Facebook Twitter

საქმე №ას-645-2021 24 სექტემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შ.ტ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ბ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი - ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შ.ტ–მა (შემდგომ – მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ბ–ის (შემდგომ - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა.

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 369-ე მუხლზე, იმავე კოდექსის 2591 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-60 და 61-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი. ამასთან, აპელანტს (მოსარჩელეს) კანონით დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2021 წლის 6 აპრილს ჩაჰბარდა სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაბამისად, მისთვის გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 7 აპრილს და იმავე წლის 20 აპრილს, 24:00 საათზე დასრულდა, რისი გათვალისწინებითაც, აპელანტის მიერ 2021 წლის 21 აპრილს ახალციხის რაიონულ სასამართლოში შეტანილი სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და, სსსკ-ის 369-ე და 374-ე მუხლების საფუძველზე, განუხილველად უნდა დარჩეს.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა, რომლითაც ამ განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:

6.1. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო საჩივარი ახალციხის რაიონულ სასამართლოში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით კანონით გათვალისწინებულ 14-დღიან ვადაში 2021 წლის 20 აპრილს, 24:00 საათამდე გააგზავნა, რასაც ახალციხის რაიონული სასამართლოს კანცელარიის განყოფილების უფროსის წერილობითი მიმართვა ადასტურებს, რისი გათვალისწინებითაც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება. საქმის მასალებით დგინდება, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობად, სხვა წინაპირობებთან ერთად, რომელთა არსებობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი მიიღება განსახილველად, მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის საპროცესო ვადის დაცვით წარდგენას.

11. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა - 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

12. ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით იმპერატიულად არის დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა და მისი დენა იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. რაიმე გამონაკლისი, მოცემული ვადის გაგრძელებისა და აღდგენის თვალსაზრისით, არ არსებობს.

13. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (უდავოა ის ფაქტი, რომ აპელანტი სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს არ წარმოადგენს, რაც სასამართლოს წარმოუშობდა ვალდებულებას, მისთვის გადაწყვეტილება სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაეგზავნა).

14. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრული ვადის დაცვით სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (შდრ. სუსგ. №ას-873-2018, 2019 წლის 31 იანვარი). სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს აქვს არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე.

15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას - იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება №ას-1161-1106-2014).

16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

17. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი. ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენელმა სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა) განცხადებით მიმართა რაიონულ სასამართლოს და გადაწყვეტილების ჩაბარება მოითხოვა (ს.ფ. 187), რაც მას 2021 წლის 6 აპრილს პირადად ჩაჰბარდა (ს.ფ. 186, 188), შესაბამისად, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის მე-60 მიხედვით, მოსარჩელისათვის გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 7 აპრილს და იმავე წლის 20 აპრილს ამოიწურა.

18. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მას გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია, რადგან საააპელაციო საჩივარი სასამართლოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე 14-დღიანი ვადის ბოლო დღეს, 23:44 საათზე გადააგზავნა.

19. ზემოაღნიშნული გარემოების დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა ახალციხის რაიონული სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსის 2021 წლის 1 ივნისის მიმართვა, რომლის თანახმად, სამოქალაქო №2/394-20 საქმეზე, მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ 2021 წლის 20 აპრილს, 23:44 საათზე ახალციხის რაიონულ სასამართლოს ელ. ფოსტაზე შევიდა სააპელაციო საჩივარი, რომელიც კანცელარიაში 2021 წლის 21 აპრილს, 09:30 საათზე დარეგისტრირდა, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი გადმოგზავნილი იყო არასამუშაო საათებში. აღსანიშნავია, რომ მოსამართლეს, რომელიც ამოწმებდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას, დასახელებული გარემოების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა.

20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 61-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია საპროცესო ვადის დამთავრების დრო. კერძოდ, აღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

21. სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად კი, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა; სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

22. საკასაციო პალატა წინამდებარე განჩინების მე-19 პუნქტში მითითებულ მტკიცებულებას აფასებს რა სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ამ უკანასკნელმა სააპელაციო საჩივარი ვადის დაცვით გააგზავნა, რაც სსსკ-ის 61.3 მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

23. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

24. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.ტ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე