Facebook Twitter

საქმე №ა-1779-შ-39-2021 22 სექტემბერი, 2021 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ჟ.ზ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - მ.კ–ძე

დავის საგანი - მშობლის პასუხისმგებლობის ჩამორთმევა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – იტალიის, ქ. ბარის მცირეწლოვანთა სასამართლო (241/14; #4675ქრონ.)

საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განსახილველად მიღების შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

იტალიის, ქ. ბარის მცირეწლოვანთა სასამართლოს (241/14ვგ; №4675 ქრონ.) 2016 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადასტურებულ იქნა 09.03.2016 წლის დადგენილება, მ.კ–ძისთვის, ა.კ–ძის მიმართ მშობლის პასუხისმგებლობის ჩამორთმევაზე.

1. ჟ.ზ–ძემ, საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა, მოითხოვა დასახელებული უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 აპრილის განჩინებით, შუამდგომლობის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა - 30 დღე.

3. აღნიშნული განჩინება შუამდგომლობის ავტორს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე - ბაღდათის რაიონში, სოფელ .... და ჩაბარდა მამას, ბ.ზ–ძეს.

4. შუამდგომლობის ავტორს ან მის წარმომადგენელს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

5. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

6. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მოსარჩელემ, მოითხოვა, უცხო ქვეყნის წარმოდგენილი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

7. წარმოდგენილ შუამდგომლობაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზი შუამდგომლობის ავტორს არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

8. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

9. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 278-ე მუხლის თანახმად შუამდგომლობის განუხილველად დატოვება მხარეს არ ართმევს უფლებას, რომ ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე შუამდგომლობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჟ.ზ–ძის შუამდგომლობა, იტალიის, ქ. ბარის მცირეწლოვანთა სასამართლო (241/14; #4675ქრონ.) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველი.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე მ. ერემაძე