Facebook Twitter

საქმე №ას-1663-2019 21 სექტემბერი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები - კ.კ–ია, შპს „გ.ჯ–ი“, ს.კ–ია

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ბ–ი, რ.მ–ძე, დ.ო–ძე, ქ.ვ–ძე, გ.ბ–ნი.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმების, ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, მიწის ნაკვეთის ამხანაგობის თანასაკუთრებაში აღრიცხვა

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით, კ.კ–იას, შპს „გ.ჯ––ისა“ და ს.კ–იას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

დასაშვებობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო პალატას განცხადებით მომართეს შპს „გ.ჯ––ის“ წარმომადგენელმა ვ.ლ–ამ, კ.კ–იამ და ს.კ–იამ. განმცხადებლებმა განმარტეს, რომ უარს აცხადებენ საკასაციო საჩივარზე და მოითხოვეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება.

სასამართლო მოხელე, მოთხოვნის დაზუსტების მიზნით დაუკავშირდა ვ.ლ–ასა და ს.კ–იას, რომელთაც განმარტეს, რომ აღარ ასაჩივრებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას და უარს ამბობენ საკასაციო საჩივარზე. მხარეებს დამატებით განემარტათ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები, ხოლო თავის მხრივ, მათ დაადასტურეს, რომ მათთვის ცნობილია ამ შედეგების შესახებ, ეთანხმებიან წარმოდგენილ განცხადებას, უარს აცხადებენ საკასაციო საჩივარზე და სურთ მოცემულ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი).

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება, მხარეთა განმარტებები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

ამდენად, აპელანტი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული წესი ვრცელდება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც.

მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, კ.კ–იას, შპს „გ.ჯ–ისა“ და ს.კ–იას განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.

სსსკ-ის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 399-ე მუხლების თანახმად კი საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ კ.კ–იას მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8 000 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 374-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „გ.ჯ––ის“, კ.კ–იასა და ს.კ–იას განცხადება დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს საქმის წარმოება შპს „გ.ჯ––ის“, კ.კ–იასა და ს.კ–იას საკასაციო საჩივარზე ლ.ბ–ის, რ.მ–ძის, დ.ო–ძის, ქ.ვ–ძისა და გ.ბ–ნის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებაზე.

3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.

2. შპს „გ.ჯ––ს“ (ს/კ ......), კ.კ–იასა (პ/ნ ......) და ს.კ–იას (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე კ.კ–იას მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 02.12.2019 წ. გადახდილი 4 000 ლარი (№12170/34579) და 27.01.2020 წ. გადახდილი 4 000 ლარი (საგადახდო დავალება №8989607260).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე