Facebook Twitter

საქმე №ას-266-2021

10 სექტემბერი, 2021 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები ბ.გ–ძე, ს.ც–ი, გ.ჩ–ი, რ.გ–ძე და ბ.გ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე სს ,,თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

სს ,,თ.ბ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ.გ–ძის, ს.ც–ის, გ.ჩ–ის, რ.გ–ძისა და ბ.გ–ძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით სს ,,თ.ბ–ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს ბ.გ–ძეს, ს.ც–ს, გ.ჩ–ს და რ.გ–ძეს, მოსარჩელე სს ,,თ.ბ–ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 30.09.2016 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 18 708.9 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 16 059.75 ლარი, პროცენტი 817.95 ლარი, პირგასამტეხლო 1 831.21 ლარი; მოპასუხეებს ბ.გ–ძეს, ს.ც–ს, გ.ჩ–ს და რ.გ–ძეს, მოსარჩელე სს ,,თ.ბ–ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 30.09.2016 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებულ ძირ თანხაზე - 16 059.75 ლარზე, წლიური 18% სარგებლის გადახდა, 6.11.2018 წლიდან ძირითადი ვალდებულების შესრულებამდე; მოპასუხეებს ბ.გ–ძეს, ს.ც–ს, გ.ჩ–ს და რ.გ–ძეს, მოსარჩელე სს ,,თ.ბ–ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 30.09.2016 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებულ ძირ თანხაზე - 16059.75 ლარზე, ყოველდღიურ პირგასამტეხლოს 0.1% ის გადახდა, ძირითადი ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 200 ლარისა; მოპასუხეების ს.ც–ის, გ.ჩ–ის და რ.გ–ძის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით დაკისრებულ თანხებთან მიმართებით თითოეულზე 32 500 ლარით განისაზღვრა; მოპასუხეებს ბ.გ–ძეს, ბ.გ–ძეს და რ.გ–ძეს, მოსარჩელე სს ,,თ.ბ–ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 18.09.2017 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 14 579.85 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 13 423.84 ლარი, პროცენტი 496.11 ლარი, პირგასამტეხლო 635.96 ლარი; მოპასუხეებს ბ.გ–ძეს, ბ.გ–ძეს და რ.გ–ძეს, მოსარჩელე სს ,,თ.ბ–ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 18.09.2017 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებულ ძირ თანხაზე - 13 423.84 ლარზე, წლიური 16.5% სარგებლის გადახდა, 07.11.2018 წლიდან ძირითადი ვალდებულების შესრულებამდე; მოპასუხეებს ბ.გ–ძეს, ბ.გ–ძეს და რ.გ–ძეს, მოსარჩელე სს ,,თ.ბ–ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრთ 18.09.2017 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებულ ძირ თანხაზე - 13 423.84 ლარზე, ყოველდღიურ პირგასამტეხლოს 0.1% ის გადახდა, 07.11.2018 წლიდან ძირითადი ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 200 ლარისა; მოპასუხეების ბ.გ–ძის და რ.გ–ძის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა სარეზოლუციო ნაწილის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტებით დაკისრებულ თანხებთან მიმართებით თითოეულზე 19 500 ლარით განისაზღვრა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 26 მარტის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე; კასატორების მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ბ.გ–ძეს, ს.ც–ს, გ.ჩ–სა და რ.გ–ძეს დაევალათ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის სახით - 1 282,70 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; ამავე ვადაში ბ.გ–ძეს, რ.გ–ძეს და ბ.გ–ძეს უნდა წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის სახით 997,40 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

განსახილველი საქმის შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, კასატორებს გაეგზავნათ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართებზე და ჩაბარდათ შემდეგნაირად: გ.ჩ–ისათვის გაგზავნილი გზავნილი ჩაიბარა მისმა რძალმა მ.ჩ–მა 2021 წლის 12 აპრილს; რ.გ–ძისათვის გაგზავნილი გზავნილი ჩაიბარა თ.გ–ძემ (დედამ) 2021 წლის 12 აპრილს; ბ.გ–ძისათვის გაგზავნილი გზავნილი ჩაიბარა ჯ.გ–ძემ (ოჯახის წევრმა) 2021 წლის 17 ივნისს; ბ.გ–ძისათვის გაგზავნილი გზავნილი ჩაიბარა ჯ.ც–ძემ (მეუღლემ) 2021 წლის 17 ივნისს და ს.ც–ისათვის გაგზავნილი გზავნილი ჩაიბარა ე.ლ–ძემ (დედამ) 2021 წლის 2 ივლისს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათ დღიანი ვადის დენა კასატორებისათვის დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს (თითოეული კასატორისათვის სასამართლო კორესპონდენციის ჩაბარების მომდევნო დღიდან) და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა შემდეგნაირად: გ.ჩ–ისათვის და რ.გ–ძისათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ათ დღიანი ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 13 აპრილიდან და ამოიწურა 2021 წლის 22 აპრილს; ბ.გ–ძისათვის და ბ.გ–ძისათვის 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 17 ივნისიდან და ამოიწურა 2021 წლის 27 ივნისს, მაგრამ ვინაიდან ვადის ამოწურვის დღე დაემთხვა კვირა არა სამუშაო დღეს, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 10 დღიანი ვადა ამოწურულად ჩაითვლება 2021 წლის 28 ივნისს - ორშაბათი დღე (სსსკ 61-მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით); ხოლო ს.ც–ისათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 2 ივლისიდან და ამოიწურა 2021 წლის 12 ივლისს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც მათი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ბ.გ–ძის, ს.ც–ის, გ.ჩ–ის, რ.გ–ძისა და ბ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 იანვრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ვლადიმერ კაკაბაძე