Facebook Twitter

საქმე №ას-790-2020 20 მაისი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – კ.ზ–ძე, ვ.ს–ი, გ.გ–ი, რ.ც–ი, ი.ს–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. კ.ზ–ძემ, ვ.ს–მა, გ.გ–მა, რ.ც–მა და ი.ს–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელეები ან მოწინააღმდეგე მხარეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან უნივერსიტეტი) მიმართ და მოითხოვეს: ა) უნივერსიტეტის დირექტორის ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც: კ.ზ–ძე გათავისუფლდა ლოჯისტიკის სამსახურის მენეჯერის თანამდებობიდან; ვ.ს–ი გათავისუფლდა დაცვის სამსახურის მუშაკის თანამდებობიდან; ი.ს–ძე გათავისუფლდა ლოჯისტიკის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან; გ.გ–ი გათავისუფლდა დაცვის სამსახურის მუშაკის თანამდებობიდან; რ.ც–ი გათავისუფლდა დაცვის სამსახურის მუშაკის თანამდებობიდან; ბ) სამსახურში აღდგენა; გ) განაცდურის ანაზღაურება: კ.ზ–ძის სასარგებლოდ 2017 წლის 1 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1500 ლარის ოდენობით (დასაბეგრი); ვ.ს–ის სასარგებლოდ 2017 წლის 1 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 612.5 ლარის ოდენობით (დასაბეგრი); ი.ს–ძის სასარგებლოდ 2017 წლის 1 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 600 ლარის ოდენობით (დასაბეგრი); გ.გ–ის სასარგებლოდ 2017 წლის 1 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 687.5 ლარის ოდენობით (დასაბეგრი); რ.ც–ის სასარგებლოდ 2017 წლის 1 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 612.5 ლარის ოდენობით (დასაბეგრი).

1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2017 წლის 1 სექტემბრიდან მოპასუხემ გაათავისუფლა მოსარჩელეები სამსახურიდან ისე, რომ მათთვის არ უცნობებია გათავისუფლების შესახებ და არც გათავისუფლების ბრძანებები გადაუცია. 2017 წლის სექტემბრის თვიდან ფაქტობრივად შეწყვეტილია შრომითი ურთიერთობა მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის. მოსარჩელეებმა 2018 წლის 15 იანვარს განცხადებით მიმართეს მოპასუხეს და მოითხოვეს მათთვის გადაეცა: გათავისუფლების ბრძანება; რეორგანიზაციის შესახებ აქტი-ბრძანება (არსებობის შემთხვევაში); გათავისუფლების ბრძანების დასაბუთება; მოსარჩლეების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები; ცნობა შრომის ანაზღაურების უკანასკნელი ოდენობის შესახებ; ბეჭდით დამოწმებული ცნობა მოსარჩელეთა მიმართ სახელფასო ან სხვა ფულადი ვალდებულებების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება ჩაბარდა

მოპასუხეს, მოთხოვნილი მტკიცებულებები მათთვის არ გადაუცია.

1.2. მოპასუხეების პოზიცია:

1.2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩლეებთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა შრომითი ხელშეკრულებების ვადის გასვლის გამო და არ არსებობს ამის შესახებ გამოცემული დირექტორის ბრძანებები. გარდა ამისა, მოპასუხის ორგანიზაციულ სტრუქტურაში არ არსებობს მითითებული შრომითი პოზიციები ან ტოლფასი სამუშაო, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელეებს ექნებოდათ სრულფასოვანი შრომითი ფუნქციები. რაც შეეხება ხელშეკრულებების ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობების გაგრძელებას, მოპასუხემ აღნიშნული დაუკავშირა შრომის კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებულ მუშაობის უნებლიე გაგრძელებას.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით კ.ზ–ძის, ვ.ს–ის, ი.ს–ძის, გ.გ–ის, რ.ც–ის სარჩელი მოპასუხე ა(ა)იპ ,,საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის გადაწყვეტილება (ზეპირი ნება) მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მოპასუხეს კ.ზ–ძის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება 8 000 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით); ვ.ს–ის სასარგებლოდ _ 6 125 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით); ი.ს–ძის სასარგებლოდ - 6 000 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით); გ.გ–ის სასარგებლოდ - 6 875 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით); რ.ც–ის სასარგებლოდ - 6 125 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით). მოსარჩელეების მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა და გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

3. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება.

5. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება:

1.1. საკასაციო პრეტენზიების მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:

უპირველესად საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო განხილვის საგანია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა ატარებდა უვადო ხასიათს, შესაბამისად არ არსებობდა ვადის გასვლის გამო სამსახურიდან გათავისუფლების წინაპირობა, ხოლო დაკისრებული კომპენსაციის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერად იქნა გამოტანილი, რასაც კასატორი არ ეთანხმება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს. კასატორის პრეტენზიები ეხება როგორც მატერიალური, ასევე საპროცესო წესების დარღვევას, კერძოდ:

ა) სასამართლომ მხარეებს მიაკუთვნა ის, რაც მათ არ უთხოვიათ;

ბ) სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ხანდაზმულ სარჩელზე. ამ გაგებით, მოსარჩელეებმა თავიანთი უფლებების დარღვევის შესახებ შეიტყვეს საბოლოო ანგარიშსწორების თარიღისათვის (არა უგვიანეს 2017 წლის 21 აგვისტომდე), მაგრამ მათ მოპასუხისა და სასამართლოსთვის არ მიუმართავთ შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4-მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით;

გ) სასამართლომ არ გამოიყენა შრომის კოდექსის მე-40 მუხლი, რომლის შესაბამისადაც გაგრძელდა მოსარჩელეეებთან შრომითი ურთიერთობა.

1.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ხსენებული ნორმიდან გამომდინარე, დასაბუთებულ შედავებად განიხილება მხარის პრეტენზია, რომელიც შეიცავს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ:

1.2.1. უნივერსიტეტის რექტორის 2015 წლის 10 ივნისის N006/02 ბრძანების ამონაწერის თანახმად, კ.ზ–ძე გათავისუფლდა სამეურნეო-ტექნიკური საქმიანობისა და მატერიალური რესურსების კოორდინატორის სამსახურის ხელმძღვანელის შრომითი პოზიციიდან და 2 (ორი) წლის ვადით დაინიშნა ლოჯისტიკის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, მისი თანამდებობრივი სარგო თვეში შეადგენდა 1500 ლარს (დარიცხული)

1.2.2. უნივერსიტეტსა და ვ.ს–ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე დაინიშნა უნივერსიტეტის უსაფრთხოების პირობების/მექანიზმების კოორდინატორის შრომით პოზიციაზე და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 490 ლარით (ხელზე მისაღები), ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 1 თებერვლიდან 2016 წლის 1 ივლისამდე.

1.2.3. უნივერსიტეტის რექტორის 2015 წლის 10 ივნისის N006/02 ბრძანების ამონაწერის თანახმად, ი.ს–ძე გათავისუფლდა სამეურნეო-ტექნიკური საქმიანობისა და მატერიალური რესურსების კოორდინატორის სამსახურის ხელმძღვანელის შრომითი პოზიციიდან და 2 (ორი) წლის ვადით დაინიშნა ლოჯისტიკის სამსახურის სპეციალისტის შრომით პოზიციაზე, მისი თანამდებობრივი სარგო თვეში შეადგენდა 600 ლარს (დარიცხული).

1.2.4. უნივერსიტეტსა და გ.გ–ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე დაინიშნა უნივერსიტეტის უსაფრთხოების პირობების/მექანიზმების კოორდინატორის შრომით პოზიციაზე და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 550 ლარით (ხელზე მისაღები), ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 1 თებერვლიდან 2016 წლის 1 ივლისამდე.

1.2.5. უნივერსიტეტსა და რ.ც–ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე დაინიშნა უნივერსიტეტის უსაფრთხოების პირობების/მექანიზმების კოორდინატორის შრომით პოზიციაზე და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 490 ლარით (ხელზე მისაღები), ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 1 თებერვლიდან 2016 წლის 1 ივლისამდე.

1.2.6. მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე (შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა). მოპასუხის მიერ არ არის გამოცემული სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებები, ასევე არც დამსაქმებელს გადაუცია მისი ინიციატივით წერილობითი დასაბუთება და არც დასაქმებულებს მოუთხოვიათ მისი გადაცემა.

1.2.7. მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, თუ რა აუცილებლობა არსებობდა, რა ზიანი შეიძლება დამდგარიყო ან რა საფრთხე არსებობდა მოპასუხეებთან ხელშეკრულებების ვადის გასვლის შემდეგ ხელშეკრულებების შეწყვეტის შემთხვევაში.

1.2.8. კ.ზ–ძე და ი.ს–ძე ა(ა)იპ ,,საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტთან“ იმყოფებოდნენ უვადო შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში. დანარჩენ მოსარჩელეებთან მიმართებაში, ვინაიდან 2016 წლის 1 თებერვალს დადებული შრომითი ხელშეკრულება ვადის გასვლის შემდეგ უნდა დადებულიყო მინიმუმ ერთი წლით, ანუ 2017 წლის 1 ივლისამდე, ხოლო 2017 წლის სექტემბრამდე დამსაქმებელს არ შეუწყვეტია მათთან შრომითი ხელშეკრულება, ეს ურთიერთობა გაგრძელდა კიდევ ერთი წლით.

1.2.9. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები კომპენსაციის დაკისრებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის ნაწილში, ასევე ხანდაზმულობის თაობაზე.

1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

ვიდრე საკასაციო სასამართლო უპასუხებდეს საკასაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ პრეტენზიებს, მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს რამდენიმე თეორიულ და პრაქტკულ საკითხზე:

1.3.1. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.

1.3.2. ისევე, როგორც სარჩელთან მიმართებაში, ფორმალური დასაბუთებულობის (გამართულობის) მოთხოვნა ვრცელდება შესაგებელზეც, რა დროსაც მოწმდება ის, თუ რა ტიპის შესაგებელი წარადგინა მოპასუხემ (მოთხოვნის შემწყვეტი, შემაფერხებელი, გამომრიცხავი და ა.შ.). შესაგებლის კლასიფიკაციას არ ვხვდებით საპროცესო ნორმებში, თუმცა, ამას გვთავაზობს იურიდიული დოქტრინა და სასამართლო პრაქტიკა. შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. გენერალური მიდგომაა, რომ აბსტრაქტული შესაგებლის წარდგენა დაუშვებელია (აღნიშნული უტოლდება შესაგებლის წარუდგენლობას), ასეთივე მიდგომაა შესაგებლის შეუვსებელი (ცარიელი) ფორმის მიმართაც. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები დამტკიცებულად ითვლება).

1.3.3. როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი/მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი. კერძოდ, მოპასუხის განმარტებით მოსარჩელეებთან დაკავშირებით სახეზეა საქართველოს შრომის კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები (თუ შრომითი ხელშეკრულების ვადა გავიდა, მაგრამ, სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, მუშაობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს და საფრთხეს შეუქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, დასაქმებული ვალდებულია გააგრძელოს მუშაობა, სანამ ასეთი ვითარება არ დასრულდება, ხოლო დამქირავებელი ვალდებულია მისცეს მას შრომის ანაზღაურება), ამასთან, სარჩელი ხანდაზმულია. მოპასუხის არსებით (მოთხოვნის გამომრიცხველ) შედავებას არ ეთანხმება მოსარჩელე, აქედან გამომდინარე საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების იმგვარ გადაწყვეტას, რომელიც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა შემოგვთავაზეს. ამ მხრივ არ არის გასაზიარებელი და კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება იმ საკითხის თაობაზე, რომელიც უკავშირდება მუშაობის უნებლიე გაგრძელებას.

1.3.4. რაც შეეხება ხანდაზმულობას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობა ფაქტის და არა სამართლის საკითხია. ეს ფაქტი მოპასუხის შესაგებელში ან მოსამზადებელ სხდომაზე უნდა იყოს წამოყენებული, რაც მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ თავისი საპროცესო უფლების რანგში გამოიყენა, ამასთან, ხანდაზმულობაზე მოპასუხე უთითებს როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო განხილვის ეტაპზე. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოვალის პროცესუალური შესაგებელი, მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, ე.წ. უფლების შემაფერხებელ შესაგებელს წარმოადგენს რა შემთხვევაშიც მოვალის შეპასუხება არა თავისთავად უფლების ნამდვილობას, არამედ მისი ხანდაზმულობის მოტივით უკუგდებას ემსახურება (აღსანიშნავია, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითებისას, უფლება თავისთავად ნამდვილია და არსებობს, ანუ ასეთი შესაგებლის არსებობისას, მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნას უფლების შემწყვეტი ან გამომრიცხავი პასუხით არ უპირისპირდება, მეტიც, შეიძლება პირდაპირ აღიარებდეს უფლების ნამდვილობას, უბრალოდ მისი სასამართლოს მეშვეობით განხორციელებას აფერხებდეს ხანდაზმულობაზე მითითებით). მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტის საკითხია, და განსხვავებით სამართლის საკითხისგან, რა დროსაც, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში სასამართლო თავად მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას და შეუფარდებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე თავადაა ვალდებული უფლების სასამართლო წესით განხორციელებისგან ასეთი მითითებით დაიცვას თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მოთხოვნის ნამდვილობისა და განხორციელებადობის დადგენის შემთხვევაში, მიუხედავად მისი ხანდაზმულობისა, მოვალეს დააკისრებს ვალდებულების შესრულებას (იხ., სუსგ №ას-498-2020, 25 ნოემბერი, 2020, პ.38).

1.3.5. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაკვნით, რომელსაც ეთახმება სააპელაციო სასამართლოც, - დასაქმებული არ არის ვალდებული, მოითხოვოს წერილობითი დასაბუთების გადაცემა. იმ მოცემულობაში, როდესაც მოპასუხის მიერ არ არის გამოცემული სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებები, ასევე არც დამსაქმებელს გადაუცია მისი ინიციატივით წერილობითი დასაბუთება და არც დასაქმებულებს მოუთხოვიათ მისი გადაცემა, იმ მიზეზის გამო, რომ სახეზე არ არის ის პირობა, რა დროსაც მოქმედებას იწყებს საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 30 დღიანი ვადა, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა გასაჩივრდეს არა 30 დღიან ვადაში, არამედ ამ დროს უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის ვადა, რომლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. საკასაციო პალატა არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს ამ დასკვნას და განმარტავს, რომ აღნიშნული წინააღმდეგობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკასთან. ერთ-ერთ საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „საკასაციო პალატა არ იზიარებს სადავო ბრძანების გასაჩივრების ვადასთან დაკავშირებულ სააპელაციო სასამართლოს დასაბუთების იმ ნაწილს, რომლის მიხედვით, ვინაიდან სშკ-ის 38–ე მუხლის მე–4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე დასაქმებული არ არის ვალდებული მოითხოვოს გათავისუფლების შესახებ ბრძანების წერილობითი დასაბუთების გადაცემა, ასეთ შემთხვევაში (თუკი დასაქმებული არ მოითხოვს წერილობითი დასაბუთების გადაცემას), გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაზე არ შეიძლება გავრცელდეს 38–ე მუხლის მე–6 ნაწილით გათვალისწინებული 30 დღიანი ვადა, არამედ ასეთ შემთხვევებზე სშკ-ის პირველი მუხლის მე–2 ნაწილის და სამოქალაქო კოდექის 129–ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე უნდა გავრცელდეს სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა .... ნიშანდობლივია, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გასაჩივრების ვადა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის დებულების (3 წლიანი ვადა) მიხედვით განისაზღვრებოდა სშკ-ში 2013 წლის 12 ივნისს განხორციელებულ ცვლილებებამდე, ხოლო ამ დროიდან სსკ-ის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილის დებულებით ჩამოყალიბებულია სპეციალური ვადა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გასაჩივრებისთვის, რომელიც შეადგენს 30 დღეს“ (იხ., სუსგ Nას-1210-2018, 15 თებერვალი, 2019 წელი (დამატებით იხ., სუსგ Nას-1343-1263-2017, 20 დეკემბერი, 2017)). სხვა საქმეში უზენაესმა სასამართლომ ასევე შემდეგი განმარტება გააკეთა: „რაც შეეხება ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გამოყენების საკითხს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სშკ-ის 38-ე მუხლში 2013 წლის ივნისში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით ცალსახად არის დადგენილი დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრების 30-დღიანი ვადა, რაც ემსახურება კანონმდებლის მიზანს, მოკლევადიანი გასაჩივრების პროცედურის შემოღებით აღმოფხვრას გრძელვადიანი შრომითი დავების არსებობა. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადასთან (30-დღიანი თუ 3-წლიანი) მიმართებით სახეზე არ არის ის შემთხვევა, როდესაც შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხი არ არის მოწესრიგებული ამ კოდექსით (სშკ-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი). აქედან გამომდინარე, არ არსებობს 129-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გამოყენების საჭიროება. ამასთან, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გავრცელება სშკ-ში 2013 წლის ივნისში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ შეწყვეტილ შრომითსამართლებრივ ურთიერთობაზე, არღვევს მხარეთა შორის სამართლიან ბალანსს, ვინაიდან დასაქმებულის მიერ კანონით მისთვის მინიჭებული წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის უფლების განუხორციელებლობით გაუმართლებლად იზღუდება დამსაქმებლის უფლებები და ინტერესები“ (იხ., სუსგ Nას-1418-2018, 13 დეკემბერი, 2019 წელი (დამატებით იხ., სუსგ №ას-11-11-2018, 04.03.19 წ., №ას-1335-1255-2017, 19.10.18 წ.)). ამდენად განსახილველ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს არა 3 წლიანი, არამედ 30 დღიანი ვადა. რაც შეეხება გასაჩივრების ვადის ათვლის დაწყების მომენტს, როგორც დაზუსტებული სარჩელის შინაარსიდან ირკვევა, - 2017 წლის 1 სექტემბრიდან მოპასუხე დაწესებულების ხელმძღვანელმა მოსარჩელეები გაათავისუფლა ისე, რომ არ უცნობებია გათავისუფლების შესახებ და არც გათავისუფლების ბრძანება არ გადაუცია მათთვის. 2017 წლის სექტემბრის თვიდან ფაქტობრივად შეწყვეტილია ურთიერთობა მხარეებს შორის. 2018 წლის 18 იანვარს მიმართეს მოსარჩელეებმა მოპასუხეს და მოითხოვეს მათ შორის გათავისუფლების ბრძანებისა და დასაბუთების გადაცემა.

1.3.6. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ვინაიდან მხარეთა შორის უდავოა, რომ ობიექტურად მოსარჩელეებს არ გადასცემიათ გათავისუფლების ბრძანება, ამასთან სუბიექტურად მათთვის 2017 წლის სექტემბრის თვიდან ცნობილი გახდა, რომ ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო შრომითი ურთიერთობა, გასაჩივრების ვადის ათვლაც ამ დროიდან უნდა დაიწყოს. საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2018 წლის 26 თებერვალს, რაც უდავოდ ადასტურებს სასამართლოსათვის მიმართვის 30 დღიანი ვადის დარღვევის ფაქტს.

1.4. ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური დასაბუთება:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ვინაიდან არ არსებობს საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილია თავად მიიღოს გადაწყვეტილება. წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ კ.ზ–ძის, ვ.ს–ის, გ.გ–ის, რ.ც–ისა და ი.ს–ძის სარჩელი ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის მიმართ, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2. პროცესის ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე მიღებული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, კ.ზ–ძეს (პ/#......), ვ.ს–ს (პ/#......), გ.გ–ს (....), რ.ც–სა (პ/#..........) და ი.ს–ძეს (პ/#........) ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის (ს/კ #......) სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ამ უკანაკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2 981,25 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 53-ე, 55-ე, 257-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:

2.1. კ.ზ–ძის, ვ.ს–ის, გ.გ–ის, რ.ც–ისა და ი.ს–ძის სარჩელი ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის მიმართ, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2.2. კ.ზ–ძეს (პ/#......), ვ.ს–ს (პ/#........), გ.გ–ს (........), რ.ც–სა (პ/#5......) და ი.ს–ძეს (პ/#........) ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის (ს/კ #........) სასარგებლოდ დაეკისროთ 2 981,25 ლარის ანაზღაურება.

3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი