№ას-651-2021 17 სექტემბერი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე: ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ზ.ჩ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ფ.ბ–ო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ფ.ბ–ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ზ.ჩ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სს „ს.ბ–თან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოქმნილი გადასახდელი ძირი თანხის 1974.67 დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. მოპასუხეს ასევე დაეკისრა ხელშეკრულების დარღვევისათვის გათვალისწინებული შემცირებული ჯარიმის - 654.89 აშშ დოლარისა და საკომისიოს (პროცენტი) - 767.76 დოლარის ეკვივლენტი ლარის გადახდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შპს „ფ.ფ.ჯ–თან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოქმნილი გადასახდელის ძირი თანხის 373.03 ლარის გადახდა, ასევე ხელშეკრულების დარღვევისათვის გათვალისწინებული ჯარიმის 411.64 ლარის გადახდა.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ბათუმის საქალაქო სასამართლო 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინებით საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ.ჩ–ძემ და მოითხოვა საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის განჩინებით ზ.ჩ–ძეს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა 169.86 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 39.23 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
განსახილველი საქმის შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის განჩინებით ზ.ჩ–ძეს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა 169.86 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 39.23 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის განჩინება კასატორს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა პირადად ზ.ჩ–ძეს 2021 წლის 5 ივლისს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ხუთ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2021 წლის 6 ივლისიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2021 წლის 10 ივლისს, მაგრამ ვინაიდან 10 ივლისი იყო არასამუშაო - შაბათი დღე და მომდევნო დღეც იყო არასამუშაო დღე, სსსკ 61-მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვის დღედ ჩაითვლება 12 ივლისი, მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ზ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე