საქმე №ას-356-2021 10 სექტემბერი, 2021 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - ნ.ჩ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რ.კ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, საქმის განსახილველად, სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რ.კ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე, დაზარალებული, კრედიტორი) სასამართლოში სარჩელი შეიტანა ნ.ჩ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 3 190 ლარის დაკისრება მოითხოვა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 1 235 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმის გამო, რომ სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 365-ე მუხლით დადგენილ ზღვრულ ოდენობას - 2 000 ლარს.
5. დასახელებული განჩინება მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა, რომლითაც ხსენებული განჩინების გაუქმება და, საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნება მოითხოვა. კერძო საჩივრის საფუძველი შემდეგია:
5.1. სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხი, ხარვეზი არ დაადგინა და, კერძო საჩივრის ავტორს საშუალება არ მისცა, რომ სახელმწიფო ბაჟი გადაეხადა.
5.2. არაკონსტიტუციურია შეზღუდვა, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობითაა დადგენილი, კერძოდ, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში დაუშვებელია იმ სააპელაციო საჩივრების წარდგენა, რომელთა დავის საგნის ღირებულება 2 000 ლარს არ აღემატება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 4 ივნისის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
7. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ დავის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.
8. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სსსკ-ის 365-ე მუხლის დანაწესზე, რომლითაც დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
დასახელებული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ცხადი ხდება შემდეგი: სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2 000 ლარს სცილდება, შესაბამისად, ნორმით დადგენილი შეზღუდვა იმპერატიულია და კრძალავს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, თუ მისი ღირებულება 2 000 ლარს არ აღემატება.
9. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება 1 235 ლარია. აღნიშნული ნათლად გამომდინარეობს მოპასუხის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნიდან, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაში მდგომარეობს (ს.ფ. 245). რაკი მოპასუხის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი 1 235 ლარის ფარგლებში დაკმაყოფილდა და რაკი ამ უკანასკნელის მოთხოვნა ამ სარჩელის უარყოფაა, ეს იმაზე მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება სწორედ 1 235 ლარია.
ამდენად, ცალსახაა, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება, განსახილველ შემთხვევაში, 2 000 ლარზე ნაკლებია და, სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, არსებობს სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველი. მითითებული საფუძვლით სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, თავისთავად განაპირობებს იმას, რომ ასეთ დროს დღის წესრიგში აღარ დგება, სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სხვა წინაპირობების შემოწმების საკითხი. შესაბამისად, გაზიარებული ვერ იქნება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოერკვია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხი.
10. რაც შეეხება ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმის კონსტიტუციურობას, რაც კერძო საჩივრის ავტორის ერთ-ერთი ძირითადი პრეტენზიაა, ამასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს შემდეგს:
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, თუმცა, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ განიხილება მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა იმ პირობებში, როდესაც შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი არსებობს და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი).
პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, განაცხადის დასაშვებობისას, ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადი დაუშვებელია სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა), (სუსგ 28.04.2017წ. საქმე №ას-230-218-2017).
11. ამრიგად, იმ გარემოების გამო, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი 2 000 ლარზე ნაკლები იყო, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: №ას-713-2019, 21.06.2019; ას-1025-2019, 9.09.2019; ას-1102-2019, 13.09.2019; ას-1305-2019, 21.11.2019, ას-1693-2018, 29.03.2019).
12. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ჩ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 თებერვლის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ზურაბ ძლიერიშვილი