Facebook Twitter

საქმე №ას-897-2021

24 სექტემბერი, 2021 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განცხადების ავტორი – ა.ო–ნი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ქ–ძე (მოპასუხე)

განმცხადებლის მოთხოვნა – საპროცესო ვადის აღდგენა

დავის საგანი - გარიგების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების დემონტაჟი

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ა.ო–ნის სარჩელი, მ.ქ–ძის მიმართ გარიგების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების დემონტაჟის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით ა.ო–ნს გაუგრძელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა 10 (ათი) დღით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინებით ა.ო–ნის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებაზე ა.ო–ნმა წარადგინდა განცხადება და მოითხოვა გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, რომ ა.ო–ნის განცხადება თავისი შინაარსით წარმოადგენს არა კერძო საჩივარს, არამედ განცხადებას საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე და ის განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის განჩინებით ა.ო–ნის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად.

2021 წლის 14 სექტემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძეს განსახილველად გადმომეცა ა.ო–ნის განხცხადება, როგორც კერძო საჩივარი. წარმოდგენილი განცხადებით მხარე მოითხოვს გაშვებული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევას და სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის აღდგენას.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 66-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ შეიტანება იმ სასამართლოში, რომელშიც უნდა შესრულებულიყო საპროცესო მოქმედება.

2021 წლის 17 სექტემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ა.ო–ნის წარმომადგენელმა წერილობით დააფიქსირა, რომ მისი მაწრმუნებლის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ არ წარმოადგენს კერძო საჩივარს და აღნიშნული განცხადებით გასაჩივრებული არ არის ის განჩინება, რომლითაც ა.ო–ნის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული განცხადება არ წარმოადგენს კერძო საჩივარს და იგი განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რომელმაც უნდა განიხილოს განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ (იხ: სუსგ საქმეზე Nას-270-257-2016, 2016 წლის 23 მარტი).

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 66-ე, 284-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ა.ო–ნის განცხადება განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე