნაწილში არ არის უზენაესი სასამართლოს განსჯადი შემდეგ გარემოებათა გამო:

კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ არსებობს სსკ-ის 423-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები. ამავე კოდექსის 424-ე მუხლის თანახმად, განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, რომელიც უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 თებერვლისა და უზენაესი სასამართლოს 2004წ. 19 ოქტომბრის განჩინებებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, დ. გ-ისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გურჯაანის რ-ნის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს განცხადებები ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, გურჯაანის რაიონული სასამართლოს განსჯადია. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, სარჩელი (განცხადება) უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, გადაწყვიტოს საქმე. არაუფლებამოსილ სასამართლოში განცხადების შეტანის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს (განცხადებას) გადაუგზავნის უფლებამოსილ სასამართლოს.

ამდენად, დ. გ-ისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გურჯაანის რ-ნის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს განცხადებები ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად უნდა გადაეცეს განსჯად გურჯაანის რაიონულ სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლით, სსკ-ის 421-ე და 424-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. გ-ისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გურჯაანის რ-ნის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს განცხადებები გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში დაუშვებლად იქნეს მიჩნეული, ხოლო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ნაწილში დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცეს განსჯად გურჯაანის რაიონულ სასამართლოს.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.