Facebook Twitter

საქმე № ა-4090-შ-115-2021 24 სექტემბერი, 2021 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე.მ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ს.პ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის, მიუნხენის საოლქო სასამართლოს, 2018 წლის 10 იანვრის (№555 F 2253/17) გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გერმანიის, მიუნხენის საოლქო სასამართლოს, 2018 წლის 10 იანვრის (№555 F 2253/17) გადაწყვეტილებით, ე.მ–სა და ბ.ს.პ–ს შორის, 2012 წლის 3 ივლისს, მიუნხენის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა (ქორწინების რეგისტრაციის №E1777/2012). ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა საპენსიო უფლებების განაწილების საკითხი.

2. ე.მ–მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა გერმანიის, მიუნხენის საოლქო სასამართლოს, 2018 წლის 10 იანვრის (№555 F 2253/17) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. გერმანიის, მიუნხენის საოლქო სასამართლოს, 2018 წლის 10 იანვრის (№555 F 2253/17) გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 20 თებერვალს.

4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი მოსმენით. მოწინაღმდეგე მხარე საოჯახო საქმის მოპასუხე იყო, რომელიც დაეთანხმა განქორწინებას. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მეუღლეები 2017 წლის იანვრის შემდეგ ერთმანეთისგან განცალკევებით ცხოვრობენ და ერთობლივი ცოლ-ქმრული თანაცხოვრება შეწყვეტილია, სულ მცირე, ერთი წელია.

5. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 სექტემბრის განჩინებით, ე.მ–ის შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში გერმანიის, მიუნხენის საოლქო სასამართლოს, 2018 წლის 10 იანვრის (№555 F 2253/17) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის, მიუნხენის საოლქო სასამართლოს, 2018 წლის 10 იანვრის (№555 F 2253/17) გადაწყვეტილებით, ე.მ–სა და ბ.ს.პ–ს შორის, 2012 წლის 3 ივლისს, მიუნხენის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა (ქორწინების რეგისტრაციის №E1777/2012). გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2018 წლის 20 თებერვალს. მოწინააღმდეგე მხარე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.

10. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, განქორწინების ნაწილში, გერმანიის, მიუნხენის საოლქო სასამართლოს, 2018 წლის 10 იანვრის (№555 F 2253/17) გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.მ–ის შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში გერმანიის, მიუნხენის საოლქო სასამართლოს, 2018 წლის 10 იანვრის (№555F 2253/17) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, მიუნხენის საოლქო სასამართლოს, 2018 წლის 10 იანვრის (№555 F 2253/17) გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყვეტილ იქნა ე.მ–სა და ბ.ს.პ–ს შორის, 2012 წლის 3 ივლისს, მიუნხენის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის №E1777/2012).

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე