საქმე №ას-485-2021 13 სექტემბერი, 2021 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი სს ,,თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე რ.უ–ვა, თ.უ–ვა (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი თანხის დაკისრება, ხელშეკრულების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
სს ,,თ.ბ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ.უ–ვასა და თ.უ–ვას მიმართ თანხის დაკისრებისა და ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოპასუხე რ.უ–ვამ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე თ.უ–ვამ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით სს ,,თ.ბ–ი’’-ს სარჩელი მოპასუხეების რ.უ–ვასა და თ.უ–ვას მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: რ.უ–ვას მოსარჩელე სს ,,თ.ბ–ი-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 26 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის - 3 619.94 ლარის, სარგებლის - 540.75 ლარის და პირგასამტეხლოს - 750 ლარის გადახდა; სს ,,თ.ბ–ი’’-ს სარჩელი 2019 წლის 19 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე 2014 წლის 26 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე წლიური სარგებლის 17.95% გადახდის და ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით სს ,,თ.ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1 პუნქტი სარგებლის ნაწილში და ნაცვლად 540,75 ლარისა რ.უ–ვას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1979,34 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სს ,,თ.ბ–მა“ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 31 მაისის განჩინებით სს ,,თ.ბ–ს“ დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სადავო უძრავი ქონების ღირებულების ამსახველი დოკუმენტი, სახელმწიფო ბაჟის სახით - სადავო უძრავი ქონების გაჩუქებული წილის 5%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ სს ,,თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
განსახილველი საქმის შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სადავო უძრავი ქონების ღირებულების ამსახველი დოკუმენტი, სახელმწიფო ბაჟის სახით - სადავო უძრავი ქონების გაჩუქებული წილის 5%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრი და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით).
ზემოხსენებული განჩინება კასატორს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა სს ,,თ.ბ–ის“ თანამშრომელს 2021 წლის 11 ივნისს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2021 წლის 12 ივნისიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2021 წლის 21 ივნისს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. სს ,,თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე