Facebook Twitter

საქმე №ას-1213-2019 20 მაისი, 2021 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ა.ფ–ძე, მ.ფ–ძე, მ.გ–ი, ბ.ე–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. სს „ს.ბ–მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან ბანკი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ფ–ძის, მ.ფ–ძის, მ.გ–ის, ბ.ე–ის (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები ან კასატორები) მიმართ და მოითხოვა: მ.ფ–ძესა და ა.ფ–ძეს სს ,,ს.ბ–ის“ სასარგებლოდ, 2010 წლის 28 ივლისის საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებისა და 2013 წლის 7 ოქტომბრის შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 93 846.74 ლარის გადახდა; თანხის გადახდევინება მოხდეს მოპასუხე ბ.ე–ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებისა (მდებარე: ქ.თბილისი, .........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №.........) და მოპასუხე მ.გ–ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (მდებარე: ქ.თბილისი, ......, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №.......) იძულებით აუქციონზე რეალიზაციით. იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს მოპასუხეების მ.ფ–ძისა და ა.ფ–ძის სხვა ქონებაზე.

1.1.1. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2010 წლის 28 ივლისს, სს ,,ს.ბ–სა“ და მ.ფ–ძეს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გამოიყო საკრედიტო ლიმიტი 150 000 აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტი ლარში ოდენობით. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2013 წლის 7 ოქტომბერს, სს ,,ს.ბ–სა“ და მ.ფ–ძეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ.ფ–ძეზე გაიცა კრედიტი 150 000 ლარის ოდენობით, 32 თვის ვადით, წლიური 12%-ით, პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხეს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით, თუმცა მოპასუხე მ.ფ–ძის მიერ კრედიტის მოქმედების პერიოდში, ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულება, რაც გამოიხატა ხელშეკრულების გრაფიკის, ვადებისა და პირობების არაერთგზის დარღვევაში. ზემოაღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით, სს ,,ს.ბ–მა“ მოპასუხეებთან _ ა.ფ–ძესთან და მ.ფ–ძესთან დადო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლებმაც სოლიდარული თავდებობით უზრუნველყვეს სს ,,ს.ბ–სა“ და მ.ფ–ძეს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებისა და მისგან გამომდინარე შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,ს.ბ–მა“ ბ.ე–თან და მ.გ–თან დადო იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ბ.ე–ისა და მ.გ–ის საკუთრებაში არსებული ქონებები. მოპასუხეების დავალიანება №1696643 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 93 846.74 ლარს, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 68 817.62 ლარი, პროცენტი 5 986.97 ლარი და პირგასამტეხლო 19 042.15 ლარი. სესხი ვადაგადაცილებაშია 01.09.2015 წლიდან. სწორედ ამ პერიოდიდან სარჩელის სასამართლოში შეტანამდე მოხდა მსესხებელზე პირგასამტეხლოს დარიცხვა. სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის სხდომაზე, მოსარჩელის წარმომადგენელმა მოპასუხე მ.ფ–ძის მიმართ მოთხოვნის ნაწილში გამოიხმო სარჩელი, ამასთან, შეამცირა პირგასამტეხლო 1000 ლარამდე.

1.2. მოპასუხეების პოზიცია:

1.2.1. მოპასუხეებმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით სს ,,ს.ბ–ის“ სარჩელი მ.ფ–ძის, ბ.ე–ის, მ.გ–ისა და ა.ფ–ძის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მ.ფ–ძესა და ა.ფ–ძეს სს ,,ს.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2013 წლის 7 ოქტომბრის საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების - 75 804.59 ლარის გადახდა, საიდანაც: ძირითადი თანხაა 68 817.62 ლარი; პროცენტი - 5 986.97 ლარი; პირგასამტეხლო - 1 000 ლარი. დაკისრებული თანხის გადახდევინება უნდა მოხდეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონებების აუქციონზე რეალიზაციით: მოპასუხე ბ.ე–ის (1...) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე: ...., ფართი 86.01 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №.....); მოპასუხე მ.გ–ის (....) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე: ქ.თბილისი, ......, ფართი 71.00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №......). იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს მოპასუხეების მ.ფ–ძისა და ა.ფ–ძის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებებზე.

3. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება.

5. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა.ფ–ძემ, მ.ფ–ძემ, მ.გ–მა და ბ.ე–მა. კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 873-ე, 417-ე, 286-ე და 895-ე მუხლები.

1.2.2. სასამართლო სხდომაზე, მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს. სააპელაციო საჩივარი შეიცავს მითითებებს ახალ ფაქტებსა და ახალ გარემოებებზე, რომლებზედაც არ ყოფილა კვალიფიციური შესაგებელი წარდგენილი პირველი ინსტანციის სასამართლოში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტი სააპელაციო სამართლწარმოების ეტაპზე შეზღუდულია ამ უფლებამოსილების განხორციელებით.

1.2.3. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია იმის შესახებ, რომ „ს.ბ–ის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლების ბოროტად გამოყენებას, ვინაიდან მსესხებლის მიერ გადახდილი თანხებით ჯერ იფარებოდა პროცენტები, ჯარიმები და შემდგომ ძირი თანხა. აღნიშნულის გასაქარწყლებლად სასამართლომ მიუთითა 2010 წლის 28 ივლისს სს ,,ს.ბ–სა“ და მ.ფ–ძეს შორის დადებულ №646886 საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებაზე, რომლის 5.1. პუნქტის თანახმად, კრედიტების და საპროცენტო სარგებლის დაფარვა განხორციელდება გრაფიკით, რაც ერთვის შემადგენელ ხელშეკრულებებს. გრაფიკი წარმოადგენს შემადგენელი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, მოქმედებს/ძალაშია ამ ხელშეკრულებასთან ერთად - მსესხებლის მიერ ვალდებულებათა სრულად შესრულებამდე. კრედიტების დაფარვის თანმიმდევრობა შემდეგია: პირველ რიგში იფარება პირგასამტეხლო (არსებობისას), შემდეგ დარიცხული პროცენტი და ბოლოს კრედიტის ძირითადი თანხა. აღნიშნული რიგითობა შეიძლება შეიცვალოს ბანკის შეხედულებით. ამავე ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად, თუ მსესხებელი დააგვიანებს ან არ გადაიხდის კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში კრედიტის ძირითად თანხას და/ან დარიცხულ პროცენტს, ბანკი უფლებამოსილია დაარიცხოს, ხოლო ასეთ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის შემადგენელი ხელშეკრულებით შეთანხმებული ოდენობით. 6.3. პუნქტის თანახმად, პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მსესხებელს ხელშეკრულებით ნაკისრი და გადახდის გრაფიკით დადგენილი გადასახდელების გადახდის ვალდებულებისგან. 2013 წლის 7 ოქტომბერს, სს ,,ს.ბ–სა“ და მოპასუხე მ.ფ–ძეს შორის დადებული საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ბანკის ანგარიშზე არ ჩაირიცხება თანხა გრაფიკით დადგენილ ვადაში, ბანკი უფლებამოსილია დააკისროს პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული გადაუხდელი თანხის 3.2.6. პუნქტში მითითებული ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. პალატის დასკვნით ვინაიდან მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულია კრედიტების და საპროცენტო სარგებლის დაფარვა, აგრეთვე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრება, აპელანტის მითითება გადახდილი თანხების ძირ თანხაში ჩათვლასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, რამეთუ კერძო სამართლის სუბიექტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ჩანაწერს ვალდებულების დაფარვის რიგითობის თაობაზე უპირატესი ძალა გააჩნია.

1.2.4. აპელანტის განმარტებით, 2013 წლის 8 აპრილის იპოთეკის ხელშეკრულებით №646886-ზ უზრუნველყოფილი იქნა არა 2013 წლის 7 ოქტომბრის, სს ,,ს.ბ–სა“ და მ.ფ–ძეს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულება №646886-1696643, არამედ უზრუნველყოფილი იქნა საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ 28.07.2010 წლის №646886 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაცემული კრედიტი სრულად იქნა დაფარული მოვალის მიერ 2013 წლის 7 ოქტომბრის სესხით. მოპასუხეებს/აპელანტებს ამ გარემოებაზე პირველი ინსტანციის სასამართლოში არც მიუთითებიათ და არც მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ სსსკ 102-ე მუხლის თანახმად. პალატამ განმარტა, რომ 2010 წლის 28 ივლისის №64688 ხელშეკრულების თანახმად, საკრედიტო ლიმიტი იყო 150 000 აშშ დოლარი. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მოვალეს სრულად აქვს ათვისებული ლიმიტი და 2013 წლის 7 ოქტომბრის შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებით გაცემული სესხი, მანამდე, 2010 წლის 28 ივლისს აღებული სესხის დასაფარად იყო მიმართული და თავად, 2010 წლის 28 ივლისის საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება შეწყვეტილია შესრულებით.

1.2.5. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამდენად, იპოთეკა სანივთო სამართლებრივი გარიგებაა, რომელიც უზრუნველყოფს ვალდებულებას. მისი არსი და დანიშნულება არსებული ვალდებულების უზრუნველყოფაა და მის გარეშე არ არსებობს. იპოთეკა აქცესორული უფლებაა და სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იგი არ წარმოიშობა და არც შეიძლება არსებობდეს ძირითადი უფლების გარეშე. იპოთეკის, როგორც აქცესორული უფლების ბუნება ვლინდება ძირითადი უფლების გადაცემის პროცესშიც _ მოთხოვნის გადაცემისას იპოთეკა თან მიჰყვება მთავარ უფლებას. აღნიშნულს ნათლად ასახავს სამოქალაქო კოდექსის 295-ე მუხლის დანაწესი, რომლის ძალითაც იპოთეკა და მის საფუძვლად არსებული მოთხოვნა მხოლოდ ერთდროულად და ერთობლივად შეიძლება იქნეს სხვა პირისათვის გადაცემული. მოთხოვნის გადაცემასთან ერთად ახალ კრედიტორზე გადადის იპოთეკაც.

1.2.6. 2010 წლის 28 ივლისს სს ,,ს.ბ–სა“ და მ.ფ–ძეს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება №646886, რომლის საფუძველზეც ბანკმა მოპასუხეს გაუხსნა საკრედიტო ხაზი 150 000 აშშ დოლარის ან მისი ლარში ეკვივალენტის ოდენობით, 120 თვით, საპროცენტო სარგებელი 10-42%-ის ოდენობით, საკრედიტო ხაზის დახურვის თარიღი 28.07.2020 წელი. 2013 წლის 7 ოქტომბერს, სს ,,ს.ბ–სა“ და მოპასუხე მ.ფ–ძეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების საფუძველია ამავე მხარეთა შორის 28.07.2010 წელს დადებული №646886 საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, საკრედიტო ხაზის მომსახურების მიზნით და შესაბამისად მისი განუყოფელი და შემადგენელი ნაწილია. ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება №646886 საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების ყველა პირობა, ხოლო 2013 წლის 8 აპრილს დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილი მოთხოვნის საფუძველია 28.07.2010 წლის №646886 საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება.

1.2.7. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება წლიური საპროცენტო სარგებელის (19 %) ბათილობასთან დაკავშირებით, იმ საფუძვლით რომ იგი ბევრად აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს. ამ კუთხით პალატამ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის №ას-663-629-2015 გადაწყვეტილებაში მითითებული განმარტება, რომელიც შეეხებოდა ხელშეკრულების მხარეთა შორის არსებული სესხის იმ პირობის სამართლიანობას, რომელიც სესხისათვის არაგონივრულ სარგებელს ითვალისწინებდა და ამით არღვევდა კრედიტორის ქცევის კეთილსინდისიერების სტანდარტს (სკ-ის 325-ე მუხლი). ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობა იკვეთებოდა და სარგებლის მიმღები მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად. მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა.

1.2.8. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება პირგასამტეხლოს შეუსაბამობასთან დაკავშირებით, რადგან სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ პირგასამტეხლო შეამცირა 1000 ლარამდე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით მოპსუხეებს ძირითად თანხაზე 68 817.62 ლარზე დაეკისრათ პროცენტი - 5 986.97 ლარი და პირგასამტეხლო - 1 000 ლარი. მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების შემთხვევაში, ის დაკარგავდა თავის ძირითად პრევენციულ და ზიანის მაკომპენსირებელ ფუნქციას. აქედან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტების მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო.

1.2.9. პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტების განმარტება იმის თაობაზე, რომ მათთვის უცნობი იყო ხელშეკრულებების შინაარსი, რადგან საქმეში წარმოდგენილ ხელშეკრულებებზე ხელმოწერები მოპასუხეთა მიერაა შესრულებული და ივარაუდება, რომ მათთვის ხელშეკრულების შინაარსი და პირობები ცნობილია.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა საკრედიტო ურთიერთობიდან გამომდინარეობს. როგორც საქმის მასალებით დგინდება, მოპასუხემ სარჩელი ცნო, რაც ასევე ასახულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილებებშიც. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემობებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. მოპასუხის მიერ საპროცესო უფლებების განკარგვის თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი სარჩელის ცნობის ინსტიტუტია. სარჩელის ცნობა ნიშნავს მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას, რაც სარჩელის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია, მოსამართლე ასეთ შემთხვევაში არ ადგენს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და შემოიფარგლება მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი. ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: „მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში. სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას.“(საქ. უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის #ას-64-58-2015 გადაწყვეტილება). სხვა საქმეზე უზენაესმა სასამართლომ ასევე შემდეგი განმარტება გააკეთა: „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით სამოქალაქო სამართალწარმოება დისპოზიციურობის პრინციპით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებების განკარგვისას. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა დისპოზიციურობის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინებაა და იგი სარჩელის დაკმაყოფილებას იწვევს. აღნიშნული დანაწესებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ ამოწმებს მოცემულ საქმეზე საჩივრის საფუძვლებს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას. იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი დაკმაყოფილდეს.“ (საქ. უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 15 მაისის #ას-763-1089-07 გადაწყვეტილება). განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შედეგს და არ უპასუხებს საკასაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ პრეტენზიებს.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც

მოპასუხის მხრიდან სარჩელის ცნობის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ს.მ–ძის მიერ 16.10.2019წ. #8553692716 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3 790,30 ლარის 70% _ 2 653,21 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 104-ე, 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ფ–ძის, მ.ფ–ძის, მ.გ–ისა და ბ.ე–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორებს: ა.ფ–ძეს (პ/#.......), მ.ფ–ძეს (პ/#.......), მ.გ–ს (პ/#........), ბ.ე–ს (პ/#......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ ს.მ–ძის მიერ 16.10.2019წ. #8553692716 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3 790,30 ლარის 70% _ 2 653,21 ლარი.

3. კასატორებს ასევე დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე დართული საბანკო ამონაწერები (ტ. II ს.ფ. 159-167; 177-223).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი