Facebook Twitter

10 სექტემბერი, 2021 წელი,

საქმე №ას-676-2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - თ.მ–ძე, ნ.ო–ი, ნ.ს–ვა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე.მ–ვა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ.თბილისში, ..... მდებარე №3 ბინა (შემდეგში - უძრავი ნივთი, უძრავი ქონება ან სადავო ქონება) ე.მ–ვას (შემდეგში: მოსარჩელე, მესაკუთრე) საკუთრებაა.

2. სადავო ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ ნ.ს–ვა (შემდეგში - პირველი მოპასუხე), ნ.ო–ი (შემდეგში - მეორე მოპასუხე) და თ.მ–ძე (შემდეგში - მესამე მოპასუხე, ამასთან, წინამდებარე განჩინებაში, სამივე მოპასუხე ერთობლივად მოხსენიებული, როგორც: მოპასუხეები, კასატორები, მფლობელები).

3. მესაკუთრემ სასამართლოში სარჩელი აღძრა მფლობელების წინააღმდეგ, სადავო ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მისთვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის თაობაზე.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან და იგი გამოთავისუფლებული სახით მოსარჩელეს გადაეცა.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

6.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მათი დამტკიცებულად ცნობის პირობებში, სარჩელი დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა (საფუძველი - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ-ის 172.1 მუხლი).

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხეებმა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს, რომლითაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები შემდეგია:

7.1. გასაჩივრებული განჩინების მოპასუხეთათვის ჩაბარებული ასლი ხელმოუწერელია, ამ განჩინების გამომტანი მოსამართლის მიერ. ამასთან, იგი დედანთან შესაბამისია, რადგან მათ შორის სხვაობის არსებობა არ დასტურდება.

7.2. მოსარჩელემ, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხეები სადავო მისამართზე ცხოვრობენ. განჩინებიდან არ იკვეთება მოსამართლის დამაჯერებელი რწმენა იმის თაობაზე, რომ უძრავი ქონება მეორე და მესამე მოპასუხის მფლობელობაშია. უფრო მეტიც, განჩინების მიხედვით, თუკი დასახელებული ორი მოპასუხე უძრავ ნივთს არ ფლობს, მათ მიმართ გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა არასწორია.

7.3. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი არაა, რომ სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურში პირის რეგისტრაციის მიმართ, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. ეს იმას ნიშნავს, რომ სადავო მისამართზე პირის რეგისტრაცია, არ ადასტურებს, ამავე მისამართზე მისი ფაქტობრივი მფლობელობის არსებობას. სსკ-ის 155-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. კონკრეტულ შემთხვევაში, მეორე მოპასუხის სადავო მისამართზე რეგისტრაცია, არ გულისხმობს, ნივთზე მის ფაქტობრივ ბატონობას და იგი მხოლოდ რეგისტრაციის ფაქტს ადასტურებს. „ფაქტობრივი ბატონობის“ დასამტკიცებლად საჭიროა, შესაბამისი კონკრეტული მტკიცებულების სასამართლოსათვის წარდგენა, რაც მოსარჩელემ ვერ განახორციელა. ამდენად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის განხილვისას, მნიშვნელოვანია, რომ, ზუსტად დადგინდეს ამავე ნივთზე მოპასუხის (მოპასუხეთა) ფაქტობრივი მფლობელობის ფაქტი.

7.4. უძრავ ქონებაზე მესამე მოპასუხის ფაქტობრივი მფლობელობის დასამტკიცებლად, ვერ გამოდგება იმაზე აპელირება, რომ ეს უკანასკნელი პირველი და მეორე მოპასუხის ოჯახის წევრია. სასამართლოს ასეთი რწმენა ვერც იმ გარემოებამ ვერ უნდა შექმნას, რომ აუქციონზე რეალიზაციამდე, მესამე მოპასუხე სადავო ქონების ერთ-ერთი თანამესაკუთრე იყო. ამგვარი პრეზუმფციის დაშვება, სამოქალაქო ბრუნვისათვის ზიანის მომტანია. რაც შეეხება მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარში, მათ მისამართად სადავო ქონების მისამართის მითითებას, ამას ფორმალური ხასიათი ჰქონდა.

7.5. პირველი მოპასუხე 80 წელს მიღწეული, ხანდაზმული პირია, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით. ამავდროულად, იგი მარტოხელა პენსიონერია, რომელსაც პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ ერიცხება, არც სხვა საცხოვრებელი ადგილი არ აქვს და, - არც იმის მატერიალური და ფიზიკური შესაძლებლობა, რომ სხვა საცხოვრებელი მოიძიოს ან/და ბინის ქირა გადაიხადოს. ამას ემატება ქვეყანაში შექმნილი პანდემია და მოსარჩელის გამუდმებული ზეწოლა, სადავო ქონების გამოთავისუფლებაზე.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

12. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ, საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

13. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172.1 მუხლი. ამ ნორმის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

მოსარჩელე სადავო ქონების მესაკუთრეა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

რაც შეეხება უძრავ ქონებაზე მოპასუხეთა მფლობელობის არსებობას, გასაჩივრებული განჩინებით ეს გარემოება სააპელაციო სასამართლომ დამტკიცებულად ცნო, ხოლო მოპასუხეებმა მისი გამომრიცხველი სათანადო მტკიცებულება სასამართლოს ვერ წარუდგინეს, რის გამოც საკასაციო პალატისათვის იგი სავალდებულოა (სსსკ-ის 407.2 მუხლი).

ზემოთ მოყვანილი დასკვნის საპირწონედ ვერ გამოდგება კასატორთა მიერ იმაზე მითითება, რომ მეორე და მესამე მოპასუხე უძრავი ქონების მფლობელები არ არიან. საკასაციო საჩივარში, აღნიშნული პრეტენზია, შემდეგი ორი არგუმენტითაა დასაბუთებული:

1). „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი არაა, რომ სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურში პირის რეგისტრაციის მიმართ, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. კასატორთა მოსაზრებით, ეს იმას ნიშნავს, რომ სადავო მისამართზე მეორე მოპასუხის რეგისტრაცია, არ ადასტურებს, ამავე მისამართზე მისი ფაქტობრივი მფლობელობის არსებობას.

2). უძრავ ქონებაზე მესამე მოპასუხის ფაქტობრივი მფლობელობის დასამტკიცებლად, ვერ გამოდგება იმაზე აპელირება, რომ ეს უკანასკნელი პირველი და მეორე მოპასუხის ოჯახის წევრია. სასამართლოს ასეთი რწმენა ვერც იმ გარემოებამ ვერ უნდა შექმნას, რომ აუქციონზე რეალიზაციამდე, მესამე მოპასუხე სადავო ქონების ერთ-ერთი თანამესაკუთრე იყო. ამგვარი პრეზუმფციის დაშვება, სამოქალაქო ბრუნვისათვის ზიანის მომტანია. რაც შეეხება მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარში, მათ მისამართად სადავო ქონების მისამართის მითითებას, ამას ფორმალური ხასიათი ჰქონდა.

საკასაციო პალატა ზემოთ მოყვანილ ვერც ერთ ერგუმენტს ვერ გაიზიარებს და საპასუხოდ განმარტავს შემდეგს:

განსახილველ შემთხვევაში, მეორე და მესამე მოპასუხის სადავო ქონების მფლობელებად მიჩნევის შესახებ სააპელაციო სასამართლოს დასკვნას საფუძვლად დაედო გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული არა ერთი რომელიმე კონკრეტული გარემოება, არამედ ხსენებული დასკვნა თითოეული ამ გარემოების ერთობლიობაში შეფასებას დაეფუძნა. აღნიშნული მიდგომა პალატისათვის სრულიად გასაზიარებელია (სსსკ-ის 105-ე მუხლი) იმ პირობებში, როდესაც საწინააღმდეგო გარემოების არსებობა მოპასუხეებს არ დაუმტკიცებიათ.

შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში მეორე და მესამე მოპასუხის ძირითად მისამართად (ფაქტობრივ ადგილსამყოფელად) სწორედ სადავო ქონების მისამართის დასახელება (ს.ფ. 33, 133), აუქციონზე რეალიზაციამდე, აღნიშნულ ქონებაზე მოპასუხეთა თანასაკუთრების უფლების არსებობა (ს.ფ. 22-23, 20-21), ასევე, გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტი იმის თაობაზე, რომ მეორე და მესამე მოპასუხე პირველი მოპასუხის (რომელიც სადავო ქონების მის მიერ ფლობის ფაქტს ადასტურებს) ოჯახის წევრები არიან - საკმარისი მტკიცებულებებია იმის დასასაბუთებლად, რომ უძრავი ქონების მფლობელი სამივე მოპასუხეა.

აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სადავო მისამართზე მეორე მოპასუხის რეგისტრაცია (რაც კასატორებს არც მანამდე და არც საკასაციო საჩივრით არ უარყვიათ), დამატებით ამყარებს დასკვნას ამ უკანასკნელის უძრავი ქონების მფლობელად მიჩნევის თაობაზე. კონკრეტულ შემთხვევაში, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ეს ფაქტიც სწორად შეიძლება ჩაითვალოს იმის დამადასტურებლად, რომ უძრავი ქონების მფლობელი მეორე მოპასუხეცაა. გარდა ამისა, სადავო საკითხის შეფასებისას, საყურადღებოა, რომ მფლობელობა არ გულისხმობს მხოლოდ ნივთის პყრობას (მაგალითად, ბინაში ცხოვრება), მფლობელს ნივთის მართვა უშუალოდ მისი პყრობის გარეშეც შეუძლია (მაგალითად, ბინაში ნივთების განთავსება) და ორივე ასეთ შემთხვევაში, პირი ნივთის მფლობელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას სადავო ქონების მფლობელებად მოპასუხეების მიჩნევის შესახებ. სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეებმა ვერ შეძლეს საკუთარი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ქონებაზე მათი მფლობელობის მართლზომიერება. ეს გარემოება ადასტურებს, რომ არსებობს უკანონო მფლობელობიდან მესაკუთრის მიერ ნივთის გამოთხოვისათვის კანონით დადგენილი წინაპირობები, კერძოდ: სადავო ქონების მესაკუთრე მოსარჩელეა, ხოლო მოპასუხეებს არ აქვთ მისი ფლობის უფლება.

14. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, ვინაიდან არსებობს სსკ-ის 172.1 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.

15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-577-2019, 2020 წლის 28 თებერვლის განჩინება; №ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება; №ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება). სადავო საკითხის ამგვარად გადაწყვეტა სრულ შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან (მაგალითისათვის იხ.: მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი; იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, §124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII; პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ, დიდი პალატა, N42527/98, §83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).).

16. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

17. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას საფუძვლად ვერ დაედება კასატორთა მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ პირველი მოპასუხე 80 წელს მიღწეული, ხანდაზმული ადამიანია, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით. ამავდროულად, იგი მარტოხელა პენსიონერია, რომელსაც პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ ერიცხება, არც სხვა საცხოვრებელი ადგილი არ აქვს და არც იმის მატერიალური და ფიზიკური შესაძლებლობა გააჩნია, რომ სხვა საცხოვრებელი მოიძიოს ან/და ბინის ქირა გადაიხადოს. ვერც ეს გარემოებები და ვერც ქვეყანაში შექმნილ პანდემიაზე აპელირება, ისეთ საკასაციო შედავებად ვერ მიიჩნევა, რაც სადავო ქონებაზე მოპასუხეთა მფლობელობას გაამართლებდა და ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავდა. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა იმითაა დასაბუთებული, რომ მესაკუთრის ინტერესი, არ დაუშვას სხვა პირის მიერ ქონების უკანონოდ სარგებლობა, აღემატება მფლობელის ინტერესს, რომელიც ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის საფუძვლიანობას ვერ ადასტურებს (შდრ. სუსგ: №ას-1315-2018, 2019 წლის 31 იანვრის განჩინება). სხვაგვარად, წინააღმდეგობა შეიქმნება „საკუთრების მშვიდობიანი სარგებლობის უფლების“ პრინციპთანაც, რაც ევროკონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლით მესაკუთრის მიერ ქონების საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვის უფლებას გარანტირებულს ხდის. გარდა ამისა, საწინააღმდეგო შემთხვევაში, შეუსაბამობა გამოიკვეთება მოქმედ ეროვნულ კანონმდებლობასთან, რომლითაც საკუთრებით სარგებლობის თაობაზე მესაკუთრის უფლება აღიარებულია და მფლობელს მესაკუთრის პირისპირ უპირატესობა მხოლოდ მაშინ შეიძლება მიენიჭოს, თუკი მისი მფლობელობა მართლზომიერად იქნება მიჩნეული (სსკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები).

კონკრეტულ შემთხვევაში, არსებითი ისაა, რომ სადავო ქონების მესაკუთრე მოსარჩელეა და მოპასუხეები უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ. ეს გარემოებები მესაკუთრეს იმ უფლებით აღჭურავს, რომ თავის საკუთრებაში არსებული ქონების მოპასუხეებისგან, როგორც არამართლზომიერი მფლობელებისგან გამოთხოვა მოითხოვოს. ამდენად, გასაჩივრებული განჩინებით მესაკუთრის სარჩელი სწორად დაკმაყოფილდა.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

19. გარდა ამისა, მოპასუხეები თავიანთ საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ გასაჩივრებული განჩინების მოპასუხეთათვის ჩაბარებული ასლი ხელმოუწერელია, ამ განჩინების გამომტანი მოსამართლის მიერ. პალატა ყურადღებას მიაქცევს საკასაციო საჩივარზე თანდართულ გასაჩივრებული განჩინების ასლზე, რომელზეც დასმულია სააპელაციო სასამართლოს ბეჭედი და რომლის დედანთან სისწორეც დამოწმებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის შტამპით (ს.ფ. 276-285). აღნიშნული მტკიცებულება იმის მაუწყებელია, რომ კასატორებს ჩაბარდათ გასაჩივრებული განჩინების შესაბამისი სასამართლოს უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული ასლი, რომლის დედანთან იდენტურობაც დადასტურებულია. ამავდროულად, საქმის მასალებით დგინდება, რომ ხსენებული დედანი განჩინება ხელმოწერილია, მისი მიმღები მოსამართლის მხრიდან (ს.ფ. 249-258). შესაბამისად, მოცემული კუთხით რაიმე კანონდარღვევას ადგილი არ აქვს.

20. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ჯამურად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.მ–ძის, ნ.ო–ისა და ნ.ს–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. თ.მ–ძეს (პ/ნ .....), ნ.ო–სა (პ/ნ ........) და ნ.ს–ვას (პ/ნ .........) დაუბრუნდეთ ნ.ს–ვას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (მათ შორის: 2021 წლის 17 ივნისს გადახდილი 100 ლარი, საგადახდო დავალება # 11065988074 და 2021 წლის 15 ივლისს გადახდილი 50 ლარი, საგადახდო დავალენა #11221835701) 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ზურაბ ძლიერიშვილი