საქმე №ას-551-2021 21 სექტემბერი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ნ.თ–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ბ.ა. "დ–ი-.", დამფუძნებელი გ.გ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნ.თ–იას სარჩელი ი.ბ.ა. "დ–ი-."-ის მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 ივნისის განჩინებით კასატორ საკასაციო საჩივარზე დაედგინდა ხარვეზი და დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება განჩნების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა, 6000 ლარის, სახელმწიფო ბაჟის, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის თანახმად შედგენილი დაზუსტებული საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლებისა (კასაციის მიზეზები) და კასაციის განაცხადის მითითებით და მისი ელექტრონული ვერსია.
საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაბარდა კასატორის წარმომადგენელს 2021 წლის 21 ივლისს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.თ–იას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22021 წლის 7 ივნისის განჩინებით კასატორს საკასაციო საჩივარზე დაედგინდა ხარვეზი და დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა, 6000 ლარის, სახელმწიფო ბაჟის, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის თანახმად შედგენილი დაზუსტებული საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლებისა (კასაციის მიზეზები) და კასაციის განაცხადის მითითებით და მისი ელექტრონული ვერსია.
საქმეში არსებული საფოსტო ქვითრით დასტურდება რომ კასატორი წარმომადგენელს თ.ს–ძის ოფის მენეჯერს, ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაბარდა 2021 წლის 21 ივლისს, დადგენილია, რომ კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 22 ივლისს და ამოიწურა 2021 წლის 28 ივლისს (სამშაბათი). ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2021 წლის 28 ივლისის ჩათვლით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.თ–იას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.თ–იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ე. გასიტაშვილი