საქმე №ას-1149-2020 21 სექტემბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „L-G“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ–ო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.07.2020წ. განჩინება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.07.2017წ. გადაწყვეტილებით შპს „ლ–ოს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი შპს „L-G“-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების - 52 584.20 ლარისა და პირგასამტეხლოს - 9627.94 ლარის, საერთო ჯამში - 62 212.14 ლარის გადახდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.12.2019წ. განჩინებით აპელანტს 2488,48 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა სააპელაციო საჩივარზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე და საააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
4. 14.07.2020წ. მოპასუხის წარმომადგენელმა თ.კ–ძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება (შუამდგომლობა) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.07.2020წ. განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.07.2017წ. გადაწყვეტილებაზე წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე შეწყდა წარმოება. უცვლელად დარჩა აღნიშნული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ განცხადებას (შუამდგომლობას) ერთვოდა 01.07.2020წ. მოპასუხის დირექტორის მიერ თ.კ–ძის სახელზე გაცემული მინდობილობა, რომლის თანახმად, წარმომადგენელი უფლებამოსილია უარი თქვას სააპელაციო საჩივარზე. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-3, 378-ე, 273-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.07.2020წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელმა საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა სათანადო უფლებამოსილების გარეშე და მოპასუხის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
9. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს განჩინების მართლზომიერებაზე, რომლითაც წარმოება შეწყდა საქმეზე მოპასუხის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
10. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.
11. სსსკ-ის 378-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
12. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე მოპასუხის წარმომადგენელმა თ.კ–ძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა (იხ.: ტ.4, ს.ფ.58). განცხადებას ერთვოდა მოპასუხის დირექტორის მიერ ამავე საზოგადოების იურისტის - თ.კ–ძის სახელზე კანონით დადგენილი წესით გაცემული რწმუნებულება, რომლითაც რწმუნებულს, სხვა საპროცესო მოქმედებებთან ერთად, მიენიჭა მოპასუხის სახელით სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის უფლება (იხ.: რწმუნებულება, ტ.4, ს.ფ.59).
13. სსსკ-ის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ, საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. შესაბამისად, მხარის მიერ წარმომადგენლისათვის ნდობის გამოცხადებას და მისი სახელით მოქმედების უფლებამოსილების მინიჭებას თან ახლავს წარმომადგენლის მიერ შესრულებული მოქმედებების სამართლებრივი შედეგების რისკი, ანუ, მინდობილობის სათანადო წესით გაფორმების და კონკრეტული უფლების მინიჭების დროს არსებობს ვარაუდი, რომ ეს უფლება განხორციელდება.
14. აპელანტის წარმომადგენელს გააჩნდა სააპელაციო საჩივარზე მარწმუნებლის სახელით უარის თქმის უფლებამოსილება, შესაბამისად, არ არსებობს მისი მოქმედებების არამართლზომიერად ცნობის საფუძველი. უარი სააპელაციო საჩივარზე სავალდებულოა სასამართლოსთვის, რაც წარმოების შეწყვეტის წინაპირობაა (სუსგ-ებები: №ას-816-2019, 19.07.2019წ.; №ას-920-860-2017, 12.09.2017წ.; №ას-1023-2018, 30.11.2018წ.; №ას-1912-2018, 01.03.2019წ.).
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „L-G“-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.07.2020წ. განჩინება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე