საქმე №ას-1762-2019 5 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს.ნ.და გ.კ–ია“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ა–ძე (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – აუცილებელი გზის მოწყობა (თავდაპირველ სარჩელში), კომპენსაციის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის/შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის/ შგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. სს „ს.ნ.და გ.კ–იამ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე, აპელანტი, კასატორი, ან კორპორაცია) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ა–ძის (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა: აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით, სს ,,ს.ნ.და გ.კ–იას“ ნება დაერთოს მოპასუხე ი.ა–ძის საკუთრებაში არსებულ 1289 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან (ს/კ №......) 214 კვ.მ მიწის ფართობის გამოყენებაზე სარჩელზე თანდართულ ნახაზზე მითითებული განლაგების შესაბამისად; მოპასუხეს დაეკისროს სს ,,ს.ნ.და გ.კ–იის“ მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა 120 ლარის ოდენობით; გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სს „ს.ნ.და გ.კ–ია“ ბიზნეს გეგმით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ახორციელებს აღმოსავლეთ - დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ნატახტარი - ლეხურას 31 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტს. მშენებლობის ნებართვის მისაღებად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების შესაბამისად, აუცილებელია უფლების მოპოვება საპროექტო მილსადენის სამშენებლო დერეფანში განლაგებულ ყველა მიწის ნაკვეთზე/შესაბამის ფართობზე. პროექტის დროულად და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, კორპორაციამ გააფორმა სერვიტუტის ხელშეკრულებები მილსადენის დერეფანში მოყოლილი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ძირითად ნაწილთან, ასევე, დაწყებულია მუშაობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების კორპორაციის კაპიტალში შეტანასთან ან/და მათზე სერვიტუტის უფლების გავრცელებასთან დაკავშირებით. მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ვერ ხერხდება კორპორაციის სასარგებლოდ სარგებლობის უფლების მოპოვება, მისი მხრიდან უარის გაცხადების გამო. კორპორაციას აღნიშნული პროექტის განხორციელების და თავის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებით შეუფერხებლად სარგებლობის მიზნით, ესაჭიროება მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე აუცილებელი გზის უფლების მოპოვება, რითაც შესაძლებლობა ექნება განახორციელოს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, უზრუნველყოს მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა და შემდგომში მისი შეუფერხებელი და უსაფრთხო ექსპლუატაცია. მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი განლაგებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ,,ნატახტარი-ლეხურას“ 31 კმ/მ-იანი მონაკვეთის სამშენებლო/საექსპლუატაციო დერეფანში. ამასთან, მოპასუხის მიწის ნაკვეთზე მდებარეობს კორპორაციის საკუთრებაში არსებული, მოქმედი მაგისტრალური გაზსადენი (საგურამო-ქუთაისის მონაკვეთი) საკადასტრო კოდით: ...... და .... და მასზე უკვე ვრცელდება ,,მაგისტრალური მილსადენების დაცვის წესის და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N365 დადგენილებით განსაზღვრული მილსადენის დაცვის ზონები და შეზღუდვები. კორპორაციის შეთავაზება მოპასუხისადმი წარმოადგენს სამართლიან პირობას, ვინაიდან მიწის მესაკუთრეს სერვიტუტის მიწით სარგებლობა ეზღუდება მხოლოდ სამშენებლო პერიოდის განმავლობაში, რომელიც არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით გრძელდება 1 ან მაქსიმუმ 2 წლის ვადით და აღნიშნულ პერიოდში ერთწლიანი/მრავალწლიანი კულტურების საკომპენსაციო ღრებულება ,,ექსპერტიზის ბიუროს“ დასკვნის შესაბამისად არის განსაზღვრული. ამასთან, მშენებლობის პერიოდში კორპორაცია ცდილობს ხელი შეუწყოს მიწის მესაკუთრეს აიღოს კუთვნილი მოსავალი. მოპასუხის მიწის ნაკვეთზე მდებარე, კორპორაციის საკუთრებაში არსებული მაგისტრალური გაზსადენი (ს/კ ...... და ს/კ .........) აშენებულია 1990-1991 წლებში, ახალი გაზსადენის მშენებლობით, მიწის ნაკვეთებზე ახალი სახის შეზღუდების და ზემოქმედების არეალის გავრცელებას ადგილი არ ექნება. გაზსადენის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მესაკუთრეები თავისუფლად შეძლებენ მიწის ნაკვეთების დანიშნულებისამებრ გამოყენებას, ასევე როგორც დღეს სარგებლობენ, გააგრძელებენ მის დამუშავებას, ერთწლიანი კულტურის და მრავალი სახეობის მრავალწლიანი ნარგავების გაშენებას, ხოლო მშენებლობის ან შემდეგში, მილსადენის ექსპლუატაციის დროს კორპორაციის მიერ მიწის ნაკვეთზე რაიმე ზიანის მიყენების შემთხვევაში კორპორაცია მზადაა სრულად, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე აუნაზღაუროს მესაკუთრეს მიყენებული ზიანი. მშენებლობისათვის შერჩეული მარშუტი, რომელიც გაივლის მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, წარმოადგენს გარემოსდაცვითი, ტექნიკური თუ ეკონომიკური კუთხით საუკეთესო ვარიანტს, ვინაიდან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ეკოლოგიური ექსპერტიზისთვის წარდგენილ, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში მითითებული ალტერნატივების ანალიზი ცხადყოფს, რომ არსებული სამი ალტერნატივიდან, შერჩეული პირობა საუკეთესოა, ვინაიდან ითვალისწინებს ძველი გაზსადენის სამშენებლო დერეფნის გამოყენებას და მის ადგილას ახლის განთავსებას, რაც იწვევს ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ნაკლებ ზემოქმედებას. არსებული დერეფნის გამოყენება არ გამოიწვევს დამატებით დაცვისა და შეზღუდვის ზონების დაწესებას, შესაბამისად, მოხდება მიწის რესურსების ოპტიმალური გამოყენება.
1.2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა სს ,,ს.ნ.და გ.კ–იას“ ი.ა–ძის სასარგებლოდ დაეკისროს: აუცილებელი გზის თმენის ვალდებულებისათვის ერთჯერადი საკომპენსაციო თანხის 2 000 (ორი ათასი) ლარის გადახდა; საცხოვრებელი სახლის აშენებისათვის ჩასხმულ საძირკველზე გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 4580 ლარის გადახდა; ნარგავების განადგურებით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 344,70 ლარის გადახდა.
1.2.1. შეგებებული სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემებებს:
მცხეთის რაიონის სოფელ ......... მის საკუთრებაში ირიცხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის დაზუსტებული ფართობი შეადგენს 1289,00 კვმ-ს (ს/კ №......). მოსარჩელემ უძრავი ქონება შეიძინა 2005 წელს და 2011 წელს საკუთრების უფლება დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში. მიწის ნაკვეთის შეძენის უმთავრესი ინტერესი მისი მხრიდან განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ გამსხვისებლის სახელზე, კანონმდებლობის სრული დაცვით გაცემული იყო
ერთსართლულიანი საცხოვრებელი სახლის (სარდაფით) პროექტი, რომელიც გადაეცა უძრავი ნივთის გამსხვისებლის მიერ. ამასთან, სახლის მშენებლობის მიზნით უკვე გაწეული იყო მნიშვნელოვანი სამუშაო, რაც გამოიხატებოდა სახლის და სარდაფის საძირკვლის სამუშაოების შესრულებაში. გაცემული პროექტის მიხედვით შეძენილი მიწა განიხილებოდა საკარმიდამო ნაკვეთად. ნაკვეთში მრავალწლიანი ნარგავებია. სამომავლოდ კი მოსარჩელის მიზანს წარმოადგენდა აღნიშნულ მიწის ნაკვეთში, უკვე გაცემული პროექტის გამოყენებით საცხოვრებელი სახლის აშენება, რასაც გარკვეულწილად ხელს შეუწყობდა სახლის ფუნდამენტის მოწყობისათვის უკვე შესრულებული მნიშვენლოვანი სამუშაო. 2018 წლის დასწყისში მას დაუკავშირდა კორპორაცია და პროექტის განხორციელების უზრუნველსაყოფად შესთავაზა ხელშეკრულების დადება და მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან 214 კვ.მ ფართობის სერვიტუტით დატვირთვა. სერვიტუტის ხელშეკრულების მიხედვით, კორპორაციის მიერ მისთვის გადასახდელი კომპენსაციის ოდენობა გაანგარიშებული იყო სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 3 ნოემბრის და 12 ივნისის დასკვნებით. კომპანიის მიერ შემოთავაზებული პროექტი მიუღებელი იყო შეგებებული სარჩელის ავტორისთვის, რადგან საკომპენსაციო თანხის გაანგარიშება ემყარებოდა რამდენიმე ძირი ნარგავის და თივის ღირებულებას და საერთოდ არ იყო გაანგარიშება იმისა, თუ რა ზიანი მიადგებოდა მესაკუთრეს საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის ჩასხმული საძირკვლის ნგრევით და იმით, რომ ამ ნაკვეთის გამოყენება შემდეგში სახლის მშენებლობისათვის შეუძლებელი იქნებოდა. მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, საცხოვრებელი სახლის აშენებისათვის ჩასხმულ საძირკველზე გაწეული ხარჯი მასალის და შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით შეადგენს 4 580 ლარს, ხოლო მიწის ნაკვეთზე მაგისტალური გაზსადენის სამშენებლო სამუშაოების პროცესში, მასზე განთავსებული ნარგავების განადგურებით მიყენებული ზიანის კომპენსაციის ოდენობა გაანგარიშებულია თავად კორპორაციის მიერ და შეადგენს 344,70 ლარს.
1.3. მოპასუხეების პოზიცია:
1.3.1. თავდაპირველმა მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ხოლო სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე განმარტა, რომ არ არის წინააღმდეგი კორპორაციამ ისარგებლოს მის საკუთრებაში არსებული მიწის
ნაკვეთით, მხოლოდ შესაბამისი კომპენსაციის გადახდის, სახლის ასაშენებლად გაწეული ხარჯის და ნარგავების განადგურებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების პირობით.
1.3.2. თავდაპირველმა მოსარჩელემ ასევე არ ცნო შეგებებული სარჩელი და განმარტა, რომ საცხოვრებელი სახლის პროექტის შეთანხმება მცხეთის რაიონის მთავარ არქიტექტორთან და მისი დამტკიცება ......... სასოფლო საბჭოს მიერ, არ ნიშნავს რომ აღნიშნული სახლის მშენებლობის პროექტი ვარგისია, შესაბამისად, სადავოა რამდენად კანონიერად არის სახლის ფუნდამენტი მიწის ფართზე განთავსებული, ამასთან, არ არის დადგენილი მიწის ნაკვეთის ფუნდამენტი მდებარეობს თუ არა მაგისტრალური გაზსადენის სამშენებლო დერეფანში. შესაძლოა სახლის ფუნდამენტი მიწის ნაკვეთზე მართლაც მდებარეობს, თუმცა მისი კონფიგურაცია სამშენებლო დერეფანთან მიმართებაში დაუდგენელია, ამდენად რაიმე ნაგებობაზე შესაძლო ზიანის მიყენების ფაქტი არ დასტურდება. წარმოდგენილი მტკიცებულებით ასევე არ დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთის მესკაუთრეს უწევს რაიმე სახის ზემოქმედების თმენა, არ არის დადგენილი, რომ საპროექტო გაზსადენის გაყვანით მიწის მესაკუთრეს
წარმოეშობა რაიმე სახის ვალდებულება. შესაბამისად, ვალდებულების არ არსებობის პირობებში კომპენსაციის მოთხოვნა მოკლებულია მატერიალურ სამართლებრივ საფუძველს.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით სს ,,ს.ნ.და გ.კ–იის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ი.ა–ძის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე სს ,,ს.ნ.და გ.კ–იას“ მოსარჩელე ი.ა–ძის სასარგებლოდ დაეკისრა: აუცილებელი გზის თმენის ვალდებულებისათვის ერთჯერადი საკომპენსაციო თანხის 1500 ლარის გადახდა; საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად გაწეული ხარჯის 4 580 ლარის გადახდა. არ დაკმაყოფილდა ი.ა–ძის მოთხოვნა ნარგავების განადგურებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში.
3. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდაპირველმა მოსარჩელემ და მოითხოვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით სს ,,ს.ნ.და გ.კ–იის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება.
5. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. სს „ს.ნ.და გ.კ–ია“ ბიზნეს გეგმით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ახორციელებს აღმოსავლეთ - დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ნატახტარი - ლეხურას 31 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტს. პროექტის განხორციელების აუცილებლობა გამოწვეულია ქვეყანაში გაზის მოხმარების ზრდით და მოქმედი „საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალური გაზსადენის არადამაკმაყოფილებელი ტექნიკური მდგომარეობით, შესაბამისად, პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოს მოსახლეობისა და სხვადასხვა დანიშნულების სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო ობიექტების გარანტირებული გაზმომარაგებით უზრუნველყოფა. აღნიშნული პროექტის რეალიზაცია საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს საქართველოს გაზმომარაგების ერთიანი სისტემის ფუნქციონირების ტექნოლოგიური საიმედოობა.
1.2.2. მშენებლობის ნებართვის მისაღებად, კორპორაციამ საპროექტო მილსადენის სამშენებლო დერეფანში განთავსებულ ყველა მიწის ნაკვეთზე უნდა მოიპოვოს სარგებლობის ან/და საკუთრების უფლება, რომელიც უნდა დარეგისტრირდეს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“.
1.2.3. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფართობის გამოყენებას ითხოვს სარჩელზე თანდართულ საკადასტრო აზომვითი ნახაზებზე მითითებული განლაგების შესაბამისად.
1.2.4. პროექტის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, კორპორაციამ გააფორმა სერვიტუტის ხელშეკრულებები მილსადენის დერეფანში მოყოლილი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების უდიდეს ნაწილთან და დაარეგისტრირა თავისი უფლებები.
1.2.5. ი.ა–ძის საკუთრებაშია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1289,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე: მცხეთა, სოფელი ........., საკადასტრო კოდი №..... აღნიშნული მიწის ნაკვეთი განლაგებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ,,ნატახტარი-ლეხურას“ 31 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო/საექსპლუატაციო დერეფანში.
1.2.6. სს „ს.ნ.და გ.კ–იამ“ მილსადენის სამშენებლო-საექსპლუატაციო დერეფნის ფართობზე სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით, მოპასუხესთან აწარმოა მოლაპარაკებები და მიაწოდა სერვიტუტის ხელშეკრულებების პირობების, საკომპენსაციო თანხის ოდენობის და მისი გამოთვლის საფუძვლების შესახებ ინფორმაცია, თუმცა შეთანხმება არ შედგა.
1.2.7. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 3 ნოემბრის N006480516 და 2017 წლის 12 ივნისის N003252417 დასკვნებით, ი.ა–ძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (სამშენებლო დერეფანში განლაგებულ) ფართობზე განთავსებული ერთწლიანი კულტურის და მრავალწლიანი ნარგავების გათვალისწინებით გაანგარიშებული თანხა შეადგენს 344,70 ლარს. №..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გაცემული არის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის (სარდაფით) პროექტი და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, საცხოვრებელი სახლის აშენებისათვის ჩასხმულ საძირკველზე გაწეული ხარჯი მასალის და შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით შეადგენს 4 580 ლარს (აპელანტის მიერ სათანადო წესით არ არის შედავებული პროექტის კანონიერება).
1.2.8. მესაკუთრე მის კუთვნილ მიწის ნაკვეთს ვეღარ გამოიყენებს საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, რაც მისი მხრიდან მიწის ნაკვეთის შეძენის უმთავრეს ინტერესს წარმოადგენდა, ამასთან, მას მიადგა ზიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის გაწეული სამუშაოების და მიწის ნაკვეთზე განთავსებული მრავალწლოვანი ნარგავების განადგურების გამო.
1.2.9. პალატის განმარტებით, საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობა ლეგიტიმურია მხოლოდ სამართლიანი კომპენსაციის პირობებში. კომპენსაცია სამართლიანია, თუ იგი უზრუნველყოფს საკუთრებაზე დაწესებული შეზღუდვის თმენის ვალდებულებისათვის გონივრული ანაზღაურების მიღებას. ამასთან, ანაზღაურება თმენის ეკვივალენტური უნდა იყოს. პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გონივრულ და სამართლიან ოდენობად 1500 ლარი სწორად და მართებულად დადგინდა, ვინაიდან იგი სრულად უზრუნველყოფს ორივე მხარის კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილებას.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ განსახილველი ურთიერთობა სანივთო სამართლიდან გამომდინარეობს, რამდენადაც ერთის მხრივ თავდაპირველი მოსარჩელე მოპასუხის საკუთრების უფლებაში ჩარევის ხარჯზე აუცილებელი გზის დადგენას მოითხოვს, ხოლო მეორეს მხრივ მოპასუხე ჩარევის პროპორციულად სათანადო ანაზღაურებას. ამ კონტექსტში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თავდაპირველი სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, რაც არ გასაჩივრებულა უძრავი ქონების მესაკუთრის მიერ, შესაბამისად ამ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი იყო და საკასაციო საჩივრის პრეტენზიები ეხება თმენის კომპენსაციის საფუძვლიანობას.
1.4.1. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის იმ პრეტენზიას, რომლის თანახმადაც სასამართლოს არ გამოუკვლევია ი.ა–ძის ინტერესი, რომელიც საკუთრების თავისუფალი განკარგვის შემთხვევაში ექნებოდა მას. ამ მხრივ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ: №..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გაცემული არის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის (სარდაფით) პროექტი და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, საცხოვრებელი სახლის აშენებისათვის ჩასხმულია საძირკველი, რომელზეც გაწეული ხარჯი მასალის და შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით შეადგენს 4 580 ლარს; აპელანტის მიერ სათანადო წესით არ არის შედავებული პროექტის კანონიერება; მესაკუთრე მის კუთვნილ მიწის ნაკვეთს ვეღარ გამოიყენებს საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად. საკასაციო პალატა დადგენილ ფაქტებს, რომელთა წინააღმდეგაც კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება, საკმარისად მიიჩნევს იმ პრეზუმფციის დაშვებისათვის, რომ ი.ა–ძეს იმგვარად შეეზღუდა საკუთრების უფლება, რომ ის ვეღარ მოახდენს საკუთრების უფლების სრულად რეალიზაციას. პრეზუმირებული ფაქტის გაქარწყლების ვალდებულება კი კასატორს ეკისრებოდა, რაც მან ვერ განახორციელა.
1.4.2. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობას, საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს საქმის კონკრეტული გარემოებების მიხედვით. სარჩელის თანახმად, კორპორაციის შეთავაზება მოპასუხისადმი წარმოადგენს სამართლიან პირობას, ვინაიდან მიწის მესაკუთრეს სერვიტუტის მიწით სარგებლობა ეზღუდება მხოლოდ სამშენებლო პერიოდის განმავლობაში, რომელიც არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით გრძელდება 1 ან მაქსიმუმ 2 წლის ვადით. ამასთან, მოპასუხის მიწის ნაკვეთზე მდებარე, კორპორაციის საკუთრებაში არსებული მაგისტრალური გაზსადენი (ს/კ ..... და ს/კ ......) აშენებულია 1990-1991 წლებში, ახალი გაზსადენის მშენებლობით, მიწის ნაკვეთებზე ახალი სახის შეზღუდების და ზემოქმედების არეალის გავრცელებას ადგილი არ ექნება. ამდენად მოსარჩელე ერთის მხრივ განმარტავს, რომ მოპასუხის მიწის ნაკვეთზე მდებარეობს კორპორაციის საკუთრებაში არსებული, მოქმედი მაგისტრალური გაზსადენი და მასზე უკვე ვრცელდება ,,მაგისტრალური მილსადენების დაცვის წესის და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N365 დადგენილებით განსაზღვრული მილსადენის დაცვის ზონები და შეზღუდვები, ხოლო მეორეს მხრივ აცხადებს, რომ ახალი გაზსადენის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მესაკუთრეები თავისუფლად შეძლებენ მიწის ნაკვეთების დანიშნულებისამებრ გამოყენებას. საკასაციო პალატა 1.4.1. პუნქტში განვითარებული მსჯელობისა და მოსარჩელის ხსენებული განმარტების გათვალისწინებით, თვლის, რომ დაკისრებული კომპენსაციის ოდენობა (მათ შორის 4580 ლარის ოდენობით) გონივრული და სამართლიანია, ხოლო მის წინააღმდეგ დასაბუთებული შედავება არ არის წარმოდგენილი.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც სხვისი საკუთრებით სარგებლობის გამო კომპენსაციის დაკისრების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 18.11.2019წ. #524 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 304 ლარის 70% _ 212,8 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს.ნ.და გ.კ–იის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „ს.ნ.და გ.კ–იას“ (ს/კ #........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 18.11.2019წ. #524 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 304 ლარის 70% _ 212,8 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი