Facebook Twitter

საქმე №ას-271-2021 21 სექტემბერი, 2021 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ქ.ზ–ნი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.გ–ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე – ლ.ზ–ნი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.09.2020წ. განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 18.06.2020წ. გადაწყვეტილებით დ.გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი ქ.ზ–ნისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოპასუხე" ან „კერძო საჩივრის ავტორი“) და ლ.ზ–ნის (შემდეგში ტექსტში პირველ მოპასუხესთან ერთად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“) მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე: გარდაბანი, ...., სოფელი ...., ს.კ. N ..... და დადგინდა უძრავი ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.09.2020წ. განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეების წარმომადგენელმა, ხ.ლ–ამ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 17.07.2020წ.. შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 18.07.2020წ. და ამოიწურა 31.07.2020წ.. მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი სასამართლოს წარედგინა 03.08.2020წ.. საჩივარს ერთვის მისი ფოსტით გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლის მიხედვით, სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა 01.08.2020წ.. ამდენად, მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივარი წარადგინეს დადგენილი ვადის დარღვევით (ერთი დღის დაგვიანებით), რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.09.2020წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოპასუხეები ცხოვრობენ სოფელში, არ ჰყავთ მომვლელი ან დამხმარე და არ შეუძლიათ სოფლიდან ქალაქში თავისუფლად გადაადგილება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მის მიერ გასაჩივრების ვადის დარღვევა დაკავშირებულია მსოფლიო პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან. კერძოდ, იგი კანონით დადგენილ ვადაში ცდილობდა დოკუმენტის ფოსტისთვის ჩაბარებას, თუმცა, პირბადის არქონის გამო შენობაში არ შეუშვეს, რის გამოც სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში ვერ წარადგინა. მან სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2020 წლის 1 აგვისტოს დილით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

7. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების იმ ნაწილის მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენის გამო.

8. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

9. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს.

10. საქმის მასალებით დასტურდება და არც კერძო საჩივარშია საწინააღმდეგო მითითებული, რომ მოპასუხეების წარმომადგენელს (იხ.: რწმუნებულებები, ს.ფ.67-69; 81) პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 17.07.2020წ. (ს.ფ.139).

11. სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამდენად, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღის მომდევნო დღიდან, 18.07.2020წ.-დან და დასრულდა 31.07.2020წ..

12. სასამართლოში სააპელაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით წარდგენილ იქნა 03.08.2020წ.. საფოსტო კონვერტზე დასმული ბეჭდით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაჰბარდა 01.08.2020წ. (იხ.: ს.ფ.140-151), ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

13. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

14. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას სააპელაციო საჩივრის ვადაში წარდგენის დამაბრკოლებელ გარემოებებზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ისევე როგორც სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი, კრძალავს სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელებას ან აღდგენას.

15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5 (იხ.: სუსგ საქმეზე № ას-1615-2019, 14.01.2020წ.)).

16. გასაჩივრების ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სუსგ-ებები: Nას-1226-2019წ., 23.12.2019წ.; Nას-464-464-2018, 05.07.2018წ.; Nას-1170-1100-2015, 25.12.2015წ.).

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ.ზ–ნის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.09.2020წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი

მირანდა ერემაძე