Facebook Twitter

საქმე №ას-591-2021 24 სექტემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ჯ.დ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ვ.ტ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ჯ.დ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.ტ–ის (შემდგომ - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; ცვლილება შევიდა ნოტარიუს ნ.უ–ის მიერ 2019 წლის 15 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო რეგისტრაციის №190166865) და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა ძირითადი დავალიანების სახით, ნაცვლად 50 000 ლარისა, 32 000 ლარით განისაზღვრა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და საქმის ხელახლა პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსათვის.

5. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 63-ე მუხლის, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის, 373-ე მუხლისა და 374-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და ამ განჩინების გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ აპელანტის სამართლიანი სასამართლოს უფლება დაარღვია და სააპელაციო საჩივრის განხილვაზე უარი უკანონოდ უთხრა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

10. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო.

11. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განხორციელდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ის ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში მითითებული მოქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

12. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.

13. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა: ა) სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენის დედანი; ბ) მიეთითებინა, რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა, ასევე მიეთითებინა გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს.

14. სააპელაციო სასამართლოს, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა მ.ც–მა და სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წარადგინა.

15. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით, აპელანტს ხარვეზის სრულად შესავსებად დადგენილი ვადა 10 დღით გაუგრძელდა. საპროცესო ვადა გაგრძელდა 2021 წლის 5 მარტის განჩინებითაც, რომლითაც აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა ისევ 10 დღით გაუგრძელდა და განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

16. ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს - მ.ც–ს (იხ. მინდობილობა/ ტ.1, ს.ფ. 41-43) კანონით დადგენილი წესით პირადად ჩაჰბარდა 2021 წლის 6 აპრილს (იხ. ტ.1, ს.ფ. 208-209).

17. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაარღვია და აპელანტს სააპელაციო საჩივრის განხილვაზე უარი უკანონოდ უთხრა.

18. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამ ნორმის თანახმად, შესაძლებელია, საჭირო საპროცესო დოკუმენტები სასამართლომ გაუგზავნოს უშუალოდ მხარეს ან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მის წარმომადგენელს. სასამართლო უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს, ჩამოთვლილ პირთაგან კონკრეტულად რომელს ჩააბაროს გზავნილი. საპროცესო დოკუმენტების მხარის წარმომადგენლისათვის ჩაბარება მათი უშუალოდ მხარისათვის გადაცემას უთანაბრდება.

19. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

20. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

21. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივსამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს და მიუთითებს, რომ აპელანტისათვის ხარვეზის გამოსწორების 10-დღიანი ვადის ათვლა 2021 წლის 7 აპრილს დაიწყო (გზავნილის ჩაბარების მეორე დღე) და იმავე წლის 16 აპრილს ამოიწურა.

22. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტს გონივრული ვადა (10 დღე) მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დაცვით იგი არ გამოუსწორებია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ან რაიმე სხვა სახის შუამდგომლობით არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის, რამაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.

23. სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის თაობაზე საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სსსკ-ის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება, დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ,,თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’ (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5).

24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე, 177.3-ე და 368.1-ე მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები).

25. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს დაუდგინდა ვადა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისათვის, თავის მხრივ, მან არ გამოასწორა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად, ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს სწორედ სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენდა. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის ფაქტი არ დგინდება, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი სსსკ-ის 368-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

26. ამრიგად, ვინაიდან, კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის დაცვით, ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

27. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 364-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. ეს ნორმა განსაზღვრავს სააპელაციო გასაჩივრების ობიექტს, კერძოდ, სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება. ამავე ნორმით განსაზღვრულია, ასევე, სააპელაციო გასაჩივრების სუბიექტები (მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით).

28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო გასაჩივრების სუბიექტი უფლებამოსილია, გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს ის გადაწყვეტილება (განჩინება), რომელიც მის წინააღმდეგაა გამოტანილი და უშუალოდ ეხება მის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს. მხარის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების ამავე მხარის მიერ გასაჩივრება ეწინააღმდეგება სსსკ-ის მე-2 მუხლის დანაწესს, ვინაიდან ეს ნორმა ადგენს უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ეს უფლება დარღვეულია ან სადავოდაა ქცეული. ცხადია, რომელიმე მხარის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება შეუძლებელია, არღვევდეს ამავე მხარის უფლებას.

29. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა 2019 წლის 15 თებერვლის სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა, კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვდა, სააღსრულებო ფურცელში მითითებული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა, ნაცვლად 50 000 ლარისა, განსაზღვრულიყო 32 000 ლარით. უდავოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.

30. აპელანტი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაზე წარდგენილ სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის გადახდილი აქვს 21 000 ლარი და, აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებას 3000 ლარის ნაწილში ასაჩივრებს.

31. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელე (აპელანტი) მოითხოვდა სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანას მხოლოდ 18 000 ლარის ნაწილში და აღსასრულებელ ვალდებულებად 32 000 ლარის განსაზღვრას, აღნიშნული თავად სარჩელის შინაარსითაც ნათლად დასტურდება, სადაც მოსარჩელე (აპელანტი) მიუთითებდა, რომ ,,ნასესხები 50 000 ლარიდან 18 000 ლარი ვადაზე ადრე გადაუხადა მოპასუხეს და გადასახდელი დარჩა 32 000 ლარი“. ამ გარემოებას ადასტურებს, მოსარჩელის მიერ მითითებული სარჩელის ფასი და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობაც.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის აპელანტის წინააღმდეგ გამოტანილი და შედეგი მისი საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში მიღწევადი ვერ იქნება, რისი გათვალისწინებითაც, სსსკ-ის 364-ე და 374-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები არსებობდა.

33. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი სამართლებრივი პროცედურების გზით საქმის გაჭიანურებას ემსახურება, რათა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერებული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება არ განახლდეს, რაც თავისთავად ხელყოფს მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს და არ უზრუნველყოფს უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, რაც სასამართლოს მხრიდან ამ უფლების დარღვეულად მიჩნევას გამორიცხავს.

34. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

35. პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება არის დასაბუთებული და სამართლებრივრივი არგუმენტებით გამყარებული. ამასთან, სააპელაციო პალატის განმარტება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ.დ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე