საქმე №ას-639-2021 23 სექტემბერი, 2021 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „S.G.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „S.G-ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ პირგასამტეხლოს სახით 3330 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 28 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №10.02/30/672 ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეს უნდა შეესრულებინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციული შენობების, სასაწყობე ბაზებისა და ავტოსამრეცხაოების ფართის დასუფთავება.
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ 2018 წლის 14 დეკემბერს შედგენილი შემოწმების აქტიდან ირკვევა, შემოწმდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციული შენობების, სასაწყობე ბაზების და ავტოსამრეცხაოს ფართის დასუფთავება და დაფიქსირდა შემდეგი: 1. ადმინისტრაციული შენობის მე-8 სართულის საპირფარეშო არ არის უზრუნველყოფილი საპირფარეშოს ჰიგიენური ქაღალდით; მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის (პირველი სართული), მე-2, მე-8, მე-12 და მე-19 სართულის სველი წერტილები არ არის უზრუნველყოფილი ქაღალდის ხელსახოცით, მე-8 და მე-19 სართულზე თხევადი საპნით. ამასთან, მე-8 სართულის სასაპნე დაზიანებულია; 2. სასაწყობე ბაზის (ქ. თბილისი, .......) ტერიტორია არ არის დასუფთავებული წვრილი და მასიური ნაგვისაგან, აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა ზომის ქაღალდის ნაგლეჯები და თამბაქოს ნამწვი, პოლიეთილენის ბოთლები და სხვა სახის ნაგავი; 3. სასაწყობე ბაზის (ქ. თბილისი, .....) ტერიტორია არ არის დასუფთავებული წვრილი და მასიური ნაგვისაგან, აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა ზომის ქაღალდის ნაგლეჯები და თამბაქოს ნამწვი, პოლიეთილენის ბოთლები და სხვა სახის ნაგავი; 4. სასაწყობე ბაზის (ქ. თბილისი, .......) ტერიტორია არ არის დასუფთავებული წვრილი და მასიური ნაგვისაგან, აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა ზომის ქაღალდის ნაგლეჯები და თამბაქოს ნამწვი, პოლიეთილენის ბოთლები და სხვა სახის ნაგავი; 5. სასაწყობე ბაზის (ქ. თბილისი, ......) ტერიტორია არ არის დასუფთავებული წვრილი და მასიური ნაგვისაგან, აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა ზომის ქაღალდის ნაგლეჯები და თამბაქოს ნამწვი, პოლიეთილენის ბოთლები და სხვა სახის ნაგავი.
4. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 8.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის მიმწოდებელი დაჯარიმდა 5 ჯერ, ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ის ოდენობით, რაც განსახილველ შემთხვევაში შეადგენს 3 330 ლარს. 2018 წლის 28 დეკემბერს მიმწოდებელს გაეგზავნა №12-0118362628 წერილობითი შეტყობინება და ეთხოვა საჯარიმო თანხის 3330 ლარის გადახდა, თუმცა თანხის ჩარიცხვა ამ დრომდე არ განხორციელებულა.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოპასუხისათვის 2018 წლის 14 დეკემბერს ჩატარებული შემოწმების აქტის შედგენისა და მისი შინაარსის შესახებ, ცნობილი გახდა 2019 წლის იანვარში, როდესაც ჩაბარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის 28.12.2018წ. №12-0118362628 წერილი. არც მანამდე და არც 2018 წლის 14 დეკემბრის შემდეგ არავითარი შენიშვნა არ ყოფილა. უფრო მეტიც, ამ თარიღის შემდეგ შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტები, რომელსაც ხელს აწერენ შესყიდვაზე პასუხისმგებელი პირები. 2018 წლის 21-22 დეკემბერს მოხდა სასაწყობე ბაზების შემოწმება. შედგა მიღება ჩაბარების-აქტები, რომელსაც შემსყიდველის მხრიდან ხელს აწერს პასუხისმგებელი პირი. შენიშვნა დაგვა-დასუფთავებასთან დაკავშირებით არ გამოთქმულა.
6. 2019 წლის 18 იანვრის წერილით მოპასუხე ჯარიმას არ დაეთანხმება.
7. 2017 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე აწარმოებდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მერიის ადმინისტრაციული შენობის, სასაწყობე ბაზების და ავტოსამრეცხაოს ფართის დასუფთავებას. სამუშაოს შემოწმების შემდეგ პერიოდულად დგებოდა მიღება-ჩაბარების აქტები. 2018 წლის 20-22 დეკემბერს შემოწმდა სასაწყობე ბაზების ნაწილი. აღნიშნულზე შედგა მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთაც ხელს აწერს შემსყიდველის მხრიდან პასუხისმგებელი პირი, მერიის ადმინისტრაციის უფროსი სპეციალისტი. მნიშვნელოვანია, რომ აქტში არავითარი ხარვეზი დაფიქსირებული არ ყოფილა. 2018 წლის 24 დეკემბერს შედგა მიღება-ჩაბარების №755 აქტი. მერიის, როგორც შემსყიდველი მხარის მხრიდან, აქტს ხელი მოაწერეს ადმინისტრაციის უფროსმა, მისმა მოადგილემ, ლოჯისტიკის სამსახურის უფროსმა, მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების უფროსმა, შემსრულებელი იყო დ.კ–ძე. მიმწოდებლის მხრიდან ხელს აწერს აქტზე შპს-ს დირექტორი. აქტში მითითებულია, რომ შემსყიდველმა ჩაიბარა, ხოლო მიმწოდებელმა ჩააბარა დეკემბერში მერიის ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობების, სასაწყობე ბაზების და ავტოსამრეცხაოს ფართის დასუფთავების მომსახურება. მომსახურების ღირებულება შეადგენდა 27750 ლარს. აღნიშნული აქტი ადასტურებს, რომ შემსყიდველმა მიიღო სამუშაო და თანხაც გადაიხადა. მიმწოდებელმა ხელშეკრულების პირობები შეასრულა ჯეროვნად, დროულად და კეთილსინდისიერად, რასაც ადასტურებს მიღება-ჩაბარების №755 აქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 28 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №10,02/30/672 ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეს უნდა შეესრულებინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციული შენობების, სასაწყობე ბაზებისა და ავტოსამრეცხაოების ფართების დასუფთავების სამუშაოები.
11. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება შემსრულებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ითვალისწინებდა ჯარიმის დაკისრებას ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ის ოდენობით, ყოველი დარღვევისათვის ცალ-ცალკე (ყოველ ჯერზე).
12. 2017 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულება ითვალისწინებდა სამუშაოების მიმღების მხრიდან პერიოდული კონტროლის განხორციელებას.
13. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 2018 წლის 14 დეკემბრის შემოწმების ცალმხრივი აქტი, რომლის თანახმად შემოწმდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციული შენობების, სასაწყობე ბაზების და ავტოსამრეცხაოს ფართის დასუფთავება, რა დროსაც 5 ობიექტზე დაფიქსირდა დარღვევა. აქტზე თანდართულია დარღვევის ამსახველი ფოტომასალა. საგულისხმოა ის გარემოება, რომ შემოწმების აქტზე არ არის მოპასუხის წარმომადგენლის ხელმოწერა და არც ის ირკვევა, შემოწმების პროცესში (თუ ასეთს ნამდვილად ჰქონდა ადგილი) რატომ არ იქნა უზრუნველყოფილი მისი მონაწილეობა.
14. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსსა და მოპასუხეს შორის 2018 წლის 21 დეკემბერს გაფორმებული გენერალური დასუფთავების მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 2017 წლის 28 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №10,02/30/672 ხელშეკრულების შესაბამისად, შემსყიდველმა ჩაიბარა, ხოლო მიმწოდებელმა ჩააბარა 2018 წლის დეკემბრის ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული სასაწყობო ბაზის, კერძოდ, ... ქ.№28-სა და ..... მდებარე საწყობების გენერალური დასუფთავება.
15. 2018 წლის 22 დეკემბერს ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული გენერალური დასუფთავების მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 2017 წლის 28 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №10,02/30/672 ხელშეკრულების შესაბამისად, შემსყიდველმა ჩაიბარა, ხოლო მიმწოდებელმა ჩააბარა 2018 წლის დეკემბრის ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული სასაწყობო ბაზის, კერძოდ, ....., ....გზატკეცილის №49ა-სა და ..... აღმართზე მდებარე საწყობების გენერალური დასუფთავება.
16. 2018 წლის 24 დეკემბერს მხარეთა შორის შედგა მიღება-ჩაბარების №755 აქტი. აღნიშნული აქტის თანახმად, შემსყიდველმა ჩაიბარა, ხოლო მიმწოდებელმა ჩააბარა დეკემბერში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობების, სასაწყობე ბაზების და ავტოსამრეცხაოს ფართის დასუფთავების მომსახურება, რომლის ღირებულებამ 27 750 ლარი შეადგინა. მიღება-ჩაბარების აქტის №1 დანართის თანახმად, დასუფთავების მომსახურება გაწეულია, მათ შორის, სადავო ფართზე. ამასთან, რაიმე მინიშნება იმავე წლის 14 დეკემბერს ამ ფართზე დარღვევების აღმოჩენისა და ჯარიმების დარიცხვის შესახებ ხსენებულ აქტსა და დანართში არ ფიქსირდება.
17. მიღება-ჩაბარების აქტის ნამდვილობა დადასტურებულია შემსყიდველის მხრიდან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსის, მისი მოადგილის, ლოჯისტიკის სამსახურის უფროსის, მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების უფროსისა და შემსრულებლის – უმცროსი სპეციალისტის მიერ, ხოლო მიმწოდებლის მხრიდან მას საზოგადოების დირექტორი აწერს ხელს.
18. სააპელაციო პალატის განმარტებით, მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მოსარჩელემ 2018 წლის 24 დეკემბრის №755 მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული მომსახურების თანხა – 27 750 ლარი მოპასუხეს სრულად გადაუხადა 2018 წლის 26 დეკემბერს.
19. წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, მოპასუხემ მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები დაარღვია ხუთ ობიექტზე, რის გამოც, მითითებული ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, მან ყოველ დარღვევაზე უნდა გადაიხადოს ჯარიმა (პირგასამტეხლო) ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ის ოდენობით, რაც ჯამში 3 330 ლარს შეადგენს.
20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 417-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. გამომდინარე იქედან, რომ პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა, პირგასამტეხლოს გამოყენების წინაპირობას წარმოადგენს ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება.
21. სააპელაციო პალატის მითითებით, იმისათვის, რომ სუბიექტს შეერაცხოს სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის უნდა დადგინდეს ვალდებულების დარღვევის ფაქტი. ვალდებულების დარღვევის ფაქტობრივი გარემოება საჭიროებს მტკიცებას (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ-ის) მე-4, 102-ე მუხლები), რა დროსაც, ბუნებრივია, მტკიცების ტვირთი მოსარჩელე მხარეზე მოდის.
22. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის პრეტენზია იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ წარმატებით დაძლია მტკიცების ტვირთი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტების დასადასტურებლად საკმარის მტკიცებულებებად უნდა მიეჩნია მოსარჩელის მიერ წარდგენილი 2018 წლის 14 დეკემბრის შემოწმების აქტი, რომელიც, როგორც აღინიშნა, ცალმხრივია და ხელმოწერილია მხოლოდ მოსარჩელის წარმომადგენლების მიერ, ასევე, თანდართული ფოტომასალა, რაც დაუსაბუთებლად არ იქნა გაზიარებული.
23. სააპელაციო პალატამ მიუთითა საკასაციო სასამართლოს მიერ განხილულ ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს შეეხება: „სასამართლოს ვალდებულებაა, სწორი მიმართულება მისცეს მტკიცებით საქმიანობას, რაც გულისხმობს იმას, რომ მან საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების განსაზღვრის შემდეგ სადავო და უდავო ფაქტები უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან. სადავო ფაქტები მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს წარმოადგენს და მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესიც სწორედ აქ ვლინდება. სასამართლომ, როგორც საპროცესო საქმიანობის სუბიექტმა, მტკიცების ტვირთი იმგვარად უნდა გაანაწილოს, რომ საფრთხე არ შეექმნას მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაციას. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პროცესუალური წესი მოცემულია სსსკ-ის 102-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მითითებული ნორმა საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლთან კავშირში იმ დასკვნის საფუძველს ქმნის, რომ მხარეს, რომელიც სასამართლოს მიმართავს კონკრეტული მოთხოვნით, აწევს, როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი. როგორც წესი, ფაქტის მითითებისა და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს, საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი“ (სუსგ №ას-1042-962-2017).
24. მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპი მოიცავს ისეთ ვითარებასაც, როდესაც მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი მოთხოვნის გამომრიცხველი თეორიული შესაგებლის საწინააღმდეგოს დამტკიცება მოსარჩელეს შესაძლოა პრაქტიკულად დაევალოს. რიგ შემთხვევებში ამგვარი მიდგომა იმითაა განპირობებული, თუ ვის უფრო მეტად ხელეწიფება საქმის ამ კონკრეტული გარემოების დადასტურება, ანუ ობიექტურად (ან/და სუბიექტურად), ვის უფრო მეტად შეუძლია დაამტკიცოს სადავო გარემოება.
25. სააპელაციო პალატამ გამოიკვლია მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ მათ საფუძველზე არ დასტურდება სარჩელში მითითებულ ობიექტებზე (ადმინისტრაციული შენობის მე-8 სართულის საპირფარეშო, სასაწყობე ბაზების: ქ. თბილისი, ...., ქ.თბილისი, ...., ქ. თბილისი, ...., ქ. თბილისი, ....) მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტები.
26. სააპელაციო პალატამ, უპირველესად, გაიზიარა მოპასუხის შედავება იმასთან დაკავშირებით, რომ 2018 წლის 14 დეკემბრის შემოწმების აქტზე თანდართული ფოტომასალის საფუძველზე შეუძლებელია მასზე ასახული ტერიტორიისა და ფოტოგადაღების დროის იდენტიფიცირება. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება ის ფაქტი, რომ 1) ფოტოები გადაღებულია სადავო პერიოდში და 2) ფოტოებზე ასახული ობიექტები ხელშეკრულებით შეთანხმებულ ფართებს განეკუთვნება. ამდენად, მოპასუხის დასაბუთებული შედავების პირობებში, აღნიშნულ ფოტომასალას და მოსარჩელის წარმომადგენლების მიერ შედგენილ შემოწმების აქტს მტკიცებულებითი ძალა არ გააჩნია.
27. ზემოაღნიშნულის გარდა, სააპელაციო პალატამ აპელანტის ყურადღება მიაპყრო სამოქალაქო სამართლაში მოქმედ ე.წ პრეზუმფციებზე, ანუ ვარაუდზე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. პრეზუმფციის დაშვების წინაპირობას წარმოადგენს რამდენიმე დადგენილი გარემოების ერთობლიობა, რომელსაც, როგორც წესი, შედეგად სადავო ფაქტობრივი ვითარება მოჰყვება.
28. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილია მხარეთა შორის 2018 წლის 21-22 დეკემბერს (ანუ სადავო შემოწმების აქტის შედგენიდან 6 დღეში) გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, ასევე, 2018 წლის 24 დეკემბერს (ანუ სადავო შემოწმების აქტის შედგენიდან 10 დღეში) გაფორმებული №755 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლებითაც დგინდება, რომ მოსარჩელემ ყველა იმ ფართის დასუფთავების მომსახურება, რომლებიც წინამდებარე სარჩელით არის სადავოდ გამხდარი, ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე ჩაიბარა. ამასთან, მხარეთა შორის სადავო არ არის გარემოება, რომ მოსარჩელემ, 2018 წლის 24 დეკემბრის №755 მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული დეკემბრის მომსახურების თანხა – 27 750 ლარი (მათ შორის სადავო ობიექტებზე) მოპასუხეს სრულად აუნაზღაურა.
29. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, 2018 წლის 21, 22 და 24 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტებში მოსარჩელის მხრიდან პრეტენზიის არარსებობა, ასევე, 24 დეკემბრის აქტით გათვალიწინებული დეკემბრის მომსახურების თანხის მოპასუხისათვის სრულად ანაზღაურების ფაქტობრივი გარემოებები, ერთობლიობაში, ქმნის მყარ პრეზუმფციას, რომ 2018 წლის 24 დეკემბერის მდგომარეობით მოპასუხეს ვალდებულება შესრულებული ჰქონდა ჯეროვნად, ხოლო ამ პრეზუმფციის სარწმუნო მტკიცებულებებით გაქარწყლების ტვირთი მოსარჩელის მხარეზე იყო, რომლის რეალიზებაც მან ვერ შეძლო.
30. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მითითება 2018 წლის 14 დეკემბერს მოპასუხის მიერ ხუთ ობიექტზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შესახებ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად არ იქნა გაზიარებული, რაც საფუძველს აცლის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ სარჩელის მოთხოვნას.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
31. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
32. კასატორის მითითებით, მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მიმწოდებელმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება დაარღვია, რის შედეგადაც ამოქმედდა აღნიშნული ხელშეკრულების 8.2 პუნქტით გათვალისწინებული წესი და მიმწოდებელს დაეკისრა საჯარიმო სანქცია.
33. კასატორის მოსაზრებით, გასათვალისწინებელია სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების სპეციფიკა და მისი გავლენა საჯარო ინტერესზე. თითოეულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულია მინუციპალური ბიუჯეტის დაგეგმვა და შემდგომში მისი განაწილება სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და სხვა საკითხებზე. თითოეული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით საჯარო და კერძო ინტერესებს ადგება იმაზე მეტი ზიანი, ვიდრე სარჩელში მოთხოვნილი ოდენობაა.
34. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის მსჯელობას მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების არასაკმარისობაზე, ვინაიდან სწორედ 2018 წლის 14 დეკემბრის შემოწმების აქტითა და ადგილზე გადაღებული ფოტო-მასალით დგინდება, რომ მოწინააღმდეგე მხარემ არაჯეროვნად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ამდენად, მერიამ საქმის განხილვისას შეძლო თავისი მტკიცების ტვირთის რეალიზება. გასაჩივრებული განჩინება ეფუძნება მხოლოდ სასამართლოს შინაგან რწმენას, რაც არ ეყდნობა მტკიცებულებათა სსსკ-ის 105-ე საფუძველზე შესწავლას.
35. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
36. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
39. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპმა თავისი ასახვა ჰპოვა სსსკ–ის მთელ რიგ სხვა ნორმებში.
40. შეჯიბრებითობის პრინციპის შინაარსის ანალიზი საფუძველს გვაძლევს გავაკეთოთ შემდეგი დასკვნები: 1. შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. საკითხი იმის შესახებ, რომ სასამართლოსაქმის განხილვას (სამოქალაქო პროცესს) იწყებს მხოლოდ დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ან, რომ სასამართლო არ უნდა გასცდეს მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს და ა.შ. განეკუთვნება არა შეჯიბრებითობის, არამედ დისპოზიციურობის პრინციპის სფეროს. 2. მხარეთა მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი (და არა იურიდიული) დასაბუთება (გამართლება) ეკისრებათ თვითონ მხარეებს. 3. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს). ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული აგრეთვე სსსკ-ის 178–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, აგრეთვე, სსსკ-ის 201–ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, მან უნდა მიუთითოს რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ. 4. მხარეებმა თვითონ უნდა მიუთითონ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზე უნდა დამტკიცდეს (დადასტურდეს) მათ მიერ თავიანთი მოთხოვნის (შესაგებლის) დასაბუთების მიზნით მითითებული ფაქტები. ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული სსსკ 178-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს (ე.ი. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებს), აგრეთვე, სსსკ-ის 201-ე მუხლში, რომლის თანახმად, მოპასუხემ თავის პასუხში (შესაგებელში) უნდა მიუთითოს რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებები, ე.ი. მოპასუხის მიერ თავის შესაგებელში მითითებული გარემოებები.
41. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს.
42. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იმ საკითხზე, თუ რა როლი შეუძლია შეასრულოს სასამართლომ მხარეთა შეჯიბრების პროცესში. ფაქტიურად ესაა საკითხი, თუ რა ზომითაა გამოყენებული სამძებრო პრინციპის ელემენტები სამოქალაქო სამართალწარმოებაში. სსსკ-ის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს. სამართლებრივი მნიშვნელობის საკითხია, თუ რა შინაარსის შეიძლება იყოს ეს ღონისძიებები.
43. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება.
44. შესაბამისად, სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანია მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებენ მხარეები თავიანთი მოთხოვნების (შესაგებლის) დასაბუთება–გამართლების მიზნით. რა კრიტერიუმით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ მტკიცების საგნის განსაზღვრისას. სარჩელის აღძვრით მოსარჩელეს სურს გარკვეული შედეგის დადგომა (ნივთის მიკუთვნება, ვალის დაბრუნება,ზიანის ანაზღაურება, ხელშეკრულების მოშლა და ა.შ.), მისი ეს სურვილი აისახება სარჩელის იმ ელემენტში, რომელსაც სარჩელის საგანი ეწოდება. ამრიგად, სარჩელის საგანს ქმნის მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი. მაგრამ, მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრემ, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.
45. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორნი. მხარეთა პროცესუალური თანასწორობის განმსაზღვრელი ძირითადი ნიშნები და მიმართულებანი ჩამოყალიბებულია სსსკ-ის 4.1 მუხლში, რომლის თანახმად მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეთა პროცესუალური თანასწორობის პრინიციპითაა გამსჭვალული საპროცესო კანონმდებლობის თითქმის ყოველი ნორმა, დაწყებული საქმის მომზადების სტადიით და დამთავრებული გადაწყვეტილების გამოტანით და მისი გასაჩივრებით. მაგალითად, სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ მოპასუხეს ეგზავნება ამ სარჩელისა და მასზე დართული დოკუმენტების ასლები. მოპასუხეს, თავის მხრივ, შეუძლია ცნოს სარჩელი, ან არ ცნოს, მაგრამ თუ არ ცნობს – უნდა წარმოუდგინოს სასამართლოს წერილობითი ფორმით შედგენილი პასუხი სარჩელზე და მასზე თანდართულ საბუთებზე. ამ წერილობით პასუხში მანვე უნდა აცნობოს სასამართლოს, თუ რა საპროცესო საშუალებებით აპირებს მოსარჩელისაგან თავის დაცვას.ისე, როგორც მოსარჩელეს, მოპასუხეს სრული უფლება აქვს არამარტო გამოთქვას თავისი მოსაზრებები მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფაქტების უარსაყოფად, არამედ, წარმოუდგინოს სასამართლოს ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც ამართლებენ მის შესაგებელს, აქარწყლებენ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ადასტურებენ ამ მტკიცებულებების სიყალბეს ან არასარწმუნოობას და ა.შ. სასამართლო, ვერ გამოიტანს გადაწყვეტილებას, თუ მან არ მოუსმინა ორივე დაპირისპირებულ მხარეს ან არ მისცა მათ შესაძლებლობა გამოიყენონ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და მექანიზმი თავიანთი პოზიციის გასამართლებლად, თავიანთი უფლებების დასაცავად.
46. „მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სამოქალაქო საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რაც პირველ რიგში, გულისხმობს მოსარჩელისა და მოპასუხისათვის თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობების მინიჭებას. შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით...“ (შდრ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №1/8/594; 2017 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №2/6/746).
47. განსახილველ შემთხვევაში კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
48. 2017 წლის 28 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №10,02/30/672 ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეს უნდა შეესრულებინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ადმინისტრაციული შენობების, სასაწყობე ბაზებისა და ავტოსამრეცხაოების ფართების დასუფთავების სამუშაოები.
49. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება შემსრულებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ითვალისწინებდა ჯარიმის დაკისრებას ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ის ოდენობით, ყოველი დარღვევისათვის ცალ-ცალკე (ყოველ ჯერზე).
50. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობასა ან ვალდებულების დარღვევაში მდგომარეობს.
51. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეადრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).
52. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
53. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
54. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ვალდებულების დარღვევის ხარისხის განსაზღვრა, პირგასამტეხლოს გონივრულობის დადგენის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა (შდრ, ილონა გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა, თბილისი, 2017 წ. გვ, 47).
55. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.(იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).
56. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. (სუსგ №ას-164-160-2016, 28.07.2016წ., ას-971-2019, 28.10.2019წ.).
57. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკანონმდებლო მოწესრიგებას საფუძვლად უდევს კონკრეტული სოციალური პროცესების მართვის სამართლებრივ-პოლიტიკური მოდელი ანუ, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნების მიღწევა. კანონის ინტერპრეტაცია უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის მიზანს. პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. დაუშვებელია პირგასამტეხლოს მოთხოვნის გახორციელება ძირითადი უფლების გარეშე, ასევე, პირგსამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება (იხ., ლ. ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი 3, 2001, გვ: 489) (შდრ: სუსგ №ას-574-2021, 9 სექტემბერი, 2021 წ. პ. 82).
58. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წანამძღვრების დადასტურება კასატორის ტვირთს წარმოადგენდა, რომელმაც სასამართლოს ვერ წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ დაუსაბუთებლობას დაადასტურებდა.
59. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი მხარეთა შორის 2018 წლის 21-22 დეკემბერს (ანუ სადავო შემოწმების აქტის შედგენიდან 6 დღეში) გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების, ასევე, 2018 წლის 24 დეკემბერს (ანუ სადავო შემოწმების აქტის შედგენიდან 10 დღეში) გაფორმებული №755 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე დადგინდა, რომ მოსარჩელემ სადავო ფართის დასუფთავების მომსახურება ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე ჩაიბარა და 2018 წლის 24 დეკემბრის №755 მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული მომსახურების დეკემბრის ღირებულება – 27 750 ლარი (მათ შორის სადავო ობიექტებზე) მოპასუხეს სრულად აუნაზღაურა.
60. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და გარემოებების (2018 წლის 21, 22 და 24 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტებში მოსარჩელის მხრიდან პრეტენზიის არარსებობა, 24 დეკემბრის აქტით გათვალისწინებული დეკემბრის მომსახურების მოპასუხისათვის სრულად ანაზღაურება) სსსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე შეფასების შედეგად სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა, რომ 2018 წლის 24 დეკემბერის მდგომარეობით მოპასუხემ სადავო ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა, რისი საწინააღმდეგო დასაბუთებული არგუმენტაცია მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა.
61. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
62. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
63. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
64. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
65. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
ლევან მიქაბერიძე