საქმე №ა-1347-შ-37-2020 22 სექტემბერი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ზ.კ–ვი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე –ფ.ო–ვი (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქალაქ ბაქოს ნარიმანოვის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის №2(005)-1064/2019 დაუსწრებელი გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განსახილველად მიღების შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქალაქ ბაქოს ნარიმანოვის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის №2(005)-1064/2019 დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზ.კ–ვის (შემდეგში: მოსარჩელე, შუამდგომლობის ავტორის) სარჩელი, ფ.ო–ვის წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2020 წლის 27 მარტს შუამდგომლობით მომართა მოსარჩელემ, მოითხოვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქალაქ ბაქოს ნარიმანოვის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის №2(005)-1064/2019 დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აპრილის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი, და აღნიშნულის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 30 დღე.
5. აღნიშნული განჩინება შუამდგომლობის ავტორს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე - აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ქალაქი ბაქო, ბინაგადის რაიონი .... ბ 137;
6. შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
8. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მოსარჩელემ, მოითხოვა, უცხო ქვეყნის წარმოდგენილი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
9. წარმოდგენილ შუამდგომლობაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზი შუამდგომლობის ავტორს არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
10. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
11. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 278-ე მუხლის თანახმად შუამდგომლობის განუხილველად დატოვება მხარეს არ ართმევს უფლებას, რომ ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე შუამდგომლობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.კ–ვის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ქალაქ ბაქოს ნარიმანოვის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 აპრილის №2(005)-1064/2019 დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე მ. ერემაძე