საქმე №ას-780-2021 23 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „თ.ზ.ჰ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ხ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების, პირგასამტეხლოს, საშვებულებო და შრომისუუნარობის დახმარების დავალიანების გადახდის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ე.ხ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „თ.ზ.ჰ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ სახელფასო დავალიანების, პირგასამტეხლოს, საშვებულებო და შრომისუუნარობის დახმარების დავალიანების გადახდის დაკისრების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის არსებობდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის განმავლობაშიც მოპასუხეს დაუგროვდა ფულადი დავალიანება მოსარჩელის მიმართ.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ბავშვთა ემერჯენსის ექიმი-პედიატრის პოზიციაზე მუშაობის პერიოდში არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოს გამო, საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოპასუხეს დაუკორექტირდა გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება, სულ – 5708.15 ლარით. ემერჯენსში შემოსული პაციენტები (რომლებიც შესაბამის დოკუმენტებშია მითითებული, სადაც პაციენტის დაყოვნება არ აღემატება 24 საათს), რომელთა მკურნალი ექიმი იყო მოსარჩელე, მოპასუხე სამკურნალო დაწესებულებიდან გაწერის შემდეგ ხელმეორედ რეჰოსპიტალიზირებულ იქნენ სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, რის გამოც დაკორექტირდა სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი სამედიცინო შემთხვევები და, გაწეული ხარჯის მიუხედავად, სამედიცინო დაწესებულებას არ ჩაერიცხა 5708.15 ლარი მკურნალი ექიმის მხრიდან არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოს გამო.
4. მოპასუხის განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმებული შრომის ხელშეკრულების 3.2. პუნქტის შესაბამისად, დამსაქმებელს უფლება აქვს, დაქვითოს დასაქმებულის ხელფასიდან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულებების შესაბამისი თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაქმებულის მხრიდან არაჯეროვნად შესრულების გამო, დაკორექტირებული 5708.15 ლარი უნდა გამოაკლდეს მხარის სასარგებლოდ გასაცემ თანხას სრულად. მოპასუხემ ასევე მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 11 ივნისიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის სახელფასო დავალიანების, საშვებულებო დახმარების, ასევე, 2017 წლის 11 ივნისიდან 31.10.2020 წლის პერიოდის დავალიანებაზე ყოველდღიური 0.07% პირგასამტეხლოს ერთობლიობაში 12460.31 ლარის გადახდა, ასევე, 2018 წლიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდის დავალიანებაზე 7178.46 ლარზე 01.11.2020 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის ყოველდღიური 0.07% პირგასამტეხლოს გადახდა. დარჩენილ ნაწილში მოსარჩლეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა იმპერატიულია და გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გაგრძელებას არ ითვალისწინებს. ამავე კოდექსის 2591 მუხლის საფუძველზე პალატამ დაადგინა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა 2021 წლის 5 მარტს, რომლის გამოცხადებასაც ესწრებოდა აპელანტის წარმომადგენელი.
8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, 61-ე მუხლის მესამე ნაწილით, მე-60 მუხლის მეორე ნაწილით და დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აპელანტის (მოპასუხე) წარმომადგენელს ჩაბარდა 2021 წლის 30 მარტს. საგულისხმოა, რომ გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტისათვის აპელანტის წარმომადგენელს მოპასუხის დირექტორის მიერ, 2021 წლის 6 იანვარს გაცემული 002/21 მინდობილობის ძალით, მინიჭებული ჰქონდა კომპანიის ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის უფლება, გადაწყვეტილების სააპელაციო და საკასაციო წესით გასაჩივრების უფლებამოსილების ჩათვლით. აღნიშნული მინდობილობა მოქმედებდა 2021 წლის 31 დეკემბრამდე. სასამართლოსთვის აღნიშნული მინდობილობის ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მიწოდებული არ ყოფილა, მეტიც, მოპასუხის სააპელაციო საჩივარს სწორედ აღნიშნული მინდობილობის დედანი დაერთო.
9. ამრიგად, გასაჩივრების ვადის ათვლა მოპასუხისათვის დაიწყო 2021 წლის 31 მარტიდან და მიმდინარეობდა 2021 წლის 13 აპრილის ჩათვლით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოს კანცელარიაში დარეგისტრირდა 2021 წლის 21 აპრილს, ხოლო სააპელაციო საჩივარზე დართული საფოსტო კონვერტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაჰბარდა 2021 წლის 19 აპრილს, ესე იგი, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ. საგულისხმოა, რომ სააპელაციო საჩივრის შედგენის თარიღადაც კი მის ბოლო გვერდზე მითითებულია 2021 წლის 15 აპრილი (იხ. ტ.1, ს/ფ 324), ანუ თარიღი საჩივრის წარმოდგენის ბოლო დღიდან 2 დღის გასვლის შემდგომ.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
11. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით გაუგზავნა კანონით დადგენილ ვადაში – 2021 წლის 19 აპრილს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა 2021 წლის 5 მარტს. მოპასუხემ ამავე წლის 5 აპრილიდან გადათვალა 14 კალენდარული დღე და მომდევნო სამუშაო დღეს – 19 აპრილს გააგზავნა სააპელაციო საჩივარი. გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხემ გადაწყვეტილების გასაჩივრების ღირსი ინტერესი გამოხატა სააპელაციო საჩივრის წადგენით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
13. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
14. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
15. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ.
16. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.
17. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება, სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).
18. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის წარმომადგენელი, კომპანიის იურისტი, რომელსაც გააჩნდა მოპასუხე შპს-ს დირექტორის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა (ს.ფ 325, მინდობილობის გაცემის ვადა 6.01.2021–31.12.2021), პირველი ინსტანციის სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა. მოპასუხე მხარემ შეასრულა სსსკ-ის 2591 მუხლის მოთხოვნა, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში (25.03.21 – 4.04.21) გამოცხადდა სასამართლოში და დასაბუთებული გადაწყვეტილება 2021 წლის 30 მარტს იმავე წარმომადგენლის მეშვეობით ჩაიბარა (იხ. ხელწერილი ს.ფ 310).
19. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა უნდა აითვალოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღიდან და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სადავო საპროცესო ვადა მართებულად გამოიანგარიშა, როდესაც მისი ათვლა დაიწყო მოპასუხის წარმომადგენლის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა მოპასუხეს ჰქონდა 2021 წლის 13 აპრილის ჩათვლით, მან კი აღნიშნული განახორციელა 19 აპრილს, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული.
21. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „თ.ზ.ჰ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
ლევან მიქაბერიძე