Facebook Twitter

საქმე №ას-738-2021 19 ივლისი, 2021 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე,

ლევან მიქაბერიძე,

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი - ლ.ბ–ია

მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ.ბ–ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინებით სს „თ.ბ–ის“ წარმომადგენლის განცხადება საარბიტრაჟოს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა. ლ.ბ–ია (პ/ნ .....) აეკრძალა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ..... ფართი 42.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: ......, გასხვისება და სანივთო სამართლებრივი უფლებით (იპოთეკა, აღნაგობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი) დატვირთვა.

2. განჩინებაზე საჩივარი შეიტანა ლ.ბ–იამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

3. სააპელაციო სასამართლომ იხელძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე, 35612-ე, 372-ე, 374-ე, 390-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინებით ლ.ბ–იას საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და საქმე მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო წარდგენილი საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIL თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613-ე მუხლის პირველი ნაწილით, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით.

6. ამავე კოდექსის 35618-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო სამართლებრივ გარანტიას. აღნიშნული ინსტიტუტის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა წინასწარი და დროებითი ხასიათის ღონისძიებაა და ხდება დარღვეული ან სადავო უფლების შესახებ არსებითი მსჯელობისაგან დამოუკიდებლად, სასამართლოს ან არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.

9. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ გარემეობებზე, კერძოდ 2021 წლის 14 ივნისს, სს „თ.ბ–ის“ წარმომადგენლის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა შპს მ.ა. „მ–ის“ 2021 წლის 03 ივნისის (საქმე N°34/06-21) დადგენილება, რომლითაც დასტურდება, რომ სს „თ.ბ–ის“ სარჩელი მოპასუხეების - ი/მ მ.ე–სა და ლ.ბ–იას მიმართ, 2018 წლის 31 აგვისტოს 10 გაფორმებული No1246111-10046645 საბანკო კრედიტის ხელშეკულების შეწყვეტილად ცნობის და თანხის დაკისრების მოთხოვნით, მიღებულია წარმოებაში.

10. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას და აღნიშნავს: საქმის მასალებით დგინდება, რომ აღძრულია მიკუთვნებითი სარჩელი, რაც გულისხმობს, რომ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის (მიზანი) დადგომა დამოკიდებულია არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე (როგორც ეს აღიარებითი სარჩელების შემთხვევაშია), არამედ ასევე მოპასუხის ნებაზე. მან უნდა განახორციელოს გარკვეული მოქმედება თანხის გადახდის თაობაზე. ასეთი ნების არარსებობის პირობებში გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა დამოკიდებული ხდება ისეთ მექანიზმზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება. ასეთ შემთხვევაში უნდა არსებობდეს საშუალება, საიდანაც (იძულებითი რეალიზაციით) გადაწყვეტილების აღსრულება და კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი. სწორედ ამ საშუალების არსებობისა და შენარჩუნებისათვის გარანტიებს ქმნის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელსაც სასამართლო მიმართავს მოსარჩელის განცხადების საფუძველზე. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარებით იზღუდება მოპასუხის ნება, გაასხვისოს ანდა სხვაგვარად დატვირთოს საკუთრება. განმცხადებელი უთითებს, რომ მოვალე არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს და ერიცხება დავალიანება, რომელმაც განცხადების წარდგენის მომენტში, განცხადებაზე თანდართული დავალიანების შესახებ ცნობის მიხედვით შეადგინა 8 010,08 ლარი; ამასთან, თავდები პირის - ლ.ბ–იას პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით განსაზღვრულია 9100 ლარით.

11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას იყენებს მაშინ, როდესაც დავის საგანს ესაჭიროება დაცვა; ამასთან, როგორც აღინიშნა, უზრუნველყოფის ეტაპზე სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ თუ საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

12. რაც შეეხება საჩივრის ავტორის მოსაზრებებს ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლების არსებობის თაობაზე, სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული გარემოებები არ წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ეტაპზე მსჯელობისას დასადგენ გარემოებებს და ისინი შესაბამისი პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის საგანია.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ ლ.ბ–იას საჩივარი მართებულად არ დააკმაყოფილა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 197-1971-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.ბ–იას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ზამბახიძე

ლ. მიქაბერიძე