№ას-821-2021
15 სექტემბერი, 2021 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ჩ.ნ–ვი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - მ.თ–ი, შ.თ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
დავის საგანი _ სააღსრულებო ფურცლისა და მის საფუძველზე დაწყებული წარმოების გაუქმება, ვალდებულების განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ჩ.ნ–ვის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ცვლილება შევიდა ნ.ს–ძის მიერ 2019 წლის 8 ნოემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №191364784) და მისი მეშვიდე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა სესხის თანხა 12000 (თორმეტი ათასი) აშშ დოლარი + პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.05 % (კრედიტორების წარმომადგენლის მოთხოვნით) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 25/05/2019 წლიდან - სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 124.36 ლარი (ასოცდაოთხი ლარი და 36 თეთრი). ნოტარიუს ნ.ს–ძის მიერ 2019 წლის 8 ნოემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №191364784) ჩ.ნ–ვის მიმართ აღსასრულებელი ვალდებულება დარჩა უცვლელად, მხოლოდ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში აღსრულება დადგინდა 0.05%-ის გადაანგარიშებით. მოსარჩელის მოთხოვნა ნოტარიუს ნ.ს–ძის მიერ 2019 წლის 8 ნოემბერს (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №191364784) გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმებისა და მოსარჩელის მიერ შესასრულებელი ვალდებულების 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარით განსაზღვრის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამრთლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის ძირი თანხის შემცირება 12 000 აშშ დოლარიდან 10 000 აშშ დოლარამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მის მიმართ გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ჩ.ნ–ვის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 მაისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 27 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ივლისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2021 წლის 29 ივლისს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორის წარმომადგენელს - დ.ბ–ძეს (იხ. მინდობილობა, ტ.1, ს.ფ. 44-45).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეცხრე კარით განსაზღვრულ საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს.
ზემოთ აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია შემდეგი: სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, ასევე მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს, ან თუ სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება.
იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის განჩინება სახელმწიფო ბაჟს შეეხებოდა, შეტყობინების ტექნიკური საშუალებით (ტელეფონით) ჩაბარება კანონით დადგენილ შესაბამის ქმედებას წარმოადგენს და ეს შეტყობინება, მისი განხორციელების დღეს - 2021 წლის 29 ივლისს ითვლება მხარისათვის ჩაბარებულად.
შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 30 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 3 აგვისტოს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2021 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მოუმართავს სასამართლოსთვის.
სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჩ.ნ–ვის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე რევაზ ნადარაია